ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი © „მედუზა“
ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი © „მედუზა“
/

„მედუზას“ ქრონიკები „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკის“ თარგმნის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ფორმირების შესახებ

წაკითხვა
10 წუთში წასაკითხი

„მედუზა“ საქართველოში ახლად დაარსებული გამომცემლობაა, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის პოპულარიზაციაზე კონცენტრირდება. დამოუკიდებლად იმისა, კოსმოსური ოპერის, უმაღლესი ფენტეზის, ჯადოსნური სკოლებისა თუ უცხოპლანეტელებთან პირველი კონტაქტის ისტორიების მოყვარულად იდენტიფიცირდებით, გამომცემლობა მზად არის, თითოეულ მკითხველს ლიტერატურის შთამბეჭდავი კოლექცია ქართულ ენაზე გაუზიაროს.

გამომცემლობა მედუზა

Bogart: რა იყო გამომცემლობა „მედუზას“ შემოქმედებითი გუნდის შთაგონება ქართულ ენაზე გამოეცა დაიანა უინ ჯონსის „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“, როგორც ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელიც ითარგმნა და გამოიცა თქვენი ბრენდის ქოლგის ქვეშ?

„მედუზას“ ერთ-ერთი მთავარი მისიაა ქართულენოვან მკითხველს მიაწოდოს ის ჟანრული ლიტერატურა, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო ან სხვადასხვა მიზეზთა გამო მკითხველებმა მიივიწყეს. ასევე წარმოაჩინოს ის მრავალფეროვნება, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკას ახასიათებთ. როდესაც ჩვენს პირველ პროექტებზე დავიწყეთ ფიქრი, გადავწყვიტეთ, რომ მუშაობა ქართული სამეცნიერო ფანტასტიკით დაგვეწყო და აქედან დაიბადა „დროთა კავშირი“, თუმცა თარგმნილი ლიტერატურის სიაში პირველივე დამტკიცებული იდეა „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“ იყო. გადაწყვეტილება, პირველ რიგში, განაპირობა იმან, რომ ეს წიგნი და მისი შესანიშნავი ეკრანიზაცია გამომცემლობაში ძალიან გვიყვარს. ბევრმა არც კი იცოდა, რომ ეს ანიმე არა იაპონური მანგის ან ნოველის, არამედ ბრიტანელი ავტორის 80-იან წლებში დაწერილი ფენტეზი წიგნის მიხედვით არის შექმნილი. დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ წიგნის გამოცემით, პირველ რიგში, ანიმეს უამრავ ფანს გავახარებდით, შემდეგ კი სხვა აუდიტორიასაც მიწვდებოდა, როგორც უბრალოდ შესანიშნავი წიგნი.

Bogart: მთარგმნელ ქეთევან ყანჩაშვილს საზოგადოება ჯერ კიდევ „ჰარი პოტერის“ შესანიშნავი თარგმანებიდან იცნობს. თავად როგორ აღმოაჩინეთ ის და რატომ შეირჩა ამ ნოველის მთარგმნელად უშუალოდ ქეთევანი?

ქეთევან ყანჩაშვილი ჩვენც ჰარი პოტერის რომანების დამსახურებით გავიცანით, მით უმეტეს, რომ მედუზას დამფუძნებლებში პოტერჰედებიც არიან, რომლებიც, ბუნებრივია, ქეთევანის პირადად გაცნობამდე, ჯერ მის თარგმანებს იცნობდნენ. „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკის“ თარგმნა ქეთევანს ორი მთავარი მიზეზის გამო შევთავაზეთ: ქეთევანის თარგმანებში არაერთხელ აღმოგვიჩენია ის ზღაპრული ენა, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს და გადმოსცემს ქართულად ფენტეზი ჟანრის ნაწარმოების განწყობასა და ემოციებს. ასევე ვიცოდით, რომ ქეთის ძალიან უყვარს ეს წიგნი და გვჯერა, თარგმანის პროცესში განსაკუთრებული მაგია სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ამა თუ იმ წიგნსა და ავტორს მთარგმნელის გულში უკავია შესაბამისი ადგილი.

„ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკის“ ყდის სილამაზით დატკბობის დროც მოვიდა © „მედუზა“
„ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკის“ ყდის სილამაზით დატკბობის დროც მოვიდა © „მედუზა“

Bogart: ძალიან საინტერესო იქნება თარგმანის პროცესს რომ შევეხოთ: გვიამბეთ იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც თარგმნის პროცესს ახლდა თან.

ზოგადად ჟანრული ლიტერატურის თარგმნისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის იმ ტერმინების, მოვლენების, არსებების და ა.შ. სახელების თარგმნა, რომლებიც სხვა ქვეყნებში ათწლეულებია უკვე დამკვიდრებულია, თუმცა ქართველი მკითხველისთვის მხოლოდ დამახინჯებული ან პირდაპირ ორიგინალი სახელით არის ცნობილი. ამ ტერმინოლოგიის და ცნებების ქართულად ჩამოყალიბებას სჭირდება დრო და რაც შეიძლება მეტი წიგნის თარგმნა.

ინგარის სამეფოში, სადაც შვიდმილიანი ჩექმები და უჩინმაჩინის მოსასხამები არავის უკვირს, დიდი უიღბლობაა სამშვილიან ოჯახში უფროსად დაბადება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუკი სამივენი ბედის საძიებლად გაეშურებიან, სწორედ უფროსი იგემებს მარცხს. სოფი თავიდანვე იყო შეგუებული ბედს და ცხოვრების მშვიდად გატარებას ქუდების სახელოსნოში აპირებდა. თუმცა მოულოდნელად უდაბნოს ალქაჯის წყრომა დაატყდა თავს და ბებრუხანად აქცია. ჯადოს ახსნის ერთადერთი იმედი ჯადოქარი ჰაულის მუდამ მოძრავ ციხე-კოშკში იმალება. წიგნში შეგხვდებათ ალქაჯები, ჯადოქრები, სასახლეები, მოლაპარაკე ნივთები, მოჯადოებული არსებები, დედინაცვლები, მეფის ასულები, გრძელზე გრძელი კიბეები, მოწყვეტილი ვარსკვლავები და… ბევრი, ბევრი მწვანე ლორწო.

რაც უკვე იყო ქართულ ენაზე და ვთვლით, რომ სწორი ფორმით, შევეცადეთ მოგვეძიებინა და შეგვენარჩუნებინა. მაგალითად, Seven-League Boots – ძალიან ცნობილი ნივთი ზღაპრებიდან, „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკშიც“ ფიგურირებს. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა და უდავოდ ავტორიტეტული და ლეგენდარული მთარგმნელის, დავით წერედიანის მიერ თარგმნი ძმები გრიმების ზღაპრებში გადავამოწმეთ და ჩვენც „შვიდმილიანი ჩექმები“ გამოვიყენეთ.

Bogart: როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს“ სხვა ფენტეზი რომანებისგან და რატომ გგონიათ, რომ ქართველ მკითხველს მოეწონება?

„ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“ ფორმალურად საყმაწვილო ლიტერატურას, ე.წ. YA-ს მიეკუთვნება. თუმცა ის დაწერილია ისეთ დროს, როცა YA არ იყო ჩამოყალიბებული ისეთი სახით, როგორითაც დღეს დამკვიდრდა. შესაბამისად, ის თავისუფალია თანამედროვე კლიშეებისგან და პირიქით – იღებს უძველეს, დამკვიდრებულ ფაბულებს ზღაპრებიდან და მითებიდან და თავდაყირა აყენებს მათ.

ეს არის მაგიით სავსე ამბავი საკუთარი გზისა და თვითრწმენის პოვნაზე, ნამდვილ თუ შეძენილ ოჯახში ურთიერთობებსა და ერთ ძალიან დრამატულ და უგულო ჯადოქარზე. და ამ ყველაფერთან ერთად არის ძალიან სასაცილოც.

Bogart: თუ გეგმავთ ამ ავტორის სხვა წიგნების გამოცემას?

„ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს“ აქვს ორი სიქველი, რომელიც პირდაპირ სიუჟეტს არ აგრძელებს, თუმცა პირველი წიგნის პერსონაჟები იქაც გამოჩნდებიან. დიდი სურვილი გვაქვს ეს ნაწილებიც ვთარგმნოთ და გამოვცეთ. ამ ეტაპზე არ შეგვიძლია ზუსტი დროის დასახელება, როდის გამოვა სიქველები ქართულად, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, რომ ტრილოგია სრული სახით შევთავაზოთ ჩვენს მკითხველებს. ამ ტრილოგიის გარდა, ასევე არის ძალიან საინტერესო „ქრესტომანსის“ სერია, რომელიც შვიდ წიგნს აერთიანებს და ჰაულზე არანაკლებ ჯადოსნურ სამყარო(ებ)ში გვამოგზაურებს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ქართულენოვანი მკითხველისთვის ეს სერიაც ხელმისაწვდომი იქნება.

„ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს“, რომელიც ტრილოგიის პირველი ნაწილია, შესაძლოა უფრო სტუდია ჯიბლის „ოსკარის“ ნომინანტი ამავე სახელწოდების ანიმეთი იცნობდეთ. არადა, სანამ ჰაიაო მიაძაკი აღმოაჩენდა, სოფისა და ჰაულის თავგადასავალი ორი ათწლეულის განმავლობაში სარგებლობდა მკითხველთა სიყვარულით.

Bogart: როგორც ახალი გამომცემლობა, რომელიც სპეციალიზებულია სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრზე, რა კრიტერიუმებით არჩევთ ხოლმე ნაწარმოებებს, რომელთაც შემდგომ გამოსცემთ ან თარგმნით?

გამომდინარე იქიდან, რომ პატარა გამომცემლობა ვართ და ჯერჯერობით არ გვაქვს ბევრი პროექტი, ვხელმძღვანელობთ შემდეგი პრინციპით: ყველა წიგნი, რომელსაც გამოვცემთ, გამომცემლობის სამი სულისჩამდგმელიდან მინიმუმ ორს მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული და რაც მთავარია, უნდა მოსწონდეს. სხვა კრიტერიუმებს რაც შეეხება, ვცდილობთ, ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკას შორის ბალანსი დავიცვათ და ორივეს მეტ-ნაკლებად თანაბრად დავუთმოთ ყურადღება და რესურსები. ასევე ვცდილობთ, თარგმანების პარალელურად ქართველი ავტორების ნაწარმოებებიც არ დავივიწყოთ და ხელი შევუწყოთ ამ ჟანრების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

თარგმანებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, კიდევ უამრავი იმ წიგნებიდან, რომელიც ჟანრის კლასიკად და ფუნდამენტურ ნაწარმოებებად ითვლება, არ არის ქართულად ნათარგმნი, ამიტომ ჩვენ მიერ შერჩეული პროექტების დიდი ნაწილი ამ მიმართულებითაა. თუმცა, ასევე დიდი სურვილი გვაქვს თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებიც ვთარგმნოთ, იმისთვის, რათა თანამედროვე ტენდენციებსა და ჟანრში ცვლილებებსაც გაეცნოს ქართველი მკითხველი.

Bogart: რა გზებით გეგმავს „მედუზა“ ქართველი ახალბედა ავტორების მხარდაჭერას სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის პოპულარიზაციის ფარგლებში?

მიუხედავად იმისა, რომ „მედუზა“ ახალი, პატარა გამომცემლობაა შეზღუდული რესურსებით, არ ვართ მხოლოდ უკვე ცნობილი და პოპულარული ავტორების გამოცემაზე კონცენტრირებულნი და ახალბედა ავტორებთან თანამშრომლობას არ ვუფრთხით. მაგალითად, მიმდინარე პროექტებშიც, თარგმანების პარალელურად, დამწყები ქართველი ავტორის წიგნზეც ვმუშაობთ და წიგნის ფესტივალზე დაიანა უინ ჯონსისა და ურსულა ლე გუინის წიგნების გვერდით გიორგი კვიტატიანის სადებიუტო ფენტეზი ნაწარმოები „ბრინჯაოს ქალაქი“ გაიყიდება.

დებიუტანტი ავტორის, გიორგი კვიტატიანის ფენტეზი ჟანრის რომანი „ბრინჯაოს ქალაქი“ ემზადება მკითხველთან შესახვედრად © „მედუზა“
დებიუტანტი ავტორის, გიორგი კვიტატიანის ფენტეზი ჟანრის რომანი „ბრინჯაოს ქალაქი“ ემზადება მკითხველთან შესახვედრად © „მედუზა“

„მედუზა“ თანამედროვე ქართველ ავტორებთან თანამშრომლობას მომავალშიც აუცილებლად აპირებს და პირველ რიგში სწორედ ამ ფორმით შევეცდებით, ხელი შევუწყოთ ჟანრულ ლიტერატურაში ახალბედა ავტორების აღმოჩენასა და განვითარებას.

Bogart: როგორია თქვენი შეხედულება ბოლო წლებში სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის სახეობის ევოლუციაზე და როგორ ხედავთ „მედუზას“ როლს ამ ჟანრების მომავლის ფორმირებაში?

სამეცნიერო ფანტასტიკასა და ფენტეზის უკვე დიდი ისტორია აქვთ და მათი ფესვები რამდენად შორს მიდის წარსულში, დამოკიდებულია იმაზე, ვიწროდ თუ ფართოდ განვმარტავთ ამ ჟანრებს. თუმცა ნახევარ საუკუნეზე მეტია უკვე ისინი ჩამოყალიბდა საკმაოდ კონკრეტულ ჟანრებად, თავისი წესებით, ქვეჟანრებით, სტერეოტიპებითა თუ კლიშეებით. წლების განმავლობაში ამ ჟანრებში არაერთი ცვლილება მოხდა. მაგალითად, მეტი ყურადღება ექცევა გარკვეულ სოციალურ საკითხებს, ცვლილება განიცადა წერის ზოგადმა სტანდარტმა (XX საუკუნის ე.წ. Pulp Sci-Fi-სთან შედარებით, მაგალითად), მოთხოვნა გაჩნდა უფრო მრავალფეროვან სამყაროებზე, კულტურებსა და საზოგადოებებზე, შესაბამისად, ფოკუსი ნაწილობრივ გადავიდა ევროცენტრიზმიდან. გარდა ამ ზოგადი ცვლილებებისა, ჩვენი დაკვირვებით, პერიოდულად კონკრეტული ქვეჟანრები ექცევა მიმდინარეობაში. მაგალითად, ფენტეზიში რაღაც პერიოდი ე.წ. Grimdark ძალიან პოპულარული იყო. Covid-19 პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში უფრო მყუდრო, არა-ეპიკურ ფენტეზიზე გაიზარდა მოთხოვნა. შემდეგი რა იქნება, დრო გვიჩვენებს.

„მედუზას“ როლს რაც შეეხება, შევეცდებით, ჟანრის ტენდენციები და სიახლეები მივიტანოთ ქართველ მკითხველებამდე და ქართველი ავტორების წახალისებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჟანრული ლიტერატურის განვითარებაში.

Bogart: იგეგმება თუ არა „მედუზას“ შეთავაზებების გაფართოება წიგნების გამოცემის გარდა, მაგალითად, გრაფიკული ნოველების ან აუდიო წიგნების გზით?

ამ ეტაპზე, შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, არ ვაპირებთ ფოკუსის გაზრდას. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მხოლოდ წიგნების გამოცემაზე ვიქნებით კონცენტრირებულნი და შევეცდებით, შევასრულოთ ის დაპირება, რაც „მედუზას“ შექმნის დღიდან გავაჟღერეთ ჩვენი მკითხველებისადმი – არ მოვაკლოთ ხარისხიანი ფანტასტიკური ლიტერატურა.

Bogart: და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ავტორებს, რომლებიც ახლა ცდილობენ სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრში რაიმე ახლის შექმნას?

პირველ რიგში, თავად იკითხეთ ბევრი, არა მხოლოდ ამ ჟანრებში, არამედ ზოგადად ლიტერატურა. თუ სამეცნიერო ფანტასტიკაში გსურთ წერა, მეტი ყურადღება მიაქციეთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კარგად გარკვევას და რაც მთავარია, კიდევ და კიდევ სცადეთ!