The Daughter of the Dancers, 1933 © Colette Urbajtel / Archivo Manuel Álvarez Bravo, S.C.
The Daughter of the Dancers, 1933 © Colette Urbajtel / Archivo Manuel Álvarez Bravo, S.C.

მექსიკური ფოტოგრაფიის პიონერი – მანუელ ალვარეს ბრავო

წაკითხვა
5 წუთში წასაკითხი

მანუელ ალვარეს ბრავო (Manuel Álvarez Bravo, 4 თებერვალი, 1902 – 19 ოქტომბერი, 2002) იყო მექსიკელი ფოტოგრაფი და მე-20 საუკუნის ლათინური ამერიკის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა.

ფოტოგრაფის მთავარი ინსტრუმენტი თვალებია. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ბევრი ფოტოგრაფი ირჩევს სხვა ფოტოგრაფის თვალების, წარსულისა თუ აწმყო გამოყენებას, ნაცვლად საკუთარისა. ეს ფოტოგრაფები ბრმები არიან.

მანუელ ალვარეს ბრავო

მანუელ ალვარეს ბრავო დაიბადა მეხიკოში, მექსიკაში, ადგილას, რომელმაც განსაზღვრა ფოტოგრაფის შემოქმედება და უდიდესი როლი ითამაშა მისი გამორჩეული ხედვის ჩამოყალიბებაზე.

1917 წელს მანუელმა სან კარლოსის აკადემიაში მხატვრობის შესწავლა გადაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ, ფოტოგრაფია იქცა იმ მთავარ მედიუმად, რომელმაც უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ბრავოს ბიოგრაფიაში – მედიუმი, რომლითაც საზოგადოებამ გაიცნო და შეიყვარა, როგორც ავტორი, რომელიც ფოტოფირზე წარმოაჩენდა მექსიკასა და მექსიკელებს. ფოტოგრაფი ლამაზი, სევდიანი, თამამი და შინაარსობრივად მრავალფეროვანი კადრები მნახველს ადამიანების განცდებსა და სოციო-კულტურულ გარემოზე შეულამაზებელ სიმართლეს მოუთხრობს.

1923 წელს გერმანელ ფოტოგრაფ უგო ბრემესთან შეხვედრის შემდეგ ბრავომ პირველი კამერა შეიძინა. სწორედ ეს ურთიერთობა გახდა ერთ-ერთი პირველი ბიძგი ფოტოგრაფიის შესწავლისკენ, თუმცა ის მაინც თვითნასწავლ ფოტოგრაფად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ მის განვითარებაში დიდი როლი არაერთმა ხელოვანმა ითამაშა.

მანუელი გამოირჩეოდა მექსიკელი ხალხისა და მექსიკური ლანდშაფტების აღბეჭდვით. მისი პორტფოლიოს ნახვა პირდაპირ მექსიკაში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ვხვდებით საინტერესო ინდივიდებსა და უცნაურ ლანდშაფტებს. ბრავოს გამოსახულებებში თვალნათლივ იკვეთება მექსიკური ხასიათი და ბუნება, რომელშიც შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც ადგილობრივი ეკოსისტემის მრავალფეროვნება, ისე ის სახასიათო ნიშნები, რომელთაც კონკრეტული კულტურა წარმოშობს ერთ სივრცეში. ფოტოების ცქერისას, მნახველისთვის შეიძლება გეოგრაფიული მდებარეობაც თვალსაჩინო გახდეს. 

ბრავო ითვლება მექსიკური რენესანსის ნაწილად, რომლის პერიოდიც მოიცავდა მექსიკის რევოლუციის შემდგომ წლებს (1910-20-იანი წლები). მიუხედავად იმისა, რომ მასზე სხვადასხვა სოციო-კულტურულმა მოვლენებმა და მიმდინარეობებმა გავლენა მოახდინა (განსაკუთრებით კი სიურრეალიზმა), ფოტოგრაფის ხელოვნება ძირითადად მაინც მექსიკას ეკუთვნოდა – შემოქმედების დიდი წილი სწორედ ამ სივრცეში აღმოცენებულ კულტურულ გამოვლინებებს ეთმობოდა: ხალხს, გარემოს, არქიტექტურასა და ყოველდღიურ, რუტინულ სიტუაციებს. უყვარდა ასევე შიშველი სხეულის, განსაკუთრებით კი მკერდის, გადაღება – მის პორტფოლიოში მრავლად შევხვდებით ამგვარ გამოსახულებებს. 

მანუელის ბიოგრაფიაში ბევრმა ნაცნობმა სახელმა შეიძლება გაიჟღეროს. მათ შორისაა ფოტოგრაფი ტინა მოდოტიც, რომელთან ურთიერთობამაც გაუხსნა გზა ამერიკელ ფოტოგრაფ ედვარდ ვესტონამდე. ამ უკანასკნელმა უდიდესი გავლენა იქონია ბრავოზე – შემატა რა მოტივაცია თავისი დამოკიდებულებით და გამოჩენილი პროფესიული სიმპათიით.  ფოტოგრაფი ასევე ურთიერთობდა იმ პერიოდის ცნობილ ხელოვანებთან, რომელთა შორის იყვნენ დიეგო რივერა, ფრიდა კალო, რუფინო ტამაიო, დევიდ ალფარო სიქეიროსი, ანრი კარტიე-ბრესონი, ანდრე ბრეტონი, ხოსე კლემენტე ოროზკო და სხვა.  ფოტოგრაფმა მრავლად შემოგვინახა ფრიდა კალოს ფოტოებიც, რომლებიც საკმაოდ ცნობილია მხატვრის ბიოგრაფიაში. 

კარიერის დასაწყისში მანუელზე გავლენა ევროპის აბსტრაქტულმა და კუბისტურმა ხელოვნებამ იქონია. რამდენადაც ბიოგრაფიიდან ვიგებთ, თავდაპირველად ქაღალდის ფორმებს აბსტრაქტული იერსახით იღებდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბრავო ხშირად იყენებდა ფოტოგრაფიულ ჟურნალებს ცოდნის გასაღრმავებლად, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა სამეგობრო წრეში – მეგობრებმა მას ძალიან იშვიათი და კლასიკური Giroux Daguerreotype-ის კამერა აჩუქეს, რომელიც 1830-იან წლებში დამზადდა. 

მანუელის მთავარ შემოქმედებით წარმატებად ითვლება პოსტრევოლუციური თანამედროვე კულტურის აღბეჭდვა მშობლიურ მექსიკაში. მანუელის ფოტოებს ხშირად თან ახლავს პოეტური ხიბლი. ამის  მაგალითია „The Great Penitent“, ფოტო, რომელზეც გამოსახულია პირქვე დაწოლილი ქალი ეკლესიის წინ, ტროტუარზე. კადრი გადაღებულია შორიდან, ზედხედით, ელექტრო მავთულები თითქოს „გადადის“ ფოტოზე და იჭრება ორივე მხარეს და ერთგვარ „ხაზებს” მოგვაგონებენ. წმინდანთა ბიუსტები, რომლებიც ამშვენებს შენობას, ნაწილობრივ წაჭრილია კადრში, რაც გამოსახულებას თავისებურ ხიბლს სძენს. ფოტო საინტერესოა როგორც შინაარსობრივად, ისე თავისი კომპოზიციური სირთულით. 

The Great Penitent, 1954 © Colette Urbajtel / Archivo Manuel Álvarez Bravo, S.C.
The Great Penitent, 1954 © Colette Urbajtel / Archivo Manuel Álvarez Bravo, S.C.

რაც შეეხება ფოტოგრაფზე სიურრეალისტურ გავლენას, ეს უკანასკნელი გამოიხატა რეალური, თუმცა უცნაური საგნების აღბეჭდვაში – მაგალითად, ოპტიკური სათვალეების მაღაზია, რომელზეც თვალის ილუსტრაციებს ვაწყდებით, ასევე ოთახში უცნაურად მიმოფანტული ნივთების ფირზე ასახვა.

Optical Parable, 1931 © Colette Urbajtel / Archivo Manuel Álvarez Bravo, S.C.
Optical Parable, 1931 © Colette Urbajtel / Archivo Manuel Álvarez Bravo, S.C.

ფოტოგრაფიის გარდა მანუელი კინოთიც იყო დაინტერესებული. 1932  წელს მისი ინტერესი კინოსადმი გამძაფრდა. სწორედ ამ პერიოდში მუშაობდა ოპერატორად სერგეი ეიზენშტეინის ფილმზე „Que viva Mexico!“ 

მანუელ ალვარეს ბრავოს კარიერა ადვილად შეიძლება ჩაითვალოს დაუღალავი შრომის ისტორიად –  შრომატევადი მცდელობებით და თავდაუზოგავი ექსპერიმენტებით – საკულტო შედევრებისთვის.