© „გუშაგები“
© „გუშაგები“

კონცეპტიდან რეალობამდე: ინტერვიუ „გუშაგების“ რეჟისორ სანდრო სულაძესთან

წაკითხვა
4 წუთში წასაკითხი

სანდრო სულაძემ, ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი უნიკალური ნიჭი დამაფიქრებელი სიუჟეტური ხაზისა და ვიზუალური სთორითელინგის სანიმუშოდ გადმოცემის გზით. სანდროს უახლესი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გუშაგები“ ოსტატურად აერთიანებს დრამისა და მისტიკის ელემენტებს, რათა შექმნას ისეთი კინემატოგრაფიული გამოცდილება, რომელიც თანამედროვე მაყურებელში ინტერესს აღძრავს.

რეჟისორის უნარი მრავალფეროვანი პერსონაჟების შექმნისა და ემოციური ნარატივების გადმოცემისადმი, ისეთ უნიკალური ხელწერად იქცა, რომელიც გამოკვეთს სანდროს, როგორც რეჟისორის ნიშას.

BOGART: სანდრო, რამ შთაგაგონა ორი მოზარდის ირგვლივ სიუჟეტი შეგექმნა?

შთაგონების უკან ჩემი ბავშვობა დგას. ბავშვობაში ზაფხულს ვანის რაიონში, სოფელ დიხაშხოში ვატარებდი, სადაც შემდგომ გადავიღე „გუშაგები“. სოფლის ცხოვრება ძალიან მომხიბვლელი იყო ჩემთვის, როგორც დიდი ქალაქიდან ჩამოსულისთვის. იგივე ემოციების წარმოჩენა ვცადე ორი პატარა ძმის შემთხვევაშიც – ისინი მარტონი რჩებიან თითქოს ნაცნობ, თუმცა უზარმაზარ და იდუმალ გარემოში.

© „გუშაგები“
© „გუშაგები“

BOGART: შეგიძლია ისაუბრო იმ შემოქმედებით პროცესზე, რომელიც გიორგი სულაძესთან ერთად ამ ფილმის სცენარის შექმნისას გაიარე?

როდესაც ფილმის იდეა მომივიდა, დავწერე მოკლე შინაარსი და გავუგზავნე გიორგის, რომელსაც მოეწონა ეს ამბავი და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მერე პროექტი დიალოგის გარეშე მოვხაზე და გავუგზავნე გიორგის, რომელმაც თავის მხრივ, დიალოგები დაწერა და რამდენიმე ახალი სცენაც დაამატა. მერე გამომიგზავნა მონახაზის ეს ვერსია და მეც გარკვეული განახლებები შევიტანე. ასე გაგრძელდა, სანამ საბოლოო ვერსიამდე არ მივედით.

BOGART: როგორ მიუახლოვდი ძმების ორი მთავარი როლის კასტინგს და რა თვისებებს ეძებდი მსახიობებში?

ბავშვი მსახიობების არჩევა შეიძლება საკმაოდ რთული პროცესი იყოს. თბილისისა და ქუთაისის სკოლები მოვინახულე და ორივე ქალაქში კასტინგი ჩავატარეთ. უმცროსი ძმა (გიო) კასტინგის აგენტის დახმარებით ვიპოვე, ხოლო უფროსი ძმა (ლაშა) კოლეგამ მირჩია. თვისებებიდან აღვნიშნავ გამოცდილებასა და ფილმის გმირებთან მსგავსებას.

ლაშა და გიო © „გუშაგები“
ლაშა და გიო © „გუშაგები“

BOGART: „გუშაგები“ საქართველოში ვითარდება და შიშისა და ფანტაზიის თემებს ეხება. როგორ მოქმედებს საკუთარი კულტურული ფონი ამ ელემენტების წარმოჩენაზე?

90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს სოფლებში თვეების გატარება არის ის, რაც ნამდვილად დამეხმარა ბავშვობაში ჩემს ფანტაზიებში ჩავძირულიყავი. მახსოვს, ბებიაჩემმა მითხრა, თუ ჩვენს ძროხებს მოიპარავენ, მერე დაჩეხავენო. თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ამან პირდაპირ იმოქმედა ფილმის ამბავზე. ბავშვობაში ასეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს საქონელს მოიპარავდნენ, ერთობ საშიშ, შეიარაღებულ კაცებად წარმოვიდგენდი. გმირებისთვის ეს არის გარეული მხეცი ან კუდიანი.

BOGART: რა უნიკალური გამოწვევები შეგხვდა ამ პროექტის პრეპროდაქშენის ფაზაში, რიგ შემთხვევებში, საქმის დისტანციურად წარმოებისა და ახალგაზრდა მსახიობების ჩართულობის გათვალისწინებით?

გამოწვევა, რომელიც მართლაც უნიკალური იყო, არის COVID 19-ის პანდემია. ჩვენი მთავარი ოპერატორი, რომელიც პოლონეთში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. სიტუაციიდან გამომდინარე, დაგვჭირდა მთელი რიგი სპეციალური დოკუმენტების შეგროვება, რათა უპრობლემოდ შეძლოდა საქართველოში ჩამოსვლა და მუშაობა.

რეჟისორი სანდრო სულაძე და დამდგმელი ოპერატორი ოლაფ მალინოვსკი © „გუშაგები“
რეჟისორი სანდრო სულაძე და დამდგმელი ოპერატორი ოლაფ მალინოვსკი © „გუშაგები“

BOGART: როგორ იმოქმედა პირადმა გამოცდილებამ Short Form Station 2019 Talent Lab-ში კინოსადმი მიდგომაზე ან „გუშაგების“ პროექტის შემდგომ განვითარებაზე?

განვითარების ლაბები უდავოდ შესანიშნავი გზაა პროექტების განვითარებისთვის. Berlinale Talents Lab ჩემთვის პირდაპირ Deus ex Machina იყო, როგორც ახალგაზრდა კინორეჟისორისთვის, რომელსაც არც თუ ისე დიდი გამოცდილება გააჩნდა კინობიზნესში.

BOGART: „გუშაგების“, პრემიერა შედგა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე და მიღებული აქვს ბევრი ჯილდო. როგორ ფიქრობ, ეს გამოცდილება ცვლის პროექტზე მუშაობის ინდივიდუალურ სტილისა და თხრობის განვითარების დინამიკას უკვე შემდეგი პროექტისთვის?

ჩემი შემდეგი პროექტის წერა ჯერ კიდევ „გუშაგების“ გადაღებამდე დავიწყე. ამ ხნის მანძილზე ორ განსხვავებულ ლაბს ვეწვიე და ჯერ კიდევ წერის პროცესში ვარ.

BOGART: როგორ ფიქრობ, რა მესიჯი შეიძლება მიიღოს აუდიტორიამ ამბავზე ძმების შესახებ, რომლებიც შიშების წინაშე დგანან და უცნობს უპირისპირდებიან?

ვფიქრობ, მაყურებელმა უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ ყველანი ოდესღაც ბავშვები ვიყავით, მთელი ჩვენი ბავშვური შიშებითა და ფანტაზიებით. გავიხსენოთ ის, რაც ბავშვობაში ასე საშიშად გვესახებოდა (იქნება კუდიანი, მგლები ან ჩემთვის – ჭაობები) და გავიაზროთ, რამდენად განსხვავებული და ზოგჯერ გულდასაწყვეტია „თურმე“ რეალობა.

„გუშაგების“ ნახვა უკვე შესაძლებელია Cavea Plus-ის ონლაინ პლატფორმაზე