"ეს არის ქოთანი", ლია ბაგრატიონი, 2015 წ.
"ეს არის ქოთანი", ლია ბაგრატიონი, 2015 წ.

ბგერა და სიცარიელე

წაკითხვა
7 წუთში წასაკითხი

მექოთნე, პირველ რიგში, და ყოველთვის, ატყვევებს მოუხელთებელ სიცარიელეს და წარმოადგენს მას, როგორც ტევადს, ჭურჭლის ფორმით. ქოთნის სიცარიელე განსაზღვრავს შემქმნელის ყოველ ნაბიჯს. ჭურჭლის ნივთობა არ მოიაზრება იმ მასალაში, რისგანაც იგი შეიქმნა – არამედ სიცარიელეში, რომელსაც ის იკავებს – ნუთუ ქოთანი მართლა ცარიელია?!

მარტინ ჰაიდეგერი

ტრადიციული რელიგიური თვალსაზრისით ღმერთი, როგორც ასეთი, ყველგან მყოფადი, ყოვლის მომცველი ძალა, ენერგიაა, რომელიც არ გამოითქმის, ანუ ის სცილდება ყოველგვარ სიტყვა-ბგერას და ის არსებობს ყველაფრის მიღმა. და მისი მყოფობაში არსებობს ყველაფერი. ის, ასე ვთქვათ, ბგერაა, რომელსაც აქვს ერთგვარი ჟღერადობა, რომელშიც აღმოცენდება ყოველივე და ამ ყოველივეს შემადგენლობაში არსებული საგნები, თავის მხრივ, თითოეული თავისებურად ჟღერს, თუმცა უკვე ვიწრო, ჩარჩოებში მოქცეული.

ყველა საგანს საკუთარი, კონკრეტული ბგერა გააჩნია. ხოლო ყოველი ბგერა ერთგვარად გამოხატავს საგნის არსს, ისევე, როგორც ყოველი საგანის არსს და მიზეზს გამოხატავს ის ღვთაებრივი ენერგია, რომლისგანაც გაჩნდა და ინარჩუნებს არსებობას. ბგერა უხილავია და მისი შეგრძნება შეგვიძლია მხოლოდ იმ მომენტში როდესაც მას ყურადღებას მივაპყრობთ – „ღმერთი იქ არის, რაზეც კონცენტრირებულნი ვართ“. ბგერა, რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ ღმერთის საუკეთესო „მოდელად“, არსებობს ყველგან, თითოეულ საგანში და თავად ამ საგნებით გამოიხატება. ხოლო თავად ეს საგნები არსებობენ თავისივე ბგერებში. საგნები ქმნიან სივრცეს და ამგვარად, ბგერაც იფანტება სივრცეში. ბგერის სივრცესთან მიმართება საბოლოოდ ქმნის სამყაროს მთლიან ჟღერადობას.

ბგერისა და სივრცის ჟღერადობას იკვლევდა ჯონ ქეიჯი, რომლის შემოქმედებაშიც ეს ნათლად ჩანს. იგი სიჩუმის სივრცით გააზრებას დიდ დროს უთმობდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სივრცულობა, როგორც სამყაროს არქიტექტონიკურ-პლასტიკური და ტოპოლოგიური აღქმის მომენტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავანგარდულ მუსიკაში – ეს კიდევ უფრო ზრდის მუსიკალური და ე.წ. პლასტიკურ-სახვითი ხელოვნების პარალელების მნიშვნელობას. სიჩუმე, როგორც სივრცე, რომელიც უკვე „დაავადებულია” ბგერებით და პირიქით. სიჩუმესა და ბგერას შორის ურთიერთობა ხდება უფრო კომპლექსური. კეიჯისთვის უკვე აღარაა საკმარისი იმის მტკიცება, რომ სიჩუმე და ბგერა ერთმანეთზეა დამოკიდებული, არც იმის, ბგერა რომ იბადება სიჩუმისგან. კეიჯი ატრიალებს იდეას: სიჩუმე ჟღერს ბგერებში. სიჩუმე ხდება უფრო აშკარა, როდესაც მისი ნაკვალევი ხმებში შეიმჩნევა. „- მუსიკა უკვე ფლობს უხმობას (სიჩუმეს)” – წერს კეიჯი.

ისევე, როგორც ყოველი სიჩუმე შემოსაზღვრულია ბგერებით და თავად ბგერის ფორმას აყალიბებს, ასევე სიცარიელე – სივრცე შემოფარგლულია მატერიით, რომელიც თავის მხრივ, მოქცეულია სიცარიელეში. თუკი სიცარიელე სიჩუმის სინონიმია, ხოლო ბგერა – მატერიის, ვიტყოდი, რომ ბგერას აქვს საგნის ფორმა, ფორმირებული სიცარიელით – სიჩუმით. ეს ჩანს ნებისმიერ საგანში. ამ თემის თვალსაზრისით საინტერესოა ქართველი არტისტის – ლია ბაგრატიონის ერთ-ერთ ინსტალაცია – „ეს არის ქოთანი”.

"ეს არის ქოთანი", ლია ბაგრატიონი, 2015 წ.
“ეს არის ქოთანი”, ლია ბაგრატიონი, 2015 წ.

აქ მოცემულია მატერია, როგორც ინფორმაცია სივრცის, რომელიც მატერიაში არსებობს. ჩნდება კითხვა – არსებობს თუ არა სივრცე, როგორც სიცარიელე, იქნებ მატერიაა სიცარიელე – უსაზრისობა, რომელსაც მნიშვნელობას სძენს შიგთავსი – სივრცის ფორმა, რომელიც მოქცეულია მატერიაში.

ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს მასში არსებული სიცარიელე ქმნის.

ლაო-ძი

სამყაროს არ ექნებოდა ჟღერადობა, როგორც მატერიის არსებობის გამამართლებელი, რომ არა მასში არსებული სივრცე-სიცარიელე, სადაც იბადება და მოძრაობს ბგერა. მარტივი მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც ვიოლინო ან გიტარა, რომელთა ჟღერადობასაც მათ მუცელში არსებული სივრცე განაპირობებს. რომ არა ეს სივრცე, მათ მატერიალურ ფორმას ფუნქცია დაეკარგებოდა.

შემთხვევით არაა ის, რომ ზუსტად ამავე პერიოდში – მე-20 საუკუნეში გაჩნდა ფსიქოანალიზის მიმართულება, რომლის ძირითად კვლევის საგანს წარმოადგენს არაცნობიერი ფსიქიკური პროცესები ადამიანში. მასში არსებული არქეტიპული თუ დალექილი ინფორმაცია, რომლიც თავად ამ ადამიანისთვის უცნობი და არარსებულია, ახდენს გავლენას მის ზედაპირულ ემოციებზე, გამოვლინდება სხვადასხვა ფორმით და თავად აყალიბებს გარკვეულ ფორმად ადამიანს. ზუსტად შინაგანი განსაზღვრავს გარეგანს და თავის მხრივ, გარეგანი პრეზენტირებს შინაგანს, იმას რაც დაფარული, უხილავია.

სივრცისა და ბგერის ურთიერთობა ეს მოძრაობაა, ერთგვარი პროცესი, სადაც არ არსებობს დასაწყისი და დასასრული(როგორც ბგერის, ისე სივრცის) არსებობს მხოლოდ დროის მონაკვეთი, რომელშიც ბგერა ჟღერს და ეს ჟღერადობა აერთიანებს სივრცეს (საგნებითურთ) დროსთან მიმართებით. ეს ერთიანი უწყვეტი ხაზია, სადაც ბუნება (გარემო) მუდმივად ინტერპრეტირებს და ავლენს ბგერათა უსასრულო ვარიაციებს, რაც შესანიშნავად ასახა მე-20 საუკუნის ფრანგმა მხატვარმა ივ კლაინმა თავს მონოქრომულ სიმფონიაში, რომელიც 20 წუთის განმავლობაში ერთი გაბმული ნოტისგან შედგება. მთელი ეს ბგერა და მისი ჟღერადობა კი ყოველ წამს და წამის მეასედში უნიკალურია და თავის მთლიანობაში პარადოქსულად, ერთდროულად ავლენს მრავალსახოვნებას და უსასრულოდ ინტერპრეტირებს მუსიკად ფორმირებულ საკუთარ თავს.

სწორედ რომ მინიმალიზმშია თავმოყრილი მთელი კოსმიური ენერგია, მხოლოდ ერთი, მინუს უსასრულო წერტილი, რომლის დიდი აფეთქებით იქმნება პლიუს უსასრულო სამყარო. მეოცე საუკუნე კი, რომელიც სავსე იყო „ათეისტი” ხელოვანებით, ისე, როგორც არასდროს მიუახლოვდნენ ღმერთის, როგორც საზრისის ნიშნებს, ხშირ შემთხვევაში თვითონაც ვერ აცნობიერებდნენ ამას. ეს კი ყველაზე კარგად ვიზუალური ხელოვნების თვალსაზრისით სუპრემატისტულ და მონოქრომულ აბსტრაქციებში გამოვლინდა. სადაც მაქსიმალურად დაცალეს „ზედმეტი” ფერისა და ფორმისგან გამოსახულება, საგანი და გზა მისცეს ერთადერთობას, როგორც უნიკალურობის ხატს, უნიკალურობა კი თავის თავში მოიაზრებს უსასრულობას – მთელ სამყაროს, რომელშიც არსებობს, ამ ერთ უძრავ წერტილში უყრის თავს და იწყება დაუსრულებელი ინტერპრეტაცია – წმინდა შემოქმედება.

ღმერთის უარყოფით ღმერთის ძიება მთავარი, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ხაზია მე-20 საუკუნის ხელოვანთათვის.

ისინი ქმნიდნენ ხატებს ხატების მსხვრევით, მათი ნამუშევარები ერთგვარად წარმოადგენდა იკონურ, საკრალურ სახეს, შინაგანი წიაღიდან, თანადროულობიდან დაბადებულს – ეს იქმნებოდა აქ და ახლა და არ მოიძებნებოდა ანალოგი. თავად ეს ხატ-სახეები, რომლებიც მხოლოდ თავიანთ თავს პრეზენტირებდნენ და წარმოადგენდნენ თავისთავადობის აბსოლუტურ სახეს, სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ტრადიციულ, ფორმებამდე დაყვანილი საკრალური დანიშნულებისა და შინაარსის მქონე გამოსახულებებთან. ხელოვანთა ეს მინიმალისტური, უსაგნო შემოქმედება თავად წარმოადგენდა არა სიმბოლოსა და ნიშანს, არამედ თავისივე თავის ხატებას, თავად იყო აღსანიშნი, აღმნიშვნელიც და აღნიშნულიც. ხელოვანები ამსხვრევდნენ ყოველგვარ ფორმებს და ეძებდნინ მათ წიაღში ღვთაებრივ, ყოვლისმომცველ სიცარიელეს.

კაზიმირ მალევიჩის ცნობილი ნამუშევარი – „შავი კვადრატი” შესანიშნავი მაგალითია ზემოთ თქმულთან მიმართებაში. ეს არის ფორმა და ფერი, რომელიც თავის თავში აბრუნებს მისსავე მყოფადობას. ავტორმა (თითქოს გაუცნობიერებლად) თავისი დროის, ეპოქისა და ადამიანის მდგომარეობის შიგთავსი გამოსახა და ამით მან დაამარცხა ყოველივე გარეგანი – ის, რაც დღის შუქზე ჩანს, ჩააქრო თავად შუქი, რომელსაც არ ძალუძს შეაღწიოს გარსში – ეს არის მზეზე გამარჯვება (ოქროსფერი – შავი, წრე-კვადრატი, სინათლე-სიბნელე…). მზე კი ჩაანაცვლა ნათურამ, რომელმაც, თავის მხრივ, დაამარცხა ღამე.

ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგი. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი. რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მაგისტრი. ბოგარტის კონტრიბუტორი 2023 წლიდან.