ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი - „ხიდი: თბილისი-ციურიხი“
ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი - „ხიდი: თბილისი-ციურიხი“

ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი – „ხიდი: თბილისი-ციურიხი“

წაკითხვა
5 წუთში წასაკითხი

კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი „ხიდი: თბილისი-ციურიხი“ – მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას შვეიცარიაში და პირიქით, შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას საქართველოში. ფესტივალს სურს, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის ქსელის შექმნას[1].

ფესტივალი ქართული პროგრამით პირველად 2021 წლის ოქტომბერში ციურიხში გაიმართა. ახლა კი სარკისებრი „ხიდი: თბილისი-ციურიხი“ თბილისში შვეიცარიული პროგრამით ტარდება.

ფესტივალი 1-ლ აპრილს ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენით აუდიო ვიზუალურ მუზეუმში – HOLOSEUM გაიხსა, ხოლო 8 აპრილს 22:00 საათზე პოპ მომღერალი და კომპოზიტორი ეველინ თროუბლის სოლო შოუთი თეატრალურ კომპანია ჰარაკიში დაიხურება.

ფესტივალის სრული პროგრამა თარიღების მიხედვით 01.04.2023 – 10.04.2023

ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი - „ხიდი: თბილისი-ციურიხი“
ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენა აუდიო ვიზუალურ მუზეუმში – HOLOSEUM
  • 01-30 აპრილი, 2023, ჰოლოზეუმი, ბეთლემის ქ. #10 – ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენის გახსნა

პაულ კლეემ და ფერდინანდ ჰოდლერმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს შვეიცარიულ მხატვრობაზე და ისინი ორივე უმნიშვნელოვანესი ხელოვანები არიან. წარმოგიდგენთ ფანტასტიკურ გამოფენას, რომელიც მათ შთამბეჭდავ ნამუშევრებს ხელშესახებს ხდის და ახალი პერსპექტივიდან გვიჩვენებს. ტერმინი „იმერსიული“ მომდინარეობს სიტყვიდან immersion- ჩაძირვა. მაყურებელიც იძირება პაულ კლეესა და ჰოდლერის ნამუშევრებში. თითქმის 40 წუთიანი შოუ სრულყოფილად აერთიანებს მხატვრობასა და მუსიკას და მაყურებელი სივრცისა და დროის შეგრძნებას სრულიად კარგავს.

როლფ ლისი „შვეიცარიელთა მწარმოებლები“
როლფ ლისი „შვეიცარიელთა მწარმოებლები“
  • 01-10 აპრილი, 2023, კინოთეატრი ამირანი, მ.კოსტავას ქ. #36/1 – კინოპროგრამის გახსნა

2 აპრილს შვეიცარიული ფილმების დღეები გაიხსნა. ნაჩვენები იქნება 12 შერჩეული მხატვრული ფილმი, ზოგიერთი რეჟისორი თავად დაესწრება კინოჩვენებას და ისაუბრებს ფილმის შესახებ. პროგრამა მოიცავს ბოლო 50 წლის განმავლობაში განვლილ ეტაპებს შვეიცარიულ კინოში, ასევე სრულიად ახალ პროდუქციას, რომელიც აქტუალურ კინოშემოქმედებას ასახავს. კინოპროგრამის კურატორი კორინ ზიგრისტ-ობუსიერი.

  • 03 აპრილი, 2023, საქართველოს მწერალთა სახლი, ი. მაჩაბლის ქ.#13, 19:00 – 22:00 ლექცია, დისკუსია და ფილმის ჩვენება

ფრიდრიხ დიურენმატი დიდი შვეიცარიელი რომანისტი, დრამატურგი და ესეისტია. მწერლის შესახებ ლექციას „ფრიდრიხ დიურენმატის კოსმოსი“, წაიკითხავს ულრიხ ვებერი, ბიოგრაფი და მისი არქივის კურატორი. 2018 წელს ფრიდრიხ დიურენმატის დრამატული ბალადა „მინოტავრი. დავალება“ ქართულ ენაზე გამოსცა გამომცემლობა „დიოგენემ“. გაიმართება დისკუსია მთარგმნელთან – მაია ბადრიძესთან და ულრიხ ვებერთან. დასასრულს, რეჟისორ საბინ გისიგერის თანდასწრებით ნაჩვენები იქნება ფილმი „დიურენმატი – სიყვარულის ისტორია“.

კრისტოფ შაუბის „უსასრულობის არქიტექტურა“
  • 04 აპრილი, 2023, TBC კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის ქ. 7, 18:00 – 21:00 – ლექცია, საუბარი და ფილმის ჩვენება: შვეიცარიული არქიტექტურა – წარმატების ისტორიის კრიტიკული ასპექტები

შვეიცარიული არქიტექტურის განახლება მოხდა ოთხმოციანი წლების ბოლოს, ქვეყნის გერმანულენოვან ნაწილში. მისი წარმატება მალე საერთაშორისო მასშტაბით გახდა შესამჩნევი, თუმცა ის უფრო ნაკლებად იყო დამოკიდებული ურბანულ ცენტრებზე, ვიდრე შორეულ ლანდშაფტებზე ან ურბანულ პერიფერიაზე. იზოლაციისა და თვითრეფერენციალურობისკენ მიდრეკილება შესამჩნევი იყო ათასწლეულის მიჯნაზეც, როდესაც პოსტინდუსტრიულ ქალაქად გადაქცევა არქიტექტორებისთვის, ურბანისტებისთვის და ინვესტორებისთვის მთავარ ამოცანად იქცა.

Cabare-voltare
Cabare-voltare
  • 05 აპრილი, 2023, CCA – თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, დ. აბაშიზის ქ.#10 – პრეზენტაცია, მოხსენება & საუბარი

ციურიხში მოღვაწე ხელოვანი, ილარია ვინჩი წარმოგიდგენთ გამოფენის “Phoenix Philosophy Café” სახეცვლილ ვარიანტს ციურიხის „კაბარე ვოლტერიდან“. ხელოვნების ნიმუშების გარდა, მნიშვნელოვანია “ფენიქსის ბუხრის ქრონიკები”, – ვინჩის შოუს შესახებ დაწერილი მოკლე ტექსტები. მათი ავტორები არიან შვეიცარიელი მწერლები და ასევე ქართველი ავტორი, ანა კორძაია-სამადაშვილი, რომელიც თავად წაიკითხავს მის მიერ დაწერილ ტექსტს. სალომე ჰოლი, კაბარე ვოლტერის დირექტორი, ისაუბრებს თემაზე „დადა ფენიქსი, ანუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ დადასგან“. იგი ავლებს პარალელებს წარსულიდან დღემდე და აანალიზებს მათ.

ეველინ თროუბლი
ეველინ თროუბლი
  • 08 აპრილი, 2023, თეატრალური კომპანია ჰარაკი, ვ. პქტრიაშვილის ქ.#1 – პოპ მომღერალი და კომპოზიტორი ეველინ თროუბლი ფესტივალს თავისი სოლო შოუთი დახურავს

ეველინ თროუბლი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და ვიზუალური ხელოვანია. თროუბლის შემოქმედება ეხება ადამიანის არსებობის რთულ და კომპექსურ რეალობას. ერთხელ კრიტიკოსებმა მას ტომ იორკისა და პატი სმიტის უკანონო შვილი უწოდეს. ეს შედარება ზუსტია, რადგან თროუბლის მუსიკა აერთიანებს სტილისტურ ინოვაციებს დაუმუშავებელ, მეამბოხე ენერგიასთან.

ფესტივალი „ხიდი: თბილისი-ციურიხი“ ხორციელდება HOLOSEUM-თან, გამომცემლობა „დიოგენესთან“, საქართველოს მწერალთა სახლთან, კინოთეატრ „ამირანთან“, CCA – თანამედროვე ხელოვნების ცენტრ – თბილისთან, TBC Concept-თან და თეატრალურ კომპანია ჰარაკთან თანამშრომლობით. ფესტივალის პარტნიორები არიან SWISS FILMS, Pro Helvetia, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, შვეიცარიის საელჩო თბილისში. სამომავლოდ, ციურიხში კვლავ განხორციელდება ფესტივალი „ხიდი: ციურიხი-თბილისი” ქართული პროგრამით.

[1] მასალა მომზადებულია ფესტივალის ოფიციალურ პრეს-რელიზზე დაყრდნობით.