ბარბარა კლემი © Stefano Laura
ბარბარა კლემი © Stefano Laura

ბარბარა კლემი – დიდი მოვლენების დიდი სახე

წაკითხვა
8 წუთში წასაკითხი

ბარბარა კლემი თანამედროვე გერმანელ ფოტოგრაფებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაა. 1939 წელს დამოუკიდებელ გერმანულ ქალაქ მიუნსტერში, ხელოვანების ოჯახში დაბადებულ ბარბარა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაინტერესდა ფოტოგრაფიით. მამა, ფრიც კლემი, ცნობილი მხატვარი და ფოტოგრაფი იყო, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის შვილისთვის ვიზუალური ხელოვნებისადმი ინტერესის განვითარებაში. სწავლის დასრულების შემდეგ, 1959 წელს, ფრანკფურტში გადავიდა და ცნობილ გერმანულ გაზეთს Frankfurter Allgemeine Zeitung შეუერთდა, სადაც აშუქებდა თემების ფართო სპექტრს, მათ შორის პოლიტიკას, კულტურასა და საზოგადოებრივ საკითხებს.

კლემის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ამბისა თუ მოვლენის ამსახველი არაერთი ფოტო მოიძებნება, რომელთა შორისაა საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევისა და აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, ერიხ ჰონეკერის კოცნის სცენა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 30 წლის იუბილეს დროს, 1979 წელს. ეს ფოტო დღემდე აქტუალურია. კადრის აქტუალურობა ისტორიული მნიშვნელობის გარდა, განაპირობა 1990 წელს მხატვარ დიმიტრი ვრუბელის კედლის მხატვრობამ ბერლინის კედლის აღმოსავლეთ მხარეს.

კლემის ფოტოგრაფია ხასიათდება ჟურნალისტური ინსტინქტის, თანაგრძნობისა და მხატვრული ხედვის საინტერესო კომბინაციით. მისი სტილის ძირითადი ასპექტებია:

  • შავ-თეთრი ფოტოგრაფია: კლემი ძირითადად მუშაობდა შავ-თეთრ კადრებზე;
  • გულწრფელი კადრები: კლემი ცნობილია სცენების გულწრფელ და შეულამაზებელ მომენტებში გადაღების უნარით. დადგმულ ან პოზირებულ კადრებზე უარის თქმით, ფოტოგრაფმა შეძლო სუბიექტების ავთენტური ემოციების ასახვა;
  • კომპოზიცია: ამბის სათქმელად თუ ემოციის გამოსაცემად, ფოტოგრაფს შესწევს უნარი, მოძებნოს სწორი კუთხე და პერსპექტივა, რაც ავტორის შემოქმედებაში სტილის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია;
  • ჰუმანისტური მიდგომა: კლემის ნამუშევარი ხშირად ხაზს უსვამს ადამიანურ გამოცდილებას, დამოუკიდებლად იმისა, ისტორიულ მოვლენებს იღებდა თუ ყოველდღიურ ცხოვრებას აშუქებდა. ის უდავოდ დებდა თანაგრძნობისა და გაგების მომენტებს თავის სურათებში;
  • ვიზუალური თხრობა: კლემის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია უნარი, მკაფიოდ გადმოსცეს ამბავი, თუნდაც ერთი სურათის მეშვეობით;
  • შეუმჩნევლად მოქმედება: კლემი ცნობილია თავისი შემოქმედებითი უნარებით. ავტორს შეუძლია გარედან დააკვირდეს საგნებსა და მოვლენებს. შეუმჩნევლად მოქმედების მომენტი საშუალებას აძლევდა ფოტოგრაფს, მოვლენათა ავთენტურობა და ემოციური გულწრფელობა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა.

ფოტოგრაფი გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში 2004 წლამდე მუშაობდა. ამ ხნის მანძლზე კლემის ფოტოობიექტივში უამრავმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ ჩაიარა, მათ შორის ფრანკფურტის 1968 წლის სტუდენტურმა მოძრაობამ; მოახერხა გერმანელი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰაინრიხ ბიოლის გამოსვლის აღბეჭდვა ბირთვული იარაღის წინააღმდეგ, 1983 წელს; კადრებს შორისაა რევოლუციის მეათე წლისთავი, რომელიც კუბაში 1969 წელს აღინიშნა და „ცივი ომის“ სიმბოლოს, ბერლინის კედლის დაცემის ფოტოგრაფია 1989 წელს – ესაა შემოქმედება ისტორიასა და პოლიტიკაზე, 50 წლის მანძილზე.

კლემი გერმანიის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მემატიანეა. მისი სურათები ქვეყნის კოლექტიური ვიზუალური მეხსიერების განუყოფელ ნაწილად იქცა. პოლიტიკური მოვლენები, სტუდენტური გამოსვლები, მოქალაქეთა ინიციატივები, კადრები გახლეჩილი და ხელახლა გაერთიანებული გერმანიიდან, ყოველდღიური სცენები და რეალობა დედამიწის თითქმის ყველა კუთხიდან…

ფოტოგრაფიასა და ფოტოჟურნალისტიკაში არის შემთხვევები, რომელთა გამეორებაც შეუძლებელია. ფოტოგრაფიული მომენტის გამორჩეულობის აღიარება და გაზიარება მნიშვნელოვანი ატრიბუტებია. თავისი მომხიბვლელი სურათებით, კლემი თამამად აფიქსირებს ცხოვრების ინტენსივობას, სადაც მომენტის მნიშვნელობა შეიძლება მყისიერად „აალდეს“ – სწორედ მაშინ მჟღავნდება ფოტოგრაფის შემოქმედებითი ნიჭი, ის თუ რამდენად სწრაფად და ობიექტურად შეუძლია მოვლენათა აღბეჭვდა.

როდესაც საქმე დოკუმენტურ ფოტოგრაფიას ეხება, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენებმა შეიძლება თავისთავად შეიძინოს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მასშტაბი, ფოტოგრაფის ნიჭიერების აღნიშვნა არ უნდა გამოგვრჩეს – კლემმა კარგად იცის მომენტისა და სტრატეგიული პოზიციის შერჩევა.

როგორც წესი, ავტორს მოვლენათა ეპიცენტრში ვერ დავინახავთ, ის თითქოს დისტანცირებულია იმ ყველაფრისგან, რასაც ფირზე აღბეჭდავს და ნაკლებად ხდება ამ ყველაფრის თანამონაწილე. ამ დისტანციას განაპირობებს შორიდან გადაღებული კადრები, მაგალითად, მომიტინგეთა ფოტოები ზედხედით და არჩეული პერსპექტივა. დოკუმენტური ფოტოგრაფია მოიცავს რამდენიმე ძირითად ასპექტს, მათ შორის მომენტის შეგრძნებას, მოვლენის მასშტაბის აღბეჭდვას, გამბედაობის გამოვლენას, სწრაფ მოქმედებასა და სიტუაციურ ანალიზს. ზოგიერთ შემთხვევაში, კლემი ცდილობს წარმოაჩინოს საგნები გრანდიოზული მასშტაბით ან უბრალოდ ასახოს სივრცე, რათა ამავე სივრცით კონტექსტში დავუკავშირდეთ სუბიექტებს. ფოტოგრაფს შეუძლია შექმნას ფოკუსური წერტილი ღია სივრცეში ან უბრალოდ გამოიყენოს სილუეტი, რომელიც შორიდან მთლიანად შავია.

რა თქმა უნდა, ისტორიული კონტექსტის გარეშე, ზოგიერთმა ფოტომ შეიძლება დაკარგოს სიცხადე, რასაც კონკრეტული ნარატივი გვთავაზობს. 1961 წელს გლობალური პოლიტიკური კლიმატი გაუარესდა, რაც ბერლინის კრიზისით დასრულდა. ამ მოვლენამ გამოიწვია გერმანიის 2-ად გახლეჩა, რის შედეგადაც სამყარომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (FRG) და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (GDR) იხილა. სწორედ ბერლინში, ისტორიულად მნიშვნელოვან ადგილას, აშენდა ბერლინის კედელი, რომელიც ფაქტობრივად ქალაქს სოციალისტურ და კაპიტალისტურ სექტორებად ყოფდა. შესაბამისად, ბრანდენბურგის კარიბჭე 1989 წლამდე იზოლირებული იყო ხალხისგან. 1989 წლის დეკემბერში გაერთიანდა გერმანია, რამაც ბერლინის კედლის დანგრევა და ბრანდენბურგის კარიბჭის ხელახლა გახსნა განაპირობა. ამრიგად, ეს ცნობილი გერმანული ღირსშესანიშნაობა ქვეყნის გაერთიანების სიმბოლოდ იქცა.

შავ-თეთრ ფოტოში სახელწოდებით „ბრანდენბურგის კარიბჭის გახსნა“, კლემი გამოსახავს ცერემონიის მთავარ სიმბოლოს, თავად კარიბჭეს. ფოტო სიმეტრიულია, სინათლე ფილტრავს კარიბჭის სვეტებს შორის არსებულ სივრცეებს. ბრბო თითქმის მთლიანად შავ ფერშია ნაჩვენები ქოლგებისა და ადამიანების სუსტად შესამჩნევი სილუეტებით. გამოსახულების ნეიტრალიტეტს კიდევ უფრო არღვევს ბანერი მარჯვენა კუთხეში. ავტორი დიდი სიფრთხილით ირჩევს გამოსახულების პერსპექტივასა და ხედვას, რადგან განსხვავებულმა არჩევანმა შეიძლება ვერ გადმოსცა მოვლენის ინტენსივობა ეფექტურად. იმის ნაცვლად, რომ დაჩრდილოს კონკრეტული მოვლენის მნიშვნელობა მცირე, ახლო დეტალების გამოკვეთით, კლემი აქცენტს შინაარსის ცენტრალურ სიმბოლოზე აკეთებს და მის გარშემო აგებს კომპოზიციას.

1985 წელს ბარბარა კლემმა პროფესიული მიზეზების გამო ჩინეთში 14 დღე გაატარა, სადაც ფოტოკოლექცია შექმნა, რომელიც ძირითადად ყოველდღიური ცხოვრების რუტინასა და ადამიანური ურთიერთობების სხვადასხვა ფორმებს – ურთიერთზრუნვასა და საერთო ძალისხმევას ასახავს. 1985 წელს ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა სუსტი იყო. ამ პერიოდში მთავრობამ პრიორიტეტად ეკონომიკის გაძლიერება დაისახა. ბარბარას ფოტოები არა მხოლოდ სოციალური პრობლემებით დატვირთულ ატმოსფეროს აღბეჭდავს, არამედ ნათლად გადმოსცემს ადამიანთა შორის ერთობისა და სოლიდარობის მომენტებს.

მუზეუმში გადაღებულ პორტრეტებში შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ ინტიმურ ატმოსფეროს, რომელიც მუზეუმში ვიზიტს ზოგჯერ ახლავს ხოლმე. ამავდროულად, აშკარაა, რომ ეს სივრცეები განიხილება, როგორც პირადი შეხვედრები და არა როგორც განზოგადებული ექსპოზიციები. მაგალითად, ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ქალი პიკასოს ორ ნამუშევარს უახლოვდება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, ამ უკანასკნელთა დინამიკა მეორდება. ქალი იხრება ნამუშევრებისკენ, რომელთა თავები ოდნავ დახრილი სახითაა წარმოდგენილი. ეს შეიძლება ჩაითვალოს ნამუშევარსა და ვიზიტორს შორის „კომუნიკაციის“ თვალსაჩინო მაგალითად. შეიძლება პოეტურადაც კი ჟღერდეს და ვთქვათ კიდეც, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი ემსგავსება იმას, რასაც ხედავს, აკვირდება ან სულაც იკვლევს.


ბარბარა კლემმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფოტოჟურნალისტიკისა და დოკუმენტური ფოტოგრაფიის სამყაროზე. მას ადამიანის გამოცდილების არსის სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში გადმოცემის შესანიშნავი უნარი ჰქონდა, რაც საშუალებას აძლევდა შეექმნა გამოსახულება, რომელიც აქტუალური რჩება დღესაც. კლემის ფოტოგრაფიულმა მემკვიდრეობამ არა მხოლოდ დააფიქსირა ისტორია, არამედ გამოამზეურა პიროვნების ემოციები და გამოცდილება გადამწყვეტ, საკვანძო მომენტებში.

კლემის ცხოვრება და კარიერა დღეს შთაგონების წყაროა დამწყები ფოტოგრაფებისთვის და ასევე ერთგვარი შეხსენება იმისა, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს ვიზუალურ თხრობას.