დელფინ სეირიგი და ჯორჯო ალბერტაცი ფილმში „შარშან, მარიენბადში“ © Rialto Pictures
დელფინ სეირიგი და ჯორჯო ალბერტაცი ფილმში „შარშან, მარიენბადში“ © Rialto Pictures
/

Coco Chanel – „შარშან, მარიენბადში“

წაკითხვა
4 წუთში წასაკითხი

ფრანგი კინორეჟისორისა და სცენარისტის, ალენ რენეს შავ-თეთრი ფილმი „შარშან, მარიენბადში“ (ფრ.: L’Année dernière à Marienbad) ფრანგული „ახალი ტალღის“ მნიშვნელოვანი ნამუშევარია. სიუჟეტი მისტიკური წყვილის გარშემო ტრიალებს, რომელსაც დელფინ სეირიგი და ჯორჯო ალბერტაზი განასახიერებენ. ისინი ერთმანეთს მდიდრულ სასტუმროში ხვდებიან. მამაკაცი ცდილობს ქალს წარსული სასიყვარულო ურთიერთობა გაახსენოს – თითქოს რეალობასა და გამოგონილს შორის მაყურებელიც იხლართება. სეირიგის ელეგანტური გარდერობი, რომელიც მოიცავდა მოკლე შავ კაბებს (რომლის სინონიმადაც იქცა თავად დიზაინერი), შიფონის გრძელ კაბებსა და ბუმბულებიან ლაბადებს, თავად კოკო შანელის მიერ იყო შექმნილი. მისთვის კინოკოსტიუმების შექმნა უცხო არ ყოფილა, რადგან ამას მანამდე, 30-იან წლებში, ჰოლივუდში აკეთებდა. მოგვიანებით, შანელის კრეატიულმა დირექტორმა, კარლ ლაგერფელდმა გადაწყვიტა ფილმისთვის პატივი მიეგო და 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუზე მოდელები მარიენბადის ბაღის რეპლიკის გარშემო გამოატარა. ეს ნიშნავდა იმას, რომ არამხოლოდ ბრენდის ძირითადი კონცეფცია რჩება წლების მანძილზე უცვლელი, არამედ იმასაც, რომ საკულტო სტილი დროს უძლებს, წლების შემდეგაც პოულობს ახალ სიცოცხლეს და თანამედროვე სამყაროში მუდამ ტრანსფორმირდება.

კადრი ფილმიდან „შარშან, მარიენბადში“ © Rialto Pictures
კადრი ფილმიდან „შარშან, მარიენბადში“ © Rialto Pictures

ფილმი „შარშან მარიენბადში“ცნობილია, როგორც რენეს ყველაზე გამორჩეული სურათი ისე, რომ პარალელურად ის მოდის ინდუსტრიის მწვერვალადაც იქცა. მსახიობები დერეფნებში ბამბისა და აბრეშუმის თხელი კაბებით დაფრიალებენ და კოსტიუმების მეშვეობით მოვლენათა ქრონოლოგიაზე მიგვანიშნებენ. მდიდრული, ბაროკოს სტილში გაფორმებული სასტუმრო ოდნავ პირქუშ შთაბეჭდილებას ტოვებს, სადაც ფორმალური დრესკოდის ადგილია და სეირიგის კაბებიც სრულ ჰარმონიაშია გარემოსთან. ჩაბნელებულ, მიტოვებულ სივრცეში მისი შავი კაბა არ იკარგება, პირიქით, წინა პლანზე გამოდის.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი შავი კაბა, რომელსაც Dress à la Marienbad ეწოდა, იმ პერიოდში ყველა ქალის საოცნებო კაბას წარმოადგენდა. მსურველებს შორის იყო ბრიჯიტ ბარდოც.

კადრი ფილმიდან „შარშან, მარიენბადში“ © Rialto Pictures
კადრი ფილმიდან „შარშან, მარიენბადში“ © Rialto Pictures

ფილმის ნახვისას ვხვდებით, რომ მაქმანი და ბეწვი, როგორც მდიდრული ატრიბუტები, აქ გადაჭარბებული სულაც არაა და შანელის მიერ შექმნილი დიზაინი პირდაპირ ეპოქის გლამურს აირეკლავს. თვითონ გარემოც, სადაც მოვლენებები ხდება, ერთობ მომაჯადოებელია: მარიენბადის სპა, დაუსრულებელი დერეფნები, იდეალურად მოვლილი ბაღები… (ფილმი გერმანიაში, ბავარიულ სასახლეებში გადაიღეს). რენეს სურდა „შეექმნა ფილმი, რომელსაც ექნებოდა სკულპტურის იერი და გაიჟღერებდა, როგორც ოპერა.“[1]

ფილმში კამერა უტრიალებს ქანდაკებებს და ამ სტატიკურ გმირებს ზედმიწევნით გვათვალიერებინებს. თითქოს თითოეული სამოსიც, რომელსაც მთავარი გმირი ატარებს, სკულპტურისთვისაა შექმნილი და რეალობაში გაცოცხლებული.

კადრი ფილმიდან „შარშან, მარიენბადში“ © Rialto Pictures
კადრი ფილმიდან „შარშან, მარიენბადში“ © Rialto Pictures

ფილმის გარდერობი 20-იანი წლების კინოვარსკვლავების ქარიზმას აღვიძებს, როგორც მარადიულ ელეგანტურობას[2].

დიზაინერის ხედვა ეთანხმებოდა რენეს ხედვასაც, რომელიც სწორედ 1920-იანი წლების უხმო ფილმებით იყო შთაგონებული.

დელფინ სეირიგი, კადრი ფილმიდან „შარშან, მარიენბადში“ © Rialto Pictures
დელფინ სეირიგი, კადრი ფილმიდან „შარშან, მარიენბადში“ © Rialto Pictures

„ალენ რენე შემოქმედებით ჯგუფს გეორგ ვილჰელმ პაბსტის პანდორას ყუთს (Die Büchse der Pandora, 1929) უჩვენებდა, რომლის მთავარი გმირის შემსრულებელი მსახიობი, ლუიზა ბრუქსი წარმოადგენდა დელფინ სიორიგის პერსონაჟის ინსპირაციის წყაროს”[3].

თეთრი და შავი ფერის სამოსის მონაცვლეობა და პერსონაჟის გაორება „გედების ტბის“ სიუჟეტს მოგვაგონებს. როგორც წესი, ორი რადიკალურად განსხვავებული ტემპერამენტისა და ბუნების გედი ერთმა ქალმა უნდა ითამაშოს, ვინაიდან პერსონაჟებს იდენტური გარეგნობა ჰქონდეთ. ანტიპოდების თამაშმა შესაძლოა პიროვნული ხლეჩაც გამოიწვიოს – როგორც ტექნიკურად, ისე ემოციური თვალსაზრისით დიდ სირთულეებს უკავშირდება. ალენ რენეს გმირიც ორ ქალს თამაშობს – დადებითს, როგორი სურს, რომ იყოს თეთრი გედი და უარყოფითს, როგორადაც იქცევა საბოლოოდ შავი გედის სახით. შესაბამისად, სპეციფიკური ჩაცმულობა, რომელიც სიორიგისთვის შეიქმნა, კლასიკური ნაწარმოების სულსაც ასახავს, მისთვის დამახასიათებელ სტილისტიკასა და სინატიფეს.

ალენ რენე და დელფინ სეირიგი © Rialto Pictures
ალენ რენე და დელფინ სეირიგი © Rialto Pictures

ომის შემდგომი პერიოდის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კლასიკად ქცეული ფილმის რეჟისურა, ნარატივი და მოდა დღემდე აგრძელებს რეჟისორების, ფოტოგრაფებისა და დიზაინერების შთაგონებას და მათი ინსპირაციის წყაროდ იქცევა.


[1] https://www.galerierudolfinum.cz/en/exhibitions/past-exhibitions/last-year-in-marienbad/

[2] https://www.anothermag.com/fashion-beauty/11217/when-coco-chanel-designed-the-costumes-for-1961-film-last-year-in-marienbad

[3] თეო ხატიაშვილი. „ახალი ტალღები“ 50-60-იანი წლების დასავლურ კინოში.