კულტურის როლი ევროპის გაერთიანების პროცესში
კულტურის როლი ევროპის გაერთიანების პროცესში

კულტურის როლი ევროპის გაერთიანების პროცესში

წაკითხვა
7 წუთში წასაკითხი

ნება მიბოძეთ გავიმეორო: ევროპა არ არის დამყარებული მხოლოდ ბაზარზე, იგი ასევე ემყარება ღირებულებებსა და კულტურას. ნება მიბოძეთ ერთი პირადი შენიშვნაც გავაკეთო: ღირებულებათა იერარქიაში, კულტურული ღირებულებები ეკონომიკურზე მაღლა დგას. თუ ეკონომიკა ჩვენი ცხოვრებისათვის საჭიროებას წარმოადგენს, კულტურა ის ელემენტია, რომლისთვისაც საერთოდ ღირს ცხოვრება. ევროკავშირი თავისი ისტორიის იმ ეტაპზეა, როდესაც მისი კულტურული განზომილება აღარ შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა.

ამ სიტყვებით მიმართა პრესასა და აუდიტორიას ჰოსე მანუელ ბაროზომ, ევროკომისიის პრეზიდენტმა 2004 წლის დეკემბერში ბერლინის პირველ კონფერენციაზე “ევროპის სულისთვის”.

მას შემდეგ, ევროკომისიამ მრავალი ინიციატივის საშუალებით პოპულარიზაცია გაუკეთა იდეას, რომ ევროპელობა, როგორც ასეთი, შეიძლება განვითარდეს მხოლოდ კულტურული ქმედების შედეგად. ეს იდეა თავისთავად არ არის ახალი. ადრეულ წლებში, მოქალაქეობის საკითხი, როგორც ადამიანის უფლებათა დანერგვის პროდუქტი ორი პოლიტიკური ბლოკის, ე. წ. დასავლურისა და სოციალისტური არენის (საბჭოთა კავშირის ჩათვლით), თანამშრომლობის ავანგარდში იდგა. ეს საბოლოოდ გადაიზარდა ჰელსინკის ხელშეკრულებებში და საფუძველი ჩაუყარა კონფერენციას უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე ევროპაში (CSCE).

ეს განვითარება – ცნობილი დღესდღეობით, როგორც ჰელსინკის პროცესი, შეფერხდა ომის შემდგომ პერიოდში. მის აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდა: ევროპულ უსაფრთხოებაზე კონფერენციის იდეა საბჭოთა ხელმძღვანელობამ ორმოცდაათიან წლებში წამოაყენა.

1960-იან წლებამდე ჩრდილო ატლანტიკური ბლოკი (NATO) უარს აცხადებდა შემდგომ მოლაპარაკებებზე. ნატო ითხოვდა ისეთი ჰუმანიტარული საკითხების წამოჭრას როგორებიცაა მაგალითად: ადამიანებისა და ინფორმაციის თავისუფალი დინება აღმოსავლეთ ბლოკში. იმ დროს ადამიანის უფელებები ზოგადად არ იყო პრიორიტეტული. მათი როლი უშუალოდ პროცესის მიმდინარეობასთან ერთად 1973 წლის შემდეგ იზრდება.

ლურჯ წიგნში, რომელიც 1973 წლის ივლისის ჰელსინკის კონსულტაციების დასკვნით რეკომენდაციას წარმოადგენს, მითითებული იყო სამი ძირითადი საკითხის: უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ ე. წ. “კალათებში” ორგანიზება.

ჰელსინკის დასკვნითი აქტის “კალათების” თანასწორუფლებიანობამ კულტურა პოლიტიკური ბარიერების გადალახვის საშუალებად წარმოადგინა. კულტურას ნელ-ნელა მიეცა საშუალება ჩამოსულიყო იდეოლოგიური მოძრაობას განემტკიცებინა სამოქალაქო და ადამიანის უფლებები უშუალოდ პოლიტიკურ პროცესში ჩარევით და მისი აღმავალი მიღწევების მხარდაჭერით.

ხელოვანებმა და ინტელექტუალებმა მიიღეს ეს დასკვნითი აქტი, როგორც მათი სამოქალაქო, ადამიანისა და კულტურული უფლებების გარანტია და საზომ ერთეულად, ამ გარანტირებულ უფლებებთან მიმართებაში, თავიანთი იმდროინდელი მდგომარეობა აიღეს. აქედან გამომდინარე შემდოგომი პროცესი განისაზღვრა სწორედ ამ უფლებების პოლიტიკური და მოქალაქეობრივი განმტკიცებით.

სულ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა ორმა ასპექტმა: პირველი, მტკიცე მოქალაქეობრივი რწმენის საჭიროება და მეორე, კულტურის მნიშვნელობა მშვიდობიანი გაერთიანებისათვის, რომელიც არა მარტო ინდივიდებსა და ქვეყნებს აახლოებს, არამედ ამ დაახლოების გზით ყველაზე ოპტიმალურ შედეგებს აღწევს.

1985 წელს კონფერენციამ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე ევროპაში, ბუდაპეშტში კულტურული ფორუმი ჩაატარა, რომელიც განსაზღვრული იყო იმისათივს, რომ სწორი მიმართულებები მიეცა მესამე “კალათის” ძალისხმევისათვის და გამოენახა ევროპელ ხალხთა შორის კონტაქტებისა და გაცვლის გასაუმჯობესებელი გზები. ეს ფორუმი გახდა უმნიშვნელოვანესი ეტაპი კულტურის მნიშვნელობის წარმოჩენისა პოლიტიკურ სფეროში.

ოფიციალურ ფორუმზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციის სპიკერმა, გიუნტერ გრასმა წარმოადგინა საკუთარი მოსაზრება პან-ევროპული კულტურული ფონდის დაარსებისა, რათა “ადამიანთა გონებაში არსებული საზღვრების გახსნა” მომხდარიყო. პარალელურად, მისი კოლეგები ადგილობრივ ლუდხანაში არაფორმალური შეკრების ფარგლებში, სახელად მწერალთა არაფორმალური სიმპოზიუმი, ბჭობდნენ მსგავს თემებზე მოწვეულ ინტელექტუალებთან ერთად. რასაკვირველია ამ ორ შეკრებას მოჰყვა იდეათა მრავლისმომტანი გაცვლა. საბოლოოდ, გრასი იძულებული გახდა უარი ეთქვა საკუთარ შემოთავაზებაზე, რომელიც ა.შ.შ.-სა და რუმინეთის მიერ დადებულმა ვეტომ დაბლოკა. ამან, ყველა პროცესში ჩაბმულ ხელოვანსა და პოლიტიკოსს უჩვენა, რომ იდეათა გაცვლა ერთი საქმეა, ხოლო პრაქტიკული და ნოვატორული შემოთავაზებების დანერგვა კი მეორე.

მიუხედავად ასეთი გამოცდილებისა, ხელოვანებს არ შეუწყვეტიათ სწრაფვა თავიანთი მიზნებისაკენ. მათ უბრალოდ ამ პროცესიდან პოლიტიკოსები გამოთიშეს. ასე ჩაეყარა საფუძველი მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხელოვანებს, ინტელექტუალებსა და კულტურის დაწესებულებებს, პოლიტიკური კლასის თანხმობის გარეშეც კი, შეუძლიათ მრავალი რამის გაკეთება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისათვის.

ერთ-ერთი პირველი მცდელობა, ამ მოსაზრების განმტკიცებისა, იყო 1987 წელს ამსტერდამში გამართული ევროპელ ხელოვანთა ფორუმი: “ამსტერდამი, როგორც ევროპის კულტურული ცენტრი, მომავალ იდეათა ხორცშესხმისათვის” ფარგლებში. გიუნტერ გრასმა მიიღო მიწვევა მთელი ევროპიდან მოწვეულ ხელოვანებთან და ინტელექტუალებთან ერთად, რათა კიდევ ერთხელ, განეხილათ მისი ბუდაპეშტის შეთავაზება, ოღონდ ამჯერად პოლიტიკოსების გარეშე. ეს მოვლენა, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც უმნიშვნელოვანესი პლატფორმა მსოფლიოსათვის კულტურული სამყაროს ხმის მისაწვდენად. ამ პლატფორმას დაერქვა “გულივერი”. იგი წარმოადგენდა პირველ მცდელობას ჩამოყალიბებულიყო ევროპული, არასამთავრობო, არაფორმალური და დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფი, როგორც პლატფორმა, ინდივიდუალურ ევროპელ ხელოვანთა და ინტელექტუალთა შორის, ევროპული კულტურის სამომავლო საკითხებზე იდეათა გაცვლისათვის. წლების განმავლობაში, “გულივერი” უზარმაზარ კულტურულ ქსელში ინტეგრირებით ნელ-ნელა გადაიქცა საერთაშორისო თანამშრომლობის, გაცვლისა და მობილობის პროგრესულ საშუალებად. ეს ქსელი ერთმანეთს აკავშირებს არამარტო “გულივერის” წევრებს, არამედ აკავშირებს მათ ამსტერდამთან, როგორც “ფელიქს მერიტის ფონდის” მუდმივი საქმიანობის ადგილთან (1988 წლიდან).

ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ გაუსწრო “გულივერს”, რომელიც ნელა შეერწყა ისეთი მაშტაბების ფონდს, რომელსაც დასაწყისში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა: ნამდვილ ევროპულ სამოქალაქო საზოგადოებას.

უახლესი მცდელობა ჰელსინკის იდეების დანერგვისა არის სამოქალაქო ინიციატივა სახელად “ევროპის სულისათვის”, რომელმაც 2004 წელს დაიწყო მოღვაწეობა. ამჯერად ინიციატვია პოლიტიკოსისაგან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის რიჰარდ ფონ ვაიცზეკერისგან, წამოვიდა.

“ევროპის სულისათვის” ინიციატორების განსაზღვრებით: ევროპული პროცესი, იგივე კულტურული პროცესია. მოქალაქეობის ცნება უნდა იყოს წამყვანი. იმ მწარე რეალობიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირი ვერ გახდა წარმატებული გაერთიანების პროცესში მოქალაქეობისა და კულტურის, როგორც ძირითადი ელემენტის პოპულარიზაციით, ისინი იღწვიან (ჰელსინკის დასკვნითი აქტის სულისკვეთებით) და აკავშირონ აღმავალ ი კულტურული მიმდინარეობები პოლიტიკური ტაქტიკის განმსაზღვრელ დაღმავალ პროცესებთან.

“ფელიქს მერიტის ფონდის” მხარდაჭერითა და მისი სახალხო ქსელის დახმარებით, “ევროპის სულისათვის” ინიციატივას საშუალება მიეცა ხმა მიეწვდინა ევროპელთა ახალგაზრდა თაობებისათვის.

მხოლოდ რამდენიმე წელიწადში, ინტელექტუალები, კულტურის მუშაკები, მეცნიერები, ხელოვანები, მოსწავლეები და სტუდენტები, ისევე, როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკოსები გაერთიანდნენ ბერლინის პროცესში, იმისათვის რომ სტიმული მისცენ მომავალ ახალგაზრდა ევროპელებს თავიანთ ხელში აიღონ ჩვენი მომავლის სადავეები. ამავე დროს ისინი პროპაგანდას უწევენ იდეას, რომლის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ჩამოაყალიბოს და ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებაზე, იმისათვის რომ ევროპა წევრ სახელმწიფოთა კავშირიდან გარდაიქმნას წევრ სახელმწიფოთა და მოქალაქეთა კავშირად. ევროპის მოქალაქეთა, კულტურულ ორგანიზაციათა და ხელოვანთა საკუთრებაში გადაცემა კვლავ უნდა იქცეს წამყვან პრიორიტეტად.


(C) სტივ ოსტენი (ამსტერდამი). ქართული თარგმანი: თამარ ლოლუა. “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი” N4 (37), 2008, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.