© ნინი კაჭახიძე
© ნინი კაჭახიძე
/

უცნაური „ციცინათელები“ ურბანული გარემოდან

წაკითხვა
5 წუთში წასაკითხი

ცამეტი წლის ვიყავი, როცა ჩემს გარემოში ისეთი გამორჩეული დეტალებით დავინტერესდი, რომლებსაც თითქოს სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, ეს ყველაფრი აღმებეჭდა ჩემი ძველი პლანშეტის კამერით და შემდეგ გამეზიარებინა ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ საკმაოდ კარგად გამომდიოდა ეს საქმე და, რაც მთავარია, პროცესიც ძალიან მომწონდა – ფოტოს გადაღება, დამუშავება, სხვებისთვის გაზიარება, რაც საბოლოო ჯამში, ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა – შემდეგ პროფესიაშიც  გადაიზარდა.

BOGART: როგორ ფიქრობ, თქვენთვის ფოტოგრაფია ასეთ გამორჩეული მედიუმად რამ განაპირობა?

შეიძლება ითქვას, ფოტოგრაფიამ გარშემო ყველაფრის დაფასება მასწავლა. ირგვლივ ყოველთვის შემიძლია ვიპოვო რაიმე საინტერესო. ფოტოგრაფიის საშუალებით ჩემთვის ძვირფასს თუ საინტერესო მომენტებსა და დეტალებს ავსახავ და ამითი მუდმივი ვიზუალური კავშირი მყარდება კონკრეტულ მოგონებებთან. ჩემი თვალები კომპოზიციას ეძებს მუდმივად და ამითი საოცრად დადებითი ენერგიით ვივსები, ხოლო ფოტოსურათების გაზიარებით, მნახველს ვაძლევ საშუალებას, რომ რაღაც „მოსაწყენში“ საინტერესო იპოვნოს – ეს ჩემთვის ცალკე მოტივაციაა. სწორედ აქედან წამოსული დადებითი მუხტი გახდა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

BOGART: როგორ გგონია, რა არის ამ პროფესიის მთავარი სირთულე თუ თავისებურება?

ყველაზე რთული ფოტოგრაფიის სტაბილურ პროფესიად ქცევაა. დღესდღეობით ძალიან დიდი კონკურენციაა ფოტოგრაფიის სფეროში, რის გამოც ფოტოგრაფები ნაკლებად არიან გახსნილები ერთმანეთის მიმართ – სწორი რჩევების მაგივრად, ხშირად, არაჯანსაღ კრიტიკასაც კი აქვს ადგილი.

პირადად ძალიან მიყვარს ფოტოების დამუშავება, ეს უმნიშვნელოვანესი მხატვრული პროცესია, რომლის მიმართაც ასევე არასწორი დამოკიდებულება არსებობს, რომ ფოტო უნდა იყოს ბუნებრივი, არ უნდა იყოს ძალიან დამუშავებული. მეტწილად არარსებულ ჩარჩოებს აწესებენ, როგორც ფოტოგრაფები, ისე სხვა პროფესიის ადამიანები ფოტოგრაფიის პროფესიის მიმართ. დღეს სირთულეა, როცა დამწყები ხარ და ამ ყველაფერს ისმენ, გეშინია რამეს გადაუხვიო, მაგრამ ამავდროულად, სწავლობ, როგორ უნდა დაიცვა და გაამართლო შენი შემოქმედება, რომელიც ფოტოზე აღბეჭდე.

BOGART: რამდენად საინტერესოა ურბანულ გარემოსთან მუშაობა?

ძალიან მიყვარს თბილისი, განსაკუთრებული ატმოსფერო აქვს და მრავალფეროვანია. მისი ყველა ნაწილი მიყვარს, უშნოც და ლამაზიც, ნაცრისფერიც და ფერადიც. ჩემი ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ „ლამაზ გარემოზე“ კონცენტრირებული – პირიქით, ესაა სწორედ რომ, ერთი შეხედვით, მოსაწყენ გარემოში რაღაც საინტერესოს პოვნა, რამაც მასწავლა, მიუხედავად იმისა, რომ ბრუტალისტური შენობების ნაწილში ვცხოვრობ – ბეტონის ჯუნგლებში – აქაც კომპოზიციები, სილამაზე და სიცოცხლე ვიპოვო. ყველა ჩემი ფოტო-გასეირნება, ეს მომდევნო პატარა გამოწვევაა.

BOGART: რისი გადაღება მოგწონს ყველაზე მეტად და რა განაპირობებს ამას?

ფოტოს ვუღებ ყველაფერს, რაც ჩემში რაიმე ემოციას აღძრავს – იქნება ეს ლამაზი ცა, რამე შენობა, მთიანი ლანდშაფტები, მცენარეების სამყარო… ყველაზე მეტად ზაფხულში ზღვისა და დაისის აღბეჭდვა მიყვარს, ალბათ იმიტომ, რომ თბილისში ამ სილამაზეს ხშირად ვერ ვხედავ. ამის გამო ზღვის სანაპიროზე გატარებული 1-2 კვირა ჩემთვის უძვირფასესია და ვცდილობ, ყველა მომენტი სამუდამოდ შევინარჩუნო კადრებით.

BOGART: ფოტოგრაფი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა პირად პროფესიულ არჩევანზე.

კონკრეტული ფოტოგრაფი, რომელმაც ჩემს პროფესიულ არჩევანსა და შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, არ მყავს. ეს შთაგონება და გავლენა სწორედ ჩემი გარემოდან და იმ ხალხისგან შევიძინე, ვისაც ამავე შემოქმედებას ვუზიარებ და ესმით ჩემი ხედვის. ზოგადად, ფირის ფოტოგრაფიას აქვს გარკვეული გავლენა ჩემი ფოტოების დამუშავების სტილზე – ფირს აქვს ის განსაკუთრებული ფერები, რომლებიც შემდგომ მოგონების შთაბეჭდილებას ქმნის და ხშირად ნოსტალგიური ხასიათი დაჰყვება.

BOGART: ფოტო ან ფოტოსერია, რომელსაც პირადი ნამუშევრებიდან გამოარჩევდი.

გამოვარჩევდი ფოტო-ვიდეო სერიას, რომელიც ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ჩემს პორტფოლიოში. ეს არის ნაცრისფერი შენობების და ღამის თბილისის ფოტოების გაცოცხლება განათებების ციმციმით. ვიდეოები კოლაჟი არის ფოტოებით აწყობილი, სხვადასხვანაირად დამუშავებული კადრების გაერთიანებით. დღეს სოციალური ქსელები ვიდეოს ფორმატზე გადაეწყო, მე კი შესაბამისი ხარისხის ვიდეოკამერა არ მქონდა, ამიტომ რაღაც გზები უნდა მეპოვნა და აღმოვაჩინე კიდეც სპეციალური ტექნიკა, რასაც ჩემებური ხასიათი დავუმატე და მუსიკასთან შეხამებით მივიღე სასურველი შედეგი, რასაც ხალხის მხრიდან დიდი მოწონება მოჰყვა. ეს ფოტო-ვიდეო სერია მაძლევს საშუალებას, ვიფიქრო ბევრად შემოქმედებითად, შევქმნა მეტი უნიკალური ნიმუში და სიამოვნება მივიღო მთელი ამ პროცესისგან.

BOGART: რჩევები, რომლებსაც დამწყებ ფოტოგრაფებს გაუზიარებდი.

დამწყებ ფოტოგრაფებს ვურჩევდი, რომ კარგად გაიცნონ საკუთარი თავები – გაიაზრონ, რა იდეოლოგია და მიზანი აქვს მათ შემოქმედებას. არ იყვნენ ჩარჩოებში, გადაიღონ და დაამუშავონ ისე, როგორც სურთ და აუცილებლად ისწავლონ ობიექტური და სუბიექტური კრიტიკის გარჩევა. კარიერული წინსვლისთვის ასევე რჩევის სახით დავამატებდი, რომ აუცილებლად გააქტიურდნენ სოციალურ ქსელებში. დღეს, როცა დიდი კონკურენციაა ფოტოგრაფიაში, სწორედ სოციალურ ქსელებში უნდა გამოირჩეოდე და იყო წინ, რომ აუდიტორიამ და პოტენციურმა დამკვეთებმა სათანადოდ შეგამჩნიონ.

ნინი კაჭახიძის ოფიციალური Instagram გვერდი: Nina.Nayko