ქართული ნაციონალური ბალეტი
ქართული ნაციონალური ბალეტი
/

ქართული ქორეოგრაფიული ლიტერატურის მიმოხილვა

წაკითხვა
13 წუთში წასაკითხი

ქართული ქორეოგრაფიული ლიტერატურის მიმოხილვა ქართული ცეკვების უაღრესად მდიდარი ისტორიული წარსულის შესახებ ცნობებს როგორც უცხოელ, ასევე ქართველ მწერალთა არაერთ ისტორიულ და ლიტერატურულ ნაშრომებში ვხვდებით. ჩვენთვის საინტერესო მასალებს გვაწვდიან ძველი ბერძენი ისტორიკოსები: სტრაბონი და ქსენოფონტე. არანაკლებ მნიშვნელოვანია არქანჯელო ლამბერტის, დე ბუას, ა. ზისერმანის, კ. განის, ა. დოლგუშინის, ნ. მარის, ე. ლანსერეს, ჯ. ფრეზერის, ა. ტეპცოვის, ბ. კოვალევსკის, ალ. დიუმას და სხვათა ნაშრომები. ქორეოგრაფიულ მასალებს ვხვდებით ქართულ ისტორიულ, ეთნოგრაფიულ და ფოლკლორულ ლიტერატურაში .

ამ მხრივ მნიშვნელოვანია ექვთიმე თაყაიშვილის „ხელმწიფის კარის გარიგება“, ვახტანგ ბატონიშვილის „ისტორიული აღწერა“, იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, თეიმურაზ II-ის „სარკე თქმულთა“, მეფე-პოეტ არჩილის „საქართველოს ზნეობანი“ და სხვ. აგრეთვე მკვლევრების: ივანე ჯავახიშვილის, შალვა ამირანაშვილის, ვერა ბარდაველიძის, ელენე ვირსალაძის, გიორგი ჩიტაიას, ვალერიან ითონიშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ბესარიონ ნიჟარაძის, სერგი მაკალათიას და სხვათა ნაშრომების.

საცეკვაო ტერმინთა გამოკვლევაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ქართული ქორეოგრაფიის კვლევის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი ჯანელიძემ, რომელმაც არაერთი საცეკვაო ნიმუში აღწერა და გადმოგვცა. რაც შეეხება ქართულ ქორეოგრაფიულ ლიტერატურას, მასალების სიმცირე აქ თვალსაჩინოა. ქართული ცეკვის მკვლევრებმა მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში მოჰკიდეს ხელი ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების შესწავლის საქმეს, რაც განპირობებული იყო სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგიისა და პროფესიული კადრების არარსებობით.

წინამდებარე ნაშრომში ქართულ ქორეოგრაფიაში არსებული ლიტერატურის თემატური დიფერენცირება და ერთიან კლასიფიკაციურ სისტემაში მოქცევის მცდელობაა წარმოდგენილი, რაც ქორეოგრაფიული ხელოვნების შესწავლით დაინტერესებულთათვის მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. მისი მიმოხილვა მინდა დავიწყო ქართველ ქორეოგრაფთათვის უმნიშვნელოვანესი წიგნით, რომელსაც წარმოადგენს ლილი გვარამაძის ქართული საცეკვაო ფოლკლორი[1] (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ექსკურსი). ამ ნაშრომში ქალბატონი ლილი საკმაოდ მრავალფეროვან ქორეოგრაფიულ მასალას განიხილავს. აანალიზებს ისტორიულ, ლიტერატურულ, მატერიალურ ძეგლებს და მეცნიერულად ასაბუთებს თითოეულ წარმოთქმულ მოსაზრებას. იგი ეხება ქართული ხალხური ცეკვების თემატიკას , სტრუქტურას , საცეკვაო ლექსიკის თავისებურებებს. ნაშრომში ავტორი განიხილავს ვაჟთა და ქალთა როგორც უძველეს საცეკვაო ელემენტებს, ასევე თანამედროვე ქართულ ქორეოგრაფიასაც. ბოლო თავში ქალბატონი ლილი ყურადღებას ამახვილებს ქალ-ვაჟთა ჯგუფობრივ და წყვილად ცეკვებზე. დასასრულს ავტორი აკეთებს საკმაოდ ვრცელ და საინტერესო დასკვნას.

აღნიშნული წიგნი ავტორის გამოცემული ნაშრომების შევსებულ ვარიანტს წარმოადგენს. აქვე დავძენთ, რომ ლილი გვარამაძემ ამავე სახელწოდების ნაშრომით 1947 წელს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. მისივე „ქართული ხალხური ქორეოგრაფია“ მკითხველისთვის 1957 წლიდანაა ცნობილი. ნაშრომში ფუნდამენტურად გაშუქებულია ქართული ცეკვის ჩასახვისა და განვითარების პრობლემები.

ლ. გვარამაძის წიგნი „ქართული ხალხური ცეკვის ზოგიერთი სპეციფიკური თავისებურების შესახებ“ გამოვიდა ინგლსურ და რუსულ ენებზე. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ასზე მეტი სტატია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთსა და ენციკლოპედიაში, სადაც განხილულია ქორეოგრაფიის ისტორიულ-მხატვრული ასპექტები.

ქართული ცეკვისა და მისი ისტორიული განვითარების კვლევის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა ქორეოლოგმა ავთანდილ თათარაძემ. მისი ნაშრომი „ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიის საკითხები” რეკომენდებულია სტუდენტებისა და ქორეოგრაფიულ დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის[2]. წიგნის ავტორი ცდილობს, შეძლებისდაგვარად თავი მოუყაროს ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიულ წარსულს და მკითხველს გააცნოს ქართული ცეკვების უძველესი ნიმუშები, რომელთა წარმოშობაც ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში იღებს სათავეს.

ავტორი თავდაპირველად განიხილავს ყველაზე ადრინდელ, შემდეგ კი მომდევნო საფეხურებზე აღმოცენებულ საცეკვაო ნიმუშებს. ასევე გვთავაზობს ქართული ხალხური ფერხულების მისეულ კლასიფიკაციას ფორმისა და შინაარსის მიხედვით. მას წარმოდგენილი აქვს ათეული წლების მანძილზე ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგად შესწავლილი მასალები, ექსპედიციების დროს შეგროვებული და აღდგენილი ქართული ფერხულები. აღწერილი ფერხულების უმეტესობას თან ახლავს მისი შესრულების წესი, მუსიკალური მასალა ნოტების სახით და ტექსტი.

მიუხედავად ნაშრომში არსებული რიგი საკამათო საკითხისა, მასში უდიდესი საინტერესო და უნიკალური მასალაა თავმოყრილი ფერხულების სახით. ამ მხრივ ეს წიგნი ფასდაუდებელია ქორეოგრაფიული სამყაროსთვის.

ქართულ ქორეოგრაფიულ ლიტერატურაში ხშირია ისეთი ნაშრომები, სადაც ვხვდებით ცეკვების ზოგად მიმოხილვას და მის ი შესრულების წესებს. მაგალითად: დავით ჯავრიშვილის „მთიულური ცეკვები“[3]; ავთანდილ თათარაძის „ქართული ხალხური ცეკვების მოკლე მიმოხილვა“[4]; მისივე „ძველი ქართული (სვანური) ფერხულები“ და „ქართულ ცეკვათა განმარტებანი“, სადაც თავმოყრილია ხალხური და სასცენო ხალხური ცეკვების ნიმუშები მცირედი აღწერით. აქვე შეიძლება დავასახელოთ რევაზ ჭანიშვილის „წერილები ქორეოგრაფიაზე“; ა. ჯიჯეიშვილის „აჭარული საცეკვაო ფოლკლორი და მისი მესვეურები“; ალ. ფარცხალაძის „აჭარული ხალხური ცეკვები და სიმღერები“; გ. კოკელაძის „ზოგი რამ ქართულ ცეკვაზე“ და სხვა.

ქორეოგრაფიულ ლიტერატურაში ვხვდებით კონკრეტული ცეკვების აღწერასაც, ასეთებია: დავით ჯავრიშვილის ცეკვა „ქართული“[5]; მისივე „ცეკვა ხორუმი“[6]; ავთანდილ თათარაძის „ცეკვა ქართული“[7]; თ. ბაგრატიონის „ცეკვა განდაგანა“[8]; მიხეილ შუბაშიკელის „ორი მოხევური ცეკვა“; „მოსხლეტილ ზვავთა ზრიალი“ – მთიელთა ცეკვები („მოხეური“), შემდგენელი თ. ღვინაძე, კონს. მიხ. შუბაშუკელი და ა.შ.

ქართულ ქორეოგრაფიულ ლიტერატურაში საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მონოგრაფიული ნაშრომებია, როგორებიცაა: ა. ბურთიკაშვილის ვახტანგ ჭაბუკიანისადმი მიძღვნილი მონოგრაფია „ცეკვის ჯადოქარი“[9]; ლ. გვარამაძის პირველი პროფესიონალი მოცეკვავის, ალექსი ალექსიძის (სონღულაშვილი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მონოგრაფიული ნაშრომი „მთაწმინდელი მოცეკვავე“[10]; ნ. ელიაშვილის „ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი“; ვ. გოგოლაშვილის „ჯანო ბაგრატიონი“; ბიჭიკო პატარიძის „ცეკვის რაინდი“ (დავით უშვერიძე); გ. გურგენიძის „ქართული ქორეოგრაფიის პატრიარქი“ (დავით ჯავრიშვილი); ე. წეროძის „ცეკვის არისტოკრატები“, რომელიც ეძღვნება ვახტანგ გუნაშვილს, რ. ფაილოძის – ავთანდილ თათარაძისა[11] და დავით ჯავრიშვილის[12] ფოტოილუსტრირებული მონოგრაფიული ნაშრომები, რომლებიც უძვირფასესი საჩუქარია ქართული ქორეოგრაფიული სამყაროსთვის; ასევე საინტერესოა ბუხუტი დარახველიძისადმი მიძღვნილი, ბესიკ სვანიძის მიერ ახლად გამოცემული მონოგრაფია „ცეკვისა და ქცევის რაინდი“ დ[13]ა სხვა.

წიგნით „ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი“ გიორგი სუხიშვილი ცდილობს, მკითხველს გააცნოს ის ადამიანები, რომლებმაც თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა ქართულ ქორეოგრაფიას დაუკავშირეს[14]. ნაშრომი ატარებს საცნობარო ხასიათს, სადაც მეტ-ნაკლებად თავმოყრილია ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა სია, მათი შემოქმედებითი ბიოგრაფიების მცირედი აღწერით.

საინტერესოა ანსამბლის მოგზაურობებისა და წარმატებების აღწერის მიზნით შექმნილი ქართლოს კასრაძის წიგნები: „ტრიუმფი მსოფლიოს გზებზე“ და „ტრიუმფი გრძელდება“[15], რომელიც ეხება დღევანდელი ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის გასტროლებს. ამავე ანსამბლს ეძღვნება ნინო სუხიშვილის მიერ შედგენილი ფოტოალბომი „ქართული ნაციონალური ბალეტი“[16]. ქორეოგრაფიულ ნაშრომთა შორის არსებობს უამრავი მეთოდური წერილი, მითითება და რეკომენდაცია, რომელიც ასევე საინტერესოა მკითხველისთვის. ასეთებია: ავ. თათარაძის „მხატვრულ თვითმოქმედ კოლექტივში მუშაობის შინაარსი, ორგანიზაცია და მეთოდიკა“; დავით ჯავრიშვილის „თვითმოქმედი ქორეოგრაფიული წრის ორგანიზაციული, სასწავლო და მხატვრული მუშაობა საკლუბო დაწესებულებებში“; რევაზ ჭანიშვილის „ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნება მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის სამსახურში“; რ. ჭოხონელიძის „რეკომენდაციები სასკოლო ქორეოგრაფიული წრის მუშაობისათვის“; ოთარ პაპიაშვილის „მეტი ყურადღება სიუჟეტურ ცეკვებს“ (თვითმოქმედი ქორეოგრაფიული წრეებისა და ანსამბლების დასახმარებლად); გაიოზ გოგოლიძის „ქართული ხალხური ცეკვის გაკვეთილის ორგანიზაცია და ცნობები ანსამბლების ტანთჩაცმულობის შესახებ“ და სხვათა წერილები და მითითებანი.

აქვე უნდა აღინიშნოს ავთანდილ თათარაძის და დავით ჯავრიშვილის მიერ ცეკვის ჩაწერის სისტემებზე გამოცემული ნაშრომების: „ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნები“[17] და „ქართული ცეკვის ჩასაწერი პირობითი ნიშნები“[18] ღირებულებაც.

ქორეოგრაფიული ლიტერატურის მიმოხილვისას აღსანიშნავია ასევე ქორეოგრაფთა მიერ უმაღლესი სასწავლებლისთვის, ქორეოგრაფიული წრეებისა და სტუდიებისათვის შექმნილი პროგრამების არსებობაც. ასეთებია: პროფესორების: უჩა დვალიშვილისა და რევაზ ჭანიშვილის მიერ შექმნილი ქართული ცეკვისა და სადადგმო ხელოვნების პროგრამები (უმაღლესი სასწავლებლისთვის); ავთანდილ თათარაძის ქართული ცეკვის პროგრამა (ქორეოგრაფიული სტუდენტებისთვის); გაიოზ გოგოლიძის ქართული ცეკვის პროგრამა (ქორეოგრაფიული წრეებისა და სტუდიებისათვის); და სხვ.

აღნიშნულ ლიტერატურაში ვხვდებით ისეთ წიგნებს, რომლებიც ეძღვნება კლასიკურ ქორეოგრაფიას. მაგალითად: ოთარ ეგაძის „ქართული ბალეტი“, მისივე „გასტროლები, შეხვედრები, შთაბეჭდილებები“[19], რომელიც ეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლებს. ავტორი პროფესიული, პუბლიცისტური განზოგადებით აღწერს და გადმოგვცემს ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებთან შეხვედრების ღრმა შთაბეჭდილებებს. წიგნი დასურათებულია დოკომუნტური მასალით და გამიზნულია ფართო მკითხველისათვის. ასევე საინტერესოა ლარისა ნადარეიშვილის „თანამედროვე ქართული ბალეტი“; მისივე „ბალეტი და მისი კერპები“, რომელშიც წარმოდგენილია წერილები, მონოგრაფიები, რეცენზიები და სტატიები.

აღნიშნულთა გარდა, ქართულ ქორეოგრაფიულ ლიტერატურაში არსებობს ისეთი წიგნებიც, რომლებიც ზოგადინფორმაციულ ხასიათს ატარებენ. მაგალითად, რევაზ ჭანიშვილის „ფიქრები ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაზე“[20]. წიგნში განხილულია ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების დღევანდელობისა და სამომავლო განვითარების საკითხები. მოცემულია ავტორის მრავალწლიანი გამოცდილებისა და ფიქრის შედეგად დაგროვილი შთაბეჭდილებების ანალიზი; ასევე საინტერესოა მისივე „ქართული ცეკვის სადიდებელი“, სადაც გამოჩენილი ადამიანების მიერ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის შესახებ გამოთქმული მოსაზრებებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, საარქივო მასალებში, სამეცნიერო გამოცემებში, ჟურნალებსა და გაზეთებში მოიპოვება უამრავი მასალა ქართული ხალხური ცეკვების შესახებ, რომელთა გაცნობა უდიდეს ცოდნას შესძენს ქართული ქორეოგრაფიით დაინტერესებულ მკითხველს.

მაგალითის სახით შეიძლება აღვნიშნოთ 1924 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“, ალექსი ალექსიძის მიერ გამოქვეყნებული სტატია „რა არის ცეკვა და რა მნიშვნელობა აქვს მას“.

სავარაუდოდ, ეს სტატია შეიძლება ჩაითვალოს პროფესიონალის მიერ ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების შეფასების პირველ მცდელობად. არსებულ მასალებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ქართული ქორეოგრაფიული ბიბლიოგრაფია მოიცავს ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ასპექტში განხილულ ნაშრომებს; ცეკვების ზოგად მიმოხილვას, აღწერასა და ანალიზს; მონოგრაფიებს; ანსამბლის მოგზაურობებისა და წარმატებების აღწერის მიზნით შექმნილ წიგნებს; დამხმარე ლიტერატურას; მეთოდურ წერილებს, მითითებებსა და რეკომენდაციებს; ნაშრომებს ქართულ კლასიკურ ქორეოგრაფიაზე.

ამასთანავე, ქართულ საარქივო მასალებში, სამეცნიერო გამოცემებში, ჟურნალებსა და გაზეთებში მრავლად მოიპოვება ქორეოგრაფიული მასალა, რომელიც წარმოდგენილ ნაშრომში არ განიხილება. მრავალფეროვანი შინაარსის მატარებელი ნაშრომების მიუხედავად, სპეციალური ლიტერატურა ქორეოგრაფებისათვის მაინც მცირეა და გამდიდრებას საჭიროებს. ქართული ცეკვის მკვლევართა მიერ შემდგომში გამოქვეყნებული თითოეული ნაშრომი თუ სტატია, რომელსაც გამალებით ელის დაინტერესებული მკითხველი, კიდევ ერთი ძვირფასი შენაძენი იქნება უდიდესი წარსულის მქონე ქართული ქორეოგრაფიის ჯერჯერობით მცირე ბიბლიოგრაფიული სამყაროსათვის.


(C) ეკა გელიაშვილი, “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი” N1 (34), 2008, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.


გამოყენებული ლიტერატურა:

[1] გვარამაძე ლილი, ქართული საცეკვაო ფოლკლორი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული მიმოხილვა), მეორე გამოცემა, თბ., 1997.

[2] თათარაძე ავთანდილ, ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიის საკითხები, თბ., 1999.

[3] ჯავრიშვილი დავით, მთიულური ცეკვები, თბ., 1953.

[4] თათარაძე ავთანდილ, ქართული ხალხური ცეკვების მოკლე მიმოხილვა, თბ., 1970; თბ., 1974; თბ., 1977.

[5] ჯავრიშვილი დავით, ცეკვა „ქართული“, თბ., 1951.

[6] ჯავრიშვილი დავით, ცეკვა „ხორუმი“, თბ., 1957.

[7] თათარაძე ავთანდილ, ცეკვა „ქართული“, თბ., 1956.

[8] ბაგრატიონი თ., ცეკვა „განდაგანა“, ბათუმი, 1997.

[9] ბურთიკაშვილი ა., „ცეკვის ჯადოქარი“ (ვახტანგ ჭაბუკიანი), თბ., 1960.

[10] გვარამაძე ლილი, მთაწმინდელი მოცეკვავე (ალ. ალექსიძესონღულაშვილი), თბ., 1962.

[11] ფაილოძე რუსუდან, „ქორეოგრაფიული ხელოვნების სიყვარულში დაფერფლილი ხელოვანი ავთანდილ თათარაძე“, მონოგრაფია., თბ., 2005.

[12] ფაილოძე რუსუდან, „შემოქმედებით ჭიდილში განვლილი გზა“ (დავით ჯავრიშვილი) მონოგრაფია, თბ., 2000.

[13] სვანიძე ბესიკ, „ცეკვისა და ქცევის რაინდი“ (ბუხუტი დარახველიძე), თბ., 2007.

[14] სუხიშვილი გ, ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი, თბ., 1988.

[15] იხ.: კასრაძე ქართლოს, „ტრიუმფით მსოფლიოს გზებზე“, თბ., 1971; „ტრიუმფი გრძელდება“ თბ., 1982.

[16] ქართული ნაციონალური ბალეტი, შემდეგ. ნ. სუხიშვილი, სტამბული, 1996.

[17] თათარაძე ავთანდილ, „ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნები“, თბ., 1966.

[18] ჯავრიშვილი დავით, „ქართული ცეკვის ჩასაწერი პირობითი ნიშნები“, თბ., 1961.

[19] ეგაძე ოთარ, „გასტროლები, შეხვედრები, შთაბეჭდილებები“, თბ., 1975.

[20] ჭანიშვილი რევაზ, ფიქრები ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაზე, თბ., 1997.