მარიკა ლორთქიფანიძე - "უხილავი კარები"
მარიკა ლორთქიფანიძე - "უხილავი კარები"

Head On Portrait Award-ის გამარჯვებული მარიკა ლორთქიფანიძე გახდა

წაკითხვა
2 წუთში წასაკითხი

Covid 19-ის გლობალური პანდემით გამოწვეული 2 წლიანი პაუზის შემდეგ ავსტრალიაში დაფუძნებული საერთაშორისო ფოტოფესტივალი Head On Photo Festival დაბრუნდა მრავალფეროვანი პროგრამითა და გარე ლოკაციების სიუხვით სიდნეის მასშტაბით. ფოტოფესტივალში მონაწილეობას 600-მდე ფოტოგრაფი იღებდა, რომელთა შორის მარიკა ლორთქიფანიძეცაა – ფესტივალის გამარჯვებული. Bogart-ის ჯგუფმა მკითხველისთვის მეტი დეტალის გარკვევა შეძლო:

BOGART: პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან – მარიკა, გაგვიზიარეთ თქვენი პირველი კამერის შესახებ.

ფოტოგრაფიით სერიოზულად ფოტოჟურნალისტიკაზე სწავლის დროს დავინტერესდი. მაშინ კამერა არ მქონდა და ფოტოებს მობილურით ვიღებდი ხოლმე. რამდენიმე კადრის გადაღების შემდეგ ლექტორმა აღნიშნა, რომ ხედვა მქონდა და სერიოზულად მეფიქრა ფოტოგრაფიაზე. პირველი კამერა ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუქა და მახსოვს, მაშინვე დავიწყე ფოტოგრაფიის შემსწავლელი კურსის ძებნა, საბაზისო ცოდნა კი CJC • PHOTO HUB სტუდიაში, ნინო ჭელიძესთან მივიღე.

BOGART: ვინ არიან ის ფოტოგრაფები, რომელთა შემოქმედებამაც თქვენზე განსაკუთრებული გავლენა იქონია?

პირველი ვინც მახსენდება, ბრაზილიელი ფოტოგრაფი, სებასტიან სალგადოა. როდესაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურე და ვნახე მის მიერ გადაღებული კადრები, საოცარი ემოციები დამეუფლა. ვნახე, რამდენად უყვარს თავისი საქმე. სებასტიანის პორტფოლიო ისეთი განცდას მიქმნის დღემდე, თითქოს მასთან ერთად მეც ვმოგზაურობ.

მრავალფეროვნება შლის შეზღუდვებს

მარიკა ლორთქიფანიძე

გავლენას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დიდი გავლენა ქართველმა ფოტოგრაფმა და ჩემმა მასწავლებელმა, მინდია მიდელაშვილმა მოახდინა, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მიმდინარე გამარჯვებაში Head On Portrait Award-ზე, რადგან სწორედ მინდია იყო ის ადამიანი, რომელმაც დამარწმუნა, რომ პორტრეტებზე უნდა მემუშავა.

BOGART: თქვენმა ფოტომ სახელწოდებით „უხილავი კარები“ 2022 წლის HEAD ON PORTRAIT AWARDS-ზე გაიმარჯვა. სად არის გადაღებული და რას ასახავს ეს სურათი?

სურათი ეხება საზოგადოებასა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შორის ურთიერთქმედებას. ფოტო გადაღებულია სპექტაკლზე „სამგროშიანი ოპერა“ ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღში“ და უშუალოდ ასახავს საზოგადოებასა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას. ის მიზნად ისახავს, აღბეჭდოს უხილავ კარს მიღმა არსებული ადამიანები, რომელთაც აქვთ იგივე სურვილები და შესაძლებლობები, რათა თავიანთი ცხოვრებით სრულყოფილად იცხოვრონ.

მარიკა ლორთქიფანიძე - "უხილავი კარები"
მარიკა ლორთქიფანიძე – “უხილავი კარები”

მთელი სისავსით გიყვარდეს, გეშინოდეს, აღწევდე წარმატებასა თუ წაბორძიკდე მისკენ მიმავალ გზაზე, წამოდგე და გადადგა შემდეგი ნაბიჯი – არ არსებობს საზღვრები ან შეზღუდვები; მრავალფეროვნება შლის შეზღუდვებს.