თამარ გიორგაძე ვიზუალური ხელოვანია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა ბრიუსელში, LUCA-ს ხელოვნების სკოლაში განაგრძო. თამარის ხელოვნების პრაქტიკა ძირითადად ფერწერისა და ხატვის ტექნიკაზეა კონცენტრირებული – ის ერთგვარად არღვევს აბსტრაქტულ საზღვრებს, გარდაქმნის რა მათ „პოეტურ-ნოსტალგიურ“ ესთეტიკად და გეომეტრიულად სტრუქტურირებულ კომპოზიციებად.
Bogart: რომელ ეტაპს თვლით შემოქმედების საწყის ეტაპად, რომელმაც განსაზღვრა ამ სფეროში თქვენი მოღვაწეობა? როდის მიხვდით, რომ ეს იყო საქმე, რომელიც თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გამხდარიყო?
ბევრი მხატვარის მსგავსად, მეც ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა სწავლა ჯერ სამხატვრო სკოლაში და შემდეგ სამხატვრო აკადემიაში გავაგრძლე. ალბათ, გარდამტეხი მომენტი ჩემს შემოქმედებაში იყო ის გადაწყვეტილება, როდესაც ჩემს მეგობართან ერთად ბელგიაში ტრანსმედია მიმართულებით სწავლა გადავწყვიტე და ტრადიციულ ფერწერასთან ერთად ახალ მედიებზე გადავერთე.

Bogart: რაზეა დაფუძნებული თქვენი ხელოვნება? რას მიიჩნევთ მის ფუნდამენტად?
მთავარი შემოქმედებითი მუხტის გარკვევას არტისტული მუშაობის მთელი თუ არა, უდიდესი ნაწილი სჭირდება ხოლმე. საწყისი წერტილები, საიდანაც ვიწყებ მუშაობას, ფიგურატიულობა და სივრცის კონსტრუქციაა.

Bogart: თქვენი ნამუშევრები ხშირად პულსირებს ცოცხალი ფერებითა და გეომეტრიული ფორმებით. რისი გადმოცემის შესაძლებლობას გაძლევთ ეს ყოველივე?
ვცდილობ, რომ ნამუშევრებმა სივრცული პეიზაჟის მსგავსი შეგრძნება დატოვოს, გეომეტრიული აბსტრაქციის ფორმით, რომელიც საშუალებას მაძლევს აკუმულირებული და თან განზოგადებული სივრცეები ავაგო. მაგალითად, ახლახანს გამოფენაზე გავიტანე ქაღალდზე შესრულებული მცირე ზომის გეომეტრიული კომპოზიციები ფერადი ფანქრებით, სერიიდან „რაღაც ხდება/Something is Happening“, რომელიც განსხვავდებოდა ასევე წარმოდგენილი ფერწერული სერიისგან „Candy Crush“, რომელიც არა ცალკეულ ფიგურებს, არამედ მთლიან აბსტრაქტულ პატერნს ასახავდა.
Bogart: ნამუშევრებში ხშირად შეიმჩნევა არარეულური სამყაროსა და რეალური შეგრძნებების სინთეზი. თქვენთვის რა მნიშვნელობას იძენს სუბიექტური და იდეოლოგიური რეალობების გაერთიანება?
სასურათე სიბრტყე დამატებითი სტიმულია ერთ სიბრტყესა და სივრცეზე სხვადასხვა ფრაგმენტული ნაწილების, რეალურისა და ირეალურის თავმოყრისათვის, უფრო დიდი კონტექსტის დასანახად, სუბიექტური ხედვების მიღმა.
Bogart: იქ, სადაც ადამიანებს ვხედავთ, გვრჩება შთაბეჭდილება, თითქოს გამოსახულებებში პირადი ან სხვათა ისტორიებია გამოყენებული. რამდენად არის თითოეული ეს სცენა რეალურ ისტორიებთან დაკავშირებული?
ვიზუალურ მასალად უმეტესად ჩემს ფოტოარქივს ვიყებენ, შესაბამისად, ხშირად ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან ჩემს თავს ვხატავ, იშვიათად შემთხვევით ფიგურებს. პაუზის შემდეგ, პირველი სერია, რომელზეც ვიმუშავე, ბებიაჩემის საბჭოთა პერიოდის პირადი არქივიდან იყო ნაკარნახევი და დიდი დოზით მოყვებოდა მაშინდელი ესთეტიკა და ფორმები. პანდემიის დროს ოჯახის წევრებს, შვილებს ვხატავდი, თითქოს მხოლოდ ისინიღა იყვნენ ნამდვილი პერსონაჟები. გამოდის, კრიტიკულ მომენტებში ვუბრუნდები ხოლმე რეალურ ნარატივებს.
Bogart: ნამუშევრებში მატერიალური სამყაროს ზოგიერთი ელემენტი შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს წარმოდგენა ძირითადად მაინც ჩაფლულია ან სანახევროდ შერწყმულია აბსტრაქტული ჟესტების ფენებში ან ფორმების ქვეშ იმალება. უფრო ვრცლად რომ გვესაუბროთ ამის შესახებ.
ჩემთვის მატერიალური სამყარო ამოსავალი წერტილია, სადაც ობიექტი მაქსიმალური ცნობადობიდან მინიმალურ ცნობადობამდე დამყავს ან ზოგჯერ პირიქით. თუმცა, სულ ობიექტების, საგნებისა და ადამიანების გარემოცვის გარშემო ვტრიალებ და მომწონს, როცა ეს გრადაცია დაცულია.
Bogart: თქვენი აბსტრაქცები არ არის განცალკევებული მეხსიერებისგან, რადგან ყოველი არარეპრეზენტატორული ფორმა შეიძლება განიხილებოდეს განცდასა თუ მნიშვნელოვან გამოცდილებაში. ასეა?
ჩემი დამოკიდებულება აბსტრაქციისადმი უფრო მეტად გეომეტრიული კომპოზიციებით ვლინდება ხოლმე, როდესაც ობიექტისა თუ სივრცის მაქსიმალურად განზოგადებულად, თითქმის გეომეტრიულ ფორმებამდე დაყვანას ვცდილობ.
Bogart: როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი რამ, რაც გეხმარებათ საკუთარი სათქმელის გადმოცემაში?
ხატვის პროცესი მეხმარება სათქმელის ჩამოყალიბებაში, მუშაობის დროს ყველაზე მეტი რამ ირკვევა და ცხადდება, ბევრი წარმოდგენა ინგრევა ან მოულოდნებლად იგება.

Bogart: გვესაუბრეთ ამჟამინდელ გამოფენაზე, რომელიც Novo gallery-ში მიმდინარეობს.
გამოფენის იდეა გალერეა „ნოვოსაგან“ წამოვიდა, რომელმაც სამი ქალი არტისტი: თეო ბურკი, ნინა წოწორია და მე, თამარ გიორგაძე, გაგვაერთიანა და დიდი მადლობა მათ ამ შესაძლებლობისათვის. „ლივლივის“ კონცეფცია, რის გარშემოც არტისტების თანამშრომლობით ნამუშევრები შეიკრა, მულტიმედია ექსპოზიციაში გადაიზარდა. თემა ეხმიანებოდა ერთგვარ პოსტ-პანდემიურ რეფლექსიას გახსნილი სივრცეებსა და გრავიტაციული ველების შესახებ. გამოფენაზე წარმოდგენილია თეოს აბსტრაქტულ-ექსპრესიონისტული ნამუშევრების სერია „უპრიობო სტურქტურები“. ჩემი ფიგურატიული ფერწერული სერია – „ინტერვალები“ და ნინას აბსტრაქტული ნამუშევრები სერიიდან „Playground“. ასევე განვათავსეთ ჩემი ოთხნაწილიანი პანო „Fitting Room“, რომელიც ლოქდაუნის პერიოდში შეიქმნა და მაღაზიის გასახდელსა და მის სტრუქტრას ასახავს. შოუ აკუმულირდება ექსპერიმენტული კოლაბორაციული ვიდეო ნამუშევრით „დამოუკიდებელი ცვლადი“, რომელიც მთავარ აუდიო-ვიზუალურ ფონსა და ატმოსფეროს ქმნის და სიურრეალისტურ „ლივლივში/In the Flow“ გვამყოფებს.
Bogart: სამომავლო გეგმები და რჩევა მათ, ვინც ახლა იწყებს ხელოვნების სფეროში ჩართვასა და განვითარებას.
წინასწარ ვერ ვილაპარაკებ, თუმცა სხვადასხვა პროექტებსა და რეზიდენციებში ვგეგმავ მონაწილეობას. ჩემი მთავარი რჩევა იქნება ის, რომ მეტად კონცენტრირდნენ საკუთარ სამუშაო გარემოზე, იყვნენ ახალი მასალებისა და ექსპერიმენტებისთვის გახსნილები და სათანადო ყურადღება თეორიულ ბაზასა და კრიტიკას მიაქციონ.