ქაღალდები © თამარ ნადირაძე, 2022
ქაღალდები © თამარ ნადირაძე, 2022

თამარ ნადირაძე: ანარეკლები და ცვალებადი „პეიზაჟები“ ადამიანის ცხოვრებაში

წაკითხვა
8 წუთში წასაკითხი

თამარ ნადირაძის ნამუშევრებში მთავარი ხაზი ყოველთვის ადამიანია, როგორც მთავარი გმირი, რომლის გარშემოც ვითარდება მოვლენები და მისი დაკვირვების საგანი გმირის, როგორც ობიექტის განზოგადება და საერთო გამოცდილების გაზიარებაა. სიუჟეტები ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმიანება და მნიშვნელოვან საკითხებზე რეაგირების მცდელობებია, რომელიც სხვადასხვა აბსურდულ მიზანსცენად თამაშდება. ავტორისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად კონკრეტული მოვლენა, რამდენადაც ადამიანების რეაგირება ამ მოვლენაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ ისინი, ან რა შედეგები მოჰყვება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.[1]

BOGART: თამარ, რა იყო ის მთავარი მამოტივერებელი იმპულსი, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ ხელოვანი გამხდარიყავით?

ჯერ კიდევ ბავშვობიდან ამბების თხრობის ერთგვარი იმპულსი გამაჩნდა და სიამოვნებას მანიჭებდა მისი მხატვრობაში ასახვა. როცა გააზრებულად გადავწყვიტე ხელოვანი გავმხდარიყავი, ალბათ, ეს ვიზუალური ენის რესურსმა და განსაკუთრებით, ხატვის სამეტყველო ენამ განაპირობა. ჩემთვის მკაფიოა, რომ მხატვრობას ხელოვანისთვის ამოუწურავი რესურსი და უამრავი გზა გააჩნია, რომლის გავლის სურვილი მაქვს და არ მწყინდება.

მთა თუ ზღვა © თამარ ნადირაძე, 2021
მთა თუ ზღვა © თამარ ნადირაძე, 2021

BOGART: სახლი, ოჯახი, ურთიერთობები და სხვა. როდესაც თქვენს ნამუშევრებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრ მათგანში ადამიანური პრობლემები, კავშირები და თანაცხოვრებაში არსებული უამრავი დეტალია გამოკვეთილი, მათ შორის ძალიან ინტიმურიც. რამ გაგიჩინათ სურვილი, რომ მათზე ვიზუალური ენით გესაუბრათ?

არ ვიცი, როდის ან რატომ გაჩნდა ჩემში სურვილი, რომ ამ ყველაფერზე მემუშავა. ინტერესი ყოველთვის მქონდა და ზემოქმედებდა ჩემზე სოციალური ურთიერთობები. მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ საინტერესო იყო ამ თემებზე მუშაობის გამოცდილებად გადააზრება, პიროვნულად ვგრძნობდი, რომ ვიზრდებოდი. გავიაზრე, რომ მაინტერესებდა, როგორ ხდება ინდივიდის შინაგანი, ყოფითი და გარე სამყაროების ურთიერთქმედება, რა მოვლენები ვითარდება ამ დროს, როგორ გავლენას ახდენს ეს გადაკვეთები ადამიანზე, რა ემოციას იწვევს ან რა ფიქრს აღძრავს… ასევე ძალიან მიზიდავს მითისა და ზღაპრის სტრუქტურა, არა როგორც გამოხატვის საშუალება ასე, პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ როგორც კონსტრუქცია, კარკასი, რაზეც დავაშენებ ამ გადაკვეთებს და ფორმას მივცემ.

უსახელო © თამარ ნადირაძე, 2022
უსახელო © თამარ ნადირაძე, 2022

BOGART: გამოსახულებებში შესამჩნევია ადამიანების ტრავმული მეხსიერების ვიზუალური ინტერპრეტაციები, რომლებშიც პატარა დეტალებიც კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თამარ, ხელოვანისთვის რა სირთულეებთან არის დაკავშირებული დრამისა და ტკივილის გადმოცემა?

ტკივილის შიში ყველას გვაქვს სხვადასხვა მოვლენებზე და მგონია, რომ მასზე დაკვირვება საინტერესოა. როცა მას ვიღებთ, როგორც ამოცანას, სხვადასხვა რაკურსიდან ვაკვირდებით, მაშინ შეიძლება გაგვაძლიეროს კიდეც და ბოლოს, დაკარგოს თავისი გავლენა. რა თქმა უნდა, შემოქმედებით მუხტს ბადებს როცა რაიმეზე ბრაზდები ან გტკივა, ან გენატრება და გიყვარს. როცა მოიხელთებ ამ ემოციებს, საინტერესო რაღაცეები იბადება შემოქმედებით პროცესში…

უსახელო © თამარ ნადირაძე, 2022
უსახელო © თამარ ნადირაძე, 2022

მაგრამ მუშაობაში თუ საკუთარ თავს კარგად ვუსმენ, ენერგიას ვიღებ იმით, რომ რაღაც ახალი შეიძლება მაპოვნინოს ნახატმა ან დავკმაყოფილდე სამუშაო პროცესის შედეგით, ან სულაც ახალი ვერაფერი ვიპოვო, რეზულტატი იყოს უბრალოდ მასალების გაფუჭება, თუმცა ცნობისმოყვარეობა და ნებისყოფა თუ მაინც რჩება, მაშინ ყველაფრის ახლიდან დაწყება შეიძლება.

BOGART: ხანდახან მნახველი ნიადაგს ხედავს, რომელზეც რაღაც ხდება, ან უბრალოდ თვითონ ნიადაგი იძენს ფუნქციურ, სიღრმისეულ მნიშვნელობას. თქვენთვის რასთან არის ის დაკავშირებული?

ზოგადად, გარემო ჩემს ნახატებში სიმბოლურ სამეტყველო არეს წარმოადგენს, სადაც მოქმედება ვითარდება. მნიშვნელობას იძენს ყოველი ნივთი, რაც ამ სიბრტყეზე ჩნდება. ის დეტალები მეხმარება ნარატივის აგებაში, ამბის გადმოცემაში.

მგლები © თამარ ნადირაძე, 2022
მგლები © თამარ ნადირაძე, 2022

ნიადაგს, მიწას მნიშვნელობებს ვუცვლი იმის მიხედვით, თუ რა მოვლენა ვითარდება. ხშირად ზესკნელის და სკნელის პარადიგმის როლს ასრულებს, ზოგჯერ გამოვსახავ, როგორც ეკოსისტემის ნაწილს, რომელთან წვდომაც დავკარგეთ, ზოგჯერ იმ მშობლიური ადგილის ფუნქციას იძენს, სადაც ვიბადებით და ვიზრდებით და ა.შ.

BOGART: ხშირად აშკარაა ბუნებრივი ლანდშაფტის სახეცვლილება და გარემოს როლი ადამიანთა ცხოვრებაში. როგორია ის ურთიერთმიმართება, რომლის გადმოცემასაც ცდილობთ?

რაკი ბავშვობიდან ვიზრდებოდი ნაკლებად დასახლებულ ურბანულ სივრცეში – გორში – ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო ბუნება, ცხოველები და ამ გარემოში ვყალიბდებოდი. ამჟამად კი ვცხოვრობ თბილისში, მაგრამ ვფიქრობ, როცა დროს ატარებ ქალაქგარეთ, მაშინ შედიხარ პირდაპირ კომუნიკაციაში ბუნებასთან. შენს რიტმს მის რიტმში აერთებ, უვლი თუ არ უვლი, ხდები ამ ეკოსისტემის ნაწილი. ზოგჯერ მკაცრი ან თბილი ჰავა, უხვი ან ნაკლები მოსავალი მოქმედებს, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად, მაგრამ ხვდები, რომ ეს არის სივრცე, რასთანაც ბევრად მეტი საერთო გაქვს და მისი ნაწილი ჩვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მე- შია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის ბოლომდე ტკბილი და კარგი. ძალიან დიდი, მძიმე შრომაც არის, ზოგჯერ ფუჭი შრომაც, როცა შენი არსებობის წყაროა, მაგრამ ქალაქში, სადაც ხეებს აბეტონებენ და პარკის ადგილზე კორპუსებს აშენებენ, სადაც ფიზიკურად ვეღარ ვეტევით, ძალიან რთულია, არ იყო გაუცხოებული და გაბრაზებული. ალბათ, ეს არის ჩემი ფიქრები, რომელთა გადმოცემასაც ვცდილობ.

უსახელო © თამარ ნადირაძე, 2022
უსახელო © თამარ ნადირაძე, 2022

ყოველი განსხვავებული გეოგრაფიული თუ ურბანული გარემო ჩვენს პიროვნებაზე აისახება.

თამარ ნადირაძე

BOGART: ნამუშევრებში გვხვდება ცის, ცეცხლის, ვარსკვლავების და ძვლების გამოსახულებები, რომლებმაც შეიძლება გაგვახსენოს სხვადასხვა თემები. საიდან მოდის ისინი? მითოლოგიიდან, რელიგიიდან, ზღაპრებიდან, ფოლკლორიდან თუ სხვა წყაროებიდან?

დაინტერესებული ვარ მითებითა და ისტორიებით ფოლკორისა და ლიტერატურის გამოცდილებიდან, ასევე ინტერესს აღმიძრავს ის ურბანული ყოველდღიურობა, რომელიც ილექება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ერთგვარი მითი. ეს საინტერესო მასალაა ჩემთვის, რომლის დეკონსტრუქცია და თავიდან აწყობის სურვილი მიჩნდება. ზოგჯერ ვიღებ გარკვეულ ვიზუალურ, ერთ კონკრეტულ სიმბოლოს და ვცდილობ ხატვის პროცესით მასზე დაკვირვებას. ერთგვარი თამაშია, შრეები გააჩნია ამ პროცესს და პირად თუ გარე სამყაროს, ფოლკლორულსა თუ არქეტიპულს, ყველას თან მოიაზრებს.

Do not go gentle into that goodnight © თამარ ნადირაძე, 2022
Do not go gentle into that goodnight © თამარ ნადირაძე, 2022

BOGART: მნახველს შეიძლება გაუჩნდეს გარკვეული მოსაზრება იმის შესახებ, რომ თქვენ არაპირდაპირი გზით ცდილობთ გარემოსდაცვითი საკითხები და ადამიანური ისტორიები ერთმანეთთან რაიმე ნიშნით დააკავშიროთ.

გარემოსდაცვითი პრობლემები, სოციალური სირთულეები და ზოგადად სოციუმის მიერ დაშვებული ბევრი შეცდომა, ომები, მასების მართვის ფორმები – პრობლემები სამუშაო მასალაა იმისთვის, რათა გავიგო ადამიანის გონებაში რა ხდება, რა შაბლონებით ვმოქმედებთ? რატომ ვქმნით ასეთ სამყაროს? იქნებ სხვა გზებიც არსებობს ან სხვანაირი ქმედებებია საჭირო…რადგან იმ სივრცეს, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენ განვაპირობებთ და იდეალური ფორმა მას არასდროს აქვს. მაინტერესებს, ასე რატომ ხდება…

აღდგომა © თამარ ნადირაძე, 2021
აღდგომა © თამარ ნადირაძე, 2021

BOGART: მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრები ზოგ შემთხვევაში სიზმრისეულ ხასიათს ატარებს, მნახველს მაინც შეიძლება გაუჭირდეს რეალობისგან დისტანცირება. ვრცლად რომ გვესაუბროთ იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეთ ამ ორს შორის გარკვეული ბალანსის შენარჩუნება?

ზოგჯერ იდეებსა და თემებს ბევრი ძიება არ უნდა, ემოციურად ზემოქმედებს ჩემზე. ანუ ვიღებ სამუშაოდ იმ იდეას, რაც გარედან მომეწოდება, მაგრამ უნდა გაიაროს ერთგვარი ტესტი. ეს პროცესი არის შინაგანის და გარეგანის ურთიერთზემოქმედება, რომელიც მნიშვნელოვანი მომენტია ჩემთვის. რაც გამომაქვს ამ პროცესიდან, ვტოვებ რეალობაში და უშუალოდ მე, როგორც ამ პროცესის ავტორი და თანამონაწილე, ვრჩები რეალობაში. ნამუშევარს არამარტო ჩემთვის ვქმნი და ალბათ, ამიტომ…

9 ივნისს გალერეა 4710-ში გაიხსნა ჩემი რიგით მეორე სოლო გამოფენა, სახელად „თითქოს თავი ძილს მივეცი“. გამოფენა გაგრძელდება 30 ივლისის ჩათვლით. გამოფენაზე ბოლო პერიოდში შექმნილ ნამუშევრებს გაეცნობით, რომელთა იდეას, ალბათ, სათაურიც მკაფიოდ გამოხატავს – Მინდოდა მეჩვენებინა ადამიანები, რომლებიც ერთგვარ ვაკუუმში ცხოვრობენ. Ნამუშევრებში ნაჩვენები გმირების ნაწილი თითქოს გაცნობიერებულად ძილის მდგომარეობაში ყოფნას, უმოქმედობას არჩევს, ხოლო ზოგიერთი – იმ სივრცის დატოვებას, რომელიც მათ თავისუფლებას ზღუდავს. მაინტერესებდა მოცემულობა, მხატვრულ ლიტერატურაში, როცა მთავარი გმირი ტოვებს საცხოვრებელ ადგილს და იწყებს მოგზაურობას – როგორ შემეძლო ეს სტრუქტურა ნახატებში გადმომეტანა და მეფიქრა, სხვადასხვა მდგომარეობებში რა რეაგირებას მოახდენდა გმირი, რომელიც ხან ერთი ადამიანია, ხან ბევრი, ხან მათ შინაარს უსულო საგნები და მცენარეები გამოხატავენ. Ნამუშევრებში ასევე ვიყენებ, ორ მნიშვნელოვან სიმბოლოს, ქსოვილსა და ფესვებს ამ მდგომარეობების გადმოსაცემად.

BOGART: სამომავლო გეგმები და რჩევა იმ ხელოვანებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას.

სამომავლო გეგმები ჯერჯერობით არ მაქვს. ცოტას დავისვენებ გამოფენის გახნის შემდეგ და ისევ გავაგრძლებ მუშაობას. რაც შეეხება რჩევას… ალბათ, ყოველთვის გქონდეთ ცვლილების სურვილი, იქნება ეს დიდი თუ პატარა, უმნიშვნელო თუ ღირებული.


[1] შესავლის ტექსტის ავტორი: გალერეა 4710