„აკრძალვის აკრძალვის“ ერა ქართულ მოდაში
„აკრძალვის აკრძალვის“ ერა ქართულ მოდაში

აკრძალვის „აკრძალვის“ ერა ქართულ მოდაში

წაკითხვა
4 წუთში წასაკითხი

XX საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებიდან „მოდური ბუმი“ წარმოადგენს საზოგადოებრივ პროცესს, რომელმაც სოციუმის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. როგორც მთელ მსოფლიოში, Fashion-ტენდენციებს კარნახობენ ტრენდსეტერები, ლიდერები… – ისინი იძლევიან ტონს, მათ ციტირებენ. რეფერენტული (ეტალონური) ჯგუფი არაფრით განსხვავდება ევროპულისაგან – ავანგარდში არიან არა ბიზნესმენები, არამედ – მოდელები, ფოტოგრაფები, პოპულარული მსახიობები, ტელეჟურნალისტები, გავლენიანი საჯარო ადამიანები, ფრიკები (ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იყვნენ სხვებისაგან გამორჩეულნი თავიანთი ექსტრავაგანტური გარეგნობით, ჩაცმის სტილით, პირსინგით და სხვ.). ჩნდებიან პრომოუტერები, პროდიუსერები, თანდათან მოდის სახელგანთქმულ პირთა სტატუსს იძენენ მსხვილი ბიზნესმენებიც, მსახიობები, „ელიტური“ ახალგაზრდობა და ა. შ. – არავის უნდა, რომ მოდას ჩამორჩეს. მოდური ადამიანი ემსგავსება თავის ეტალონურ ჯგუფს, ამავდროულად, ცდილობს განსხვავდებოდეს სხვებისგან.

ვინც საკუთარ თავს თანამედროვე მოდის ტენდენციების ჭეშმარიტ მცოდნედ თვლის, დღეს Total Look-ს სიფრთხილით ეკიდება. ეს ადამიანები კარგად გრძნობენ ტენდენციებს. რეალურად ათვითცნობიერებენ, რომ წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც მოდური და ცნობილი ადამიანების (ან მათი მიმდევრების) გარდერობი მხოლოდ ლეიბლიან ნივთებს, აღიარებული დიზაინერებისა და წარმატებული მოდის სახლების ლოგოებს ითავსებდა. მოდურ სახელებზე მზარდმა მოთხოვნილებამ და ბრენდების ნივთების მოულოდნელად ადვილად ხელმისაწვდომობამ, თავის მხრივ, Total Look-ის მიმართ ქართველი ქალბატონების „მშვიდი“ დამოკიდებულება განაპირობა. Total Look-ი ძველებურად მოთხოვნადი დარჩა მხოლოდ გამოუცდელ “Fashionista”-ებისა და ბუტიკის გაწაფული გამყიდველებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს Total Look-ის ფილოსოფია მორიგი მოდური ტენდენციის ზეწოლის ქვეშ, უკან იხევს. 

ადვილად შესამჩნევია, რომ მოდის პროცესის განვითარების მიმდინარე ეტაპზე, ქალბატონების ლეიბლისადმი სიყვარული და თაყვანისცემა ადგილს უთმობს უნიკუმს – ხაზგასმულ ინდივიდუალურობას, საკუთარ გარეგნობაში ორიგინალური, განუმეორებული დამოუკიდებლობისა და იდეურობის გამოვლენებს. ალტერნატიული არჩევანი ტანსაცმელში ყველასათვის არის მისაწვდომი. მოდა დიდი ხანია არავის არაფერს კარნახობს და არც თავის თავს ახვევს მითითებებს. შესაძლებელი გახდა „სხვანაირად“ გამოიყურებოდე. 

ქართულ ვესტიმენტარულ სამყაროს აქვს საკუთარი განუმეორებელი სტილი, რომელსაც პრაქტიკულად შეუცდომლად ყველგან და ყოველთვის გამოარჩევ. ჩვენი დაკვირვებით, დღევანდელი ქართული Street Style აგებულია „შეურიე და შეათავსე“ (Mix and Match) პრინციპზე. ეს სტილი Total Look-ის იდეას უპირისპირდება, როდესაც მოდური ქალბატონები თავიდან ბოლომდე ერთი დიზაინერის ან ერთი მაღაზიის ნივთებით იყვნენ შემოსილნი. თბილისელები სიამოვნებით „მიქსავენ“ სხვადასხვა სტილის, მიმართულებისა და ფასების კატეგორიების ნივთებს. მსუბუქი, ოდნავ შესამჩნევი შტრიხების გამოყენებით ქმნიან ფსევდოდაუდევრობის ხასიათს. შეიძლება ითქვას, თბილისელთა ყოველდღიურ ჩაცმულობაში ვიზუალური სახის დღევანდელი ნორმა არის – ინდივიდუალური სტილისა და გააზრებული დაუდევრობის გამოკვეთა, კომფორტი, თვითგამოხატვის სრული თავისუფლება, შეთავსება შეუთავსებელთან, მოხერხებულობისა და აქტიურობის ხელისშემწყობი ერთობლიობა. 

როგორც ჩანს, ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით რუბიკონს, საიდანაც მოჩანს თავისუფალი აზროვნებისა და ყველა სტილის აკრძალვის აკრძალვის ერა. თბილისის ქუჩებში ირევა ადამიანების ნაკადი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ინდივიდუალობის თავისუფლება, შემოქმედებითობა, საკუთარი „მე“-ს წინ წამოწევა. ჩაცმულობა ავანგარდული და თამამია, ამავდროულად, ეპატაჟისგან შორს მდგომი. თუმცა, შეიძლება ისიც ითქვას, რომ საკუთარი გემოვნების კულტურა ისევ რჩეულთა ბედის ხვედრია. ყოველ შემთხვევაში, სანამ ინდივიდუალურობისაკენ სწრაფვა ყოვლისმომცველი არ გახდება.

ამ ფონზე, თბილისში დიდ პოპულარობას და აღიარებას აღწევენ მულტიბრენდული ბუტიკები ინგლისური მოდური სალონების ქეისკიტის (ინგ.: Casekit) ფორმატში. ქეისკიტი – ელიტური ბუტიკებისა და მაღაზიების ყურადსაღები ჰიბრიდია, მოდური საქონლის უფრო ხელმისაწვდომი და ფართო ასორტიმენტით, რომელიც ლოგიკურად ჩაეწერა მულტიბრენდების ბუტიკების პოლიტიკაში. ერთი მხრივ, იგი რამოდენიმე ბრენდს წარმოადგენს, ამავე დროს თავის ასორტიმენტს მოარგო შეზღუდულ გამოცემათა ხაზები (Limited edition), რითაც აუდიტორიის „რჩეული“ ნაწილი მოისყიდა. ბუტიკებში ბრენდები ისეა შერჩეული, რომ საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა ყველასთვის არის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი. მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ უგემოვნოდ ჩაცმულის შთაბეჭდილებას დატოვებს. მიუხედავად ამისა, მაინც შეიმჩნევა ბუტიკებისა და ქეისკეტების უმეტესი ნაწილის საქმიან პოლიტიკაში, ვარსკვლავურ სახელებსა და ბრენდების მაღალ პოპულარობაზე ორიენტირება. ჩვენს აუდიტორიაზე ეს სტრატეგია, ალბათ, დიდხანს იქნება მორგებული.

ტოტალური აკრძალვების რთული პერიოდი კიდევ დიდხანს იქნება გახმაურებული ბრენდების მიმართ საზოგადოების ხანგრძლივი და სრულიად გულწრფელი თაყვანისცემის გარანტი, თუმცა თანამედროვე საქართველო ცდილობს რა ჩამოშორდეს თავის არც თუ ისე შორეულ წარსულს და მიზანმიმართულად აგებს ცხოვრების ახალ წესს – ახალ კულტურასა და ახალ მოდას.

კულტურის კვლევების დოქტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ბოგარტის კონტრიბუტორი 2023 წლიდან.