ბრიჯიტ ბარდო 1958 წელს ვენეციის კინოფესტივალზე. ვენეცია, იტალია, 1958 წ.
ბრიჯიტ ბარდო 1958 წელს ვენეციის კინოფესტივალზე. ვენეცია, იტალია, 1958 წ.
/

მოდა კინოში: Et Dieu… créa la femme

წაკითხვა
5 წუთში წასაკითხი

ბარდო ნაპერწკალი იყო, რომელმაც 50-იანების ბოლოს დაიწყო გიზგიზი და „ახალი ტალღა“ ეწოდა.[1]

როჟე ვადიმის 1956 წლის მელოდრამაში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ (ფრ.: Et Dieu… créa la femme) ბრიჯიტ ბარდო (Juliette) ფრანგულ რივიერაზე, სათევზაო სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალია, რომლის დამოუკიდებლობა, სექსუალური მადა და სითამამე გარემოცვაში სკანდალს იწვევს. 1956 წლისთვის ფილმმა ერთგვარი კოტრავერსული სექსუალური პოლიტიკა გაატარა.

ადამიანები ხშირად ფიქრობდნენ, რომ ის შიშველი იყო, როცა ასე არ ყოფილა.

როჟე ვადიმი

ბარდოს გმირმა „თავქარიანი“ იმიჯით მიიქცია ყურადღება: მუდამ ფეხშიშველა, აჩეჩილი თმით, ტილოს კაბებით, ტოპებით და ტრაპეცია ფორმის ქვედაბოლოებით, რომელთა დიზაინზეც პიერ ბალმეინმა იზრუნა (დიზაინერმა თავისი ხელწერა მოარგო ბარდოს შემდეგ ფილმსაც „პარიზელი“ (La Parisienne, Michel Boisrond, 1957).

ბრიჯიტ ბარდო და ჟან-ლუი ტრენტინიანი ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“
ბრიჯიტ ბარდო და ჟან-ლუი ტრენტინიანი ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ © Cocinar

ბალმეინის მოდის სახლი მუდამ ფემინურობისა და სექსუალობის გამომხატველი იყო. ბარდოს პერსონაჟის ხასიათსა და ცხოვრების წესს გამოკვეთს ქვიშის საათის ფორმის კაბები, წელზე მომდგარი ქვედაბოლოები და დიდი ზომის მაისურები შიშველ ტანზე. ბარდოს მსგავსად, ბალმეინის კოსტიუმებიც ნაზი იყო, მაგრამ არა ზედმეტად სექსუალური, თითქოს ქალში მიამიტობის განცდას ტოვებდა.[2]

დევიდ ტომპსონი წერდა, რომ სანაპიროზე ბარდოს ბიკინით წოლამ ქალის თეთრეულის მიმართ ომის შემდგომ ევროპაში არსებული სიმკაცრე ერთგვარად მოალბო.[3] მისი მეუღლე და ფილმის რეჟისორი ვადიმი თვლიდა, რომ ბარდო სხვა განზომილებიდან იყო – ქალი, რომელსაც ხალხი თვალს უბრალოდ ვერ წყვეტდა. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოს „ადამიანურობისგან“ შორს იყო, იმ პერიოდისთვის მაინც ყველაზე „რეალური“ აღმოჩნდა.

კაბა უნდა მიჰყვებოდეს ქალის სხეულს და არა პირიქით: სხეული მიჰყვებოდეს კაბის ფორმას.

იუბერ დე ჟივანში

მან გაბედა, ყოფილიყო საკუთარი თავი: არა შეზღუდული და გაცილებით მარტივი ცხოვრების მოყვარული, რაც ბევრი ქალის შინაგან სურვილს წარმოადგენდა – საზოგადოებისგან უარყოფილ სურვილს. მის გმირს უბრალოდ სურდა, ყოფილიყო ბედნიერი და გულუბრყვილოდ სჯეროდა კაცების მხრიდან მისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯის. ის ინსტიქტურად, იმპულსურად მოქმედებს და ამიტომაც საკმაოდ გულწრფელია. როცა არ ფიქრობ იმაზე, როგორ ჩაიცვა, როგორ მოერგო სოციუმის სტანდარტებს და რა აფიქრებინო გარშემომყოფებს, მხოლოდ მაშინ ახდენ საკუთარ თავზე სწორ ფოკუსირებას, მხოლოდ მაშინ ფიქრობ, რა გინდა თავად ან ვინ ხარ რეალურად. ჟულიეტის ხასიათი და პიროვნული დამოკიდებულებები, შესაბამისად, მის სამოსშიც იჩენს თავს. მას არ რცხვენია სიშიშვლის და არც ყალბია: ტანისამოსი არ ატარებს მას, ის თავად წარმოაჩენს სამოსს.

ბრიჯიტ ბარდო ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“
ბრიჯიტ ბარდო ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ © Cocinar

სიმონ დე ბოვუარი ბარდოს მიმართ მიძღვნილ ესსეში – „ბრიჯიტ ბარდო და ლოლიტას სინდრომი“ – აყალიბებს აზრს, რომელიც მისი პერსონაჟისთვისაც რელევანტურია: „მას საერთოდ არ აღელვებს ხალხის აზრი. არ ცდილობს სკანდალის მოხდენას. არ აქვს არანაირი მოთხოვნები. ის არაა მეტად გაცნობიერებული თავის უფლებებში, როგორც მოვალეობებში. ის მიჰყვება თავის მიდრეკილებებს… არ სვამს კითხვებს, მაგრამ ამბობს პასუხებს და მისი გულწრფელობა შესაძლოა გადამდები იყოს“[4]. შეიძლება ითქვას, რომ ცენზურასა და მორალის დამცველებს ჟულიეტის ეშინიათ, იმიტომ, რომ ის გათავისუფლებულია და დამოუკიდებელი ქალის არსებობას ამტკიცებს.

ადამიანებმა უნდა დაინახონ კაბა, მაგრამ ფოკუსირდნენ ქალზე.

ვერა ვანგი

წინა მხარეს მთლიანად ღილებით შეკრული კაბა კლასიკადაა წოდებული, რომელიც მოდიდან არ გადადის, ისევე, როგორც ღილებიანი ქვედაბოლო, რომელიც კულმინაციურ კადრში, ბარში ცეკვის დროს აცვია. მოძრაობასთან ერთად კაბის ღილები იხსნება და ფეხები უფრო და უფრო უკეთ მოსჩანს: ისევე, როგორც მისი ცეკვა – რიტმის მატებასთან ერთად უფრო და უფრო თავისუფალი ხდება. ამ ფილმმა, როგორც მსახიობის პირველმა ეკრანულმა წარმატებამ, სწორედ ერთდროულად უმანკო და სექსუალური სამოსით დაბადა ბრიჯიტ ბარდოს მითი.

მან მოახდინა ისეთი რამის რეპრეზენტირება, რასაც მანამდე საზოგადოებასა და მოდაში ადგილი არ ჰქონია: ეს იყო „ახალგაზრდა გოგონა/Jeune Fille“

მოდის ისტორიკოსი ნიკოლ პარო[5]

პიერ ბალმეინის მარტივი, ელეგანტური ხაზები ჟულიეტის სილუეტს გამოკვეთს, მაგრამ გარკვეული ფანტაზიის საბაბსაც ტოვებს. წვიმის თხელი მანტო, რომელიც მას გზაზე, ავტობუსის მოლოდინში აცვია, მოდის სამყაროში გარდერობის აუცილებელ ნივთადაა დამკვიდრებული, ნებისმიერი ადგილისა და სეზონისთვის. ტანზე მომდგარი, მუხლებამდე სიგრძის ქვედაბოლო კი იმაზე მეტად იქცევს ყურადღებას, ვიდრე მინი კაბა.

ფრანგ დიზაინერს, პიერ ბალმეინს სჯეროდა, რომ „ტანისამოსის შექმნა სხეულის მოძრაობის არქიტექტურაა“. თავად მართლაც არქიტექტურაზე სწავლობდა და ეს განათლება მომავალში დიზაინის ხელოვნებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოიყენა. ის თითქოს „აპროექტებდა“ სამოსს ქალის სხეულზე. ხშირად ამბობდა კიდეც, რომ „კაბაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე კონსტრუქცია.“ ელეგანტურობის მიღწევის საუკეთესო გზად კი სიმარტივეს მიიჩნევდა. სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს, „მარტივი ელეგანტურობა“ ჟულიეტის სტილის მთავარ დახასიათებად იკვეთება. „პიერ ბალმეინის მარადიული ნატიფი სტილი, რომელიც ეკრანზე აქტიურად ცოცხლდებოდა, დღემდე ისეთივე აქტუალურია, როგორც გასული 60-ოდე წლის წინ.“[6]

სამწუხაროდ, ბრიჯიტის, როგორც ემანსიპირებული ქალის იმიჯის სოციო-კულტურული კონტექსტი საბოლოოდ მაინც გადაიფარა, რადგანაც სკანდალურმა წარმატებამ ის ეროტიკულ სიმბოლოდ უფრო აქცია, ვიდრე დამოუკიდებელი და თავისუფალი ქალის ემბლემად[7]. ეს ალბათ პატრიარქალურ მსოფლმხედველობაში ფესვგადგმული დამოკიდებულებების პოპულარობამ განაპირობა, რომელიც ხშირად ყველაფერ ჯანსაღ გაგებას „ერჩის“, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე ქალის პირად ცხოვრებას ეხება.

ბრიჯიტ ბარდო ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ © Cocinar
ბრიჯიტ ბარდო ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ © Cocinar

[1] David Schoenbrun. Paris in Sixties: The great Upsurge. Esquire, February 1962, 82-84; 134-135

[2] Collen Hill. Paris Refashioned 1957-1968

[3] https://www.criterion.com/current/posts/80-and-god-created-woman

[4] Simone de Beauvoir. 1959. Brigitte Bardot and the Lolita Syndrome https://www.scribd.com/doc/106130845/Simone-de-Beauvoir-Brigitte-Bardot-and-the-Lolita-Syndrome-1959

[5] http://classiq.me/style-brigitte-bardot-in-and-god-created-woman

[6] http://www.fashionencyclopedia.com/Ba-Bo/Balmain-Pierre.html

[7] თეო ხატიაშვილი. “ახალი ტალღები“ 50-60-იანი წლების დასავლურ კინოში.