Photo by Lucas Sankey on Unsplash

პროტესტიდან პროგრესამდე: Invisible Hand-ის ხილული საქმიანობა

წაკითხვა
7 წუთში წასაკითხი

პროექტი Invisible Hand დააარსეს თორნიკე დალბაშვილმა და თეკლე ბენდელიანმა – ორმა სტუდენტმა, რომლებიც მოტივირებულნი არიან იმ რთულ გარემოებებზე, რომლებსაც თანამედროვე საქართველოში აწყდებიან ხელოვანები. იმის გაცნობიერებით, რომ დღეს ხელოვნების სცენა არ დგას იქ, სადაც უნდა იყოს, მათ შეძლეს ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც გააძლიერებს თანამედროვე ხელოვანებს თავისუფალი ბაზრის პრინციპების საუკეთესო გამოცდლების გზით. Invisible Hand-ის მიზანია ციფრული ხელოვნების ისეთი ბაზრის შექმნა, რომელიც მოემსახურება როგორც ხელოვანებს, ასევე ხელოვნების მოყვარულებს – გაამარტივებს პროცესს და ინდივიდებს თავიანთი ნიჭის გამოვლენისთვის მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს. აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ხელოვანების წარმატებას, მათ აღიარებასა და წახალისებას გაზრდილი პროდუქტიულობისთვის თანამედროვე საზოგადოებაში.

Invisible Hand: ჩვენ ხელოვანი ადამიანებისთვის ციფრულ „ბაზარს“ ვქმნით. გვინდა ისეთი ციფრული სივრცე გვქონდეს, სადაც დაბალი გადასახადები იქნება, დაწესდება მინიმალური შეზღუდვები, ბევრი პროექტი და გამოფენა მოეწყობა – სივრცე, რომელიც ხელოვანებს დაეხმარება პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენაში. დაბალი გადასახადებისთვის შევიმუშავეთ ჩვენებური მიდგომა: ჩვენთან არტისტები თავად აწესებენ პროცენტს, რომელსაც ნამუშევრის გაყიდვის შემთხვევაში გადასახადის სახით იხდიან, რაც, საბოლოოდ, ხელოვანს დაეხმარება გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღოს და დათმონ მხოლოდ იმდენი, რამდენის სურვილიც აქვს. ეს მონაცემი ჩვენ გუნდს იმ უნიკალური ალგორითმის შემუშავებაში დაეხმარება, რომელიც ჩვენს ვებ-პლატფორმაზე სამომავლოდ განსაზღვრავს ხელოვანის ნამუშევრის გადასახადისთვის საკომისიოს ღირებულების „ოქროს შუალედს“.

კონსტრუქციულ ორგანიზებასთან დაკავშირებით გვაქვს „არჩევნების“ პრინციპი მთელ რიგ საკითხებზე, რომლებზეც მონაწილე ხელოვანებს თავიანთი ხმის მიცემა და არსებული საკითხის გადაწყვეტა შეეძლებათ – იქნება გამოფენებისას წამოჭრილი საკითხები თუ Invisible Hand-ის მიერ გაჟღერებული თემები – ეს მიდგომა კიდევ უფრო გაამყარებს Free Market of Art-ის კონცეფციას, რადგან გვჯერა, თითოეული ხელოვანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.  

ამჟამად 43 ხელოვანია ჩვენს გუნდში და ფარავს 3 მიმართულებას: მხატვრობა, ციფრული მხატვრობა და ფოტოგრაფია.

თავიდან მხოლოდ მხატვრების მოძიებით და მათი ნამუშევრების განთავსებით ვიყავით დაინტერესებული, თუმცა შემდგომ დავფიქრდით და მივხვდით, რომ ადამიანებს მობეზრდათ Google-დან გადმოწერილი ფილმებისა და სერიალების პოსტერები და რაღაც ახალი იყო საჭირო. მალე აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ ბაზარზე უამრავი ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც ეს იდეა ჩვენსავით მოეწონა და დღეს უკვე ძალიან ბევრი არტისტია, რომელიც ჩვენს პლატფორმაზე ანთავსებს პირად ნამუშევრებს – თითოეული ნამუშევარი უნიკალურია. 

გამოფენა ჰოლოზეუმში
„Unheard Voices“ – Artistic freedom & self-expression

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვრული თავისუფლებისა და თვითგამოხატვის უფლების მნიშვნელობის აუცილებლობას ეხება. ეს ჩვენი პირველი გამოფენაა, რომელიც ჰოლოზეუმთან კოლაბორაციით იმართება.

გამოფენას საფუძვლად ეროვნულ გალერეაში ახლახანს მომხდარი ამბავი დაედო – ცხადია, ჩვენი მოვალეობა ხმის ამოღება იყო – არ ვუჭერთ მხარს არავის და არაფერს, რომელიც ჩვენს ინდივიდუალურ თუ ქვეყნის თავისუფლებას შეზღუდავს ნებისმიერი ფორმით – ევროპა იყო და არის ჩვენი არჩევანი! ამიტომ მალევე დავიწყეთ სივრცის მოძიება, სადაც შედგებოდა აღნიშნული გამოფენა. ასე აღმოვჩნდით ჰოლოზეუმთან. ჰოლოზეუმის მენეჯერი, თინათინ ყიფიანი არის ადამიანი, რომელმაც მოგვცა ეს უნიკალური შესაძლებლობა, რისთვისაც მთელი ჩვენი გუნდის სახელით უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ.

ჰოლოზეუმი გახსნის დღიდან ცდილობს, იყოს სივრცე, სადაც ყველას შეეძლება თავისი სათქმელი ხმამაღლა გააჟღეროს. ვცდილობთ, არ შევზღუდოთ ის არტისტები, რომლებსაც საზოგადოებამდე მესიჯის მისატანად სჭირდებათ სივრცე, სადაც მოუსმენენ. თითოეული გამოფენა, რომელსაც დღემდე ვმასპინძლობთ, არის გამოხატულება ადამიანებისა, რომელთაც სათქმელი გულიდან წამოიღეს და ჩვენამდე სხვადასხვა გზით მოიტანეს. ეს გამოფენაც, რომელიც სულ 5 დღით დარჩება ჩვენთან, გვაჩვენებს იმ ახალგაზრდულ ჟინს, რომელიც ამ თაობაში სხვადასხვა მოვლენამ გამოიწვია. გვიხარია, რომ ვართ შესაძლებლობა ახალგაზრდა არტისტების სათქმელი თქვენამდე სწორად მოვიტანოთ. მადლობა Invisible Hand-ის გუნდს თანამშრომლობისთვის – ვეცდებით მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი გავაკეთოთ.

ჰოლოზეუმის გუნდი

არტისტები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას გამოფენაში, არიან ის ადამიანები, რომლებიც სტიმულს გვაძლევენ, უფრო მეტად განვავითაროთ Invisible Hand-ის საქმიანობა. ისინი არიან ინდივიდები, რომლებიც ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, უყვართ თავიანთი საქმე და ყველაფერს, რასაც კი აკეთებენ, აკეთებენ სიყვარულით. ეს არის ახალგაზრდა ხელოვანების ის თაობა, რომელიც Invisible Hand-თან ერთად თუ დამოუკიდებლად, ყოველთვის იტყვის პირად სათქმელს ხმამაღლა – შეიძლება გარკვეული პერსპექტივები და ხმები გაჩუმდნენ, მაგრამ ამ თაობას ვერავინ გააჩუმებს! ამ თაობას ვერავინ გაგვაჩუმებს!

გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ცნებაა ხელოვნების სამყაროში, რაც გულისხმობს შენი იდეების, აზრებისა და გრძნობების გამოხატვის უნარს შემოქმედებით პროცესში ყოველგვარი შეზღუდვისა და დაბრკოლების გარეშე. ეს თავისუფლება აუცილებელია ხელოვანებისთვის, რათა შევქმნათ ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ ჩვენს ინდივიდუალობასა და უნიკალურობას.

შემოქმედებაში გამოხატვის თავისუფლებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს. პირველ რიგში, ეს არის თემისა და ტექნიკის არჩევისას შეზღუდვებისაგან თავისუფლება. მხატვარს უნდა შეეძლოს თავისი ნაწარმოების თემის არჩევა და დამოუკიდებლად განსაზღვრა, თუ როგორ უნდა გამოხატოს თავისი აზრები და იდეები.

დავით სარქისოვი

ჩემი გვერდით „Streetspirits“ Invisible Hand-თან თანამშრომლობა შარშან დავიწყე. ეს არის სივრცე, რომელიც ახალგაზრდა არტისტებს აერთიანებს და მათ შემოქმედებას ერთად უყრის თავს, რათა მეტ ადამიანამდე მიაღწიოს ჩვენმა ნამუშევრებმა. ხელოვნება დამოუკიდებელი და თავისუფალია! – ვფიქრობ, სანდროს ამ სიტყვებით მარტივად გადმოიცემა იდეა – ხელოვნებას არ აქვს საზღვარი.

მარიამ ყანჩაველი

ხელოვანი და ხელოვნება ფასობს თავისუფლებითა და ნებისმიერი რეალობისადმი შეურიგებლობით. შემოქმედის შეზღუდვა არის აბსურდი და აბსურდის დაკანონების წინააღმდეგ ილაშქრებს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი და სწორედ ამ მესიჯს ატარებს არსებული გამოფენაც. თვითგამოხატვა და სრულფასოვნად რეალიზება არის გადამწყვეტი შემოქმედისათვის და ამიტომ ნებისმიერი სახის შეზღუდვა თუ დაბრკოლება ქმნის ვაკუუმს, სადაც შეუძლებელია აკეთო ის, რაც ყველაზე არსებითია. Invisible Hand აერთიანებს უამრავ ახალგაზრდა არტისტს, ქმნის რა სივრცეს, სადაც ადამიანები ეცნობიან მრავალფეროვან მედიუმებში შესრულებულ ნამუშევრებს და იმ ნაკლებად ცნობილ მხატვრებს, რომლებიც ამ ეტაპზე შეუმჩნეველნი არიან საზოგადოებისათვის. მინდა, მადლობა გადავუხადო Invisible hands და Holoseums ამ შესაძლებლობისათვის და იმისათვის,რომ აკეთებენ ყველაზე საჭირო საქმეს ხელოვანებისთვის.

მარიამ ჩუბინიძე

ხელოვნების განუყოფელი ნაწილია თავისუფლება, რომელსაც ვერანაირი ტაბუ და ცენზურა ვერ შეზღუდავს, პირიქით, შთაგონების წყაროდაც კი შეიძლება იქცეს დაწესებული საზღვრები. სწორედ ამას ეხმიანება გამოფენა რომელიც invisible hand-ის და Holoseum-ის ინიციატივით ტარდება და მიხარია, რომ მეც ამ გამოფენის მონაწილე ვარ. გამოფენაზე წარმოდგენილი ჩემი ნამუშევრები ეხმიანებიან თავისუფლების იდეას, რომლისთვისაც ქალები მიისწრაფიან, ხან დროშით, ხან – ფუნჯით.

თაკო სირაძე

Even if they put us in a dark room and silence our freedom, it is always possible to find freedom. Freedom is a light, we have to create it in our heart, and then we have to feel it. If these things happen, everyone will understand freedom. If there is light, then there is hope.

Fidan Nazimqizi

გამოფენა 26 მარტს 18:00 საათზე, ჰოლოზეუმის საგამოფენო სივრცეში, ბეთლემის 10 ნომერში შედგება. გამოფენაში მონაწილეობას 20 ახალგაზრდა ხელოვანი მიიღებს:

  • თეკლე ბენდელიანი
  • თაკო ბატიაშვილი – (batiashvili_tako)
  • მარიამ ყანჩაველი – (Streetspirits_)
  • მაკა გიორგაძე – (deboramaka)
  • Modi.Gio – (Modi.Gio)
  • Fidan Nazimqizi – (_fidan_nazimqizi)
  • დავიდ სარკისოვი – (davidsarkisov_)
  • თათია ცერცვაძე – (tattsaa)
  • მარიამ ჩუბინიძე – (Graveoffatih)
  • Sharaf Naghiyeva – (sharaf.naghiyeva)
  • გვანცა ცხოვრებაშვილი – (tskhshvl)
  • სოფი ბერიაშვილი – (ssoppphhie)
  • თაკო სირაძე – (Midori20’s)
  • მარიამ აბშილავა – (abshiilavam)
  • გიორგი ქათამაძე – (katamadzegiorgii)
  • სანდრო ფოჩხიძე – (al_pochkhidze)
  • ნათია საპანაძე – (natia_sapanadze)
  • ელენე მელიქიძე – (elene__melikidze)
  • სალომე დურგლიშვილი -(salome.duart)
  • ნათია ვახატანგიშვილი – (_natiav)