© Village Roadshow Pictures, Groucho II Film Partnership, Silver Pictures, Warner Bros. Pictures
© Village Roadshow Pictures, Groucho II Film Partnership, Silver Pictures, Warner Bros. Pictures

მატრიცა – დამოკიდებულება სისტემების მიმართ

წაკითხვა
9 წუთში წასაკითხი

„მატრიცას“ პირველ ნაწილში, როდესაც ნეო წითელ აბს დალევს და სიმართლის გარკვევას იწყებს, იგი გამოფხიზლდება სითხით სავსე კაფსულაში და მისი სხეული გახვეულია სადენებსა და მილებში. როდესაც იქიდან ამოდის, გარშემო თვალუწვდენელ სივრცეში უამრავ ადამიანს ხედავს, რომელსაც მსგავს კაფსულაში სძინავს და მათ გარშემო ელექტრული მუხტი ვიბრირებს. ამ დროს ნეოსთან მოფრინდება რობოტი, რომელიც მას გამოაერთებს მილებსა და სადენებს და აგდებს გამდინარე წყლის სადინარში. ბოლოს, ნეოს წყლიდან გამოიხსნიან და მფრინავ ხომალდზე აიყვანენ.

კადრი ფილმიდან "მატრიცა" © Warner Bros. Entertainment Inc.
კადრი ფილმიდან “მატრიცა” © Warner Bros. Entertainment Inc.

ნეო საკუთარი ილუზიური რეალობიდან გამორკვევისას ხვდება, რომ მას და სხვა ადამიანებს სინამდვილეში სძინავთ და ისინი დაერთებულები არიან მატრიცაზე – დიად სისტემაზე, რომელიც მათი ენერგიით იკვებება, სანაცვლოდ კი სამყაროში, რომელიც სიმულაციაა, უქმნის იმ პირობებს, რომლებშიც ისინი იცხოვრებენ მატრიცის დიქტატის ქვეშ.

რას იძლევა მატრიცა სანაცვლოდ? კომფორტს, გარკვეულ დაცვასა და გარანტიებს, რომ ამ წესებს დამორჩილებული საერთო მასაში რაიმე სახით იარსებებს. და ადამიანების უდიდესი ნაწილის ამაზე თანხმობაც გამოიხატება ერთ საყურადღებო ფაქტში: სადაც კი ნეოს და სხვა განდგომილთა საეჭვო ქცევას შეამჩნევს რომელიმე უცხო ადამიანი, ის შეშფოთდება, მისი შიში უხმობს გლობალურ სისტემას, რომ რაღაც შეცდომა გაიპარა და ყოველი ასეთი ადამიანი გადაიქცევა აგენტ სმითად, ანუ ყოველი სისტემის მორჩილი ადამიანი იმავე დროს თავად არის ამ წესრიგის დამცველი, მას სხვისი დაუშვებელი ქცევა კომფორტს ურღვევს – ის გრძნობს, რომ მის სისტემასა და მონურ ყოფას ვიღაცის დაუშვებელი ქცევა ცვლილებით ემუქრება, რომელიც არ სურს.

სისტემა ოკულტურ ენაზე მოიხსენიება როგორც ეგრეგორი, უხილავი ჯგუფური ბიოველი, ენერგო-ინფორმაციული ერთობა, რომელიც ამ რეალობაში გამოიხატება სხვადასხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფების სახით.

მატრიცა კარგად წარმოაჩენს, როგორი თამაშის წესები მოქმედებს, ერთი მხრივ, მისთვის, ვინც ნებისმიერი სისტემის ერთგულია, და, მეორე მხრივ, სისტემიდან გასული პიროვნებისთვის. რომელ სისტემაზეც არ უნდა გვქონდეს საუბარი – იდეოლოგიური, რელიგიური, ეროვნული, პროფესიული, საგვარეულო და სხვა – ყოველთვის მისგან გამიჯნულს, მათ შორის ნეოს, უწევს შემდეგი წესით თამაში.

ამ სამყაროში, რომელიც მუდმივი ბრძოლის ასპარეზია, შენი არჩევანია, თუ სად იქნები. გინდა ჩემთან ყოფნა? მაშინ ბოლომდე ჩემი იყავი, დაემორჩილე ჩემს წესებს, არასოდეს დაარღვიო ჩემი მართლწესრიგი. ამის სანაცვლოდ, გთავაზობ დაცვასა და უსაფრთხოების მექანიზმებს ჩემს შიგნით, ისარგებლებ ჩემი რესურსებით, რომლის მოძიებაზე დამატებითი დროისა და ენერგიის კარგვა არ მოგიწევს, წარმატების მეტი შესაძლებლობა გექნება, მხოლოდ ჩემი დახმარებით, შენს ენერგიასაც ჩვენი წესებით მოიხმარ და მასში წილი ჩვენ გვაქვს. მაგრამ ჩემგან გასვლა გინდა? თვითონ გასვლაში დიდად არ შეგეწინააღმდეგებიან, თუმცა ენერგია კი გვაკლდება, რომლითაც შენგან ვიკვებებით. მაგრამ იცოდე, რომ გასვლის ნების გამოვლენისას შეგამოწმებენ, რამდენად გინდა გასვლა. თუ პროვოკაციებს გაუძლებ, გახვალ. მაგრამ იცოდე: როგორც კი ჩემგან გახვალ, აღარასდროს გქონდეს ჩემი იმედი. ჩვენგან დახმარება შეიძლება მიიღო მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენი საერთო ინტერესი იქნება, მაგალითად, საერთო და უფრო დიდი საფრთხის დადგომისას. ჩემთვის სულ ერთი იქნება რა ბედი გეწევა, ჩემი რესურსებით ვერ ისარგებლებ, ჩემს იერარქიებში წარმატება არ გიწერია, შენით იწვალებ ყოველი წვრილმანის მოპოვებისთვის, რაც ჩემთან დარჩენისას გარანტირებული გექნებოდა. და თუ დამჭირდა ან ხელს შემიშლი, შენს განადგურებასაც არ მოვერიდები. და ამ დროს არც კი დაგცდეს საყვედური და არ დაიჩივლო, რომ ეგრე გექცევი, რადგან შენი ნებით გახვედი, ეს შენი არჩევანი იყო.

სისტემა ეუბნება ადამიანს, რომელსაც მისგან თავის დახსნა და გასვლა უნდა.

ასეთია ქცევისა და ურთიერთდამოკიდებულების ალგორითმი – ერთი მხრივ, ყოველ ჯგუფს, სისტემასა და ეგრეგორს და, მეორე მხრივ, ყოველ ცალკეულ ინდივიდს შორის. სისტემას ადამიანის შინაგანი სამყაროსა და აზრების კონტროლი თავისთავად კი არ აინტერესებს, ის ამით იმდენად არის დაინტერესებული და იმდენად აკონტროლებს, სადამდეც მას ეს პიროვნების მორჩილად დატოვებისთვის სჭირდება. შეიძლება სისტემამ გარკვეული მცირე კომფორტის ზონაც მოუწყოს ასეთ მოაზროვნეებს, რათა მათ შეექმნათ ილუზია, რომ გათავისუფლდნენ. ის კატეგორია, რომელიც ჯერ გადის სისტემიდან, მაგრამ სისუსტის გამო უკან მობრუნდება, ან უფრო მძიმე მონობა ელოდება, ან შეიძლება მიიღონ, მაგრამ ბოლომდე არასოდეს ენდობიან, ყოველთვის იგრძნობა, რომ ასეთებს სისტემა „თავისიანად“ არ აღიქვამს, თითქოს ისინი დაღდასმულები არიან და ადვილად ამოიცნობიან. მაგრამ თუ უფრო მეტ და რეალურ თავისუფლებაზე გაიწევენ ასეთები, სისტემისგან პროვოკაციები (როგორც მათი ნებისყოფის შემოწმება) აუცილებლად წამოვა. ხოლო უკვე გასულებს, თუ ისინი სისტემას გადაუდგებიან და მისთვის ხელის შეშლას შეეცდებიან, განადგურება ელით. მაგრამ თუ აჯანყებულები შეძლებენ საკმარისი რაოდენობის ადამიანთა აყოლიებას, ეს იწვევს სისტემის დასუსტებას მასზე დაერთებული ადამიანების რაოდენობის შემცირებით, რომელთა ენერგიითაც ის იკვებება და ეს ყველაფერი რევოლუციით მთავრდება.

როგორ მოახერხებს ნეო რევოლუციური ცვლილებების განხორციელებას? ის მატრიცასა და მანქანების სამყაროს ანადგურებს? არა. ნეო სწორედ იმით არის რჩეული, რომ ის შეძლებს წინამორბედებისგან განსხვავებით სრულიად სხვა გამოსავლის პოვნას. რადგან სისტემიდან გასული აგენტი სმითი ვირუსად არის გადაქცეული, ნეო ხვდება, რომ ამ ვირუსის გავრცელება (სმითის რეპლიკაცია ყოველ არსებაში) გაანადგურებს როგორც ადამიანების, ისე მანქანების სამყაროს, რომლებიც ებრძვიან ერთმანეთს, რადგან სმითი უკვე არავითარ ბრძოლის წესებს აღარ ცნობს. შესაბამისად, ის ზედმეტია და უნდა გამოირიცხოს თამაშიდან.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: არჩევნის პრობლემა „მატრიცაში“

ნეო აქ უკვე წყვეტს მანქანებთან დაპირისპირებას. მანამდე მის მიერ მანქანებთან ბრძოლის ხერხები და დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება, როდესაც იგი სულ უფრო მეტი ჭეშმარიტების ძიებაში.

„მატრიცა: რევოლუცია“ გვაჩვენებს ნეოს მიერ მოწყობილი რევოლუციური ცვლილების არსს: ნეო ბოლოს მიდის მთავარ კომპიუტერთან, რომელიც მას ეკითხება: „რა გინდა?“, რაზეც ნეო პასუხობს: „მშვიდობა.“ ნეო ხვდება, რომ ვირუსისა და ნამდვილი ნგრევის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა ძალების შეთანხმებული ქმედებით და არა გათიშულობით. აქ ძალა მართლაც ერთობაშია. ის საკუთარ თავს სწირავს, რათა თავად გახდეს არხი იმ მძლავრი ენერგეტიკული ნაკადების, რომელიც მთავარი კომპიუტერიდან მოედინება და რაც წაშლის აგენტ სმითსა და მის ასლებს.

კადრი ფილმიდან "მატრიცა: რევოლუცია" © Warner Bros. Entertainment Inc.
კადრი ფილმიდან “მატრიცა: რევოლუცია” © Warner Bros. Entertainment Inc.

შედგა შეთანხმება: ადამიანები და მანქანები ახერხებენ რაღაცაზე შეთანხმებას. ეს არ ნიშნავს მათ ათქვეფას ერთმანეთში ან სრულ მშვიდობას. მესამე ნაწილის დასასრულს არქიტექტორი ეკითხება ორაკულს: „შენი აზრით, რამდენ ხანს გაგრძელდება მშვიდობა?“, რაზეც ორაკული პასუხობს: „იქამდე, სადამდეც გაგრძელდება.“ მშვიდობა არ არის გარანტირებული, ის მხოლოდ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლას გვამცნობს.

როგორ შეიძლება სისტემებთან ურთიერთობების ჯანსაღად მოწესრიგება ისე, რომ მონური მორჩილება გადალახოს ადამიანმა?

ეს არის არჩევანი, ანუ ადამიანის ნება, რომ შეცვალოს საკუთარი თავი. ამ ცვლილებას შეიძლება საინტერესოდ მივუსადაგოთ ძველი აღმოსავლური ჩაკრების სისტემა, როგორც ინფორმაციულ-ენერგეტიკული არხები ადამიანში. აქ სისტემებს, ეგრეგორებსა და მათთან ერთად ფასეულობათა სისტემას ზედა იერარქიები ეკუთვნით. სისტემა ფასეულობისგან არ იმიჯნება, რა ფასეულობებსაც ირჩევ, იმ სისტემაში ხარ ან თანამშრომლობ მასთან.

ჩაკრების სტრუქტურა © Shutterstock
ჩაკრების სტრუქტურა © Shutterstock

ჩაკრების სისტემა წარმოგვიდგენს სხვადასხვა დონეებს და თუ ჩვენ ქვემოდან ზემოთ ავუყვებით, უნდა გავიაროთ ის დონეები, რომლებიც განასახიერებს: ფიზიკურ სხეულს (მულადჰარა), ეთერულ სხეულს – შეგრძნებების სფეროს (სვადჰისტანა), ასტრალურ სხეულს – ემოციებისა და აფექტების სფეროს (მანიპურა), მენტალურ სხეულს – გონებისა და აზრების სფეროს (ანაჰატა), კაუზალურ სხეულს – მიზეზ-შედეგობრივი ანუ კარმული კავშირების სფეროს (ვიშუდჰა), და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ყველა ზემოთ ხსენებულზე გაბატონებული აჯნა ჩაკრა, იგივე ბუდჰიალური სხეული, იგივე ჩვენი ღირებულებათა და ფასეულობათა სფერო, რომელიც ზემოდან მოიყვანს წესრიგში ქვემოთ მყოფ დონეებს, ამ საფეხურზე არიან ეგრეგორები, სისტემები. ვინც მათი მორჩილია, მათ მიერვე თავს მოხვეულ ფასეულობებს ემორჩილება, მაგრამ პირადი თავისუფლება შეზღუდული აქვს.

ვინც სისტემებიდან და ეგრეგორებიდან დისტანცირდება, ის საკუთარ ფასეულობათა სისტემას შეიმუშავებს, რითიც უტოლდება კიდეც მათ. სამყაროს თამაშებში შემოდის უკვე როგორც გააზრებულად დამოუკიდებელი მოთამაშე.

ის, ვინც ასეთ დამოუკიდებელ მოთამაშედ ყალიბდება, შეიძენს გაცილებით მეტ პირად თავისუფლებას, მაგრამ უსაფრთხოების ხარჯზე, რადგან ჯგუფებისგან დაცვას კარგავს. ამ სისტემას თუ მივუსადაგებთ, ნეო სწორედ რომ მაღლდება ყველა ხსენებულ დონეზე – ერკვევა რა მათში და ადის ფასეულობათა საფეხურზე, განკარგავს მათ. ის დამოუკიდებელი მოთამაშეა და სისტემებს კი აღარ მორჩილებს, არამედ ებრძვის და მათთან გათანაბრებისკენ ისწრაფვის. კი არ ემონება მათ, არამედ როგორც პარტნიორებთან თანამშრომლობაზეც მიდის.

აქვე ჩანს, რომ ეგრეგორებთან და სისტემებთან აუცილებელი არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, არამედ თურმე მათთან მოლაპარაკებაც შესაძლებელია. ეს მოლაპარაკების უნარი არის სწორედ რჩეულის ხვედრი. ამას გვასწავლის ნეოს მაგალითი. ვისაც განვითარება სურს, უფრო მეტად გაცნობიერებული უნდა გახდეს. ვინც უფრო მეტს აცნობიერებს, მისი პირადი თავისუფლებაც იზრდება. ვისი პირადი თავისუფლებაც იზრდება, ის ჯგუფისგან დისტანცირდება და უსაფრთხოება აკლდება.

ვინც ასეთ გასვლას ახერხებს, მეომარია და სულიერი კასტების წყობაშიც მეომართა კასტა არის ის პირველი კასტა, რომელიც არა მარტო საკუთარ ბედზე იღებს პასუხისმგებლობას, არამედ საკუთარ ფასეულობებს თავად განსაზღვრავს, ამით კი ყოველი მეომარი, ნეოს მსგავსად, უტოლდება ეგრეგორებსა და სისტემებს, რის გამოც მათგან მოითხოვს, ანგარიში გაუწიონ მას. ეს არის მეომრის ძალაუფლების (ანუ თვითფლობის) ნიშანი ამ სამყაროში.

ნეოს ისტორიაში მისი ცნობიერების გაფართოებაში სწორედ რომ ამ პიროვნულ ცვლილებებზეა საუბარი.