"Audrey Hepburn auf dem Vierwaldstättersee" by Comet Photo AG (Zürich) is licensed under CC BY-SA 4.0. To view a copy of this license, visit https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/?ref=openverse.
ოდრი ჰეპბერნი ფირვალდშტეტის ტბაზე, შვეიცარიაში, 1956 წელს. ფოტო: Comet Photo AG (Zürich), ვრცელდება CC BY-SA 4.0 ლიცენზიით.

Ready-to-Wear: როგორ გარდაიქმნა ფრანგული მოდა 60-იან წლებში

წაკითხვა
7 წუთში წასაკითხი

ფრანგული მაღალი მოდის ყველაზე დიდი კლიენტურა ამერიკელი ქალები იყვნენ. ამერიკელებმა ფრანგული მოდა წარმატებით მიიღეს. ნიუ-იორკული გაზეთების მთავარი სათაურები სწორედ ფრანგულ მოდას ეძღვნებოდა. 1964 წელს New York Times-მა ჟურნალი Elle დაახასიათა, როგორც მოდის ჟურნალი, რომელსაც ფრანგი გოგონები უფრო ენთუზიაზმით შეისწავლიდნენ, ვიდრე ნაპოლეონის ომებს. იუბერ დე ჟივანშის მომხმარებელთა 60% სწორედ ამერიკელი იყო და ისიც ამერიკულ კინოს უფრო მეტად მოერგო, რაშიც უდიდესი წვლილი მის მუზას, ჰოლივუდის ვარსკვლავს, ოდრი ჰეპბერნს მიუძღვის. ჟივანშის სამოსის ერთგული და ხშირი მატარებელი იყო კინოს მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა – ლორენ ბეკოლიც.

ოდრი ჰეპბერნი
ოდრი ჰეპბერნი

1960-იანი წლების მოდაში ტრენდების დამკვიდრება იწყება. ეს პერიოდი გამოირჩევა მზარდი თავისუფლებით ყველა ასაკისა და სქესისათვის. ქალის სამოსი მისდევდა სამ ძირითად ტრენდს: გასული ათწლეულის ქალური ელეგანტურობის გაგრძელება (მაგალითად, ჟაკლინ კენედი), ახალგაზრდული, თავისუფალი სტილი და კოსმოსური ეპოქის გავლენა გლობალური მნიშვნელობის მოვლენების პარალელურად, რასაც შემდგომ გვიანდელი 60-იანი წლების ჰიპის სტილიც მოჰყვა. კაცის სამოსში გაიზარდა ფერებისა და გამოსახულებების რაოდენობა. დამკვიდრდნენ ახალი მოდის „აიქონები“ როკ-ვარსკვლავების სახით. განსხვავებული მრავალფეროვანი სტილის წყალობით მოხდა ცვლილება, თუ რას ყიდულობდნენ ქალები და ვისთვის იქმნებოდა სტილი[1]. უკვე ყურადღება ექცევა ქუჩას და არა მაღალ მოდას. მაღალი მოდის მომხმარებლებიც იწყებენ ნაკლებად ძვირადღირებული, ნაკლებად მასშტაბური სამოსის მოთხოვნას, დიზაინერები იღებენ გამოწვევას და დემოკრატიული „Ready-to-Wear“ ხაზიც ვითარდება. ახალი მიმართულება ამჯერად ქალებს საშუალებას აძლევდა, ყოფილიყვნენ უფრო ელეგანტურნი, ვიდრე ოდესმე. ტრენდის დამამკვიდრებლებად გვევლინებიან ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან ბრიჯიტ ბარდო და ივ სენ ლორანი.[2]

ივ სენ ლორანის მიერ შემუშავებული კაბების დიზაინი. მოდელები გადაღებულია Haagse Gemeente მუზეუმში, 1966 წელს. ფოტო: Eric Koch / Anefo. ვრცელდება CC0 1.0 ლიცენზიით.
ივ სენ ლორანის მიერ შემუშავებული კაბების დიზაინი. მოდელები გადაღებულია Haagse Gemeente მუზეუმში, 1966 წელს. ფოტო: Eric Koch / Anefo. ვრცელდება CC0 1.0 ლიცენზიით.

ბრიჯიტი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მაღალი მოდის ტარებას, მეტიც, მას მოძველებულად თვლიდა და მაყურებელს თავს თავისუფალი სტილით აყვარებდა. ის ირგებდა უფრო ინოვაციური დიზაინერების ქმნილებებს, როგორებიც იყვნენ ანდრე კუღეჟი (André Courrèges) და სენ ლორენი. სწორედ მის კინო-იმიჯებზე დაყრდნობით ხასიათდება ამ ათწლეულის მოდა: ახალგაზრდული, თავისუფალი და ექსპრესიული. მას გავლენა ჰქონდა არამხოლოდ საზოგადოებაზე, არამედ პოპ-კულტურის ცნობილ შემსრულებლებზეც.  ბარდოს არჩევანი სამოსში უნიკალური და მიმზიდველი იმიჯის ჩამოყალიბების მიზეზი გახდა. სექსუალურობასთან ერთად ის ახალგაზრდულ სულს წარმოადგენდა. ვარსკვლავის ლურჯი ჯინსის მიმართ სიყვარული შთაგონებად მიიღო ამერიკულმა ახალგაზრდობამ. მისი ყველაზე ცნობილი ვარცხნილობა იყო მოუწესრიგებელი, ქაოტური თმა მხრებამდე, რის შედეგად აღიქვამდნენ, როგორც ბავშვის მცდელობას, ყოფილიყო ზრდასრული ქალის სხეულში.

ახალგაზრდა ფრანგი თაობა, რომელიც ფინანსურად დამოუკიდებელი ხდებოდა, უფროსი თაობისგან თავიანთი განსხვავებულობის დემონსტრირებას ცდილობდა. მათ სურდათ, ყოფილიყვნენ განსაკუთრებულები: ეტარებინათ „თავიანთი“ სამოსი, ესმინათ „საკუთარი“ მუსიკისთვის. ახალგაზრდებზე მორგებული მოდა მომგებიანი აღმოჩნდა. „ახალი ტალღა“ წარმოიშვა სტუდენტების თაობაში, რომლებმაც აქტიური პროტესტი დაიწყეს. მათ ჰყავდათ კერპები – ვარსკვლავები კინოსა და მუსიკის სამყაროდან, ქარიზმატული პიროვნებები, რომლებისგანაც მაგალითებს იღებდნენ. კოსტიუმები, ხელთათმანები და მარგალიტები სწრაფად შეცვალა „ახალგაზრდულმა“ ძვრებმა. სამოსი კომფორტული და ყოველდღიური უნდა ყოფილიყო.

მოდა ეს არის სტილი, რომელიც მიღებული და გამოყენებულია ჯგუფის უმრავლესობის მიერ ერთსა და იმავე მომენტში, არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად პატარაა ეს ჯგუფი.

ბრიტანელი კოსტიუმების ისტორიკოსი ჯეიმს ლევერი

ამ შემთხვევაში, ეს კონკრეტული ჯგუფი სისხლსავსე და მეამბოხე ახალგაზრდობა აღმოჩნდა.

პარიზში, 1968 წლის მაისის სტუდენტთა და მშრომელთა პროტესტი ფრანგულ კულტურასა და საზოგადოებაზე დიდი გავლენის მატარებელი აღმოჩნდა. Womens Wear Daily-ში გამოქვეყნებული იყო სტატია „ივი, რევოლუციონერი“, სადაც ავტორი წერდა:

პარიზში სხვა რევოლუციაც მოხდა. მას ივ სენ ლორანი ერქვა.

დიზაინერის ახლო მეგობრები ამბობენ, რომ სტუდენტების აჯანყებამ მასზე ძლიერ იმოქმედა და ამაზე რეაქცია საკუთარი შემოქმედებით გამოხატა. მან მაღალი მოდის ვერსია სპეციალურად სტუდენტებისთვის შექმნა: „Duffle Coats” პატარა ქუდებით.

მოდის ისტორიკოსები ეთანხმებიან აზრს, რომ ახალგაზრდა ივი პარიზის ბარიკადებზე მყოფი მეამბოხე სტუდენტების ჩანახატებს აკეთებდა. შეკერა შარვლების კოლექცია, რომელიც ასახავდა მათ მოთხოვნას: თანაბარ, დემოკრატიულ ფასს. პიერ ბერჟეს მოსაზრებით კი, ივი არ შთაგონებულა კონკრეტულად მაისის მოვლენებით და მან ახალგაზრდობითა და თავისუფლებით შთაგონებული სამოსის შექმნა 12 თვით ადრე, რივ გოშეს ბუტიკში დაიწყო.[3]

რივ გოშეს ბუტიკი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ვარსკვლავებსაც იზიდავდა. მათ შორის იყო მომღერალი ფრანსუაზ ჰარდი, თავისი მარტივი, მამაკაცის სამოსით ინსპირირებული იმიჯებით. სენ ლორენის პიჯაკით გალაზე ის „France Soir“-ის პირველ გვერდზე მოხვდა. ელეგანტური, მინიმალისტური და ფემინური იმიჯი ჰარდის პირად სტილს წარმოაჩენდა. ფრანსუაზა არ იყო ამ სტილის ერთადერთი მატარებელი – მასთან ერთად კინო-ლეგენდა, კეტრინ დენევიც.

ბერნადინ მორისთან ინტერვიუში New York Times-სთვის სენ ლორენმა ახსნა: „სხვა დროს შარვლები მხოლოდ უიქენდებისთვის და საღამოებისთვის იყო გათვლილი. ახლა ისინი ყველა შემთხვევისთვისაა – ყოველდღიურობისთვის“. როცა მორისმა ახსენა ახალგაზრდები ბარიკადებზე, რომლებიც ატარებდნენ შარვლებს, შარფებსა და მაისურებს, სენ ლორენმა განაცხადა:

ისინი ლამაზად გამოიყურებოდნენ, იმიტომ, რომ ლამაზები არიან. მათ მეტი არაფერი სჭირდებათ. მოდა მხოლოდ მაღალი მოდა არაა, მოვლენები უფრო მნიშვნელოვანია!

ფრანგი სტუდენტები თვეობით აპროტესტებდნენ არამხოლოდ ვიეტნამის ომს, არამედ საუნივერსიტეტო ცხოვრების რეგულაციებსაც. პოლიცია თავს ესხმოდა მოწესრიგებულად ჩაცმულ სტუდენტებს: მამაკაცები ატარებდნენ კოსტიუმებს, ჰალსტუხებსა და სუფთა, დახვეწილ ჯემპერებს ღილებიან მაისურებზე. ცოტას ჰქონდა გრძელი თმა ან წვერი. ზოგიერთი ქალი-მომიტინგე ატარებდა მინი-ქვედაბოლოს და შარვალს, სხვები მუხლებამდე ქვედაბოლოებს. ცოტას ეცვა ჯინსი.

წიგნის „Paris Refashioned“ ავტორი, კოლენ ჰილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ამერიკიდან იმპორტირებული ლურჯი ჯინსები ბევრი ახალგაზრდისთვის ძვირადღირებულ სიამოვნებას წარმოადგენდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის სტუდენტების იმიჯი გახდა „ქუჩური“ კვირების მანძილზე, აქტიური პროსტესტის კვალდაკვალ. შარფები სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ცრემლსადენი აირის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. მოდამ შეიძინა ფუნქციური ხასიათი. ძვირფასი აქსესუარები საჭირო ატრიბუტებით ჩანაცვლდა, რომლებიც იმიჯის განუყრელ ნაწილად იქცნენ.

მოდის ისტორიკოსები 60-იანებს ერთგვარ წყალგამყოფ პერიოდად მიიჩნევენ. „La mode de sixties: lentree dans la modernite”-ს შესავალში წერია: „1960-იანი წლების მოვლენებმა საგრძნობი ცვლილებები მოახდინეს ადამიანების ჩაცმულობაზე, რაც 1968 წლის მიტინგთან პირდაპირ კავშირში არ ყოფილა.“

ისტორიულად, მოდაში ცვლილებები ნაკლებად იყო პოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული, თუმცა მკვლევრები ხშირად აწერენ მას. მოდის ისტორია დეტალურად რომ შევისწავლოთ, აღმოვაჩენთ, რომ მსოფლიო ისტორიულ მოვლენებს, როგორებიც იყო ფრანგული რევოლუცია და პირველი მსოფლიო ომი, მოდაში გარდამტეხი ცვლილებები არ გამოუწვევიათ, მათ უბრალოდ დააჩქარეს ის ცვლილებები, რაც უკვე დაწყებული იყო. იგივე შეიძლება ითქვას 1968 წლის მოვლენებზე.[4] რეალურად ნიადაგი უკვე გასული ათწლეულის მანძილზე მზადდებოდა.

კუღეჟიმ გააკეთა განაცხადი, რომელიც მოდის მიღმა გაიჭრა. ის აღარ საუბრობდა მოდაზე, ის საუბრობდა თანამედროვე ქალზე, რომელიც უნდა ყოფილიყო თავისუფალი, დამშვიდებული, ბუნებრივი და სპორტული.

პიერ ბორდო

ის კერავდა ყველაზე მოკლე ქვედაბოლოებს პარიზში, რაც ევოლუცია უფრო იყო, ვიდრე ინოვაცია. მან ახალგაზრდებს მუხლები ჯერ კიდევ 1958 წელს გამოუჩინა. ის იზიარებდა ბალენსიაგას დამოკიდებულებას, რომ დიზაინერის შემოქმედება ნელ-ნელა უნდა ვითარდებოდეს, ვიდრე მნიშვნელოვნად იცვლებოდეს სეზონიდან სეზონამდე. ამას აკეთებდა ივ სენ ლორანიც.

ანდრე კუღეჟი. ვინსენტ კნაპის ფოტო, ვრცელდება CC BY-SA 4.0 ლიცენზიით.
ანდრე კუღეჟი. ვინსენტ კნაპის ფოტო, ვრცელდება CC BY-SA 4.0 ლიცენზიით.

[1] https://fashionhistory.fitnyc.edu/1960-1969/

[2] Paris Refashioned 1957-1968, Collen Hill

[3] Paris Refashioned 1957-1968, Collen Hill

[4] Paris Refashioned 1957-1968, Collen Hill