© ბექა ჩოკოშვილი
© ბექა ჩოკოშვილი

ადამიანები, ფერადი ობიექტები და მისტიკა ბექა ჩოკოშვილის ფოტოგრაფიაში

წაკითხვა
3 წუთში წასაკითხი

ღრმა ბავშვობიდან მომწონდა ფოტოგრაფია და კინემატოგრაფია. 14 წლისამ დავიწყე გადაღება. 16 წლის ასაკში პირველად მოვხვდი თბილისის მოდის კვირეულზე: გავიცანი მოდელები და დიზაინერები, გვქონდა გადაღებები და ვგრძნობდი, იმას ვაკეთებდი, რაც ყოველთვის ასე მინდოდა. ვითანამშრომლე რამდენიმე ჟურნალთან და მოდის ბრენდებთან. 18 წლის ასაკში უკვე საკუთარი სტუდიო მქონდა და აქტიურად ვიღებდი მოდას. დღეს უკვე 24-ის ვარ და კარიერის გაგრძელებას პარიზში ვგეგმავ.

BOGART: მრავალფეროვნება – რა როლი აქვს მას თქვენს შემოქმედებაში?

მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზარდო. არიან ფოტოგრაფები, რომელთაც რუტინულ გარემოში მუშაობა უწევთ, თანაც წლობით. ყოველდღე ერთსა და იმავე სტუდიაში იღებენ. შეიძლება ითქვას, ეს დიდი პრობლემაა – მოქმედებს ხედვასა და ენთუზიაზმზე. სამწუხაროა, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს ფოტოგრაფიაა. მეც მქონდა მსგავსი გამოცდილება და მალევე შევწყვიტე. შემდეგ ახალი ენერგიებით დავიწყე უფრო ღირებულ პროექტებზე მუშაობა.

BOGART: რა სირთულეებს უკავშირდება სამუშაო პროცესი?

საქართველოში ძირითადად პრობლემა დაბალი ბიუჯეტი და ფორსმაჟორული სიტუაციებია. ეს ხარისხზე აისახება და, სამწუხაროა, რომ ჯამში შედეგს ფოტოგრაფის ნიჭს ან პროფესიონალიზმს მივაწერთ.

BOGART: შევეხოთ თანამედროვე ხელოვნებას: ფოტოებში აშკარაა ის ტენდენციები, რომლებიც დღეს არსებობს ხელოვნებაში. ამ ყველაფერზე რისი თქმა შეგიძლია? რამდენად ხარ დაინტერესებული ხელოვნებაში არსებული სხვადასხვა მედიუმებით?

რა თქმა უნდა, არსებობს ტენდენციები ნებისმიერ ხელოვნების მიმდინარეობებში და ეს წინა საუკუნეებშიც აშკარა იყო. ეს ჩემს გემოვნებასა და ხედვაზეც ავტომატურად ახდენს გავლენას. რომც ვერ ვაცნობიერებდე ამას. შეიძლება ჩემი ინსპირაცია გახდეს რომელიმე კინო, კადრი ან მხატვრის ნამუშევარი.

კარგი მხატვრები აკოპირებენ, დიდი მხატვრები იპარავენ.

ამბობდა პიკასო. მიყვარს ეს სიტყვები, ვფიქრობ, რომ ასე იზრდება ხელოვნება.

BOGART: მოდის ფოტოგრაფია – ძალიან ბევრმა ფოტოგრაფმა დაამტკიცა უკვე, რომ ამ სფეროშიც შესაძლებელია ინდივიდუალური სტილის შექმნა.  შენ რამდენად გეხმარება ეს სფერო განვითარებაში?

ჩემი ფოტოების უმეტესობა მოდის გადაღებებიდანაა. სწორედ ეს სფეროა მიზეზი ჩემი პროფესიული განვითარებისა.

BOGART: როგორც წესი, გადაღებებისას რაზე ხარ ყველაზე ხშირად ფოკუსირებული?

უმთავრესად კომპოზიციებზე, შუქზე, ფერებსა და მათ კონტრასტებზე.

BOGART: ადამიანების გადაღებისას რის აღბეჭდვას ცდილობ ყველაზე მეტად?

განწყობა, ემოცია, მზერა.

BOGART: პროფესიულად რაში გეხმარება მოგზაურობა?

მოგზაურობა ერთადერთი გზაა გაიცნო კულტურები. შეხვდე ადამიანებს და დაინახო სამყარო მათი თვალით. ახლახანს ეგვიპტეში ვიყავი. მრავალი საუკუნის ისტორია, საოცარი უდაბნოების დიუნები და საოცარი ზღვისპირა სამყარო. რა თქმა უნდა, გადაღების გარეშე არ წამოვსულვარ.

BOGART: კადრი, რომელსაც ხშირად იხსენებ.

ეს ჩემი პირველი გადაღება იყო პარიზში. ვიღებდით მოდის კამპანიას უკრაინელ მოდელთან ერთად. სულ რამდენიმე კვირის დაწყებული იყო ომი. იბომბებოდა მისი ქალაქი და ვიცოდით, რომ ვერ უკავშირდებოდა მშობლებს… წარმოუდგენელი იყო მისი ძალა, მდგარიყო გადასაღებ მოედანზე.  ჩვენი კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთი კადრი სწორედ რომ უკრაინის მხარდასაჭერას მიეძღვნა.

BOGART: ფოტოგრაფიის ისტორიიდან თუ გამოარჩევდი რომელიმე ფოტოგრაფს, რომელმაც გავლენა იქონია შენზე ან უბრალოდ თავი დაგამახსოვრა თავისი პორტფოლიოთი?

ეს ამერიკელი მოდის ფოტოგრაფი სტივენ კლეინია. მის კონცეფციასა და ესთეტიკას ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ზედმეტად გამორჩეული და შთამაგონებელია. ყველა დამწყებ ფოტოგრაფს ვურჩევ, აუცილებლად გაეცნოს მის შემოქმედებას.

BOGART: დაბოლოს, რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარი თავის ძიებას – რა არის მთავარი დღეს იმისთვის, რომ გარემომ მიგიღოს, გაღიაროს და ცოტათი შეგიყვაროს კიდეც?

მარტივი არ არის იპოვნო საკუთარი თავი. თუმცა, ვთვლი, რომ საინტერესო სწორედ ეს მოგზაურობაა მნიშვნელოვან დანიშნულებამდე. აუცილებელია, გავარკვიოთ რისი კეთება მოგვწონს და საამისოდ მაქსიმალურად დავიხარჯოთ. მივიღოთ ჩვენი თავი და საზოგადოებაც მიგვიღებს. აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს, არის ბედნიერება და გჯეროდეს, რომ შენ ამას იმსახურებ!