© ანკა გუჯაბიძე
ანკა გუჯაბიძე

ანკა გუჯაბიძე – ყოფის ტრივიალური ბუნების დაძლევა

წაკითხვა
5 წუთში წასაკითხი

ანკა გუჯაბიძე ერთ-ერთია იმ ავტორთაგან, რომელიც გამოირჩევა საინტერესო ხედვით, გაბედულებითა და თამამი ვიზუალური გადაწყვეტილებებით. ადამიანების გულწრფელობითა და მისტიკური განწყობებით, ფოტოგრაფი ცდილობს მაყურებლამდე მიიტანოს კადრები, სადაც საიდუმლო თითქოს უფრო მეტია, ვიდრე დასაბუთებული, გასაგები პასუხები. მნახველს აძლევს საშუალებას, ეძიოს მნიშვნელობების შესაძლო ვერსიები და, ამავდროულად, უბიძგებს ნაცნობი შეგრძნებების გახსენებისა და ფოტოებთან დაკავშირებისაკენ. კარგად იყენებს შუქს, ფერსა და კომპოზიციას იმისთვის, რათა გამოკვეთოს მთავარი სათქმელი ან აჩვენოს „სცენა“, ასახოს ის, რაც კადრში უპირატესად მნიშვნელოვანია.

ანკას ფოტოებში ღამის სამყაროში მოგზაურობაა შესაძლებელი, დროის იმ მონაკვეთში, საგნებს მზის შუქი რომ არ ეცემა – მაშინ, როცა სიბნელეში შემჩნეული თითოეული ფიგურა უფრო მეტად თვითმყოფადი და თავისთავადია. ესაა ფოტოები მზის მოყვითალო შუქის გარეშე, ფიგურათა ბუნებრივი ფერით. ფოტოებში იმდენი სინათლეა, რამდენიც სამყოფია, საკმარისია იმისთვის, რათა ვხედავდეთ სხვის ჩაფიქრიანებულ სახეს, ბაღჩაში მორბენალ ბავშვს, ფარდასთან მდგომ ქალს, ხის ტოტებში მჯდომ ბუს, თავისი სიმბოლური „იმიჯით“ და ამოვიცნოთ ხანძრისგან განცვიფრებული, ბოლში გახვეულ მეხანძრე მაშველი. 

ზოგჯერ ეს ფოტოები რთულ სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ხალხის ყოფის ტრივიალური ბუნების დაძლევაა. მათში ადამიანებიც და ცხოველებიც ყოველდღიური რუტინული არსებობით შემოიფარგლებიან. სოციალური პრობლემები არც შელამაზებულია და არც იმდენად მძიმეა, რომ მათი ყურება გაგვიჭირდეს – ავტორი უბრალოდ ცდილობს, გვაჩვენოს ის, როგორ ადაპტირდებიან ადამიანები, ფიქრობენ ამ ძალაუნებურად შერჩენილ სოციალურ გარემოზე, იწყებენ მასთან შეგუებას, ან გაანალიზებას, იღლებიან და, საბოლოოდ, იღებენ ყველაფერს პირადი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, მაგრამ მაინც არ წყვეტენ მიზეზთა ძიებას, არ იშლიან მასზე ფიქრს. ფიქრს ყოფაზე, რომელიც ყოველთვის კონკრეტულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა მიზეზ-შედეგობრივ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. ესაა გარე სამყაროსთან ადაპტაციის ყოველდღიური პროცესი, თავისი მტკივნეული დეტალებით, გადასალახი ბარიერებით, მისაღები გადაწყვეტილებებით, ემოციებითა და ინსტინქტებით, სახიფათო თამაშებით, ცეცხლთან თამაშით, მსგავსად ჭიაკოკონობისა. ფოტოგრაფი ცდილობს, ასახოს ცხოვრება, სადაც ადამიანი ზოგჯერ საკუთარ რწმენა-წარმოდგენებში, ფიქრებსა და იმ გარემოში ეხვევა, სადაც ცხოვრობს. ეს შეიძლება დადებითი ან უარყოფითი გამოცდილება იყოს, მატრავმირებელიც კი, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.

ანკა გუჯაბიძის პორტრეტებში „სუფთა“ ემოციებს ვხვდებით. ეს სისუფთავე არ გულისხმობს სიცარიელეს, ეს უფრო ინდივიდის გარე სამყაროსგან განცდილი ცვალებადი დინამიკისგან გათავისუფლებაა. ზოგჯერ მოურიდებელი მზერაა მაყურებლისკენ, იმის შესახსენებლად, რომ არაფერია მათ შესახებ ბოლომდე გამჟღავნებული. ამ მზერამ შეიძლება აბსურდის ფრაგმენტულ და წამიერ გაანალიზებაზე მიგვანიშნოს. ფოტოგრაფი არ გვამზადებს იმისთვის, რომ პიროვნებისგან რაიმე სახეცვლილებას ველოდოთ. ეს გამოსახულებები დამთრგუნველი და გამაოგნებელია, მაგრამ არა ყალბი. 

ერთ-ერთ ფოტოზე – „ლელობურთი“ – კადრში ვხედავთ მამაკაცის დომინანტურ  ტატუირებულ ფიგურას და ნავარჯიშებ სხეულს. კაცის ბედნიერი განწყობა ერთობ აღმატებულია. მის სილაღეს ის ხისტი აქტიც კი ვერ უშლის ხელს, რომელიც მის უკან მიმდინარეობს. ესაა უდარდელობა და სიხარული, რომელიც თრგუნავს ყველაფერს სხვას. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ თამაშში ის უკვე თავისი შეგრძნებითა და განცდით გამარჯვებულია.

© ანკა გუჯაბიძე
© ანკა გუჯაბიძე

ლელობურთი ქართული ეროვნული სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც აღმოცენებულია უძველესი თამაშის საფუძველზე. ტრადიციის სახით შემორჩენილია გურიაში, შუხუთში. თამაში იმართება მატყლით დატენილი ბურთით (3 კგ-მდე) ფეხბურთის მინდორზე (დაახლოებით 70×105 მ), რომელსაც არ აქვს კარი. გუნდს ეთვლება ქულა, თუ იგი რაიმე საშუალებით ხელით ან ფეხით გადააცილებს ან გადაიტანს ბურთს მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზს იქით, როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. გამარჯვებულია ის, ვინც ამას მეტჯერ გააკეთებს. ნებადართულია ჩავლება, ჩაბღუჯვა, წაქცევა, მხოლოდ უხეში ილეთების გარეშე. თამაში შედგება ორი 30-წუთიანი ნახევრისა და 10-წუთიანი შესვენებისაგან. ლელობურთს ყოველ აღდგომას თამაშობენ.

ვიკიპედია

რამდენადაც ანკა კარგად ასახავს სხვათა ბედნიერებას, იმდენადვე კარგად გამოსდის ადამიანის მარგინალიზების აღბეჭდვაც. ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია ტრანსგენდერი ქალი.

© ანკა გუჯაბიძე
© ანკა გუჯაბიძე

რა თქმა უნდა, იმ საზოგადოებაში, რომელშიც ვცხოვრობთ, მაყურებელს გაუჩნდება მრავალი ასოციაცია, თავისი უარყოფითი განშტოებებით უახლოეს წარსულსა და აწმყოში. ამას ავტორი კარგად აანალიზებს. ქალი მარტოა, ჩანთაც კი არ უდევს ახლოს – გარშემო სხვადასხვა ბარიერებია, თანაც რკინის. მის უკან გზაა, ქალის პოზა დამორცხვების ჟესტს მოგვაგონებს. სახესთან ახლოს მიტანილი, ოდნავ აფარებული ხელი შესაძლოა იმ საზოგადოებისგან თავის დაცვა იყოს, რომელსაც ეს უკანასკნელი არ უყვარს, ზოგ შემთხვევაში კი, მათდამი აგრესიული განწყობით არიან შეპყრობილი. ეზიზღებათ მათი იდენტობა. ასეთ საზოგადოებაში გიყალიბდება შიში, გიჩნდება საკუთარი თავის გადამალვის სურვილი, რაც შესაძლოა, მექანიკურ რეაგირებად გექცეს. აქ შეიძლება იყო მარტო, გშიოდეს, გციოდეს და საკუთარი სხეულით ვაჭრობა გიწევდეს. ეს უხერხულობაა, ფოტოს დახმარებით კი მაყურებელი გრძნობს ამ ორმხრივ უხერხულობას, რომელშიც მთავარი დამნაშავე სტერეოტიპული საზოგადოებაა თავისი ტაბუდადებული თემებითა და მიუღებლობით, ზოგჯერ დაუნდობლობითაც კი.

პორტფოლიოში შევხვდებით ისეთ ფოტოებსაც, რომლებიც ფოტოგრაფიის ისტორიიდან მნიშვნელოვან პერსონებს შეგვახსენებენ. ასეთია დუან მიხალსი.

ან შეიძლება გაგვახსენოს გერჰარდ რიხტერიც.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ანკა გუჯაბიძის ფოტოები არაა მაყურებლის მოლოდინებსა და ნება-სურვილებზე აგებული. ეს გამოსახულებები არ გვთავაზობენ საკუთარ თავს უპირობოდ, არ არიან ბანალურები და მარტივად წასაკითხები.

გაიგე მეტი: ანკა გუჯაბიძის ოფიციალური Instragram გვერდი