თეატრალური ესკიზი. ქაღალდი, ტუში, აკვარელი, 16,9 x 11,3 სმ. © ვალერიან სიდამონ-ერისთავი
თეატრალური ესკიზი. ქაღალდი, ტუში, აკვარელი, 16,9 x 11,3 სმ. © ვალერიან სიდამონ-ერისთავი

ვალერიან სიდამონ-ერისთავის – „ნიუ“

წაკითხვა
8 წუთში წასაკითხი

2019 წელს 130 წელი შეუსრულდა ქართველ მხატვარსა და სცენოგრაფ ვალერიან სიდამონ-ერისთავს. მხატვარი დღეს, სამწუხაროდ, იმაზე ნაკლებადაა ცნობილი, ვიდრე ამას მისი შემოქმედება იმსახურებს, თუმცა, ვერ იპოვნით XX სს-ის ქართულ ხელოვნებაზე შექმნილ ტექსტს, რომელშიც ამ უკანასკნელის გვარი არ იქნება მოხსენიებული.

სიდამონ-ერისთავი, ავტოპორტრეტი (1920-იანები) | სურათი: ვიკიპედია
სიდამონ-ერისთავი, ავტოპორტრეტი (1920-იანები) | სურათი: ვიკიპედია

შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საიუბილეო გამოფენისთვის დაწყებულმა მასალის მომზადებამ ნათლად გვიჩვენა, რომ მუზეუმი ფლობს მხატვრის დიდ კოლექციას, რომელიც მოიცავს შემოქმედის განვითარების პრაქტიკულად ყველა ეტაპს: მისი მოღვაწეობის ძირითად სფეროებს: ფერწერა, გრაფიკა, საგაზეთო კარიკატურები, წიგნის ილუსტრაცია, კინო და თეატრის მხატვრობა, ფრესკების ასლიც კი. მასალა მდიდარი და ბევრ დავიწყებულ ან,
სულაც, უცნობ ნამუშევარს შეიცავს, რამაც განაპირობა გამოფენის სპეციფიკაც.

ის იმავე წელს დაიბადა, როდესაც მხატვარი დ. კაკაბაძე – 1889 წელს. მის ხატვის მასწავლებელთა შორის ყველაზე დიდი გავლენა ადგილობრივმა პედაგოგებმა, ა. მრევლიშვილმა (ექსპრესიული ხაზი) და ბ. ფოგელმა (იმპრესიონისტული ფერთა გამა, ალა პრიმაში მუშაობა) იქონიეს. რუსეთის სასწავლებელი მისთვის იყო აკადემიური სრულყოფა და ამავე დროს დიდი დაბნეულობაც – ეს მის ადრეულ ნამუშევრებში, განსაკუთრებით, ისტორიულ თემაზე შექმნილ ნამუშევრებში გამჟღავნდა.

მხატვრის ინტერესი, როგორც ამ პერიოდის სხვა ქართველი მხატვრებისა, უსაზღვროდ დიდი იყო, მან მოიცვა: ფერწერა, გრაფიკა, საგაზეთო კარიკატურა, წიგნის ილუსტრაცია, სარეკლამო ხელოვნება, ავეჯის დიზაინი, საეკლესიო ხელოვნების ნიმუშები, ფრესკების ასლების გადმოღება, თეატრისა და კინოს მხატვრობა, მაკეტების შექმნა, კინორეჟისურის 2 ნიმუში, აღლუმების და გამოფენების გაფორმება. მუშაობდა ფერწერის პედაგოგად სხვადასხვა სასწავლებლებში, მათ შორის, სამხატვრო აკადემიაში. მის მიერ გაფორმებული სცენოგრაფია თეატრში, ოპერასა და კინოში შეადგენს ქართული სცენოგრაფიის ქრესტომათიულ ნიმუშებს; თანამშრომლობდა კინომხატვრად სომხეთის, რუსეთის და უკრაინის კინოსტუდიებთან.

მხატვრის ჩამოყალიბებული ფერწერული ხედვა უმძიმეს პერიოდს, ქვეყნის ბოლშევიკთა მიერ ოკუპაციას, ხელოვნების ტოტალურ კონტროლსა და უკიდურეს შეზღუდვებს ემთხვევა. ჩვენდა გასაკვირად, ამ დროს მხატვრის ფუნჯი გაბედული ხდება, მუშაობის ძირითადი ტექნიკა ესკიზური, ნათელი, მაგრამ არა ჭრელი, სადა ფერადოვნებით, მკვეთრი სილუეტურობა, პოსტიმრესიონისტული პერსპექტივა, დინამიკური კომპოზიცია მთლიანობის შეგრძნებით. თემატური ინტერესები მრავალმხრივია, ყურადღებას იპყრობს ძლიერი ემოციურობა, გამოსახულის ექსპრესიულობა, ზოგჯერ, გროტესკულობა და იუმორის თავისებური გრძნობა.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევართა შორის იყო მხატვრის ნიუს თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებიც. ნიუს, შიშველი ქალის სხეულის თემა უხსოვარი დროიდან ვიცით, მას მრავალმხრივი დატვირთვა ეძლეოდა ყველა ეპოქაში, ის იყო ნაყოფიერების ალეგორიული სიმბოლო, ქალური სილამაზის, ვნებისა და ტრფობის ობიექტი და სულ ცოტა, სამხატვრო სასწავლებლის სტუდენტისთვის ანატომიაში სავარჯიშო ობიექტი.

ხელოვნების მუზეუმში მხატვრის მიერ შექმნილი რამდენიმე ფერწერული ნიუ ინახება, მათი ნაწილი სავსებით გამართული ანატომიურ-ფერწერული ეტიუდებია. მოზრდილ სასურათე სიბრტყეებზე მთელი ტანით გამოსახული ქალთა შიშველი ფიგურები, ფუნჯის თავისუფალი ლაქობრივი მონასმებით, ფერთა მსუყე ნაგლეჯებითაა აგებული.

ნამუშევართა ხარისხი ყოველთვის თანაბარი არაა. ხანდახან მხატვარი კიდურებს – ფეხს ან ხელს – ვერ გამოწერს და ფიგურა ენგრევა. მთლიანობაში, ნამუშევრები რეპეტიციული, თითქოს ერთ ჯერზე რამდენიმე ხედიდან ნაცადი, სხვადასხვა, სწრაფ-სწრაფად შესრულებული, ან მოწაფეობრივი ქმნილებებია.

მაგრამ მათში არის ისეთებიც, რომლებიც თავისი მასშტაბით დასრულებული მხატვრული ნამუშევრებია, (თუნდაც, მოწაფეობრივ თუ სავარჯიშო კონტექსტში შექმნილი), რაც მხატვრის დამოუკიდებელ მხატვრულ აზროვნებაზე, ჩამოყალიბებულ გემოვნებასა და ორიგინალურ ხედვაზე მეტყველებს.

„შიშველი ნატურა“ ტილო, ზეთი; 96X66 სმ. N3346. მაღალ წაგრძელებულ მართკუთხა სასურათე სიბრტყეში მჭიდროდაა ჩასმული მასიური ფორმების მქონე შიშველი ქალის ფიგურა მუხლებამდე. ფიგურა სურათის შუა არეს იკავებს, ის ჩვენ მიმართ ოდნავ ირიბად – სამ მეოთხედში დგას; მისი ფიგურა ერთიან მთლიან ბლოკადაა შეკრული: წელში გამართული, მკაცრად ერთ წარმოსახვითი სვეტის გასწვრივ დგას; ხელები მლოცველის ჟესტის მსგავსად მაღლა, მკერდთან აქვს შეერთებული და ლოყაზე მიდებული, რის გამოც ხელები, სხეულის სილუეტის შიგნით ექცევიან, რათა ტორსის დახატვას ხელი არაფერმა შეუშალოს. ფეხები ერთმანეთზე აქვს მიტყუპებული, რაც ქალის ფიგურას ერთ მთლიანობას, ბლოკურობას ანიჭებს და კეტავს საკუთარ თავში. ქალის ფიგურის ანატომიურ-პლასტიკურ მასათა განაწილება სურათზე სიმყარის და წონის შექმნის საწინდარი ხდება.

უნდა ვახსენოთ ხედვის სპეციფიკური რაკურსი, რომელიც, ფიგურას, მოცულობას გამოკვეთს და ხედვის წერტილის გამო ჩვენზე აღმატებულ, ძლევამოსილ იერს აძევს – ჩვენს ქალბატონს დაბალი ხედვის კუთხიდან ვუმზერთ. მისი ტანი ერთგვარი პირამიდასავით ანაწილებს მასებს: თავიდან მოყოლებული ფიგურა ფართოვდება სურათის ქვედა არისკენ, წელთან და გულმკერდის არესთან ოდნავ ვიწროვდება, მუცლისა და გავის არეში ის ყველაზე განიერია, ფეხები ჩარჩოთი იჭრება იქ, სადაც ბარძაყის ქვემოთ მუხლებისკენ შევიწროება იწყება, რაც ფიგურას, მთლიანობასთან ერთად, სიმყარესაც მატებს. შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონი მონუმენტურია.

ქალის ფიგურის აღქმის მომდევნო საკითხი დაკავშირებულია ფერით მოდელირებულ მის სილუეტსა და მოცულობითობასთან. ფერწერა თითქოს გამღვალი საღებავებითაა შესრულებული, ფერადოვანი ლაქების ფრთხილად განთავსებით სურათზე. განირჩევა ორი ძირითადი ტონი: ცივ, მონაცისფრო, მუქ-მოყავისფრო ფონზე მკვეთრად იკითხება ქალის ინტენსიურ-თბილი, ხორცის ფერებში მოდელირებული სხეული, რომელიც ფერითი ინტენსივობით, თბილი ტონებით სივრცითად წინა პლანს ქმნის. ცივსა და თბილ ფერთა კონტრასტი, მათი სიახლოვე, ქალის ფიგურის სილუეტის მკვეთრად აღქმას განაპირობებს. სხეულის მოდელირება ღია და მუქი ფერადოვანი ინტენსივობების საშუალებით ხდება, ქალის ყველაზე ნაძერწი, ამოწეული არეები ღია, თითქმის თეთრი ფერისაა, მოვარდისფრო ტონებს ხორციელი სიცოცხლე შემოაქვთ მასში.

ფონს მხატვარმა მეტად აბსტრაჰირებადი სახე მისცა – ესაა ინტერიერი, რომელიც მსუბუქ ფერადოვან, მსხვილ, გეომეტრიული ფორმის ოთხკუთხა, ხალიჩისებრად ფერადოვან ნაგლეჯებად იქცა, ამავე დროს, ეს არაა სრული ამორფულობა. ქალის მხრების სიმაღლეზე ვხედავთ მუქ ნაცრისფრად მოჩარჩოებულ მართკუთხა არეებში ჩაღვრილ შავ ფონს, სავარაუდოდ, სარკმელს. ქვედა არე ფონისა მონაცისფრო, მოლურჯო, ყავისფერ ფერთა კომბინაციებია, რომლებიც ფართე ნაგლეჯებად დასმული, ამავე დროს, საღებავთა თხელი ფენის გამო ფერები შიგნიდან გამოსჭვივის, რაც დამატებით ახალ ტონალურ ელფერებს წარმოქმნის.

„უცნობი ქალის პორტრეტი“ © ვალერიან სიდამონ-ერისთავი
„უცნობი ქალის პორტრეტი“ © ვალერიან სიდამონ-ერისთავი

სურათის მარჯვენა კუთხეში რუსული ხელმოწერაა „С-Эр.“, რაც მსგავს დათარიღებულ ადრეულ ნამუშევარში გვხვდება[1]; მხატვარზე არსებული ცნობების თანახმად[2], ის ნატურებს მოსკოვში სწავლის დროს ქმნიდა, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ სურათი მხატვრის მოწაფეობრივ პერიოდს შეიძლება ასახავდეს.

მხატვარმა ბანალური ამოცანა გადააქცია საინტერესო, მხატვრულად ძლიერ ზემოქმედ ქმნილებად. სურათზე ზოგადი მასებით გამოძერწილ, მონოლითურ და მონუმენტურ, მასიური ფორმის ფიგურას აღვიქვამთ, ჩაკეტილ და მყარს, რამაც, მან თავისი ზემოქმედების ძალით ხელოვნების ისტორიიდან შეიძლება პრეისტორიული ხანის სტოუნჰენჯის ფილები ან ქვის პატარა ქანდაკება – ვილენდორფის ვენერა გაგვახსენოს. ნამუშევარი მხატვრის დიდი შემოქმედებითი ენერგიის და ნიჭის მტკიცებულებაა, მიღებული ცოდნის ფერწერის, ანატომიისა და კომპოზიციის გარდა, ნამუშევარში ჩანს შემოქმედის ინდივიდუალობა, მშრალი ანატომიური ამოცანისგან გადახვევით, ფიგურის ბუნების გახსნის, მისი ხასიათისა და განწყობის შექმნის
მცდელობით, მიდგომა, რომელიც მხატვრის დამოუკიდებელ შემოქმედებაშიც აისახა.


[1] „უცნობი ქალის პორტრეტი“, რუსული ხელმოწერით, მსგავსი შემოკლებით „Сид-Эристав“, თარიღდება მხატვრის მოსკოვში სწავლის (1913-15) წლებად („ვალერიან სიდამონ-ერისთავი“ ლ. თაბუკაშვილი 1958 წ. გვ. 12; ხელოვნების სასახლე, მონოგრაფია: „ვალერიან სიდამონ-ერისთავის შემოქმედება“, ცისანა გაბუნია 1977 წ. გვ. 47

[2] ხელოვნების სასახლე, მონოგრაფია: „ვალერიან სიდამონ-ერისთავის შემოქმედება“ ცისანა გაბუნია 1977 წ. გვ. 37; „საბჭოთა ხელოვნება“, 1973 წ. N9, „ვალერიან სიდამონ-ერისთავის შემოქმედების ადრეული პერიოდი“, ცისანა გაბუნია. გვ.45.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერი. ბოგარტის კონტრიბუტორი 2022 წლიდან.