Andro Wekua, Untitled, 2018, silkscreen ink and varnish on aluminium panel, 51 × 49 1⁄4".
Andro Wekua, Untitled, 2018, silkscreen ink and varnish on aluminium panel, 51 × 49 1⁄4". | Artforum

ანდრო ვეკუა – ხელოვანი, როგორც „სერფერი“

წაკითხვა
5 წუთში წასაკითხი

If the work is not able to take on a life of its own, then it doesn’t leave the studio.

ანდრო ვეკუა

ანდრო ვეკუა სოხუმში დაბადებული ქართველი ხელოვანია. იგი ამჟამად ციურიხსა და ბერლინში მოღვაწეობს. ვეკუა 1990-იან წლებში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის უშუალო მომსწრე გახდა. მისი მამა, ქართველი პოლიტიკური აქტივისტი – ვოვა ვეკუა – 1989 წლის სოხუმის არეულობას ემსხვერპლა. 13 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად სოხუმის დატოვება მოუწია. ბიოგრაფიის ამ ეპიზოდს ავტორის ხელოვნებაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ანდროს შემოქმედება მოიცავს სხვადასხვა მედიუმებს: ფერწერას, კოლაჟს, ნახატს, ინსტალაციას, ქანდაკებასა და ვიდეოს. თითოეული ნამუშევარი აერთიანებს პირად და კოლექტიურ მოგონებებს, სადაც იგი ასახავს იმას, რაც ინტიმურია – ეხება მშობლიურს და გვაფიქრებს „სხვათა“ მდგომარეობაზე. ეხმიანება რა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა პიროვნების კულტურული და პოლიტიკური გაუცხოება.

ავტორის ხელწერაში მნახველი ნაკლებად დაინახავს თხრობის „სტანდარტულ“ ფორმას – ეს უფრო მდგომარეობააა, მხედველობითი ეჭვისთვის, რომლის არსებობის შემდგომაც შეიძლება ფიქრი სხვა ყველაფერზე, თუნდაც ადამიანის ინტელექტუალურ და ფიზიკურ ყოფაზე სამყაროში, სადაც იგი ფიქრობს, აზროვნებს, იწყებს გამკლავებას შიშებთან, „ირეკლავს“ საკუთარ თავს და იკვლევს მას. სტრუქტურული და კონსტრუქციული სხვაობა სხვადასხვა მედიუმებში, სადაც რაიმე მდგომარეობის ნიშან-თვისებები იჩენს თავს, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ვეკუა არ ცდილობს მისი ნამუშევრების დაკონკრეტებასა და ჩარჩოებში მოქცევას. 

ხელოვანის ბავშვობისდროინდელი ამბები, რომლებიც ეხება საქართველოს, დაკავშირებულია ოჯახის დაკარგვასთან, ომთან, გადაადგილებასთან, კულტურულ შოკთან და მარტოობასთან. ემიგრაცია, თავისთავად, ნაკლებკომფორტული ან რთული აღსაქმელ-გადასატანია. ამას, ავტორის შემთხვევაში, დაემატა ოჯახური ტრაგედია. იგი შესამჩნევად ცდილობს აღიდგინოს მეხსიერებაში დალექილი უამრავი რამ და, როგორც თავად ამბობს, დაასრულოს – „My work is about closing these gaps.“ – ვკითხულობთ მის ერთ-ერთ ინტერვიუში.

ადამიანები, შენობები, ზღვის პეიზაჟები და სხვა – ეს ის გამოსახულებებია, რომელთა „რეკონსტრუქციას“ და გადმოცემასაც იგი ნამუშევრებით ახერხებს, სხვადასხვა წყაროების დახმარებით. სწორედ ეს დამხმარე „ხელოვნური“ საშუალებებია ის ნაწილები, სადაც ნატურალიზმი და ფორმათა ბუნებრიობა ქრება ან იკარგება. კოლაჟებში, რომელთაც ანდრო ფერებით „კაწრავს“, განსაკუთრებით ნათლად იკვეთება. საბოლოოდ, ისინი ემსგავსებიან სიზმარს, ცხოვრების შეუმდგარ „რეალობას“, რომელიც, როგორი ადრინდელიც არ უნდა იყოს, მაინც შენი ნაწილია. ისაა, რაც იყო შენთან და აღარ არის, არც იცი, როგორი იქნებოდა, რომ ყოფილიყო, რადგან იმ ამბად იქცა, რომელსაც აწმყო აღარ აქვს. ეს არაა მელანქოლიური სიყვარული წარსულის მიმართ, საქმე უბრალოდ გაურკვევლობაშია, რასაც, როგორი ახსნაც არ უნდა მოუძებნონ, მაინც ისეთია, როგორსაც თავად ხედავ და აღიქვამ, შესაძლოა ბუნდოვნადაც.

ალბათ, თუკი ამ მდგომარეობას რაიმე ყველაზე კარგად აღწერს, ესაა სწორედ ავტორის მიერ შესრულებული ავტოპორტრეტი. ლურჯ ფერში (შეგვიძლია ზღვად მოვიაზროთ) „მოტივტივე“ პატარა ბიჭი, რომელიც არც მიწას ეხება და არც ამ სილურჯეს კვეთს. მდგომარეობა და წარსული, რომელიც არის ის მუდმივგახსენებადი რამ, რის დავიწყებასაც ვერ მოახერხებ, რადგან შენივე ბიოგრაფიული კუთვნილების გარდა, ესაა ქვეყნის კოლექტიური მეხსიერების ნაწილი. რა თქმა უნდა, აქ (შემოქმედებაში) აუცილებლად იქნება ავტორის სუბიექტურობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არაა ხელოვნური დრამატიზება ამბის, ის ცალსახად მძიმე და ტრაგიკულია. ესაა დაბრუნების და გაცნობიერების მცდელობა – იმისა, თუ რა იყო, რა შეიცვალა, სად იყავი და ვინ იყვნენ ის ადამიანები. ადგილის ცვლილებისას განცდილი მეტამორფოზა შეიძლება ჰგავდეს იმ ნამუშევარს, რომელიც ვეკუამ შეასრულა 2011 წელს.

Andro Wekua, Untitled (2011). Collection Nicoletta Fiorucci, Londres. Courtesy Gladstone Gallery (New York, Bruxelles) © Andro Wekua.
Andro Wekua, Untitled (2011). Collection Nicoletta Fiorucci, Londres. Courtesy Gladstone Gallery (New York, Bruxelles) © Andro Wekua.

იგი BBC NEWS-ის ინტერვიუში იხსენებს წარსულს და სოხუმში გადამხდარ ამბებს, რომლებმაც მის მეხსიერებაში დიდი კვალი დატოვა. სერია, „ვარდისფერი ტალღების მონადირე“ სწორედ ამ მოგონებებს უკავშირდება:

უბრალოდ მინდოდა, რომ მეჩვენებინა ცარიელი მოჩვენება-ქალაქი. ის სავსე იყო სიცოცხლით და ხალხით, შემდეგ კი რაღაც მოხდა. ხალხი წავიდა. ასე რომ, აქ ის მიტოვებულია, რაღაცას ელოდება.

ავტორი კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინის მოდელზე აღნიშნავდა: „ის უშნოა, მაგრამ მე შევქმენი  მისი რეკონსტრუქცია, რადგან ის ქალაქის ნაწილი იყო… მახსოვს, ერთხელ მის წინ მომიწია მსვლელობაში ჩართვა, საბჭოურ ფესტივალზე… ახალგაზრდა გახლდით პიონერის ფორმაში ხელში დიდი ბუშტით. ეს მეხსიერებაც კი ბუნდოვანია.“ – იხსენებს ანდრო.

Get Out of my Room, 2006. Installation view at Kunstmuseum Winterthur, Germany. Photo: A. Burger.
Get Out of my Room, 2006. Installation view at Kunstmuseum Winterthur, Germany. Photo: A. Burger.

აგრეთვე, ვეკუასთან შევხვდებით სკულპტურებს, რომლებსაც, უმეტესად, ადამიანური იერი აქვთ ან „ნასესხებია“ რაიმე ადამიანის სხეულის თავისებურებებიდან. ამ ნაწილში მაყურებელი შეამჩნევს ავტორის მისწრაფებებს თეატრალურობისა და გროტესკულობისკენ, მათი ნაკლებბუნებრივი, უცნაური ვიზუალის დამსახურებით. ზოგიერთ შემთხვევაში, ავტორი მათ გაშეშებულ მდგომარეობაში წარმოადგენს და სტატიკურ მდგომარეობაში ამყოფებს. სხვადასხვა ობიექტების გადაკვეთით ან ერთმანეთთან „შეზრდით“, ის ქმნის პერსონაჟებს, რომლებშიც სახე და სხეული მაინც ის ძირითადი ფუნდამენტებია, რასაც უნდა დავეყრდნოთ, რადგან ნებისმიერი დეტალი, მასთან შეთავსებადი თუ შეუთავსებელი, მჭიდროდ უკავშირდება პერსონაჟებთან გამოხატულ ფსიქო-ემოციურ განწყობებს.