THE DREAM - თორნიკე გოგნაძის გამოფენა ფრანკფურტში

THE DREAM – თორნიკე გოგნაძის გამოფენა ფრანკფურტში

წაკითხვა
2 წუთში წასაკითხი

თორნიკე გოგნაძე ქართველი მხატვარია, რომელმაც სივრცის სპეციფიკური ხელოვნებისთვის თავისი პირველი სოლო ინსტალაცია – The Dream – შექმნა. გამოფენის ხილვა Fffriedrich-ის სივრცეში, ფრანკფურტშია შესაძლებელი რამდენიმე ოთახის არეში: შინდისფერი შეფერილობის ფარდები, რომლებიც ხავერდოვანი ქსოვილისგანაა დამზადებული, ჩამოშვებულია ჭერიდან იატაკამდე და სივრცეს სამ ზონად ჰყოფს. ავტორმა ეს ფარდები საკუთარი ხელით შექმნა. ასევე ააწყო ხის კონსტრუქცია – შემაღლებული ადგილი, რომელიც სცენას წააგავს. 

მნახველს შესაძლოა თეატრის გამოცდილება გაახსენდეს, სადაც მაყურებელსა და სცენას შორის არსებული ფარდა გარკვეულწილად გამყოფია და ერთგვარ დისტანციას ქმნის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ავტორი უფრო მეტად ამ დისტანციის მოშლასა და დიალოგის შექმნას ცდილობს.

ინსტალაციაში ფარდა სივრცეებს შემოსაზღვრავს, ეს სივრცეები კი თითქოს მის თავდაპირველ მნიშნელობას არღვევს და გვთავაზობს ახლებურ ინტერპრეტაციას სცენისა და მაყურებლის ურთიერთობაზე, სადაც მნახველმა თავად უნდა წარმოიდგინოს ფარდის მიღმა არსებული სიტუაცია და გააქროს ის დისტანცია, რომელიც არსებობს შემაღლებულ ადგილსა და მაყურებელს შორის. გოგნაძე ცდილობს, დავსვათ შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ სცენას, არა პირდაპირ აქ, არამედ უშუალოდ ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ერთადერთნი სულაც არ ვართ, ვისაც შეუძლია იპოვნოს ადგილი ამ სცენაზე – ის სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებსაც ეკუთვნის.

ავტორმა ინსტალაცია რამდენიმე ნამუშევრით წარმოადგინა, მათ შორის ფოტოგრაფიითაც. ის თვალსაჩინოდ ასახავს მოტივებს ან/და სიურეალისტურ სცენებს, თეატრალურ გამოსახულებებსა და  პერსონალურ სცენას. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად სწორედ რომ გამოფენის სახელწოდებაში გამოიხატება: „The Dream/სიზმარი“

მხატვარის მიერ დღიურის გვერდების მნიშვნელობაც გააზრებულია. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ან შინაგანი აზრების ჩაწერა ან ილუსტრაცია არის ის, რასაც ვაკეთებთ მარტო, როცა საკუთარ თავთან ვრჩებით.

როგორც წესი, ჩვენ გვინდა დავმალოთ დღიურიც და საკუთარი ოთახებიც ცნობისმოყვარე თვალებისგან. განსაკუთრებით სახლის ფარდებში ჩანს ეს – ჩვენი სურვილების კონფიდენციალურობის პოლიტიკა ინტიმური ურთიერთობისთვის. მათი ფუნქცია – თეატრალურისგან განსხვავებით – საკუთარი თავის დაცვაა გარე სამყაროსგან; თითქოს ვცდილობთ, გავმიჯნოთ სივრცეები:  შინაგანი (პირადი) და გარე (საჯარო) ერთმანეთისგან.

ორიგინალი ტექსტი: Paula Maß