გაკვეთილები ომის ერთადერთი ქალი ფოტოგრაფისგან

გაკვეთილები ომის ერთადერთი ქალი ფოტოგრაფისგან

წაკითხვა
10 წუთში წასაკითხი

ფოტოგრაფია თავიდანვე მოტივაცია იყო, ახლის პოვნა, ჩემი თავის აღმოჩენა. ეს სიახლეები 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ფოტოგრაფია ერთადერთი პროფესიაა, რომელიც არ მბეზრდება. მანამდე თინეიჯერს უამრავ რამ მაინტერესებდა, მაგრამ ფოტოგრაფია ვერ ამოვწურე, ჩემთან ერთად იზრდება და სულ ახლის ძიებაში ვარ.

გაკვეთილები ომის ერთადერთი ქალი ფოტოგრაფისგან

თავიდან არაფერი ვიცოდი, თუ რა იყო სინამდვილეში – ჯერ იყო ტექნიკა, იყო ფირი და ლაბორატორია. გადაღებული ფირის გამჟღავნება, კადრის არჩევა, ბეჭდვა. წითელ ოთახში საათებს ვატარებდი ხოლმე. იტალიური ეზოს საერთო საცხოვრებლის საკუჭნაოში ჩემი სამყარო მოვაწყვე და დაიწყო ექსპერიმენტები.

არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა, სანამ შედეგს არ ვნახავდი უკვე ქაღალდზე. მერე მიმქონდა რედაქციაში, გაზეთში „7 დღე“, სადაც უშტატო კორესპონტენტად ვმუშაობდი. სამწუხაროდ, გაზეთში ჩემი მუშაობა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა – რამოდენიმე თვე, გულის წყვეტა და რედაქციის უკმაყოფილება.

თითქოს გული ამიცრუვდა, მაგრამ ისევ კამერამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. მანამდე საბჭოთა კამერაზე – Zenit TTL – ვმუშაობდი და ახალი ინტერესი Canon-ის ბრენდის კამერამ შეცვალა. მისი მართვის იმედით ვიპოვნე საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის ფოტოქრონიკა“, სადაც დედას მეგობარი ლაბორანტად მუშაობდა და მირჩია, მეჩვენებინა კამერა და ისინი ამიხსნიდნენ მუშაობის სპეციფიკას. მარტო მანდ იცოდნენ თანამედროვე კამერებზე მუშაობა. ეს სააგენტო ემსახურებოდა სახელმწიფო სამსახურებს, კერძოდ, პრეზიდენტის პრესსამსახურს.

ფოტოგრაფია ვერ ამოვწურე, ჩემთან ერთად იზრდება და სულ ახლის ძიებაში ვარ

ლელი ბლაგონრავოვა

ასე მოვხვდი პირველად საჯარო სამსახურში, სადაც პროფესიით ფოტოკორესპონტენტი გახლდით. უშტატო კორესპონდენტად 1996 წელს, ხოლო 1999 წლიდან უკვე შტატში, „ნამდვილ სამსახურში“ დავიწყე მუშაობა.

აქვე ვეზიარე მიტინგების, სამხედრო საქმის, უბრალო ქუჩის ჩანახატების გადაღებისა თუ  სტუდიაში მუშაობის სპეციფიკის საწყისებს. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და კიდევ უფრო სიღმისეულად ჟურნალისტიკის სამაგისტრო კურსის დასრულებით გაგრძელდა.

ჩემზე დიდი გავლენა იმ ადამიანებმა მოახდინეს, რომლებმაც მიბიძგეს გამბედაობისკენ და ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტის მიგნება მასწავლეს – სერგო ედიშერაშვილი (ფოტოქრონიკის მთავარი რედაქტორი და პრეზიდენტ ედვარდ შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფი), შახვალად აივაზოვი (Associated Press-ის ფოტოგრაფი და ფოტორედაქტორი კავკასიაში). სწორედ ამ უკანასკნელის ფოტოებით ვნახე ფირზე აღბეჭდილი ომი პირველად.

ასევე უნდა აღვნიშნო გოგი ცაგარელი, რომელმაც ფოტოთხრობა მასწავლა – დღემდე ვიყენებ მის რჩევებს და საოცრად მადლიერი ვარ მისდამი. გამოვარჩევ იმ ფოტოგრაფებსა და რედაქტორებსაც, რომლებიც სააგენტოში მუშაობდნენ და მათთან „კონკურენციამ“ უკეთესი კადრის შექმნაზე, თავდაჯერება და მუდმივად სწავლის სურვილიც გამიღვივა.

BOGART: ადამიანის გემოვნება გამოცდილების შესაბამისად მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. იცვლებიან ფავორიტი ფოტოგრაფებიც. ცხოვრების ამ ეტაპზე, აქ და ახლა, რომელ ფოტოგრაფს გამოარჩევდა ლელი ბლაგონრავოვა?

ფოტოგრაფია, პირველ რიგში, გემოვნებაა, ცხოვრებისეული გამოცდილება და ყოველდღიური შრომა. ამიტომ გამორჩეულად „აჩემებული“ ფოტოგრაფი არ მყავს. არიან ისეთები, რომლებიც მუდმივად მომწონს და აღმაფრთოვანებს. მაგალითად, Man Ray, რომელიც ფოტოგრაფის გარდა ექსპერიმენტატორიც იყო და ბევრი ისეთი სიახლე დანერგა, რომელიც დღემდე აქტუალურია. დიდი შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინა James Nachtwey-მ, გერმანელმა ფოტოგრაფმა, რომელიც ომის გადაღების დიდოსტატად ითვლება დღემდე.

ამბის თხრობის გენიოსია W. Eugene Smith. ეს სია უსასრულოა, ყოველ ჯერზე ძველებში ახალს აღმოვაჩენ ხოლმე და დღევანდელი გადმოსახედიდან ვუყურებ მათ პორტფოლიოს.

BOGART: 3 კადრი, რომელსაც თქვენი პორტფოლიოდან გამოარჩევდით – რა ისტორიებია აღბეჭდილი თითოეულ მათგანზე?

მაქვს ორი ფოტო, მესამეს ჯერ ვეძებ. პირველი და ალბათ, ყველაზე ცნობილი – გორში გადაღებული ფოტოა – ქალის პორტეტი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადავიღე 2008 წელს – ქალბატონი, რომელიც ცეცხლის ფონზე, ხელებ გამოწვდილი დახმარებას ითხოვს.

ამ ფოტოს ხშირად საქართველოს უახლესი ისტორიის ომის სიმბოლოდ იყენებენ. ეს კადრი ყველაზე ნაკლებად მიყვარს და, ამავდროულად,  ყველაზე მეტად მახსოვს – წლებთან ერთად სულ სხვა ადამიანი გავხდი, უფრო მეტად შემიყვარდა სამშობლო და მეტად დავაფასე თავისუფლება.

ფოტოგრაფია არ ისწავლება, ისწავლება ტექნიკის მართვა, მაგრამ ის, როგორი ფოტოგრაფი იქნებით, აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული – რამდენად დიდ შრომასა და დროს დაუთმობთ მას

ლელი ბლაგონრავოვა

მეორე ფოტო, რასაც აღვნიშნავ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ბოლო ოფიციალურ ვიზიტის დროს გადავიღე საფრანგეთში, ორსეს მუზეუმში, სადაც პირველი ლედი მაკა ჩიჩუა აწეული ხელით თითქოს გვემშვიდობება. ეს ფოტო აიტაცა საზოგადოებამ და ვირუსულიც კი გახდა ინტერნეტში. დღემდე მახსენებენ და აღფრთოვანებას არ მალავენ ამ კადრით. შეიძლება ითქვას, ეს ფოტო ჩემი იმ პერიოდის, როგორც საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის, დასასრულიც გახდა.

გაკვეთილები ომის ერთადერთი ქალი ფოტოგრაფისგან
მაკა ჩიჩუა © ლელი ბლაგონრავოვა
BOGART: ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტო. თქვენ პირველი ქალი ფოტოგრაფი ბრძანდებით, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ფირზე აღბეჭდა. როგორი პასუხისმგებლობაა იყო ომის ფოტოგრაფი? გვიამბეთ მეტი აგვისტოს იმ დღეების შესახებ…

აგვისტოს ომის გადაღება არ იყო მხოლოდ „სამსახური“. მაშინ არავისთვის ვიღებდი, არავისზე ვმუშაობდი – ვიყავი უბრალოდ მოქალაქე, რომელსაც იქ ყოფნა უნდოდა, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. ჩემი პროფესიით, მგონია, რომ ბევრი გავაკეთე. მაშინ მივხვდი, რამხელა ძალა აქვს ფოტოს და რამდენი რამის შეცვლა შეუძლია, თუნდაც ომთან მიმართებაში. თურმე ერთადერთი ქალი ფოტოგრაფი ვიყავი – მაგრამ მაშინ მაგაზე არ მიფიქრია…

საერთოდ, ამ პროფესიას სქესი არ აქვს, ესეც მერე გავიგე, როცა გვერდიგვერდ ვმუშაობდი მამაკაც ფოტოგრაფებთან ერთად – მეც ისევე ვატარებდი და ვიღებდი მძიმე ფოტოტექნიკით, როგორც ისინი, მეც მიწევდა იგივე გადაწყვეტილებების მიღება, როგორც მათ. თუმცა დღეს ჩემს პროფესიაში ქალი უფრო მეტია, ვიდრე ადრე და ეს ძალიან მეამაყება.

ომში წასვლა უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით დაიწყო – მძღოლიც ვიპოვნე, ვინც წამიყვანა და უმალ ახალი პირადობის მოწმობაც ავიღე, რადგან ვიცოდი, თუკი მოვკვებოდი, ჩემი იდენტიფიკაცია შესაძლებელი იქნებოდა. ვიღებდი ყველაფერს, რასაც ვხედავდი – ახლაც ეგრე ვარ, დავინახე და გადავიღე!

8 აგვისტოს ჩავედი გორში თუ არა, 5 წუთში დაბომბვის პირველი კადრი შეიქმნა. მაშინ თითქოს დრო გაჩერდა და ინსტიქტებით მოქმედება დავიწყე. ასეთი წესია, როცა ომს იღებ – ბომბი ჩამოვარდა, შენ კი მიდიხარ იქ, სადაც ეს მოხდა. ყველაზე მეტად ომზე ადამიანები ჰყვებიან და არა – იარაღები. ფოტოჟურნალისტიკა არის სწრედ რომ ადამიანებზე.

არავისზე ვმუშაობდი – ვიყავი უბრალოდ მოქალაქე, რომელსაც იქ ყოფნა უნდოდა, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო

ლელი ბლაგონრავოვა

9 აგვისტოს გადავიღე ჩემი პორტფოლიოს ის ცნობილი ფოტოები. მახსოვს, ჩემი კოლეგების დახმარებით გიორგი აბდალაძის მანქანით მე და ზურა ქურციკიძე აღმოვჩნდით იმ ადგილას, სადაც საცხოვრებელ კორპუსს ბომბი დაეცა და სადაც ჩემი თვალით პირველად ვნახე მსგავსი მასშტაბის ადამიანური ტრაგედიები – ყველგან, სადაც კი ვიხედებოდი, იყო გლოვა, სასოწარკვეთილება და სიკვდილი. რაღაც მომენტში მივხვდით, რომ სასწრაფოდ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით ფოტომასალების გასავრცელებლად, რადგან გორში ინტერნეტი უკვე აღარ იყო…

წამოვედით და რამდენიმე წუთში ქალაქში შესასვლელ-გასასვლელიც ჩაიკეტა. მახსოვს, იქ სხვა ჟურნალისტები დარჩნენ, რომლებმაც საოცარი გამბედაობით ფირზე აღბეჭდეს აგვისტოს ის დღეები.

გაკვეთილები ომის ერთადერთი ქალი ფოტოგრაფისგან
2008 წლის აგვისტო, გორი © ლელი ბლაგონრავოვა
BOGART: თქვენ დაჯილდოვებული ხართ ღირსების ორდენით პრეზიდენ გიორგი მარგველაშვილის მიერ. როგორ ფიქრობთ, საქართველოში რამდენად დაფასებულია ფოტოგრაფის პროფესია?

ეს ორდენი პირველია, რომლითაც საქართველოში ფოტოგრაფი დაჯილდოვდა და ერთგვარ მაგალითადაც კი იქცა. ჩემთვის ეს მომენტი აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ვიყავი ჩვეულებრივ გადაღებაზე, სადაც პრეზიდენტი გათვლილი პროტოკოლით აჯილდოვებდა სხვადასხვა ადამიანებს და მეც, როგორც ფოტოგრაფი, ვიღებდი პროცესს. ამ დროს გავიგე ჩემი გვარი, ვერ დავიჯერე, თითქოს მომესმა, ვერც კი გავიაზრე. გადავხედე ჩემს თანამშრომლებს და როცა კამერა გამომართვეს და მითხრეს, რომ სწორედ ჩემზე იყო საუბარი, მაშინღა დავიჯერე.

ამჟამად ვმუშაობ წიგნზე, სადაც ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ ფოტოგრაფიით დაინტერესებულ მომავალ მკითხველებს

ლელი ბლაგონრავოვა

საბედნიეროდ, პროფესია ფოტოგრაფი სულ უფრო და უფრო დაფასებული და პატივსაცემი ხდება მსოფლიოს მასშტაბით. დღეს ფოტოგრაფია ხელმისაწვდომია ისე, როგორც არასდროს.

BOGART: ამჟამად რას საქმიანობს ლელი ბლაგონრავოვა?

ამჟამად დამოუკიდებელი ფოტოგრაფი გახლავართ. ტერმინოლოგიას თუკი მოვუხმობთ, „ზოგადი ფოტოგრაფი“, ადრე კი „უნივერსალური ფოტოგრაფები“ გვერქვა. დღეს ერთ ჟანრში მუშაობაა დაფასებული, მე კი დავრჩი General Photographer-ად. აღვბეჭდავ ყველაფერს – პოლიტიკასა თუ მთელ რიგ სოციალურ თემებს.

გაკვეთილები ომის ერთადერთი ქალი ფოტოგრაფისგან
© ლელი ბლაგონრავოვა

2005 წლიდან მოყოლებული დღემდე უნივერსიტეტებში ვასწავლი და ვცდილობ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს დავანახო ფოტოგრაფიის შესაძლებლობები. ასევე ვმუშაობ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში. აქვე გამოვყოფ ჩემს სხვადასხვა პროექტებს ადამიანის უფლებებზე, წარმატებულ თუ ძალადობის მსხვერპლ ქალებზე. ბავშვების თემებსაც ვაშუქებ. მაქვს სტუდია, სადაც ჩემს ობიექტივში ჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ჩემი გამოცდილება და ხედვა მოსწონთ. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანი ბევრია და ყოველ დღე მე მათ აღმოჩენაში ვარ.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ამჟამად ვმუშაობ წიგნზე, სადაც ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ ფოტოგრაფიით დაინტერესებულ მომავალ მკითხველებს.

BOGART: რჩევა, რომელსაც დამწყებ ფოტოგრაფებს გაუზიარებდით ფოტოგრაფიაში თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით?

პირველი და მნიშვნელოვანი რჩევაა ყოველდღიური გადაღება, პრაქტიკა და თქვენი თავის, კომპოზიციისა და ამბის ინდივიდუალური ძებნა. დღეს უამრავი ფოტოგრაფია, თუმცა ჩვენ ვართ ინდივიდუალურად უნიკალურები და სწორედ ეს განსხვავებაა მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და არა ის, ვინ უფრო კარგ კადრს „დაიჭერს“.

იპოვნეთ საკუთარი თავი, თქვენ ხართ ის, რასაც გრძნობთ, ხედავთ, კითხულობთ, უსმენთ… ფოტოგრაფია არ ისწავლება, ისწავლება ტექნიკის მართვა, მაგრამ ის, როგორი ფოტოგრაფი იქნებით, აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული – რამდენად დიდ შრომასა და დროს დაუთმობთ მას. აუცილებლად არ გამოგივათ და აუცილებლად გამოგივათ, არ დაელოდოთ, ვინ რას იტყვის თქვენს შრომაზე, უბრალოდ აკეთეთ ის, რაც ასე გსიამოვნებთ და როგორც გამოგდით.

ადრე მეტად კრიტიკული ვიყავი, ახლა მეტად გამგები გავხდი – გახსოვდეთ, რომ ძალიან საინტერესოა თქვენი თვალით დანახული დღევანდელობა და ნუ დაიზარებთ მის ფირზე აღბეჭდვას. დამერწმუნეთ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ღირებული ხდება ის ყოველი დღე, სადაც ვცხოვრობთ, რადგან ცნება „ხვალ“ ფოტოგრაფიაში სულ სხვა რეალობაა. ამიტომ დღევანდელი მოცემულობა აღბეჭდეთ, რადგან ყველა კადრი ისტორიაა, თქვენი წილი ისტორია.

გაკვეთილები ომის ერთადერთი ქალი ფოტოგრაფისგან
© ლელი ბლაგონრავოვა