ვესტიმენტარული მოდის თეორია და პრაქტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში
წიგნის ყდა: "ვესტიმენტარული მოდის თეორია და პრაქტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში"
/

ვესტიმენტარული მოდის თეორია და პრაქტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში

წაკითხვა
5 წუთში წასაკითხი

წიგნში „ვესტიმენტარული მოდის თეორია და პრაქტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში“ წარმოდგენილია თანამედროვე ცოდნა მოდის შესახებ, მთელი მისი სირთულეებითა და დახვეწილებით, პოსტსაბჭოთა საქართველოში მოდის პრაქტიკების კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მოდა, როგორც რთული სოციალური და კულტურული ფენომენი, თეორიულად ჯერ არ არის შესწავლილი – არ არსებობს ამ საკითხის ამსახველი ინფორმაციული ბაზაც. ნაშრომი ამ პრობლემის შევსებაზეა მიმართული. წიგნში წამოჭრილი პრობლემის აქტუალობას განაპირობებს პრიორიტეტების შეცვლა თანამედროვე ქართული ტანსაცმლის დიზაინის გააზრებისას, რომელიც უფრო ტევადია, ვიდრე უბრალოდ „ნივთების დამზადების“, ტანსაცმლის კერვის ხელოვნება.

დღეისათვის შეიქმნა მოდის პრაქტიკების ცოდნისადმი ახალი მიდგომების ძიების აუცილებლობა, მათ შორის ძალზე მნიშვნელოვანია მოდის ზოგადი თეორიის შემუშავება. ეს ინტერდისციპლინარული სფეროა, რომელიც მოიცავს ცოდნას კოსტიუმზე სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სხვა მეცნიერებების ჭრილში, ასევე ეხება მარკეტინგულ კვლევებს.

წიგნში ასახულია ქართულ მოდის კონკრეტული კულტურული პრაქტიკები – ტანსაცმლის მოხმარება მისი იდენტურობისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის, აგრეთვე ინდივიდუალობის გამოხატვის კონტექსტში. განხილულია საქართველოში მოდური პროცესის განვითარების საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი; გაანალიზებულია ქართული მოდის ინდუსტრიისა და ბაზრის ეროვნული მოდელის ჩამოყალიბების თანამედროვე სპეციფიკური მახასიათებლები, ძირითადი ტენდენციები და წინააღმდეგობები, ასევე მათში დიზაინერის, როგორც ძირითადი სუბიექტის, ჩართვის პრობლემები.

წიგნში მოცემული პრობლემების შესწავლა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც საკუთარი ნიშნის მოპოვება მსოფლიო ბაზარაზე მოითხოვს საკუთარი სტილისტიკის გააზრებას და შედეგად, საკუთარი კონცეფციის გამომუშავებას (ეს არა მხოლოდ ქართული პრობლემაა, მოდის ბაზრის შესწავლა კულტურის კვლევათა ჭრილში ჯერ სათანადოდ არ არის გაანალიზებული მსოფლიო მეცნიერებაშიც და ამდენად ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს).

დღეს აუცილებელი გახდა განათლების ახალი მიზნების, შინაარსის, ფორმების, მეთოდებისა და საშუალებების გადახედვა და განვითარება. ასევე წიგნში წარმოდგენილია ქართული დიზაინის სწავლების ავტორისეული ხედვა, გააზრებული ქართული სპეციფიკის თვალთახედვით, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. კონცეფცია შემუშავებულია ამერიკული და ევროპული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების განზოგადების საფუძველზე, რომელიც საფუძვლად დაედო ახალი საერთაშორისო დიზაინის სკოლების ფორმირებას; წიგნში შეთავაზებულია რეკომენდაციები და პრაქტიკული რჩევები.

საინტერესოა, რომ თანამედროვე მოდის თეორიის შესაბამისად, სახელმძღვანელოში მოდა განიხილება არა საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურასთან მიმართებაში, როგორც ადრინდელ თეორიებში, არამედ სხვადასხვა იდენტობების (გენდერულ, ასაკობრივ, სუბკულტურულისა და სხვ.) ჭრილში. აქედან გამომდინარე, სფეროებს, რომელთა ცვლილებებია განხილული, განეკუთვნება: ტანსაცმლის მოხმარების კულტურა, სტრატიფიკაციის კონტექსტი, ტანსაცმლის სტილები, ტანსაცმლის სუბკულტურული სტილები, გენდერული კოდები ტანსაცმელში და სხვ. კვლევის აღნიშნული პარადიგმა საშუალებას იძლევა დაისახოს ახალი ეტაპი ტანსაცმლის მოხმარების ინტერპრეტაციაში.

მონოგრაფიის შინაარსი ინოვაციურობით ხასიათდება. სამეცნიერო მოხმარებაში შემოდის ნაკლებად ცნობილი და მოცემულ კონტექსტში გამოუკვლელი წყაროები. თანამედროვე ცოდნა მოდის შესახებ, ამ სფეროს სირთულეებითა და სინატიფით, ორგანულად ეხამება მოდის თეორიის საფუძვლებს და ეყრდნობა ქართული სოციოკულტურული კონტექსტის ფაქტებსა და მაგალითებს. ამ კუთხით დანახული კოსტიუმი წარმოჩნდება როგორც რთული პოლისტრუქტურული სემიოტიკური ნიშანი, რომელიც ითავსებს ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან სოციოკულტურულ და ზნეობრივ-ესთეტიკურ მახასიათებლებს.

მოდის ფენომენის მრავალმნიშვნელოვნებამ განაპირობა მისი შესწავლის განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომები. აქედან წამყვანია – მოდის ფენომენის კვლევა კულტურის კვლევების ჩარჩოში, სადაც კოსტიუმის ინტერპრეტაციას ახდენენ მისი კულტურული როლის მრავალფეროვნების გათვალისწინებითა და მთლიანობაში.

წიგნი სტრუქტურირებულია პრობლემურ-თემატური პრინციპის მიხედვით. მისთვის დამახასიათებელია თანამედროვე „მრავალშრეებიანი“ თხრობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება მკითხველის თეზაურუსის თანმიმდევრულად და სიღრმისეულად ჩამოყალიბება მოდის ფენომენის სფეროში.

მოდისადმი მიძღვნილი სისტემატიზირებული თეორიული მასალის გამოყენება შესაძლებელია როგორც ტანსაცმლის მოდისადმი კვლევებში, ასევე სასწავლო-პედაგოგიურ პრაქტიკაში სახელმძღვანელოებისა და დამხმარე მასალების შექმნისას, კულტურის კვლევების, კულტურის სემიოტიკის, მოდის თეორიის, ისტორიისა და მენეჯმენტის სალექციო კურსებში. მოდის თეორიას, როგორც მეცნიერებას, ეძლევა შანსი საუნივერსიტეტო ჰუმანიტარული ციკლის მოთხოვნადი აკადემიური დისციპლინა გახდეს.

წიგნის თავისებურებაა ისიც, რომ იგი დაწერილია „სასწავლო პროგრამისთვის“, მაგრამ მისი შინაარსი გაცილებით ფართოა, ვიდრე ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამა. შინაარსი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მიმზიდველია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე მოდის, როგორც სოციალურ-კულტურული ფენომენის, საკითხებითა და პრობლემებით. ის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ფართო აუდიტორიისთვისაც. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ მოდის პროცესის სხვადასხვა ასპექტის, ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების საქმის კურსში ყოფნა.

წიგნი იწერებოდა 2011 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში.

კულტურის კვლევების დოქტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ბოგარტის კონტრიბუტორი 2023 წლიდან.