მარი ბექაური
მარი ბექაური
/

მარი ბექაური: „ბევრისთვის ეს წიგნი სარკე იქნება“

წაკითხვა
5 წუთში წასაკითხი

მარი ბექაური: მწერალი, სცენარისტი. არაერთი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარის და 7 წიგნის ავტორი. ბოლო წიგნი – „ორ ზღვას შუა“ სულ მალე გამოვა. როგორც ანოტაციიდან ვიგებთ:

იუმორისტული მოთხრობების კრებულში თავმოყრილი სასაცილო თუ ახირებული ამბები ერთი შეხედვით აბსურდულია, მაგრამ, რაც უნდა დაუჯერებლად ჩანდეს, თუ დაუფიქრდებით, მიხვდებით, რომ მსგავსი ისტორიები თქვენ გარშემოც არაერთხელ მომხდარა.

მარი ბექაური
მარი ბექაური
მარი ბექაური

BOGART: მარი, რამ შთაგაგონა, დაგეწერა კრებული „ორ ზღვას შუა“?

ქართულმა რეალობამ – იმ აბსურდულმა ამბებმა, რომლებიც მარტო ჩვენთან ხდება და ძალიან ტრაგიკულია და ამავდროულად, სასაცილო.

BOGART: შეგიძლია, გაგვიზიარო რაიმე პირადი გამოცდილება ან ნამდვილი ამბავი, რომელიც შემდგომ კრებულში გამოჩნდა?

წიგნში უხვადაა რეალობიდან აღებული ამბები: ქუთაისის ბანკის ძარცვა, როცა მძევლებმა მძარცველთან სელფები გადაიღეს… ქალის მიერ ქმრის ინდაურით ცემის ფაქტი და ა.შ. რაც შეეხება პირად გამოცდილებას, ერთს მოგიყვები… Viber-ში სამეზობლოს ჩათი გვაქვს. ჰოდა ერთხელ, იმდენი მესიჯი წამოვიდა, აფეთქდა ეს ჩათი. მე ვთქვი, რა ხდება. შევედი და ვხედავ სამასამდე შეტყობინებას, ვიღაც ტიპის ფოტოებს. ვიფიქრე, ალბათ, მეზობელი გაძარცვეს და კამერიდან ჩანაწერი ამოიღეს-თქო… აღმოჩნდა, რომ ამ ტიპს კორპუსის ავტოსადგომზე მოუსაქმია და მეზობლები ისეთებს იწერებოდნენ, გეგონება, კაცმა  ქვეყანა გაყიდა. სარჩელის შეტანას აპირებდნენ. მერე ვიღაცებს შეეცოდათ, იქნებ, როგორ უჭირდა საწყალსო და დანარჩენებს გადააფიქრებინეს… ისეთ ტექსტებს ვკითხულობდი, სიცილისგან ცრემლები მდიოდა. მაშინვე დავიწყე მოთხრობის წერა. მოთხრობას ჰქვია „გაუგონარი კატასტროფა“ და მომხდარს თითქმის სრული სიზუსტით ასახავს.

BOGART: გვითხარი, კრებულში რომელი მოთხრობაა შენი ფავორიტი და რატომ?

„უპრობლემო კაცი“, „ავტობუსის გამტაცებელი“, „ძარცვა ქუთაისურად“ და „გაწიწმატებული ქალი“. თუ მაინცდამაინც ერთი უნდა დავასახელო, ალბათ, „ავტობუსის გამტაცებელი“. აქ სხვა მოთხრობებიდან ყველაზე მეტი პერსონაჟია გადმოსული. ჰო, პერსონაჟები სულ გადადიან სხვა მოთხრობებში… ეგეც ნამდვილ ამბავზეა – მთვრალმა კაცმა ავტობუსი რომ გაიტაცა და მგზავრები დასალევად მიჰყავდა. მაგ კაცის ადვოკატმა სოციალურ ქსელში დაწერა მერე: ასეთი საქმე არათუ არ მქონია, არც კი მსმენიაო… ხომ გეუბნებით, მარტო ჩვენთან ხდება მსგავსი რაღაცები. 

BOGART: როგორ გგონია, რამდენად მოქმედებს შენი ქართული წარმომავლობა და კულტურა „ორ ზღვას შუა“ ამბებზე?

პირდაპირ. ვიღაცისთვის ქუთაისის ბანკის ძარცვის ამბავი ჩვეულებრივი კრიმინალია და ვერც მიხვდება, რა არის ამაში სასაცილო… სწორედ ამ ერის და კულტურის შვილი რომ ვარ, მაგიტომ მესმის ის ხასიათის თავისებურებები, რის გამოც მთელი ერი ბანკის ძარცვისას სიცილით კვდებოდა.

BOGART: რისი მიღება შეუძლია მკითხველს შენი იუმორისტული მოთხრობების კრებულიდან?

ბევრისთვის ეს წიგნი სარკე იქნება. მე ხომ იუმორით სინამდვილეს ვყვები. კი, პერსონაჟების დიდი ნაწილი გამოგონილია, მაგრამ ისინი ჩვენი საზოგადოების სახეები არიან და სიტუაციებიც შესაბამისია. აქაა ქალაქი და სოფელი, ცენტრალური უბნები და გარეუბნები. აქ არიან დანევროზებული ადამიანები, იოგებად ქცეული „ძველი ბიჭები“; ქალები, რომლებმაც მთელი ცხოვრება შრომაში გალიეს, ოჯახებს მარტოები ინახავდნენ და არასდროს ყოფილან ბედნიერები.

BOGART: როგორი იყო წერის პროცესი?  რამდენი დრო დაგჭირდა წიგნის დასაწერად?

დაახლოებით ოთხი თვე. რა თქმა უნდა, მიყოლებით არ დამიწერია მოთხრობები. მაშინ ვწერდი, როცა იდეა მომდიოდა… ყველა მოთხრობის წერის დროს ვიცინოდი. თითქოს თავისით მოდიოდა სიტყვები, ემოცია, სიუჟეტი და მე უბრალოდ გადმომქონდა. უდიდესი სიამოვნება მივიღე პროცესით.

მარი ბექაური
მარი ბექაური

BOGART: როგორ დაგეხმარა იუმორი მოთხრობების ძირითადი გზავნილების გადმოცემაში?

იუმორი რომ არა, დარჩებოდა ამბის მხოლოდ დრამატული მხარე. ჩვენ კი ისეთი ხალხი ვართ, ვისაც დრამატულ სიტუაციებშიც გვეცინება. ასე რომ, კი, ვფიქრობ, ძირითადი გზავნილები იუმორით გაცილებით უკეთ გადმოვეცი.

BOGART: როგორ გგონია, რა წვლილს შეიტანს კრებული „ორ ზღვას შუა“ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში?

არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია. თუმცა, ჩემი წიგნებიდან ყველაზე მეტად მიყვარს… ეს წიგნი არაა დიდ გამოწვევებზე, პერსონაჟებზე, რომლებმაც რაღაც საგმირო საქმენი უნდა ჩაიდინონ. უბრალო ადამიანებზეა, მათ ყოველდღიურობაზე, სურვილებზე, დრამებზე, ბრაზსა და მოულოდნელ ტრანსფორმაციებზე. ხალხზე, რომელიც მიყვარს, თავისი ნამდვილობის და გულწრფელობის გამო…

BOGART: გეგმავ თუ არა ამ ჟანრში მეტი წიგნის დაწერას?

ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ ზოგადად, ჩემია ეს ჟანრი. წერას რომ თავი დავანებოთ, რეალურ ცხოვრებაშიც ასე ვარ, რომ დრამატულ სიტუაციებს რაღაც მომენტში იუმორით ვუყურებ და მეცინება. თან ქართული სინამდვილე მასალას უხვად გაწვდის. ორი დღის წინ ნიუსი ვნახე: სტუმრებმა სიძე ჰაერში ააგდეს და დაჭერა დაავიწყდათო. მომენტალურად გამიჩნდა მოთხრობის იდეა: „ჰაერში აგდებული სიძე“… ჰოდა, არ ვიცი, როდის, მაგრამ ვფიქრობ, სხვა კრებულიც იქნება.

BOGART: და ბოლოს, რა გინდა, რომ ამ წიგნმა მკითხველს მისცეს?

პირველ რიგში, სიცილი, ბევრი სიცილი! ქართველი ხალხის უმეტესობა სულ თვითგადარჩენის რეჟიმშია და ძალიან ბევრი მიზეზის გამო სიხარული აკლიათ, გულწრფელი სიცილი აკლიათ. ხანდახან, წერის დროს წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ კითხულობს ვიღაც ამ წიგნს და იცინის და ეს ბედნიერებას მანიჭებდა. მინდა, რომ ის სამი-ოთხი საათი, რაც წიგნის წაკითხვას სჭირდება, ადამიანებმა გულიანად იცინონ და კარგ ხასიათზე დადგნენ… მინდა, რომ ქალებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება ბავშვის ეგო მდგომარეობაში დარჩენილ, უპასუხისმგებლო კაცებს შეალიეს, ისევე ამოასხათ, როგორც ჩემს პერონაჟ ქალებს ემართებათ. რეალობა გააცნობიერონ და საკუთარი თავი დააფასონ… მინდა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ვაქცინაციაზე ათასი იდიოტური მითის სჯერათ, ან რუსეთუმეები არიან, ან ჯერ კიდევ „ძველ ბიჭობაში“ ჩარჩენილები, დაინახონ, რამხელა აბსურდში ცხოვრობენ. ეს მცდარი რწმუნებულებები ხომ, პირველ რიგში, მათივე განვითარებას უშლის ხელს… როგორც უკვე ვთქვი, კი, მე ვყვები იუმორით, მაგრამ ვყვები სინამდვილეს, იმას, რაც ყველა ჩვენგანის გარშემო ხდება.

© სულაკაურის გამომცემლობა
© სულაკაურის გამომცემლობა

მარი ბექაურის კრებული – „ორ ზღვას შუა“ სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით მალე გამოიცემა.