პოპ-არტის აღზევება: კულტურული რევოლუცია

პოპ-არტის აღზევება: კულტურული რევოლუცია

წაკითხვა
9 წუთში წასაკითხი

გასული საუკუნის 50-60-იანი წლების პერიოდი აღინიშნება მასობრივი კულტურის საკითხებისა და ინტერესების ზრდით, რა დროსაც გარიჟრაჟზე შემოდის მიმდინარეობა „პოპ-არტი“.

დღეს რეკლამა ჩვენს ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, სარეკლამო შეტყობინებები თითქოს მუდამ თან სდევს. წარმოების, ვაჭრობის, მასმედიის განვითარებასთან ერთად XX საუკუნის შუა ხანაში დასავლურ სამყაროში მასობრივი სამომხმარებლო საზოგადოება ყალიბდება, რომლის ვითარებაშიც ჩნდება ხელოვნების ახალი მიმართულება – Pop Art.

პოპ-არტის აღზევება: კულტურული რევოლუცია
Rick L-ის ფოტო Unsplash-დან

თუ ვინმე მკითხავს, ხელოვნების რომელი მიმართულებაა ყველაზე საკამათო, ეპატაჟური, რომელსაც შეუძლია ყოფითისა და ამაღლებულის ერთ დონეზე დაყენება, მასობრივი და ინდივიდუალური, უნიკალური და შელახული… – უყოყმანოდ პოპ-არტს დავასახელებ. პოპ-არტი იდეებს გარშემო არსებული სამყაროდან იღებდა. ეს მხატვრული სტილი განსხვავებულია ყველა დანარჩენისგან, რადგან არასდროს შეცვლილა საზოგადოება მსგავსი სისწრაფით, როგორც XX საუკუნეში.

ალბათ, პოპ-არტი ყველაზე საკამათოა ადრე არსებული სტილებიდან, პირველ რიგში, ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სადაც ერთ დონეზე შეიძლება იყოს ყოფითი და ამაღლებული, მეორეს მხრივ, ის აერთიანებს სამოციანების თავისუფალ სულსა და მატერიალური კეთილდღეობის კაპიტალისტურ იდეას.

ვინაიდან XXI საუკუნეში სამომხმარებლო საზოგადოება აგრძელებს განვითარებას, პოპ-არტი კლასიკად ყალიბდება. კონკურენციის სწრაფი ზრდის გამო სარეკლამო შეტყობინებებიც მუდმივად იცვლება და უმჯობესდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრენდების შექმნის ისტორია მაშინ იქმნება, როდესაც პოპ-არტი ჯერ კიდევ არც არსებობდა. დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ პოპ-არტის გამოხატვის ხერხები თანამედროვეობაშიც გვხვდება. მაგალითად: გრაფიკულ პროექტებში, სარეკლამო პლაკატებზე, აფიშებსა და ინტერიერის დიზაინში. სეირნობისას შეიძლება გამვლელი შეგვხვდეს, რომელსაც სამოსზე პოპ-არტის პრინტი აქვს და რასაც პოპ-არტს ვერ წავართმევთ, – ეს სწორედ რომ გამორჩეული სტილია.

როგორც მოვაჭრეებს და მეწარმეებს სჭირდებათ ყურადღება პოტენციური მყიდველებისგან, ასევე მხატვრებს უწევთ ახალი ფორმების, მასალებისა და ნებისმიერი ხერხებისთვის დევნა, საზოგადოების ყურადღების მოსაპყრობად.

აღვნიშნავ იმასაც, რომ განსხვავებით სხვა ხელოვნების სტილებისგან, რომლებიც რეკლამაზე მოქმედებდა (რეკლამა მოდერნის და არტ-დეკოს სტილებში), პოპ-არტი მხატვრული სტილია, რომელიც განვითარდა „სამომხმარებლო საზოგადოებისა“ და „მასობრივი საზოგადეობის“ შედეგად. ასევე რეკლამას თუ დავანებებთ თავს, ხელოვნების მხრივ ეს მიმართულება აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის რეაქციაა, რომელიც მოხმარების პროდუქტებს იყენებს ნამშევრების შესაქმნელად. პოპ-არტმა „ააფეთქა“ ჯერ ამერიკა, შემდეგ კი მთელი მსოფლიო და მოახდინა გავლენა სხვა ქვეყნების ხელოვნებაზეც.

ტერმინი „პოპ-არტი“ პირველად ინგლისელი კრიტიკოსის, ლოურენს ალოუის (1926-1990), სტატიაში გამოჩნდა:

მაშინ ამ კონცეფციას იმ გაგებით არ ვიყენებდი, რომელიც დღეს აქვს. მე გამოვიყენე ეს სიტყვა „პოპ-კულტურის“ ტერმინის დონეზე, მასობრივი ინფორმაციის პროდუქტების დასახასიათებლად და არა ხელოვნების ნაწარმოებებისთვის, რომლებისთვისაც ამ „ხალხური კულტურის“ ელემენტები იყო გამოყენებული.

ყველა შემთხვევაში, ეს მნიშვნელობა სადღაც 1954-1955 წლებსა და 1957 წელს შორის შემოვიდა. სახვითი ენა უჩვეულო, პარადოქსული იყო. მასში თითქოს ცინიზმი იდო იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ხალხი სილამაზედ, სულიერებად, მხატვრულ შემოქმედებად აღიქვამდა.

არსებობს ვერსია, რომ პოპ-არტი შემთხვევით შეიქმნა. როი ლიხტენშტაინთან უმცროსი შვილი კომიქსების წიგნით ხელში მივიდა და სთხოვა, მამას წიგნისგან რაიმე სასაცილო გაეკეთებინა. როიმ დაათვალიერა უაზრო სურათები და მოიფიქრა მათი უზარმაზარ ზომამდე გაზრდა. ასე დაიწყო მან საკუთარი სურათების შექმნა, რომლებიც მომავალში გიჟური პოპულარულობით სარგებლობდა.

როი ლიხტენშტეინი (1923-1997) იყო ამერიკელი მხატვარი და პოპ-არტის მიმდინარეობის წამყვანი ფიგურა. იგი ცნობილია თავისი ნახატებითა და სკულპტურებით, რომლებიც აერთიანებს გრაფიკულ ნაწარმოებებსა და სარეკლამო სურათებს თამამი ხაზებით, ძირითადი ფერებითა და ბენ-დეის წერტილებით.

სხვა ვერსიის მიხედვით, პოპ-არტის საწყისად რიჩარდ ჰამილტონის სურათი-კოლაჟი დაედო – „მაშ, რა ხდის თანამედროვე სახლებს ასეთ უჩვეულო და მიმზიდველს?“.

„მაშ, რა ხდის თანამედროვე სახლებს ასეთ უჩვეულო და მიმზიდველს?“ | რიჩარდ ჰემილტონის კოლაჟი
„მაშ, რა ხდის თანამედროვე სახლებს ასეთ უჩვეულო და მიმზიდველს?“ | რიჩარდ ჰემილტონის კოლაჟი

რიჩარდ ჰამილტონი (1922-2011) იყო ბრიტანელი არტისტი და პოპ-არტის მიმდინარეობის წამყვანი ფიგურა 1950-1960-იან წლებში. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ჰამილტონი იკვლევდა მასმედიას, ტექნოლოგიას, სამომხმარებლო კულტურასა და პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებს.

სარეკლამო გვერდებიდან ინტერიერში მაგნიტოფონი (რაც საინტერესოა, შავ-თეთრადაა წარმოდგენილი, ალბათ, წარსულს მიბარებული?!), ტელევიზორი და გაზეთი, კედლებზე სურათების მაგივრად – კომიქსის გადიდებული ფრაგმენტია. ფანჯრიდან კინოთეატრი ჩანს. ცენტრალური ფიგურა კულტურიზმის რეკლამიდანაა ამოჭრილი, ქალის ფიგურაც „გინდა გახდომა? მკითხე როგორ.“-ს გაიძახის. რეალური სამყაროს სახე გამოდევნილია, სადაც მასობრივი კულტურის იმიჯის ფიქტიური კრებულია. ცხოვრება ზღაპრად იქცევა რეკლამის მეშვეობით.

პოპ-არტი ის ხელოვნებაა, რომელიც ტრადიციებსა და ნორმებს უარყოფს.

პოპულარული, ხანმოკლე, იაფფასიანი, მასობრივი, ახალგაზრდა, გონებამახვილი, სექსუალური, ხუმარა, მშვენიერი და დიდი ბიზნესი.

რიჩარდ ჰამილტონი

პოპ-არტმა დააბრუნა ხელოვნებაში საგანი, რომელიც „ქრდებოდა“ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის დროიდან. თუმცა საგანი, როგორც ასეთი, ახალი რეალიზმის დროს, 1950-იან წლებში ისევ ჩნდება, სადაც გამოიყენება ყოფითი, გამოყენებული, სამომხმარეობლა საგნები, თუმცა ახალი რეალიზმის სემანტიკა სრულებით განსხვავებულია პოპ-არტთან, მაგრამ შეიძლება ზოგადი იდეა მაინც დავაკავშიროთ ამ მიმდინარეობასთან.

პოპ-არტი უზარმაზარი თემაა, რომელიც ხან ერთი მხრიდან შეიძლება განმარტო, ხან მეორედან, ხან მესამედან… მასში ბევრი რამის პოვნა და განშტოება შეიძლება. ამიტომ გასაგებია, რომ კრიტიკა ამ ხელოვნების მიმართ განსხვავდებოდა: ზოგისთვის მიუღებელი იყო გათანამედროებული ნატურალიზმის ფორმები, ზოგისთვის ეს ეტაპი ხელოვნების განვითარებად მიიჩნეოდა – როგორც ყოველი ახალი იდეის გარშემო ხდება ხოლმე, აზრები ყოველთვის იყოფა, მსგავსი ხომ იმპრესიონიზმის დროსაც მომხდარა…

პოპ-არტის დემოკრატიზმს კრიტიკოსები იმაში ხედავდნენ, რომ მაყურებელს შეეძლო ნამუშევრის თანამონაწილე ყოფილიყო, თუკი ნაშრომის სათანადოდ გათავისება და საკუთარი თავის სარკეში დანახვა შეეძლო (მსგავსი რამ დავით კაკაბაძემ „კონსტრუქციულ კომპოზიციაში“ გამოიყენა, სადაც სარკეში არეკლილი მაყურებელი ნამუშევრის თანამონაწილე ხდება), ანუ იღებს მონაწილეობას შეთავაზებულ თამაშში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკაში დიდი სოციალური ფენა ჩამოყალიბდა, რომელიც საკმაოდ დიდ ფულს შოულობდა იმისათვის, რათა მათთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი პროდუქტები შეეძინა. მაგალითად, Coca-Cola ან Levi’s-ის ჯინსი მნიშვნელოვან ატრიბუტად ხდება ამ საზოგადოებაში.

მოსწავლესაც და აშშ-ს პრეზიდენტსაც შეუძლიათ კოკა-კოლის დალევა, ორივე შემთხვევაში, მას ერთი გემო და ფორმა ექნება.

ენდი უორჰოლი

კვალვ შეგვიძლია მივუბრუნდეთ ამაღლებულისა და ყოფითის გათანაბრებას. მოხმარების პროდუქტი ყველასათვის ერთია. ამა თუ იმ პროდუქტის გამოყენებისას ადამიანი გვიჩვენებს საკუთარ კუთვნილებას გარკვეულ სოციალურ ფენასთან – ასე ფორმირდებოდა მასობრივი კულტურა. პოპ-ხელოვნება აუცილებლად იყენებს ამ სტერეოტიპებსა და სიმბოლოებს.

პოპ-არტის თეორიული შემუშავება ინგლისში, 1952-1955 წლებში წარმოიშვა, როდესაც ლონდონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში შეიქმნა არქიტექტორთა, მხატვართა, კრიტიკოსთა „დამოუკიდებელი ჯგუფი“, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ რიჩარდ ჰამილტონი, ედუარდო პაოლოცი და როი ლიხტენშტაინი. მოგვიანებით, მათ შეუერთდნენ სხვებიც. პოპ-არტისტები წინამორბედებად სამართლიანად თვლიდნენ მარსელ დიუშანს და მის „რედიმეიდს“, დადაისტ კურტ შვიტერსს, ნაწილობრივ ფერნანდ ლეჟეს მისივე „მანქანური რომანტიზაციით“. პოპ-არტისტები შთაგონებას ეძებდნენ ბანალურ და ტრივიალურ ნივთებში, მოვლენებში, ჟესტებში, გარემოში, ჰოლივუდურ თრილერებში, პოპულარულ „ვარსკვლავებში“, გაზეთებსა და ჟურნალის ფოტოებში, ამერიკულ ცხოვრებისეულ სტანდარტში, რომელიც ტექნიკურ პროგრესზე იყო დაფუძნებული… ერთი სიტყვით, ყველაფერში, რაც შეიძლება XX საუკუნის, ევრო-ამერიკელი მცხოვრების ფსევდოსულიერ საკვებში შეგვხვდეს. ამ ყველაფრის საფუძველზე პოპ-არტისტები ქმნიდნენ საკუთარ ნამუშევრებს თამაშითა და მასობრივი სტერეოტიპული აზრებით. ადრეული ნამუშევრები კოლაჟის ტექნიკაში იქმნებოდა ან ტრადიციული ფერწერით და კოლაჟის ელემენტებით მუშავდებოდა. თუმცა, სამომავლოდ გამოყენებული მასალები და ტექნიკა საგრძნობლად იზრდება და რთულდება.

Madison Avenue, 1962 © Arman
Madison Avenue, 1962 © Arman

ტრადიციულ ფერწერაში აქტიურად ინერგება გარე ელემენტებიც, როგორებიცაა თაბაშირის ფრაგმენტები, ფოტოები, მანქანის დეტალები. იქმნება პოპ-ქანდაკებები, ობიექტები, ასამბლიაჟები, ინსტალაციები, რომლებშიც გამოიყენება სხვადასხვა მასალა, მათ შორის გამოყენებულია ნივთებიც, როგორც ახალი რეალიზმის მიმდევრები იყენებდნენ „მეორეულ“ ნივთებს, მაგალითად, არმანის “Madison avenue, accumulation d’escarpins”. იგი ყოველდღიური საგნებიდან ადგენს მათი მფლობელის „პორტრეტს“, რომელიც მისთვის სახასიათო ჩვევების ამსახველია.

ფეხსაცმელზე მახსენდება სალვადორ დალის ფეხსაცმლის ფორმის ქუდი, რომელიც მან საკუთარი ცოლისთვის შექმნა. შეიძლება ითქვას, მან რამდენადმე წინ გაუსწრო მოვლენებს და თუკი სხვები სამოსს, ფეხსაცმელს და სხვა გამოყენებულ ნივთებს ნამუშევრის შესაქმნელად გადადებდნენ, სალვადორ დალიმ ფორმა ქუდად გამოიყენა, როგორც დღეს მრავალ საგანს მოდის შექმნის შთაგონებად იყენებენ. თანამედროვეობაში ფეხსაცმელი არანაკლებ როლს თამაშობს და ზოგჯერ იმ საგანს წარმოადგენს, რომელიც სწორედ რომ ქალურობის სიმბოლოს ასახავს. ამის ნიშნად მსოფლიოში სხვადასხვა ქანდაკებებიც შექმნილა.

პოპ-არტის მხატვრები არ ისაზღვრებიან მხოლოდ სტატიკური კომპოზიციებით, ისინი პოპ-არტისტულ ქმედებებსაც ახორციელებენ, როგორიც ჰეფენინგია.

საერთო ჯამში, პოპ-არტმა შეაჯამა სახვითი ხელოვნების ტრადიციული ხედვა და მიიყვანა ის ლოგიკურ დასრულებამდე, პარალელურად კი გაუხსნა გზა პრინციპულად ახალ მხატვრულ პრაქტიკებს, რომლებიც სხვადასხვა სივრცეებს იყენებს და ითვისებს ვიზუალურად აღსაქმელი ფორმებისა და საგნების დახმარებით.

სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრატორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრი. ბოგარტის კონტრიბუტორი 2023 წლიდან.