იუბერ დე ჟივანში და ოდრი ჰეპბერნი, პარიზი © Collection Hubert de Givenchy
იუბერ დე ჟივანში და ოდრი ჰეპბერნი, პარიზი © Collection Hubert de Givenchy
/

მოდისა და კინოს ურთიერთგავლენა 1950-60-იანი წლების საფრანგეთში: შესავალი

წაკითხვა
7 წუთში წასაკითხი

წინამდებარე ნაშრომი შეისწავლის მოდის ინდუსტრიის მიერ კინოში შექმნილ იმიჯებს, რითიც საზოგადოების შთაგონებას და ტრანსფორმაციას დაედო საფუძველი. ერთი მხრივ, აღნიშნული კვლევა გვიჩვენებს მოდის ეფექტს კინოსამყაროზე, მეორე მხრივ კი კინოს გავლენას 50-60-იან წლების საფრანგეთის მოდაზე. ჩემი კვლევის მიზანია იმიჯთა ერთგვარი რევოლუცია ეკრანზე 50-60-იანი წლების ფრანგულ კინოში. რა გავლენა ჰქონდათ იმ დროს ცნობილ ფრანგ დიზაინერებს „ახალი ტალღის“ რეჟისორებზე და შემდეგ როგორ აისახებოდა ეს თანამშრომლობა საზოგადოებაზე ზემოქმედებით ქალაქის ქუჩებში.

გასული საუკუნის საფრანგეთის 50-60-იანი წლები საინტერესოა როგორც კინოს, ასევე მოდის მოყვარულთათვის. ამ პერიოდში განიცდის აყვავებას და ერთგვარ აღორძინებას ორივე ინდუსტრია. 50-60-იანების ფრანგული მოდა სოციალური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, ისევე, როგორც კინო. „ახალი ფრანგული კინოს“ რეჟისორები აქტიურად თანამშრომლობენ იმ პერიოდის, ამ დროისთვის უკვე ლეგენდარულ დიზაინერებთან. მოდა, რომელიც კინოს იმიჯებს გარკვეულწილად განსაზღვრავდა და საზოგადოებას ეკრანიდან კონკრეტულ მესიჯებს გადასცემდა, საინტერესოა ორივე ინდუსტრიის სახის წარმოჩენისა და ღრმა შესწავლისთვის. კინოს და მოდის ბაზარი დღეს მნიშვნელოვნად იპყრობს მსოფლიოს, ყოველწლიურად გაიცემა „ოსკარი“ კინოში საუკეთესო დიზაინისა და ჩაცმულობის შექმნისთვის, კეთდება კოლექციები კონკრეტული ფილმების გავლენით ან პირიქით, იქმნება კოლექციები სპეციალურად ფილმისთვის. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი ძვრები და სოციალური გავლენა 50-60-იან წლებში განიცადა, მაშინ, როცა შანელი, ბალენსიაგა, ივ სენ ლორანი მუშაობენ ტრიუფოს, გოდარისა თუ ბუნუელის პარალელურად.

მე-20 საუკუნის შუახანებში, ცენტრალურ ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში კულტურულ და სოციალურ რევოლუციას ჰქონდა ადგილი.

კვლევა მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს მოდისა და კინო ინდუსტრიას შორის არსებული ჯაჭვები და წინ წამოწიოს ისინი, კერძოდ, კი საფრანგეთის მაგალითზე; გადმოსცეს, ჰქონდა თუ არა ერთს მეორეზე მკვეთრად დადებითი ან უარყოფითი გავლენა.

საინტერესოა, როგორ კარნახობდა კინო საყოველთაო მოდას და მოდა კინოს სპეციფიკას. რატომ იყო მნიშვნელოვანი კონკრეტულ საკულტო პერსონაჟებს კონკრეტული სამოსი სცმოდათ? როგორ იცვლებოდა მოდა რადიკალურად, ხდებოდა მეტად უნისექსი, მეტად თავისუფალი, კორსეტებისგან და გარკვეული ჩარჩოებისგან დაცლილი? რა როლი ითამაშა კინომ მაყურებელზე, გარკვეული ინსპირაცია მოეხდინა მათ ყოველდღიურ ყოფაში? კვლევა ეცდება, ჩამოაყალიბოს გარემოება, როგორ ამაგრებდნენ ერთმანეთს საფრანგეთში ორი ნაციონალური და კულტურული სფერო ერთმანეთს, ქვეყნის ორი ღირსება – კინო და მოდა. როგორ ცდილობდნენ კონკრეტული ქვეყნიდან ფართო მასშტაბებზე გასვლას. როგორ გადაეცა „ფრანგული სული“ შემდგომ მსოფლიოს კინოს, მოდას და საზოგადოებას.

მოდა და კინო ერთმანეთს კვებავს. პარიზი ამ პერიოდში მოდის ცენტრი იყო.

ეუგენია პოლიჩელი, „1960-იანების მოდა და კინოს“ გამოფენის კურატორი.

ცნობილი ფრანგი დიზაინერები აქტიურად იყვნენ დაკავებულნი კინო-პერსონაჟების ჩაცმით, მსახიობი იქცეოდა ორმაგ მუზად – რეჟისორისთვის ოსტატობის, გარეგნობის საფუძველზე, ხოლო დიზაინერისთვის საკუთარი შემოქმედებითი სტილის წარმოჩენის საშუალებად. მაგალითად, თუ როგორი იყო „ჟივანშის ქალი“, ნათლად ვხედავთ ფილმებში ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით. მაინც რამდენად კომფორტული იყო რეჟისორისა და დიზაინერის თანამშრომლობა, რა შედეგებს ვხედავთ მსგავსი ურთიერთკავშირებით?

ლიტერატურის მიმოხილვა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნანგრევებზე ნელ-ნელა ახალი სიცოცხლის გაჩენა იწყება. ადამიანები ჩვეულ, მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდებიან და ხელოვნება, რომელიც ტრავმულ გამოცდილებაზე იქმნება, ახალ ნიჭიერ შემოქმედებსა და არტისტებში მრავალფეროვნად ტრანსფორმირდება. როგორც იქნა, მსოფლიო იცლის ხელოვნებისთვის და რენესანსის მსგავსად, ამ სფეროში ერთგვარი აღორძინება სწორედ 50-იანი წლებიდან იწყება და 60-იან წლებში გვირგვინდება. ახალი თაობა გამოდის გარეთ, კინოკრიტიკოსები და რეჟისორები: გოდარი, ტრიუფო, შაბროლი, რივეტი და რომერი გადაწყვეტენ რეალური ადამიანების გადაღება პირდაპირ ქუჩებში და არა შეფუთულ სტუდიებსა და მოწყობილ სივრცეებში დაიწყონ.

„„ახალი ტალღები“ 50-60-იანი წლების დასავლურ კინოში“, თეო ხატიაშვილი, ილიაუნის გამომცემლობა
„„ახალი ტალღები“ 50-60-იანი წლების დასავლურ კინოში“, თეო ხატიაშვილი, ილიაუნის გამომცემლობა

იმ პერიოდის კინოში მომხდარი მკვეთრი ცვლილებების, ნოვაციებისა და მეამბოხე სულისკვეთების, რაც სწორედ ომისშემდგომ დასავლეთში მიმდინარე მოვლენებით არის დიდწილად განპირობებული, კვლევას ეხება ქართველი კინომცოდნის, თეო ხატიაშვილის წიგნი „ახალი ტალღები 50-60-იანი წლების დასავლურ კინოში“, „ახალი ტალღის“ ტერმინის გარშემო ფოკუსირდება და წარმოგვიდგენს მის დასაბამს – სწორედ საფრანგეთს და ფრანგ რეჟისორებს.

The New Wave: Truffaut, Godard, Chabrol, Rohmer, Rivette გამოცემის ყდა

ჯეიმს მონაკო თავის წიგნში The New Wave: Truffaut, Godard, Chabrol, Rohmer, Rivette“  აღნიშნავს, თუ როგორ იქცევა ახალი ტალღა არამხოლოდ კინოსთან დაკავშირებულ სიტყვათა შეთანხმებად, არამედ კულტურულ ფენომენად. შედეგად კი ის 60-იანების ფრანგული ცხოვრების ინტელექტუალური სტრუქტურის მთავარ ნაწილად ყალიბდება.

ჯეიმს მონაკო შესავალში სვამს კითხვებს, თუ როგორ ვიყენებთ ფილმს, როგორ გვცვლის ის, როგორ გვეხმარება და როგორ ფუნქციონირებს, როგორც ენა და თან ურთავს, რომ ახალი ტალღის რეჟისორებმა ეს კითხვები თავიანთ კრიტიკულ ესეებში წამოჭრეს და შემდეგ პასუხი საავტორო ფილმებით გასცეს.

ამ პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უკავშირდება, თუ როგორ შეიცვალა მაღალი მოდა უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და თავისუფალი სამოსით. ამ თემას ეხება კოლინ ჰილის Paris Refashioned, 1957-1968, რომელიც კონკრეტულ პერიოდში Ready to Wear სამოსის რევოლუციას აღწერს.

Paris Refashioned, 1957–1968 გამოცემის ყდა

ავტორი 60-იან წლებს მოდის ისტორიაში ყველაზე ამაღელვებელ მომენტად ასახელებს, პარიზში თითოეული დიზაინერის შემოქმედებით გზაზე და სტუდენტთა რევოლუციაზე მოდის კუთხით გვესაუბრება.

„არის მოდა მხოლოდ ტანსაცმელი თუ არა?“ – დიკ კავეტმა ჰკითხა ერთხელ დაიან ვრილანდს. რაზეც მან უპასუხა: „არა. ის ყოველდღიური ჰაერის ნაწილია და ის მუდამ იცვლება. შეგიძლია ტანსაცმელში რევოლუციაც კი დაინახო. ყველაფერი შეგიძლია დაინახო და იგრძნო ტანისამოსში“.

50-60-იანი წლების მოდა ზუსტად ასახავს ამ დამოკიდებულებას, რევოლუციას, რომელიც ყოველდღიურ იმიჯებში იგრძნობოდა. სოციალური პროტესტიც მოდით იყო გამოხატული, რომელზეც გავლენას პოლიტიკური მოვლენები ახდენდა. ის თვალსაჩინოა, როგორც საარქივო ფოტოებსა და მატიანეებში, ასევე ეკრანზე – კინოში, რომელმაც სწორედ იმდროინდელი ქუჩა ასახა. ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორები გმირებს ათავისუფლებენ მანამდე არსებული ერთგვარი ჩარჩოებისგან და ვიქტორიანულ და მკაცრ, შებოჭილ სამოსს თავისუფალი, მარტივი და ქალის რეალური იდენტობის წარმომჩენი, მარწუხებისგან დაცლილი იმიჯი ენაცვლება.

დრეიკ სტუტესმანი წიგნში „კოსტიუმების დიზანი ან რას ნიშნავს მოდა კინოში“ ფოკუსირდება იმაზე, თუ რა მნიშვნელობას სძენს ფილმს მოდა. მას მოაქვს ცნობილი მაგალითები, როგორც ქალის, ასევე კაცი გმირების შემთხვევაში, როცა მათ ჩაცმულობას ფილმის მნიშვნელობა განუსაზღვრავს.

თავის მხრივ, კინოს გავლენა მოდაზე არასდროსაა ძალიან აშკარა. შეიძლება ფილმის ყურების შემდეგ თქვა, მარლონ ბრანდოს მსგავსი ტყავის ქურთუკი მსურს მქონდეს ან ალი მაკგრაუსნაირი ქუდი ფილმიდან „სიყვარულის ისტორია“.

Bruzzi, Stella. Undressing Cinema: Clothing and Identity in the Movies.

ფილმები ემოციურ გავლენას ახდენენ მაყურებელზე, მაგრამ ხშირადაა შემთხვევა, როცა მაყურებელი კონკრეტული ფილმიდან გარდერობის რომელიმე დეტალს იძენს, როგორც თილისმას. იმდენად ინსპირირებულები რჩებიან, რომ „წმინდა რელიქვიას“ ისაკუთრებენ. საკუთარ თავს თუ დავუკვირდებით, ალბათ, არც თუ ისე იშვიათად მოგვსურვებია რაიმე დეტალი საყვარელი გმირის იმიჯიდან.

კვლევისთვის მივმართე ინტერვიუირების მეთოდს სფეროს პროფესიონალებთან – კინომცოდნესთან და კინო-კოსტიუმების მხატვართან. ასევე მივმართავ დოკუმენტურ ანალიზს, რაც გულისხმობს არქივების, სხვადასხვა დოკუმენტების შესწავლას კონკრეტული თემის გარშემო და მათგან დასკვნების გამოტანას. ნაშრომში გამოყენებულია პირველადი და მეორეული წყაროები, ამ წყაროების ავტორების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და მათი შედარებითი ანალიზი.