© ჯუდა-ხატია ფსუტური
© ჯუდა-ხატია ფსუტური

სამეფო უბნის თეატრი ლეგენდარული Deutsches Theater Berlin-ის სცენას უბრუნდება

წაკითხვა
1 წუთში წასაკითხი

სამეფო უბნის თეატრი ლეგენდარული Deutsches Theater Berlin-ის სცენას უბრუნდება: ფესტივალ Radar Ost-ის ფარგლებში ამჯერად წარმოადგენენ სპექტაკლს „მედეა s01e06“, რომლის ავტორი და რეჟისორი პაატა ციკოლიაა. პრემიერა ბერლინში 11 მარტს შედგება.

მედეა არ არის ვნებით დაბრმავებული ქალწული, რომელიც იასონის სიყვარულის ტყვეობაში მოექცა. არც სიყვარულის გამო ეხმარება ბერძნებს ოქროს საწმისის გატაცებაში. მედეა კოლხეთის უფლისწულია, მამასთან და ძმასთან დაპირისპირებული კოლხეთის ტახტის მემკვიდრე, რომელსაც მეფის, მისი ოჯახის და კოლხეთის სამეფოს მიმართ ანგარიშსწორების სურვილი ამოძრავებს. მისი ამოცანა იასონის ცოლობა კი არა, კოლხეთის, მამის ოჯახის და კოლხური კულტურის დამხობაა. არგონავტები კი არათუ გმირები, არამედ ინსტრუმენტები არიან შურისმაძიებელი ქალის ხელში.

პაატა ციკოლიას ახალი ვერსია მედეას მითის სრულიად მოულოდნელ გააზრებას გვთავაზობს და რაღაც ისეთს იკვლევს, რისთვისაც თვალის გასწორება მტკივნეულია.

მედეა ჯერ კიდევ სამშობლოშია და კოლხეთის სისხლით მორწყული სანაპიროა ის ნიადაგი, რომელზეც ეს მითიური ფიგურა ამოიზარდა. ყველაფერი აქედან დაიწყო…

2021 წელს პიესამ მოიპოვა ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო დრამატურგიის ნომინაციაში.

ყოველწლიურად Deutsches Theatre-ს აქვს გასტროლები სხვადასხვა ფესტივალებზე თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გერმანულენოვანი გავლენიანი თეატრალური ჟურნალის Theater Heute-ის მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ გამოკითხვაში, კრიტიკოსებმა 2005 და 2008 წლებში ეს უკანასკნელი „წლის თეატრად“ დაასახელეს.