ლანას კორეული თავგადასავალი: სოლო მოგზაურის პირადი გამოცდილება
ლანა მაღლაკელიძე

ლანას კორეული თავგადასავალი: სოლო მოგზაურის პირადი გამოცდილება

წაკითხვა
11 წუთში წასაკითხი

გაიცანით ლანა მაღლაკელიძე – მოგზაურობის დიდი მოყვარული საქართველოდან, რომელმაც უდიდეს ოცნებას ფრთები შეასხა და სამხრეთ კორეაში იმოგზაურა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ლანა გატაცებული იყო კორეული კულტურის, სამზარეულოსა და მუსიკის მაგიით. წლების ოცნებისა და დანაზოგის შემდეგ, ლანა საბოლოოდ ალაგებს ბარგს და თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოგზაურობას იწყებს.

ლანას კორეული თავგადასავალი: სოლო მოგზაურის პირადი გამოცდილება
ლანა მაღლაკელიძე

ლანა კორეაში მოგზაურობისას ეზიარა ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების სიდიადეს, მრავალფეროვან კულტურასა და უგემრიელეს სამზარეულოს. სეულის ხმაურიანი და სიცოცხლით სავსე ქუჩებინდან მომნუსხველ მთიან ლანდშაფტებში ლაშქრობით დამთავრებული, ლანა მზად არის გაგიზიაროთ საკუთარი თვალით დანახული სამხრეთ კორეა.

ლანა ამჟამად ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს. როგორც კი გაუჩნდა შესაძლებლობა სამსახურიდან სამკვირიანი შვებულება აიღო და ბილბო ბეგინსის შემდეგ, ყველაზე ექსტრაორდინალურ თავგადასავლებს შეეგება.

Bogart: რამ შთაგაგონათ კორეაში გამგზავრება და როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები ქვეყნის შესახებ?

ყველაზე დიდი შთაგონება ბავშვობიდან მოყოლებული ის უდიდესი ინტერესი იყო აზიური კულტურის მიმართ, რამაც მომცა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად ამეთვისებინა კორეული ენა. ადრეული ასაკიდან ვუყურებდი კორეულ ფილმებსა და სერიალებს – თავიდანვე მოვიხიბლე განსხვავებული კინემატოგრაფიითა და მნიშვნელოვანი, ემოციური მესიჯებით, რომლებიც ფილმებით მოდიოდა. ამიტომ ძალიან მინდოდა, რომ პირადად გამომეცადა ეს ემოცია და მენახა ადგილები, რომლებიც ეკრანებზე შემიყვარდა.

Bogart: ადგილები და ღირსშესანიშნაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო კორეაში ვიზიტის დროს.

ტურისტებში პოპულარობით სამხრეთ კორეის დედაქალაქი უპირობო ლიდერია. სეულის ცენტრალურ უბნებში თავმოყრილია უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომლის უნახავადაც სეული არ უნდა დატოვოთ. მაგალითად, 1395 წელს აშენებული სეულის მთავარი სამეფო სასახლე Gyeongbikgung. გარდა ამისა, გირჩევთ, ნახოთ სხვა ოთხი სასახლეც ( Changdeokgung, Changgyeinggung, Deoksugung და Gyeonghuigung).

თუ ტრადიციული სახლები გაინტერესებთ, აუცილებლად ეწვიეთ ბუკჩონის ჰანოკის სოფელს მზის ჩასვლის დროს. Namsan Tower-დან გადაშლილი ულამაზესი პანორამა და ღამის ხედების მისტიურობა ცალკე სიამოვნებაა. კიდევ უფრო გამაოცებელი სანახაობა სეულის ყველაზე მაღალი შენობიდან, Lotte Tower-დანაა ხელმისაწვდომი. ამავე შენობაშია გასართობი პარკი და ატრაქციონები, რომლებიც წელიწადის ნებისმიერ დროს ნებისმიერ ამინდში ელიან ვიზიტორებს.

ერთ-ერთი უბანი რომელსაც აუცილებლად გირჩევდით, არის აპგუჯონგის უბანი – ერთი დიდი და დაუვიწყარი სანახაობა იყო ჩემთვის. ახალგაზრდებში ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ ეს უბანი სარგებლობს. აქ შეხვდებით ტრენდულ კაფე-ბარებს, კოფიშოფებსა და თანამედროვე რესტორნებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ადგილს არასდროს სძინავს და 24 საათის განმავლობაში ხალხით არის სავსე.

Bogart: როგორ გგონია, რამდენად განსხვავებულია კორეული კულტურა და ზოგადად, როგორია მასთან ადაპტაცია?

ვფიქრობ, ყველზე დიდი კულტურული განსხვავება იყო უფროსი თაობის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა. კორეაში ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საუბრის ფორმაც კი იცვლება, თუნდაც ერთი წლით უფროს ადამიანს ესაუბრებოდე. უნდა აღვნიშნო უსაფრთხოებაც – ძალიან უსაფრთხო ქალაქია. თითქმის არ არსებობს ჯიბის ქურდები. ბარსელონაში ცხოვრებისას მივეჩვიე, რომ ორმაგად და სამმაგად დიდი ყურადღება უნდა მიმექცია საფულის ან მობილურისთვის. აღფრთოვანება ვერ დავმალე, როცა სეულში ჩემმა მეგობრებმა შემომთავაზეს ჩვენი ნივთები კაფეში დაგვეტოვებინა და გარეთ სურათების გადასაღებლად გავსულიყავით.

Bogart: კორეული სამზარეულოსა და ფავორიტი საკვების შესახებ გვიამბე.

კორეული სამზარეულო მართლაც რომ მრავალფეროვანია კერძებით, იქნება ეს კიმჩის სუპი, კორეული ბარბექიუ, ბიბიმბაბი და კიმბაბია… – რომელი ერთი?!  ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გემოები Street Food-ის არჩევანს ჰქონდა, რომლითაც სეულს ნამდვილად შეუძლია იამაყოს. ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებში შეგიძლიათ მიირთვათ ტრადიციულ ბაზრებში, სადაც  თითქმის ნებისმიერი სახეობის კერძს შეხვდებით და ამასთან ერთად, ფასებიც მისაღებია. ტურისტული ზონებიდან შედარებით შორს, პატარა ადგილობრივ რესტორნებში, სადაც მენიუ ინგლისურად არ აქვთ ხოლმე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ათვენტური კორეული სამზარეულო.

Bogart: რომელია კორეაში საუკეთესო სავაჭრო მიმართულებები და რა ტიპის პროდუქტები ხელმისაწვდომი?

სეულში რამდენიმე დიდი სავაჭრო ცენტრია, მათ შორის ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ლოტეს და ჰიუნდაის სავაჭრო ცენტრებია, სადაც შეგიძლიათ იპოვნოთ როგორც  საერთაშორისო ბრენდების მაღაზიები, ასევე ლოკალური ბრენდების არჩევანსაც გაეცნოთ.

ცნობილი Starfield-ის ბიბლიოთეკა კოექსის შოპინგ-მოლთან
Starfield-ის ბიბლიოთეკა კოექსის მოლთან © ლანა მაღლაკელიძე

სავაჭრო ცენტრებში, როგორც წესი, პირველ ან  ნულ სართულზე რესტორნებია განთავსებული, ხოლო ბოლო სართულზე კინოთეატრები  და კაფეები შეგხვდებათ. თუ თანამედროვე მოდა და Street Style გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ Apgujong Rodeo-ს ქუჩას, სადაც ძალიან ბევრ პატარა ბუტიკს ნახავთ უნიკალური სტილის სამოსით. ასევე არის მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრიც, სადაც ფასები შედარებით დაბალია, თუმცა არჩევანი საკმაოდ დიდია. ძირითადად მეტროს სადგური და მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრი ერთმანეთთან არის დაკავშირებული – ამ მხრივ, გადაადგილება ძალიან მარტივია.

Bogart: როგორ ფიქრობ, რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება კორეაში?

მთელი ეს დრო, რაც კორეაში გავატარე, სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც განსაკუთრებული სამოგზაურო გამოცდილება. პირველი, რაც ყველაზე ემოციურად მახსენდება, არის აეროპორტი – როცა ხვდები, რომ საოცნებო ქვეყნამდე მხოლოდ პასპორტის კონტროლი გაშორებს. სუპერ თანამედროვე და მომავლის შენობაა ინჩონის საერთაშორისო აეროპორტი, იმდენად დიდია, რომ შიდა სატრანსპორტო სისტემა აქვს. თუ კითხვები გაგიჩნდებათ აეროპორტში ჩექინთან ან ჩასხდომასთან დაკავშირებით, შეუძლიათ 4 ენაზე გიპასუხონ, ინგლისურად, კორეულად, ჩინურად და იაპონურად.

ლოტე თაუერში 118-ე სართულზე ლიფტით 1 წუთში ასვლა არანაკლებ დაუვიწყარი გამოცდილება იყო. სხვათა შორის, ეს ლიფტი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი გასაოცარი სამგანზომილებიანი ანიმაციებით.

Bogart: როგორ დაახასიათებ ადგილობრივ მოსახლეობას და როგორ ურთიერთობდი მათთან მოგზაურობის დროს?

ძირითად შემთხვევებში, კორეელები ფრიად ემპათიურები არიან, მაგრამ ენის ბარიერის გამო შეიძლება უცხოელებთან დისტანცია დაიჭირონ და მართალია, ევროპისგან განსხვავებით, მოკლე პერიოდში შეიძლება ახლო  მეგობრები ვერ გაიჩინო, სამაგიეროდ, ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ.

პირადი გამოცდილებიდან შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ენის ბარიერის მიუხედავად, ყველანაირად ეცდებიან დაგეხმარონ. ყველა დაკავებულია და ქუჩაში სწრაფი ცხოვრების რიტმი იგრძნობა. არიან ძალიან პატრიოტები და ამაყები თავიანთი ქვეყნის  ტრადიციებით და მიღწევებით – განათლება დიდ როლს თამაშობს კორეულ საზოგადოებაში. სკოლის პერიოდში, განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასებში, მოსწავლეები სწავლას 12-16 საათს უთმობენ. სეულში მსოფლიოში ცნობილი და წამყვანი რამდენიმე უნივესიტეტიც არსებობს უზარმაზარი კამპუსებითა და სუპერ თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობებით.

Bogart: კორეაში ნაკლებად ცნობილი მიმართულებებზეც რომ გვიამბო, რომლებსაც რეკომენდაციას გაუწევ.

სამხრეთ კორეაში ბევრი ადგილი და ქალაქია, რომელსაც ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ქალაქია ვონჯუ, სეულიდან არც ისე შორს. მეგობრის სანახავად წავედი და გაოცებული დავრჩი ქალაქის სილამაზით. განსაკუთრებით ლაშქრობის და ექსტრემის მოყვარულებს მოეწონებათ ეს ქალაქი. მთებში (კონკრეტულად, Sogeumsan) ძალიან მაღალზე კიდული ხიდები შეგხვდებათ. მეტიც, ეს უკანასკნელი რამდენიმე ცნობილ გასართობ შოუსა თუ სერიალის გადაღების ლოკაციაც კი იყო. არც ისე უცნობია, თუმცა ნამდვილად გირჩევთ ნამის კუნძულის მონახულებას, განსაკუთრებით გაზაფხულზე, სადაც ულამაზესი პეიზაჟები იშლება თქვენ თვალწინ.

Bogart: ლანა, რა არის საუკეთესო გზა, რათა კორეის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნო?

მინდა გითხრათ, რომ კორეაში წასვლამდე ფილმებით ძალიან ბევრი რამ გავიგე თავად კორეის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. იქ ყოფნის დროს მოვიძიე ინფორმაცია მუზეუმების შესახებ – მოგეხსენებთ, სეულში არაერთი საინტერესო მუზეუმია და აუცილებლად გაიცნობთ სამხრეთ კორეის მდიდარ ისტორიას. ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო სოდემუნის ციხის ისტორიის ცენტრი აღმოჩნდა, სადაც შეგეძლებათ გაიცნოთ კორეის ისტორია იაპონური კოლონიზაციის დრო.

Bogart: როგორ გაუმკლავდით კორეაში ენის ბარიერს და რა რჩევებს მისცემდით ქვეყანაში მოგზაურობის მსურველებს?

ენის ბარიერის პრობლემას ნაკლებად გადავაწყდი, რადგან კორეულ ენას საკმაოდ კარგად ვფლობ, თუმცა მგონია, რომ მხოლოდ ინგლისურითაც არ უნდა  შეგხვდეთ დიდი წინააღმდეგობა. თითქმის ყველა მეტრო სადგურის და ქუჩის სახელები კორეულთან ერთად ინგლისურადაც წერია, ნავიგაციის აპლიკაციებსაც აქვთ ინგლისური ვერსიები. ახალგაზრდებმა ძირითადად სეულში, ასე თუ ისე, იციან ინგლისური, ასე რომ გადაადგილება რთული არ არის. თუკი სამხრეთ კორეაში აპირებთ მოგზაურობას, ჩემი რჩევაა, რომ ისწავლოთ რამდენიმე ფრაზა კორეულად, როგორებიცაა მისალმება ან მადლობა. დამიჯერეთ, მოსახლეობისგან განსხვავებულ რეაქციებს მიიღებთ და თქვენს მიმართ კიდევ უფრო კეთილგანწყობილები გახდებიან.

ვიზიტამდე დოკუმენტების მოწესრიგებას უნდა შევეხო – ვინაიდან სამხრეთ კორეაში ვიზიტისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზა გვჭირდება, მოგზაურობამდე ერთი თვით ადრე მაინც უნდა შევიტანოთ განაცხადი ვიზის თაობაზე. თუ უცხოეთში ლეგალურად ცხოვრობთ, არც უცხო ქვეყანაში იქნება ვიზის აღება რთული. შეგიძლიათ მიმართოთ სამხრეთ კორეის საკონსულოს ან საელჩოს კონკრეტულ ქვეყანაში.

შემდეგი იქნება ადგილმდებარეობის განსაზღვრა, თუ სად გსურთ დაბინავება – სეული დიდი ქალაქია და სანახაობაც ძა(ააა)ლიან ბევრია. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია მეტროს სადგურთან ახლოს იპოვნოთ ბინა, სასტუმრო ან ჰოსტელი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან მოწესრიგებულია, ქალაქში გადაადგილებაც მარტივია.

Bogart: როგორ ფიქრობ, კორეა რა განმასხვავებელ კონტრასტს ჰქმნის იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკვე მოინახულე?

სამხრეთ კორეაში წასვლამდე მხოლოდ ევროპის ქვეყნებში მოგზაურიბით შემოვიფარგლებოდი და რა გასაკვირია, რომ პირველი შორეული აღმოსავლეთის ქვეყანა სრულიად სხვა განზომილება აღმოჩნდა ჩემთვის. ევროპისგან განხვავებით, აქ ცხოვრების ტემპი შედარებით სწრაფია, სწრაფია სერვისები და გერმანელების მსგავსად ზე-პუნქტუალური ხალხია.

ბარსელონიდან ჩასული Sobremesa-კულტურას შეჩვეულს (სადილის ან ვახშმის შემდეგ უბრალოდ მაგიდის ირგვლივ დასხდომა და რაღაც დროის განმავლობაში მეგობრებთან ერთად საუბრის კულტურა, რაც ესპანეთში ძალიან მიღებული წესია) წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა სეულში სადილის დამთავრებისთანავე დგებიან და რესტორნიდან მაშინვე გადიან. სამაგიეროდ, კორეაში სადილის შემდეგ ხშირად მიდიან ახლოდმდებარე კაფეში ცივი ამერიკანოსა და დესერტის დასაგემოვნებლად. სეულში უამრავი საინტერესო, ორიგინალური და თემატური კაფეებია და ცხადია, სამი კვირა სულაც არ იყო საკმარისი ყველა მათგანის მოსანახულებლად.

ჩემ გარშემო თითქმის ყველა აღნიშნავდა, რომ სამხრეთ კორეაში მოგზაურობა არ იქნებოდა ისეთი ამაღელვებელი, როგორი მოლოდინებიც მქონდა, თუმცა არა – სამხრეთ კორეამ ორმაგად გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც ჯადოსნური სოლო მოგზაურობა აღმოსავლეთში.

© ლანა მაღლაკელიძე
I SEOUL U © ლანა მაღლაკელიძე