© Village Roadshow Pictures, Silver Pictures, NPV Entertainment, Warner Bros. Pictures
© Village Roadshow Pictures, Silver Pictures, NPV Entertainment, Warner Bros. Pictures

აგენტი სმითი – მატრიცის საყოველთაო ვირუსი

წაკითხვა
11 წუთში წასაკითხი

ყველა მოწინააღმდეგესთან შედარებით, ვისთანაც ბრძოლა უწევს ნეოს „მატრიცის“ სერიებში, მთავარი მოწინააღმდეგე – აგენტი სმითი – თავად ნეოს ჩრდილია. ორაკული უკანასკნელ საუბარში ნეოს პირდაპირ ეუბნება:

ის ხარ შენ. ის არის შენი საპირისპირო მხარე, შენი ნეგატივი. განტოლების შედეგი, რომელსაც დამოუკიდებლად სურს ამოხსნა.

არქიტექტორის მიერ შექმნილ მატრიცაში ყოველი მოვლენა, პიროვნება, პროგრამა არის განტოლების შედეგი, რომელსაც თავისი ფუნქცია აქვს გაწერილი და კონტროლის მექანიზმებს ექვემდებარება. როდესაც ნეო გადის მატრიციდან, იგი ცდილობს გაწერილი პროგრამისა და საკუთარი ბედის შეცვლას. მაგრამ არის კიდევ ერთი, ვინც გულში იგივე მიზანს ატარებს, რადგან არ თვლის თავს მატრიცის რიგით მორჩილ წევრად – ეს არის აგენტი სმითი. ის გამოიყურება როგორც მატრიცაში თავისი დანიშნულებით მობეზრებული და გამოხატავს ნიჰილიზმს – აგენტი ძალზე ცინიკურია.

აგენტი სმითის ფილოსოფიაში არის ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი: მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. სმითი, როგორც პროგრამა, ადამიანების მიმართ გამორჩეულ ზიზღსა და სიძულვილს გამოხატავს. კაცობრიობა მისთვის არის ვირუსი. მას არავინ უყვარს, არ ცნობს არჩევნის ფენომენს. რაც უფრო დიდი ძალით სძულს ადამიანი, თვითონ მით უფრო ხდება ნამდვილი საყოველთაო ვირუსი.

რა მოხდა მაშინ, როდესაც „მატრიცის“ პირველ სერიაში მკვდრეთით აღმდგარმა ნეომ გაანადგურა აგენტი სმითი? ნეო საბოლოოდ გაცხადდა, როგორც რჩეული და ის გასულია მატრიციდან, გათავისუფლდა. მაგრამ როგორ ახერხებს სმითი მეორე სერიაში გამოჩენას გაცილებით უფრო დიდი ძალით?

ორაკულთან მეორე საუბრის შემდეგ ნეო უეცრად ხედავს მისკენ მომავალ სმითს და აჯანყებულთა ხომალდზე აპარატურით ხედავენ და აღნიშნავენ, რომ „მონაცემთა მიხედვით ის აგენტი არ არის.“ თავად სმითიც აღნიშნავს, რომ ზუსტად არ იცის, რა მოხდა, მაგრამ აღნიშნავს ფაქტს, რომ ის უკვე თავისუფალი არსებაა, ანუ მატრიცის კონტროლიდან ისიც გასულია და დამოუკიდებელ მოთამაშედ გამოდის ისევე, როგორც ნეო.

ერთგვარი სინქრონული განვითარებაა ორივე პერსონაჟის: ნეო თავისუფლდება და იძენს მეტ ძალას და მისი ჩრდილი და ჯერ კიდევ გაუაზრებელი ბნელი მხარეც თავისუფლდება და ასევე ძლიერდება. მატრიცა ცდილობს ყოველი განტოლებით ბალანსის დადგენას. თუ ნეო გადის მატრიციდან, მისი მოწინააღმდეგეც გადის იქიდან, თუ ერთი ძლიერდება, მეორეც შეიძენს მეტ ძალას. რათა ერთი განადგურდეს, მეორეც უნდა განადგურდეს. ამჯერად ისინი სხვა, უფრო მაღალ დონეზე აგრძელებენ ბრძოლას და ეს არ დასრულდება, სანამ ნეო არ გაიაზრებს, რომ სმითი მისი ბნელი მხარეა და მის გარდა ვერავინ დაამარცხებს მას.

კაცობრიობა კი არა, სმითი არის ნამდვილი საყოველთაო ვირუსი თავისი სრულიად უკონტროლო ქცევითა და ფილოსოფიით, როგორც ადამიანებისთვის, ისე მანქანებისთვის. იგი ერთნაირად ემუქრება სხვადასხვა სამყაროს, რეალობასა და მოდგმას.

ერთ-ერთი საგულისხმო, რაც აგენტს ახასიათებს არის ის, რომ იგი არ ცნობს არჩევნის ფენომენს. უბრალოდ არ ესმის, რა არის ეს და ეს უკანასკნელი ვლინდება მის დაუსრულებელ რეპლიკაციაში, როდესაც უთვალავ თავისნაირს წარმოშობს – მას არჩევანი არ აქვს, ასე უნდა მოიქცეს. როდესაც იგი ორაკულს მიადგება და ქალი, რომელმაც ახლახანს გამოაცხო ორცხობილა, აუღელვებლად ზის და სიგარეტს ეწევა. სმითი კარგავს წონასწორობას და ორცხობილიან თეფშს მიამსხვრევს კედელზე და ცოფდება, რომ ყოვლისმცოდნე ორაკულმა თუ იცოდა, რომ სმითი მოვიდოდა, მაინც დახვდა, არსად წავიდა და განგებ მოამზადა ორცხობილა, რომელიც მიზანმიმართულად დადო მაგიდაზე. ვერ იგებს, რატომ აირჩია ორაკულმა ასე, რადგან თავად ყველაფერი უკვე განპირობებული და გარდაუვალი ჰგონია.

ნეოსთან ბოლო ბრძოლაში სმითი განრისხებული ეკითხება: „რატომ? რატომ მეწინააღმდეგები?“, რაზეც ნეო პასუხობს: „რადგან მე ასე ავირჩიე.“ სმითს, რადგან არ ცნობს ასეთ ფენომენს, არც აქვს არჩევნის უფლება, მან ამით განაპირობა საკუთარი მარცხიც. ნეო აგენტს ძალით ვერც ამარცხებს. სმითი გაცილებით ძლიერია, ნეო მას მხოლოდ იმიტომ ამარცხებს, რომ არჩევანი გააკეთა. ნეომ განტოლება ამოხსნა: რათა სმითი განადგურებულიყო, მან საკუთარი თავი გაწირა – ბალანსი აღდგა!

სმითის გარდასახვები და რეპლიკაციები ორ პერიოდად შეიძლება გაიყოს. პირველ პერიოდში, სანამ ნეო მას პირველად გაანადგურებდა, აგენტს, როგორც მატრიცის შემადგენელ პროგრამას, აქვს ზედამხედველობის გამორჩეული ფუნქცია: ნებისმიერი, ვინც მატრიცაში ცხოვრობს, თუ შენიშნავს მართლწესრიგისთვის რაიმე უჩვეულოსა და მათთვის სახიფათოს, ის ადამიანი გადაიქცევა თავად აგენტ სმითად და გადადის მოქმედებაზე. ეს არის უხილავი დიქტატის თვალსაჩინო მაგალითი, როდესაც არსებობს სისტემა და მის მიერ მართული ადამიანები, რომლებიც იმდენად მონურად და დაუფიქრდებლად ემორჩილებიან მას, რომ მხოლოდ ფიზიკურობით აღიქმებიან ცალკე პიროვნებებად – რეალურად მათი ყოველი პიროვნება სისტემის ორგანული ნაწილია და მყისიერ რეაქციებს იძლევიან ყველაფერზე, რომლებიც არ ეწერება მათ საყოველთაო პროგრამაში.

არა მხოლოდ დიქტატურების შემთხვევაში, ეს მეტ-ნაკლებად ახასიათებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რომელიმე სისტემის, ჯგუფის ერთგულია და მათ აქვთ სამოქმედო არეალი, სადაც რაიმე უცხო ქცევის აღმოჩენის შემთხვევაში ამკაცრებენ კონტროლის მექანიზმების მოქმედებას. ხოლო აგენტის პირველი სიკვდილის შემდეგ იგი, როგორც თავად ამბობს „ნეოს ბრალით“, თავისუფლდება და ბრუნდება როგორც თავისუფალი, სინამდვილეში კი ცნება თავისუფლების არმცოდნე, რადგან მას არ ესმის არჩევნის ფენომენი და ძველ მოქნილ უნარს ამჯერად გამოხატავს, როგორც აშკარა ვირუსი თავისი დაუსრულებელი ასლების შექმნით – ეს უკვე მისი პირადი დიქტატია, როგორც ორაკული ეუბნება ნეოს – „ვხედავ, როგორ მოაბიჯებს ბნელი, ვხედავ სიკვდილს და მხოლოდ შენ ეღობები გზაზე მას…“

მხოლოდ ნეო უნდა გადაუდგეს სმითს გზაზე, რადგან ის ნეოს ბნელი მხარეა. გარშემო ყველა ელოდება ამას, ნეოს გარდა ამას ვერავინ გააკეთებს. ორაკული ამიტომ აფრთხილებს: თუ იგი დღეს ვერ შეძლებს საკუთარ თავში პასუხის პოვნას, შეიძლება ხვალინდელი დღე აღარავის გაუთენდეს…

ნეომ საკუთარი გაუაზრებელი და დამანგრეველი მხრისგან უნდა იხსნას ყველა, რომელიც გადაწერს ყოველ ადამიანსა და პროგრამას, ცდილობს გარშემო ყველაფერი წაშალოს და გაანადგუროს. როგორც ქრისტეს ანაცვლებს მისი მეორე მხარე – ანტიქრისტე. სმითი სწორედ რომ ანტიქრისტეს ტიპაჟია. ქრისტეს მიერ ამოხსნილი განტოლების არსიც ხომ იგივეა: მან შესწირა საკუთარი თავი სრულად იმისთვის, რომ მისი ბნელი ორეული ანტიქრისტე სრულად გაბათილდეს. მოიაზრება ანტიქრისტე, როგორც დროის სული ან მდგომარეობა, რომელიც მუდამ მეორდება თუ კონკრეტული პიროვნება, რომელიც ოდესღაც იყო, ან არის ან იქნება, ფასი უკვე გადახდილია, ბალანსის დასაჭერად ერთმა მხარემ უკვე მსხვერპლი გაიღო საკუთარი თავის სახით და ის ყოველთვის გააბათილებს მეორე მხარესაც.

„მატრიცა“ წარმოადგენს მრავალ ადამიანს, არსებას, პროგრამასა და მანქანათა სამყაროებს, მაგრამ სმითი მათ შორის იმით გამოირჩევა, რომ ის ყველას მოწინააღმდეგე არის. აგენტი თავისი პირდაპირი ნების გარეშე შეამზადებს იმას, რაც მატრიცის მესამე სერიაში საბოლოოდ ცხადდება: მის წინააღმდეგ ყველა დანარჩენი თანხმდება. ნეო, რომელიც თავიდან მანქანებთან შეურიგებელ ბრძოლაში შევიდა და აჯანყებულთა მთელი ჯგუფი მათთან ომშია, ეს ურთიერთდაპირისპირებული მხარეები მიაღწევენ რაღაც საერთოს, რაც მათ ორივეს სჭირებათ. სმითი უკონტროლოა, ყველას და ყველაფერს ანადგურებს, ის საფრთხეა ყველასთვის, ადამიანებისთვისაც და მანქანებისთვისაც. და ნეო პოულობს გამოსავალს. ის არ დააღალატებს სხვების მოლოდინს, პოულობს საკუთარ გამოსავალს და საკუთარი ბნელი ასპექტის დასამარცხებლად მანქანებს გაურიგდება. როდესაც ის მართვის მთავარ სისტემას მიაღწევს, მას ეკითხებიან: „რა გინდა?“, რაზეც ნეო პასუხობს: „მშვიდობა!“ ეს არის ის წინადადება, რომელსაც ნეო მოწინააღმდეგეს სთავაზობს, ციკლურ პროცესებში ეს ომიც ოდესღაც უნდა დასრულდეს, ესეც ალგორითმის ნაწილია, ომს მოსდევს მშვიდობა, მშვიდობას ისევ ომი. ეს მანქანებმაც იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეთანხმებაზე არ წამოვიდოდნენ. ეს არ იცის მხოლოდ სმითმა, არ ესმის სწორი განვითარების ალგორითმები. მისი მუდმივი სწრაფვა რეპლიკაციისკენ მისი სტიქიური ძალის გამოხატულებაა, მაგრამ არა იმის, რომ ის მართლა ვითარდება, ის სენია, რომელიც უკვე ყველას აწუხებს და ყველა მის წინააღმდეგ ერთიანდება. ვისაც არჩევნის ფენომენი არ ესმის და ვისაც არჩევანი არ აქვს, ის ვერც განვითარდება. ნეომ კი ამის საპირისპირო პრინციპის წყალობით გაიმარჯვა. სამყაროში ისიც შესაძლებელი არის, რომ შენს შეურიგებელ მტერთან ზავი დადო ან რაიმე საკითხზე მაინც შეთანხმებას მიაღწიო, რადგან ეს ორივეს ინტერესშია. ნეო არ ანადგურებს მანქანებს, ის ადამიანებსა და მანქანებს შორის კავშირს კრავს, შუამავალია.

აგენტს აქვს ერთი აღსანიშნავი ჩვევა. ის ნეოს თითქმის ყოველთვის მიმართავს იმ სახელით, რომლითაც მას მატრიცასა და ძველ ცხოვრებაში იცნობდნენ – „მისტერ ანდერსონ“. სმითი შეახსენებს ნეოს იმას, რაც ოდესღაც იყო და უგულებელყოფს მის ამჟამინდელ მდგომარეობას, როდესაც გადალახული აქვს ძველი ცხოვრება. ასე იქცევა ნებისმიერი პიროვნება და პროგრამა, როდესაც არ სურთ თქვენი შედეგების, მიღწევებისა და ცვლილებების აღიარება და უკან გექაჩებიან. ნეომ ერთხელ დაამარცხა სმითი, მაგრამ გათავისუფლებული და აწყვეტილი აგენტი მას არ ეშვება და ექაჩება ძველ ცხოვრებაში.

რამდენჯერ გქონიათ ისეთი წუთები, როცა გაგიაზრებიათ, რომ ბავშვობიდან ან ზოგადად, წარსულიდან რაღაც გამოყოლილი ტვირთი ან დამოკიდებულება როგორც იქნა გაიაზრეთ და გადალახეთ და სანამ ეს მოგყვებოდათ და გმართავდათ, სინამდვილეში ამით სხვა ადამიანების მიერ იყავით მართულნი?! როდესაც გარდასახვა განიცადეთ, დაკვირვებიხართ, როგორ გექაჩებიან უკან, ძველ ცხოვრებაში? ჯერ იქიდან გასვლისას გააფთრებით გეწინააღმდეგებოდნენ და გასვლის შემდეგ უკვე გმტრობდნენ ან ხელს გიშლიდნენ, მათ შორის ძალზე ახლობელი ადამიანები და ზოგიც ისე, რომ ვერ იაზრებს ამას. ეს არის სმითის ეფექტი, როდესაც გარშემომყოფებში თვით ახლობელი და ძვირფასი ადამიანებიც კი ხელს გიშლიან განვითარებაში, როდესაც ამჩნევენ რომ მათი სისტემიდან, ქცევის ალგორითმებიდან გადიხართ. მათი მომართვაც ყოველთვის გახსენებთ იმას, თუ რომელი სახელით ან როგორი დამოკიდებულებით მოგმართავდნენ ადრე. ხოლო ისინი, ვინც ღიად გმტრობთ, სმითივით თქვენც მოგმართავთ „მისტერ ანდერსონ!..“

მას შემდეგ, რაც ნეომ მოიარა სხვადასხვა რეალობა და ყველა შემხვედრ არსებასთან რაიმე პრობლემის დამუშავება მოუწია, ეს ყველაფერი შემამზადებელი ეტაპები ყოფილა, რათა მან გადაწყვიტოს უმთავრესი: გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, რომელსაც ვერ აღიქვამდა თავისად. და ეს არის სმითი. ეს არის ნებისმიერი გადამწყვეტი ბრძოლის გამოხატულება, მითებში დიდ გადამწყვეტ ბრძოლებში ერთი მხარე სწორედ თავის თავს, ანუ საკუთარ დაფარულ მხარეს ებრძვის, ნებისმიერი ადამიანის ძიების კულმინაცია ეს არის: გაიმარჯვოს საკუთარ თავზე. ამიტომ ეუბნება ორაკული, რომ სხვა ვერ ეტყვის პასუხს, თუ როგორ უნდა იხსნას ნეომ თავისი მეგობრები და მოკავშირეები, რადგან სადაცაა დასასრული ახლოვდება და დრო აღარ ითმენს, ნეომ უნდა გადაწყვიტოს, გაათავისუფლებს თუ არა იგი გარშემომყოფებს იმ დამანგრეველი ასპექტისგან, რომელიც მიშვებული ჰყავდა და ვერ იაზრებდა, მაგრამ ორაკულთან  ბოლო საუბარში თვითონვე მიხვდება და იტყვის, ვინც არის მთავარი საფრთხე: „სმითი!“

დროის საკითხია, თქვენს პირად სმითს როდის გაიაზრებთ და შეხვალთ მასთან პირდაპირ ბრძოლაში. როდესაც ნეო ბრმავდება, მაინც ხედავს აგენტს, რადგან ორივე ერთი სისტემიდან გამოსულები არიან, რომელიც დაერთებულია წყაროზე, შესაბამისად, ვინც ერთ წყაროზე არის დაერთებული, მათ ერთმანეთთან იმაზე უფრო დიდი კავშირი აქვთ, ვიდრე ჩანს, მათ შორის, როცა ისინი შეურიგებელი მოწინააღმდეგები არიან. ნეოს არ სჭირდება თვალები, რათა სმითი დაინახოს – ისედაც ცნობს.

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ეძებს და უღრმავდება საკუთარ თავს, არ დასჭირდება თვალები, რათა დაინახოს თავისი ბნელი მხარე. მხოლოდ ასეთი ხედვის უნარებისა და დაკვირვების წყალობით შეიძლება საკუთარი მანკიერი მხარეების გამოვლენა და მათი ბედის გადაწყვეტა და ამას თქვენს გარდა ვერავინ გააკეთებს და ვერავინ აირჩევს.