ემეტ უილიამსი, ჯორჯ მაკიუნასი, ბენჯამინ პატერსონი, დიკ ჰიგინსი, ელისონ ნოულზი ასრულებენ ფილიპ კორნერის საფორტეპიანო აქტივობებს Internationale Festspiele Neuester Musik-ზე, 1962 წელი. სურათი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან, NYC
ემეტ უილიამსი, ჯორჯ მაკიუნასი, ბენჯამინ პატერსონი, დიკ ჰიგინსი, ელისონ ნოულზი ასრულებენ ფილიპ კორნერის საფორტეპიანო აქტივობებს Internationale Festspiele Neuester Musik-ზე, 1962 წელი. სურათი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან, NYC

ფლუქსუსი

წაკითხვა
8 წუთში წასაკითხი

მეოცე საუკუნე ექსპერიმენტებით დატვირთული აღმოჩნდა მსოფლიო ხელოვნებისთვის. უამრავი ხელოვანი და მიმდინარეობა გამოვლინდა. არტისტები ცდილობდნენ ახალი გზები თუ მიმართულებები ეპოვნათ და განსხვავებული მეთოდებით გაეფართოვებინათ, ან სულაც წაეშალათ დადგენილი საზღვრები. სწორედ მეოცე საუკუნის ასეთი აღმოჩენაა ფლუქსუსის მოძრაობა.

ფლუქსუსის მიზანი იყო გაერღვია ხელოვნების ჩარჩოები და დაემარცხებინა ტრადიციული დოგმები. ხელოვნება მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე კომერცია. მათ ინსპირაციას დადა და მარსელ დიუშანი წარმოადგენდა, რომელმაც ყოველდღიური საგნები ხელოვნებაში შემოიტანა. სწორედ ეს იყო მათი ფუნდამენტური მიზანი, ხელოვნება და ყოველდღიურობა ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ. მიმდინარეობამ ხელოვნების არაერთი ფორმა მოიცვა: კონცეპტუალური ხელოვნება, მინიმალიზმი, მუსიკა, ვიდეოარტი…

ფლუქსუსი, როგორც მიმდინარეობა, 1959 წელს ჩამოყალიბდა. მის დამფუძნებლად ლიტველ-ამერიკელი ჯორჯ მაქიუნასი ითვლება. თავდაპირველად მაქიუნასი მიმდინარეობას ნეო-დადაიზმად მოიხსენიებდა, რადგან მას ახალ დადად მოიაზრებდა. თუმცა ავსტრიელ დადაისტ რაულ ჰაუსმანთან მიმოწერისას, ხელოვანმა ურჩია, მიმდინარეობისთვის „ფლუქსუსი“ დაერქმია, რადგან ეს კონკრეტული ახალი წამოწყება იყო, დადა კი უკვე ისტორია. თავად სიტყვა ფლუქსუსი ლათინურად „დენას“ ნიშნავს.

ამის შემდეგ მაქიუნასმა, 1962 წელს, თავისივე მოწყობილ ფესტივალზე, პირველად გამოიყენა სიტყვა „ფლუქსუსი“, როგორც მიმდინარეობის სახელწოდება და განმარტა, რომ ანტი არტის მეშვეობით ეწინააღმდეგებოდა ზღვარს, რომელიც ხელოვნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის იყო გავლებული. მიდგომა უკიდურესი იყო, რაც მისი ყველა სახის ხელოვნების წინააღმდეგ დგომით ხასიათდებოდა. მანამდე სიტყვა ფლუქსუსი 1961 წელს გამოიყენა, როცა გალერია AG-ში გაკეთებული გამოფენის გაყიდული ბილეთებით (ბილეთის საფასური-3$), ჟურნალი „ფლუქსუსი“ გამოსცა.

ფლუქსუსის დაარსებაში მონაწილეობას იღებდნენ, ავსტრიელი ვოლფ ფოსტელი და კორეელი ნამ ჯუნ პაიკი, რომელიც ვიდეო არტის შემქმნელად მოიხსენიება. მოგვიანებით, მათ რიგებს საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იოზეფ ბოისი და მუსიკოსი ჯონ ქეიჯიც შეუერთდა. ასევე იოკო ონო, ბენ ვოტიერი, ალან კაპროვი, კრის ბურდენი, დიკ ჰიგინსი და სხვანი.

Nam June Paik, Zen for TV, 1963, 1976 version, manipulated television set; black and white, silent, 19 x 22 1/2 x 18 in. (48.3 x 57.2 x 45.7 cm), Smithsonian American Art Museum, Gift of Byungseol and Dolores An, 2006.20, © Nam June Paik Estate
Nam June Paik, Zen for TV, 1963, 1976 version, manipulated television set; black and white, silent, 19 x 22 1/2 x 18 in. (48.3 x 57.2 x 45.7 cm), Smithsonian American Art Museum, Gift of Byungseol and Dolores An, 2006.20, © Nam June Paik Estate

ფლუქსუსის ერთ-ერთ მთავარ იდეას წარმოადგენდა აზრი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ხელოვანი გამხდარიყო. ამ იდეებს ორმოცდაათამდე არტისტი იზიარებდა. საინტერესოა, რომ ხელოვანები არ იყენებდნენ ერთ მეთოდს, მათი შემოქმედება მოიცავდა: ინსტალაციებს, პერფორმანსებს (ივენთებად მოიხსენიებდნენ), ნახატებს, გრაფიკას, ოპერებს და სხვა.

პიროვნებები, რომლებსაც საერთო რაღაც უსახელო აქვთ. მათ ბუნებრივად გადაწყვიტეს ერთად გამოექვეყნებინათ თავიანთი ნამუშევრები.

ჯორჯ ბრეხტი

ჯორჯ მაქიუნასის მიდგომები ხშირად იწვევდა კამათის საბაბს ფლუქსუსის წევრებსა და მას შორის, რის გამოც ჯორჯს არაერთხელ გაუგდია ჯგუფის წევრები მიმდინარეობის რიგებიდან. მან თავისი რწმენა „ფლუქსუსის მანიფესტში“ წარადგინა.

გაიწმინდოს სამყარო მკვდარი, ხელოვნური, აბსტრაქტული ხელოვნებისაგან! ვიბრძოლოთ რევოლუციური ნაკადისათვის და წესრიგისთვის ხელოვნებაში, განვითარდეს ცხოვრებისეული ხელოვნება, ანტიხელოვნება!

ჯორჯ მაქიუნასი

ამ უკანასკნელს სურდა, რომ სახვითი ხელოვნება მთლიანად აღმოფხვრილიყო. ზოგჯერ ნამუშევრები არ იყო ხელმოწერილი, რადგან მაქიუნასის აზრით ნამუშევარი მხატვრის ეგოიზმისგან უნდა დაცლილიყო და ხელმოწერილი ყოფილიყო წარწერით „ფლუქსუს“.

„ფლუქსუსის მანიფესტს“ და ზოგადად, ანტი-ხელოვნების კონცეფციას კარგად ეხმიანება ბენ ვოტიერის ნამუშევარი – „Total Art Matchbox“. ხელოვანი ასანთის ყუთზე დაწერილი წარწერით, საზოგადოებას მოუწოდებს, დაწვან ხელოვნების ყველა ნიმუში, ბოლო ღერი კი, თავად ამ ასანთის ყუთისთვის შემოინახონ.

ფლუქსუსის მანიფესტი
ფლუქსუსის მანიფესტი

აღსანიშნავია, რომ ამ რევოლუციურ იდეას ზოგიერთი მიჰყვა და საკუთარი ნამუშევრები გაანადგურა. საინტერესოა, რომ პიანინო არაერთხელ გამოიყენეს ფლუქსუსის წარმომადგენლებმა. 1962 წლის დეკემბერში ფლუქსფესტი გაიმართა. მათ დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქალაქში თოთხმეტი პერფორმანსი მოაწყვეს. ამ პერფორმანსებიდან ერთ-ერთს, ფილიპ კორნერის „Piano Activities” წარმოადგენდა. ფილიპემ საზოგადოებას მოუწოდა პიანინოზე ნებისმიერი მეთოდით დაეკრათ, დაეკაკუნებინათ, დაებრახუნებინათ, თუნდაც დაეკაწრათ, დაეკრათ კლავიშებზე ან სიმებზე, დაეგდოთ მასზე ნებისმიერი საგანი და ემოქმედათ ისე, როგორც მოუნდებოდათ. საბოლოოდ, პერფორმანსი საკრავის სრული განადგურებით დამთავრდა. ასევე როიალი გამოიყენა ჯონ კეიჯმა „4’33”-ში. პიანისტი სცენაზე 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში ჩუმად იჯდა, და საკრავს ხელს არ კიდებდა. ამის პარალელურად დარბაზში უნებლიე ხმაური ჩნდებოდა, რაც გამოიხატებოდა საუბრით, ჩაახველებით და სხვა. ორივე პერფორმანსის მეშვეობით მაყურებელი გამოვიდა ჩრდილიდან და ხელოვნების არა მხოლოდ მონაწილე და თანამოზიარე, არამედ შემქმნელიც გახდა.

ფლუქსუსის წარმომადგენლის, იოზეფ ბოისის აზრით ნებისმიერი ადამიანი ხელოვანია, მათ ხელოვნება დაბადებიდანვე მოჰყვებათ, არტისტად ქცევისთვის კი მისი გამოღვიძებაა საჭირო. 1966 წელს თავად ბოისმაც გამოიყენა როიალი თავის გამოფენაში. მან ინსტრუმენტი თექის ნაცრისფერ ქსოვილში გაახვია ზედ კი წითელი ჯვრის ლოგო დაიტანა. გამოფენის შემდგომ ჩატარებულ ლექციაზე იმ მედიკამენტზე ისაუბრა, რომლის გამოყენებამაც უხელო ბავშვების დაბადება გამოიწვია. მის მიერ წარმოდგენილი უფორმო, დადუმებული როიალი, არის სიმბოლო დაკვრის უუნარობისა, ნაცრისფერი და წითელი კი მიგვანიშნებს ომებსა და ავდმყოფობაზე. ბოისი უარყოფს ცალმხრივ აზროვნებას, მისი ნამუშევრები გვაძლევს საშუალებას ისინი სხვადასხვა იდეით დავტვირთოთ. მისი აზრით, ყველაფერი, რაც არსებობს, ერთმანეთთან კავშირშია. ადამიანმა უნდა შეიგრძნოს თავისი არსი და მიენდოს სამყაროს.

ფლუქსუსთან საჭიროა ვახსენოთ ძენ ბუდიზმიც, რომლითაც რამდენიმე არტისტი დაინტერესდა. ძენი იაპონურ, ბუდისტურ ფილოსოფიას წარმოადგენს. ის ფოკუსირებულია აწმყოსა და მედიტაციაზე, ანუ აქ და ახლა. ძენისთვის მნიშვნელოვანია მედიტაცია, როგორც საუკეთესო საშუალება საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად. შესაბამისად, გარეგან გამოწვევებზე მეტად პრიორიტეტული შინაგან პროცესებში ჩაბრუნებაა. სწორედ ამ ფილოსოფიის გადატანას ცდილობდნენ ფლუქსუსის წევრები თავიანთ ნამუშევრებში. მაგალითად, ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი, ჯონ კეიჯის პერფორმანსი, „4’33“ შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც მთავარი აქცენტი სიჩუმის სიცარიელეზე კეთდება. ძენის მოძღვრებით დაინტერესებული იყო ნამ ჯუნ პაიკიც. მისი „ძენი ფილმისთვის“ „4’33“-ს ეხმიანება და იქ თუ კონცერტი სიჩუმით მიმდინარეობდა, აქ 8 წუთიანი ფილმის კადრები ფაქტობრივად სრულ სიცარიელეში მიედინება. თეთრი ეკრანი მხოლოდ მასზე შემთხვევით გამოჩენილ ხაზებს აჩვენებს, რომლებიც თითქოს მედიტაციისას ჩვენი ღრმა შრეებიდან ამოსულ იმპულსებს განასახიერებს.

მსგავსი იდეით შეგვიძლია დავტვირთოთ „4’33“-ის პერფორმანსიც, სადაც ეკრანზე გაჩენილი ხაზები, აუდიტორიიდან ამოსული უცაბედი ხმებით იცვლება. ორივე არტისტი საგნის არარას იყენებს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, რომელიც დატვირთულია ძენის ფილოსოფიით.

ფლუქსუსის წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო სცოდნოდათ ყოველი მომენტი და, შესაბამისად, ეცხოვრათ მასში. სწორედ ასე გაერთიანდებოდა ხელოვნება და ცხოვრება ერთ მნიშვნელობად, სადაც მათ შორის არსებული განმასხვავებელი ხაზი გაქრებოდა.

მაქიუნესის თქმით, ფლუქსუსი უფრო ძენს ჰგავდა, ვიდრე დადას. თუმცა საინტერესოა, რომ თავად ნაკლებად ადარდებდა საგნების ძენის ასპექტი და უფრო მეტად ანტი-ხელოვნების პოზიციაზე იყო კონცენტრირებული.

ფლუქსუსი მაქიუნესის გარდაცვალების შემდეგ, 1978 წელს დასრულდა. მისივე თხოვნით არტისტების ჩართულობით „ფლუქს-დაკრძალვა“ („FluxFuneral“) მოეწყო. მალევე გაიმართა ბოლო, მნიშვნელოვანი ღონსიძიება, „ფლუქსუსის ფესტივალი და გაღვიძება“ („FuxFest and Wake“), სადაც ყველა საკვები თეთრი, შავი ან იასამნისფერი იყო.

გადაჭარბებული არ იქნება, რომ ვთქვათ, ფლუქსუსის იდეებმა არა მხოლოდ ხელოვნების ისტორია, არამედ მსოფლიო ისტორიაც შეცვალა. ის ეცადა განსხვავებული, ზოგჯერ უკიდურესი მიდგომებით სამყაროსთვის მისეული ხელოვნების ძიების მეთოდი ეჩვენებინა. მეტიც, დატოვა სურვილი, ჩვენში ხელოვანის აღმოჩენისა და მისი სააშკარაოზე გამოტანისა. ჩარჩოების მოსაცილებლად საჭირო გახდა თავისუფლება, რომელიც, ბოისის აზრით, სწორედ, რომ ხელოვნებაშია:

ხელოვნების მიზანია ხალხი თავისუფალი გახადოს, შესაბამისად ხელოვნება ჩემთვის თავისუფლების მეცნიერებაა.

ფლუქსუსის ფილოსოფია შემდგომშიც გავრცელდა და გავლენა პერფორმანსულ ხელოვნებაზე, ვიდეო არტზე, ლედ არტზე, სთრით არტსა და იმ ხელოვანებზე მოახდინა, რომლებიც მუზეუმებს მიღმა არიან.

გრაფიკული დიზაინერი, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ბაკალავრიატის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ბოგარტის კონტრიბუტორი 2023 წლიდან.