ოთო შენგელია
ოთო შენგელია

ოთო შენგელიას მულტიმედიური პირველი სოლო გამოფენა

წაკითხვა
4 წუთში წასაკითხი

ოთო შენგელიას სოლო გამოფენა განხორციელდა პიტერ მოენიგის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის წარმდგენი პლატფორმა unarchived_semiotics. განსაკუთრებული მადლობა არტარეას საგალერეო სივრცეს, CCA-სა (თანამედროვე ხელოვნების სივრცე) და პროპაგანდას ტექნიკური მხარდაჭერისთვის.

თანამედროვე ეპოქის არაერთგვაროვან  ცვლილებებს უკვალოდ არ ჩაუვლია, მათ შორის კაცობრიობის ფუნდამენტურ საკითხებზე – იდეებისა და ქმედებების ისეთ სისტემაზე, რომელიც რწმენაზეა დაფუძნებული. მარკეტინგი – სოციალური და მმართველობითი პროცესი, მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ. შესაბამისად, დღევანდელ კონსუმერისტულ საზოგადოებაში მარკეტი ითვისებს ყველა იმ დისციპლინასა თუ სფეროს, რომელსაც საზოგადოება უკვეთავს. ამავდროულად, რელიგია ადამიანის შინაგანი სამყაროს სიღრმისეული ფენომენია, ასევე რელიგიური რწმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია ცალკეული ადამიანებისა და ჯგუფებისთვის. საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდაქმნამ შეცვალა ჩვენი ცხოვრება გლობალურ სამყაროში, სადაც თავისუფლება ლეგიტიმურია. შემოთავაზებების სიუხვეთა შორის შესაძლებელი გახდა, მივიღოთ ან არ მივიღოთ მრავალი შემოთავაზება და მათ შორისაა „რელიგიების სუპერ მარკეტი”. ამ გამოფენის იმპულსი ქართული ბაზრის გარემოა, კერძოდ ფოტოზე  არსებულ სიუჟეტში ასახული სივრცე, სადაც ფეხსაცმელების დაფაზე კუთხეში ხატებია განლაგებული. „Სუპერ მარკეტი” მარკეტისა და რელიგიის თანაარსებობის (შეუთავსებლობის შეთავსების) მანიფესტაციაა, სადაც ისეთი  საგნების  სელექცირება ხდება, რაც  თავისი  არსობრივი  და  ტიპოლოგიური  ბუნებიდან  გამომდინარე რადიკალურად  განსხვავდება  ერთმანეთისგან და ამავდროულად ერთმანეთთან დაკავშირებულია.

ოთო შენგელია, ხელოვანის განაცხადი

ოთო შენგელიას მულტიმედიური პირველი სოლო გამოფენა სხვადასხვა მედიუმში (ინსტალაცია, ნახატი ობიექტი, ვიდეო) წარადგენს ვიზუალურ ექსპერიმენტს ისეთი კომპლექსური საკითხის ირგვლივ, როგორიცაა სამომხმარებლო საზოგადოებისა და რელიგიის ურთიერთკავშირი.

ყოველდღიურობის ქაოსში შეუმჩნევლად დამკვიდრებული „დიქოტომიური ცვლადები”  არსებული რეალობის აღქმისა და წარმოდგენების უწყვეტ ცვალებადობას განაპირობებს. ჭარბი ინფორმაციისა და ჭარბი წარმოების ეპოქაში ცნება „საკრალური” თავად იძენს ოპოზიტურ შინაარსს.

„რელიგიების სუპერ მარკეტი” – ურთიერთგანსხვავებული ცნებების სეგმენტირებული დაფიქსირებით  აღქმის ახალ კუთხეს გვთავაზობს, სადაც ანარეკლი თავისთავად ხდება ავტონომიური გააზრების ობიექტი. სივრცესთან პერიფერიული ინტერაქციით გამოფენა დაკვირვების პერსპექტივად განიხილავს დომინაციური კულტურის განაპირა განზომილებებს.

როგორ აირეკლება დომინაციის შედეგად დამკვიდრებული რელიგიური თუ სამომხმარებლო სტანდარტები? ხშირად ჭარბი სამომხმარებლო დოზით გამოკვებილი რწმენა-წარმოდგენები შიდაარსისგან დაცლილი, ფანატიკური ან სულაც, მანიპულაციური იარაღია. ყოველდღიურობაში  „ასეთი იარაღი”  შემთხვევითი ქაოსიდან პარადოქსულ მარკეტინგულ გათვლად გარდაიქმნება და ამგვარად კვლავწარმოებს.

მასალის, იდეისა და გადაწყვეტის ერთიანობით (სინკრეტულობით), ოთო შენგელიას მულტიმედიური ნამუშევარი ცდილობს აირეკლოს დრო, რომელშიც ორმაგი პარადოქსი დაშვებადია. ჩემი წარმოდგენით, ამგვარი ნაზავის იკონოგრაფია საკრალურის შესახებ თანამედროვე ონტოლოგიად ყალიბდება და სარკისებური „სინამდვილით” შებრუნებულ პერსპექტივებზე კითხვებისთვის გვამზადებს.

პლატფორმა unarchived_semiotics | მარიამ შერგელაშვილი


ოთო შენგელია ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც კონცეპტუალური მიდგომით  იკვლევს სხვადასხვა დისციპლინის დამოკიდებულებებს და ამგვარად, საკუთარ მეთოდოლოგიას ავითარებს რამდენიმე მიმართულებით: ტრანსმედიაცია, მედიუმების დამუშავება, კვლევა.

შენგელია თავის შემოქმედებით პრაქტიკაში ორიენტირებულია თანამედროვე კულტურის არსებით მახასიათებელზე – ვირტუალიზაციაზე. მისი ნამუშევრები ხშირად ამ კონცეფციის ექსპერიმნტულ გააზრებას ეფუძნება. გამოსახულება, რომელიც ციფრულ ენაზე ითარგმნება, ფიზიკურ რეალობაში სრულიად ახალი ფორმით ბრუნდება. შედეგად, ნამუშევარი, როგორც ინსტრუმენტი თავად ხდება გამოსახულება –  მედიუმი, რომელშიც განუყოფელია ფორმა და შინაარსი. 


პლატფორმა unarchived_semiotics აერთიანებს მულტიმედიურ ინიციატივებს, სხვადასხვა დროით შრეზე დაწყებულ საავტორო ძიებებსა და გამოცდილებებს. unarchived_semiotics ნიშნისა და აღსანიშნის, ინდივიდისა და გარემოს, დამკვირვებელისა და ავტორის ურთიერთმიმართებებს საგამოფენო ფორმატით განავრცობს და სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედებას წარადგენს.