© Charlota Blunarova | Unsplash
© Charlota Blunarova | Unsplash
/

იმიჯის, სტილის, მოდის და კოსტიუმების მნიშვნელობა კინოში: ნაწილი I

წაკითხვა
10 წუთში წასაკითხი

კინო დაარსებიდან მოყოლებული მოდას უწყვეტად შთააგონებს. როცა ადამიანებმა პირველად ნახეს მერი პიკფორდის და გლორია სვანსონის მოძრავი ფოტოები (უხმო კინოში), მათი იმიტირება დაიწყეს.

კინოსა და მოდის ისტორიკოსი კიმბერლი თრულერი[1]

ამ მოსაზრებას ამყარებს ცნობილი ექსპერიმენტი, როცა ანტონიონის ფილმის „დაბნელების“ ჩვენების შემდეგ დარბაზიდან გამოსულ მაყურებელს დააკვირდნენ და ერთი უცნაურობა შენიშნეს: მათი უმეტესობა მონიკა ვიტის პერსონაჟისთვის დამახასიათებელ სიარულის ორიგინალურ მანერას იმეორებდა. ლეგენდარულმა დიზაინერმა ელზა სკიაპარელიმ ერთხელ განაცხადა: „დღევანდელი კინოს მოდა თქვენი ხვალინდელი მოდაა“.[2]

კადრი ანტონიონის ფილმიდან „დაბნელება/L'eclisse“
კადრი ანტონიონის ფილმიდან „დაბნელება/L’eclisse“

მსგავსი ციტატები და მაგალითები მრავლად შეიძლება მოვიყვანოთ, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მჭიდროა კინოსა და მოდის ურთიერთმიმართება.

საზოგადოებაზე კინოს გავლენის შესახებ ბევრი დაწერილა. კვლევების მიმართულებებიც მრავალგვარია, იქნება ეს ისტორიული, კულტუროლოგიური, სოციოლოგიური თუ სხვა, რადგან ეს გავლენა შესაძლოა გამოიხატებოდეს ამა თუ იმ სტილის, იმიჯის გავრცელებაში ანდა კიდევ უფრო ღრმა – მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური წარმოდგენების ფორმირებაში. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ საბჭოთა და ნაცისტურ ეპოქაში კინოს ინტენსიურად გამოიყენებენ პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით. ადოლფ ჰიტლერი, რომლის ანტიჰუმანური იდეოლოგია ესთეტიკურით ინიღბებოდა ნაცისტურ კულტურაში, ჯარისკაცებსაც კი ჰუგო ბოსის დახვეწილ სამოსს აცმევდა. მით უმეტეს, კინო იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ადამიანების ცნობიერებაში არიული რასის სისუფთავე და მოწესრიგებულობა შესაბამისი იმიჯებით ჩაებეჭდა, მაშინ, როცა იმდროინდელ ფილმებში ებრაელებს ძონძების მეტი არაფერი ემოსათ. გავლენიანი დიქტატორის ეს მიდგომა კარგად გააზრებული და ნაფიქრი იყო. ადამიანები ფილმის ყურების დროს ცნობიერად თუ არაცნობიერად მნიშვნელობას ანიჭებენ პერსონაჟების ჩაცმულობას, იერსა და იმიჯის დეტალებს. მოგვიანებით, მათ შესაძლოა გააზრებულად ან გაუაზრებლად შეიძინონ იგივე, მოირგონ იგივე და გამოიყურებოდნენ ისევე, როგორც საყვარელი ფილმის გმირი ქალი თუ მამაკაცი.

ამ თვალსაზრისით – თუ როგორ შექმნას მისაბაძი  საყვარელი გმირი – განსაკუთრებულ პოზიციას დაიკავებს ამერიკული კინო, ჰოლივუდი თავისი ვარსკვლავებით, რომელმაც უკვე  გასული საუკუნის 20-იან წლებშივე მოახერხა, სილამაზის და ეთიკის უნივერსალური იდეალების კულტივირება მოეხდინა. მსოფლიოს „დამპყრობელი“ და მთავარი გმირი კოვბოის პარალელურად მკვიდრდება „ლათინური“ სტილის მამაკაცის სახე, რომლის განსახიერებასაც რუდოლფ ვალენტინო წარმოადგენდა.

სურათში აპოკალიფსის ოთხი მხედარი (რეჟ. რექს ინგრემი, 1921) ვალენტინო პარიზში მცხოვრებ მდიდარ არგენტინელს განასახიერებს. ფილმი ტანგოს სცენით იწყება, სადაც რუდოლფს ფართო შარვალი აცვია. ასე დაიბადა ლამაზი და სექსუალური მამაკაცის ახალი იმიჯი. ქალები გიჟდებოდნენ მასზე, კაცები კი მის სტილს აქტიურად იტაცებდნენ. მათ განიერი შარვლების, ე.წ. „Oxford Bag“-ების ჩაცმა დაიწყეს და ვარცხნილობაშიც ამ ცნობილ „მაჩოს“ ბაძავდნენ. ეს არის ერთ-ერთი პირველი მაგალითი, თუ რა გავლენა ჰქონდა კინემატოგრაფს ახალი მოდის დამკვიდრებაზე.

კინემატოგრაფიული იმიჯების ჩამოყალიბება 30-იან წლებიდან განსაკუთრებით ინტენსიური და მრავალფეროვანი ხდება.

ერთ-ერთ ინგლისურენოვან ბლოგზე კრისტინ რუდოლფი აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომაა მოდის ცოდნა საჭირო და სასარგებლო კინოს წარმოებისთვის“, სადაც აღნიშნავს, რომ ვარსკვლავები არიან ადამიანები, რომლებიც თავისდაუნებურად ინსპირაციის წყაროები ხდებიან. ისინი ბევრი ადამიანის მენტორად იქცევიან და მათ შორის მოდის გამოც. მოდის ჟურნალები ხშირად წერენ სტატიებს იმის შესახებ, თუ როგორ იმეორებს რომელიმე თანამედროვე ცნობილი ადამიანი რომელიმე საკულტო მსახიობის მოდურ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ეკრანიდან შთაგონებული იმიჯი არამხოლოდ პლანეტის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები იმ ადამიანებისთვის იქცევა ყოველდღიურობად, რომლებსაც არც ვიცნობთ, არამედ უკვე ცნობადი სახეებისთვისაც. ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ მსახიობის სტილი დროს უძლებს და თავს მარადისობაში იმკვიდრებს. ის ხდება სახე, მაგრამ მის უკან რამდენიმე ადამიანის შრომა იმალება, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან – ადამიანების, რომელთა გადაწყვეტილებითაც პერსონაჟი კონკრეტული სტილით იწონებს თავს. ავტორი მათ „უცნობ გმირებს“ უწოდებს, რომელთა სახელიც წელიწადში ერთხელ შესაძლოა „ოსკარის“ ცერემონიალზე გავიგონოთ. კრისტინ რუდოლფის პასუხი სათაურში დასმულ კითხვაზე ასეთია: „ყველამ, ვინც კინოში მუშაობს, უნდა იცოდეს მოდა, იმიტომ რომ ის წარმოებაში ისტორიის მოყოლის ფუნდამენტური ნაწილია“.[3] დამატებით მიზეზებად კი ასახელებს იმას, რომ კოსტიუმებმა დრო, ისტორიული პერიოდი უნდა ასახონ, პიროვნების ხასიათი უნდა გამოამჟღავნონ, გმირის განვითარების შესაბამისად უნდა პროგრესირდნენ და ფერთა ფსიქოლოგიასაც შესაბამისი ყურადღება უნდა მიაქციონ.

კინოს, როგორც მასების გართობის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას, მოდის ტრენდების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მოდა და კინო ორი შემოქმედებითი დისციპლინაა, რომლებიც ერთმანეთთან ფლირტით ერთგვარ სიმბიოზს ქმნიან. ამ ურთიერთობის შედეგად კინოვარსკვლავები ახალ ტრენდებს ამკვიდრებენ, მათი პირადი სტილი კი გავლენას ახდენს იმ კონკრეტული ფილმის გარდერობზე, რომელშიც ისინი მონაწილეობენ.[4] ამის ნათელი მაგალითია მარლენ დიტრიხი. 1930-იანი წლების ლეგენდარული ვარსკვლავის დებიუტი პირველ გერმანულ სრულად გახმოვანებულ ფილმში, ლურჯ ანგელოზში (რეჟ. ჯოზეფ ფონ შტენბერგი, 1930) შედგა. მასში მსახიობი წარმოგვიდგენს ვიწრო სილუეტს, რომელიც იმ დროის კრიტერიუმების შესაბამისობაში საერთოდ არ მოდიოდა. დიტრიხის ეკრანული გარდერობი რევოლუციური ანდროგინული სტილის წინამორბედად იქცა, რომლის გავლენა, თუ როგორ იცვამენ ქალები, დღემდე გრძელდება.

კინოსა და მოდის სამყაროს ერთმანეთისთვის სასარგებლო ახლო კავშირი აქვთ. მოდაზე იღებენ ფილმებს, ფილმები ასახავენ მოდას, დიზაინერები აცმევენ კინოვარსკვლავებს, მოდელები ხდებიან მსახიობები… სია გრძელია, რადგანაც ეს არის სასიყვარულო რომანი დაუსრულებელი გადანაცვლებებით.[5]

30-იან წლებში ამერიკაში სპეციალური მაღაზიების ქსელებიც კი გაიხსნა: Cinema Fashion, Hollywood Fashion, Cinema Shop, რომლებსაც ჰქონდათ უფლება საზოგადოებისთვის პოპულარული ფილმების გმირების ჩაცმულობის ასლები შეეთავაზებინათ. ისინი მოდელების რეპროდუქციისთვის საჭირო ლიცენზიას ფლობდნენ და მარლენ დიტრიხის, გრეტა გარბოს თუ ჯოან კროუფორდის სამოსს ფილმის გამოსვლისთანავე უშვებდნენ გასაყიდად.

თუმცა ამერიკელებსაც კი მოდას ძირითადად პარიზელები კარნახობდნენ. გაბრიელა შანელი იყო ერთ-ერთი ის გამორჩეული დიზაინერი, რომელმაც საკუთარი საქმიანობით მოდა კინოს მჭიდროდ დაუკავშირა. კოკომ ქალის მიმზიდველობისა და ქარიზმის რევოლუცია მოახდინა. ამოძრავებული გამოსახულებები და შანელის მიერ შემოსილი ქალების გარდერობი თითქოს ფეხდაფეხ ვითარდებოდა. მან იცოდა რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა კინოს, როგორც კულტურას და მოდასთან კავშირის აუცილებლობაზე საუბრობდა. „სწორედ კინოს მეშვეობით შეიძლება მოდის „განკარგვა““ – ეს მისი სიტყვებია, რომელიც 1931 წლით თარიღდება. ის მეორე მსოფლიო ომამდე აცმევდა გლორია სვენსონს, ჟან რენუარის და მარსელ კარნეს ფილმების გმირებს. მას ესმოდა სცენისა და იმიჯის კომპოზიციის მნიშვნელობა და ჯერ კიდევ უცნობ რობერტ ბრესონს სთხოვა, გადაეღო თავისი სამკაულების კოლექციისთვის „Bijoux de Diamants“ მას შემდეგ, რაც მისი ნიჭი შენიშნა.

არც ფრანგული „ახალი ტალღა“ ყოფილა გამონაკლისი. შანელმა კინოს იმიჯებს საკუთარი ნიშანი დაასვა. ის ქალების სტილს ძერწავდა როგორც ეკრანზე, ასევე რეალობაში. მოგვიანებით, 70-იანებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა კინოსაზოგადოებაში. ჟან მორომ სწორედ შანელის კაბები არჩია როჟე ვადიმის სახიფათო კავშირებში მონაწილეობისთვის. ფრანსუა ტრიუფომ დელფინ სეირიგს უფლება მისცა ფილმში მოპარული კოცნები შანელის სამოსი ჩაეცვა, გასულ წელს მარიენბადში გამოყენებული მისი შავი შიფონის კაბა კი კინო ლეგენდა გახდა.

საკუთარი შემოქმედების წარდგენის საკითხში გაბრიელასთვის მსახიობები საუკეთესო ელჩები იყვნენ: რომი შნაიდერი, ელიზაბეტ ტეილორი, ჯეინ ფონდა… მხოლოდ ბრიჯიტ ბარდოსთან ვერაფერს გახდა. ბარდომ საკუთარი თავი სხვა ფრანგ დიზაინერთან იპოვნა. თავის ავტობიოგრაფიაში ბალმეინი წერდა:

კარიერის დასაწყისში ბრიჯიტ ბარდო ხშირად ატარებდა ჩემს კაბებს. 1956 წლის ფილმისთვის  საპატარძლო ზედმეტად ლამაზია (The Bride is Much too Beautiful, რეჟ. პიერ-გასპარ უი), მე ბალერინის სასცენო კოსტიუმის ტიპის საღამოს კაბა შევქმენი, მომრგვალებული ქვედაბოლოთი და მორთული ვარდებით. მისი ეკრანზე გამოჩენა საბოლოოდ საკულტო მნიშვნელობის გახდა.

ბალმეინს ეკუთვნის ასევე კოსტიუმები ბარდოს პერსონაჟისთვის ფილმში პარიზელი (La Parisienne, 1957, რეჟ. მიშელ ბუარონი), სკოტ ფიცჯერალდის ეკრანიზაციისთვის ნაზია ღამე (Tender is the Night, 1962, რეჟ. ჰენრი კინგი) და მიუზიკლისთვის ზაფხულის არდადეგები (Summer Holiday, 1963, რეჟ. პეტერ იეტსი).

იუბერ დე ჟივანში ცნობილი იყო, როგორც ოდრი ჰეპბერნის სამოსის ავტორი ისეთ ფილმებში, როგორებიცაა სასაცილო გოგონა (Funny Face, 1957, რეჟ. სტენლი დონენი) და საუზმე ტიფანისთან (Breakfast at Tiffany, 1961, რეჟ. ბლეიქ ედვარდსი). ნაკლებად ცნობილი ნამუშევარია ფრანსუაზ საგანის რომანის მშვიდობით, სევდავ (Bonjour Tristess, 1958, რეჟ. ოტო პრემინჯერი) ადაპტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა კრიტიკა დაიმსახურა, ჟივანშის კოსტიუმებს წარმატება ხვდა წილად. მან მთავარი გმირი ქალების ჩაცმულობაზე იზრუნა. ძირითადად ვხედავთ ყოველდღიურ სამოსს: წვრილ შარვლებს  და სადა შორტებს, წელზე შეკრულ დიდი ზომის მამაკაცის ოქსფორდ მაისურებთან ერთად. შთამბეჭდავია საღამოს კაბები. პირველი ნიმუში შეიქმნა შავი აბრეშუმისგან, კუთხოვანი აზღუდით და მუხლებამდე ქვედაბოლოთი, ყელზე მიბჯენილი ყელსაბამით. ასე ჩნდება გმირი ფილმის გამხსნელ კადრში და მაყურებელს ეხმარება, სესილის წინდახედულება და ზრდასრული ბუნება შეიგრძნოს. მეორე საღამოს კაბა, რომელიც დებორასთვის შეიქმნა, ჰგავს პირველ მოდელს, უბრალოდ მას აქვს ბაფთა წელზე და არა კისერზე. ეს და სხვა დიზაინები, რომელსაც პერსონაჟები ფილმში ატარებენ, 1958 წლის ჟურნალ ვოგის თებერვლის გამოცემაში დაიბეჭდა. ფილმს ფრანსუაზ საგანის მწველი ისტორიის გარდა, დიდი ქალური პლუსი აქვს: ტანისამოსი.

ჟივანშის სამოსი ქალებს მომაჯადოვებლებს და რომანტიკულებს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ გული დამსხვრეული აქვთ.[6]

დროთა განმავლობაში, ჰოლივუდმა საკუთარი მოდის შექმნა დაიწყო და ამერიკაში კოსტიუმის მხატვრებიც გამოჩნდნენ.


[1] https://nypost.com/2017/02/24/how-movies-changed-the-way-we-dress/

[2] https://www.encyclopedia.com/fashion/encyclopedias-almanacs-transcripts-and-maps/film-and-fashion

[3] https://www.workinentertainment.com/blog/why-knowledge-of-fashion-is-helpful-in-film-production-careers/

[4] https://www.azureazure.com/fashion/clothes/fashion-and-film-a-mutual-attraction/

[5] https://www.theguardian.com/fashion/2017/nov/01/fashion-movies-film-archive-1997

[6] Paris Refashioned 1957-1968, Collen Hill