ანუბისი © იოანა კარპოვიჩი
ანუბისი © იოანა კარპოვიჩი

იოანა კარპოვიჩი – ანუბისის განმხოლოება

წაკითხვა
2 წუთში წასაკითხი

იოანა კარპოვიჩი თანამედროვე პოლონელი მხატვარი და კომიქსების ილუსტრატორია, რომელიც დაიბადა კრაკოვში, 1976 წელს. სწავლობდა კრაკოვის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, ფერწერის მიმართულებით.

იოანამ სახელი თავისი საინტერესო პერსონაჟით – ანუბისი – გაითქვა, რომელიც ძველ ეგვიპტური სიკვდილის ღმერთის ბერძნული სახელია. ანუბისი ძველად გაიგივებული იყო ტურასთან და შემდგომშიც ხშირად გამოსახავდნენ ტურის ან ძაღლის თავით. ანუბისის მთავარი ფუნქცია მიცვალებულთა სხეულის ბალზამირება, მათი სულების გაცილება იმქვეყნიურ სამყაროში და აკლდამის დაცვაა. მას, უმეტეს შემთხვევაში, ანტრომორფულად გამოსახავენ – ცხოველის თავით და ადმიანის ტანით.

პოლონელმა ილუსტრატორმა ამ პერსონაჟისთვის ადგილები შექმნა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების დეტალებითა და საინტერესო ლანდშაფტებითაა დატვირთული.  ამ გარემოში ანუბისი მარტოსულ ადამიანს მოგვაგონებს, თავისი უბრალო და მარტივი ცხოვრებით. მაღაზიებში დადის, პარკში სეირნობს, პიცას ყიდულობს, მგზავრობს…  

იოანა მის უცნაურ მოგზაურობას უკავშირებს დეჟავიუს მომენტს – შეგრძნებას, რომელიც გულისხმობს აწმყოში მიმდინარე მოვლენას, რომელიც უკვე მომხდარა წარსულში. ესაა ერთგვარი ფსიქიკური მდგომარეობა, როცა ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ადრე უკვე იყო მსგავს სიტუაციაში. სწორედ ამიტომ, ანუბისი ამ სცენებში ძირითადად მარტოა. 

მაგრამ პერსონაჟი მხოლოდ ეგვიპტური კულტურის ნაწილად როდი გვევლინება: ჯამში, ის სხვადასხვა კულტურის ელემენტებით იკვებება, რომლებიც ხან სამოსში ისახება, ხან ლანდშაფტში, ხანაც –  შინაარსში.  

ავტორმა ერთი კულტურის მიერ შექმნილ გამოსახულებას მოარგო ისეთი სცენები, როგორებიც თავად სურდა – Შეუქმნა რა გარემო, სადაც ის არ დაკარგავდა საკუთარ თვითმყოფადობას, მაგრამ ვერც ბოლომდე მოახერხებდა პირადი “ადრინდელი” ცხოვრებით ცხოვრებას. ესაა გლობალური კულტურული წარმოსახვა, სადაც ანუბისი არც ბედნიერია და არც უბედური. Მან თითქოს მხოლოდ ის იცის, რომ უნდა იცხოვროს.

ანუბისი შეიძლება იყოს ყველგან, მაგრამ ამ არსებობაში ყველაზე შესამჩნევი მაინც პერსონალური გაუმჟღავნებლობაა, რომელიც მის იდუმალ ხასიათს სდევს თან. ამ ვიზუალურმა მითითებებმა და მახასიათებლებმა შეიძლება ედვარდ ჰოპერის შემოქმედებასთანაც კი მიგვიყვანოს და გაგვახსენოს მისი ეული პერსონაჟები, რომლებიც რუტინულ გარემოში გვევლინებიან. 

ანუბისის მარტოობა გლობალური მარტოობაა, ავტორი თითქოს ხელახლა გვაძლევს საშუალებას ცხოვრების დისტანციიდან აღქმისა და დაკვირვებისა. ამ დისტანცირებისთვის კი მოძებნა პერსონაჟი, რომლის წინანდელი მისიაც არასდროს ყოფილა ამქვეყნიური ცხოვრების შეცნობა. ის ელეგანტურია, შეიძლება ითქვას, რომ  რესპექტაბელურიც კი, საბოლოოდ, ეს მიმზიდველობა, რომელიც მის ვიზუალს ახლავს თან, მნახველს მისდამი ინეტერესით განაწყობს. 

ავტორის ოფიციალური Facebook-გვერდი