ჯომარდობა მდინარე ჭოროხზე, ფოტო: Ahmet Bektas
ჯომარდობა მდინარე ჭოროხზე, ფოტო: Ahmet Bektas

ნიგალისხეველთა ეთნოკულტურული ყოფა ზოგიერთი ფოლკლორული ნიმუშის მიხედვით

წაკითხვა
9 წუთში წასაკითხი

ნიგალისხეველთა ეთნოკულტურული ყოფა ზოგიერთი ფოლკლორული ნიმუშის მიხედვით საქართველოს თურქეთში, ანუ, როგორც ჩვენთან XIX საუკუნეში უწოდებდნენ, ოსმალოს საქართველოში, მნახველს ამჟამადაც ბევრი რამ აოცებს, სულ ერთია, ქართველი იქნება იგი თუ უცხოელი.

ძირძველი ქართული სანახების “მოყურიადეს” – მიმომხილველს უმალვე ნოსტალგია შეიპყრობს – წამოსვლა დაეზარება, გული იქ რჩება… საქართველოს მკვიდრს, დიდი ხნის განმავლობაში, საბჭოურ ხანაში, ჩვენებურთა საუფლოში, ძირძველ ქართულ მიწაზე, არ შეეძლო ფეხის დადგმა – გრიგოლ ხანცთელისდროინდელი “ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების” – ხილვა.

პოსტსაბჭოურ ეპოქაში კი, როცა “გზა ხსნილია”, ბევრ ქართველ სპეციალისტს ჯერ კიდევ ვერ უხილავს სამხრეთ საქართველო მისი მატერიალური თუ ეთნოკულტურული, ეთნომუსიკალური თუ ეთნოქორეოგრაფიული წარსულით.

ნიგალი მესხეთის VIII-X საუკუნეების რუკაზე. რუკის ავტორი: გიორგი ბალახაძე
ნიგალი მესხეთის VIII-X საუკუნეების რუკაზე. რუკის ავტორი: გიორგი ბალახაძე

ქართული ენის დიალექტთაგან იმერხეული (კლარჯული) კილო ერთ-ერთი თავისებური და “ჭრელი” ერთეულია. თავის დროზე იმერხეული კილოს ენობრივი თუ ფოლკლორული ნიმუშები ჩაწერა აკად. ნ. მარმა (1911 წელს), აქ იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმაც… ენობრივი თვალსაზრისით, იმერხეული ახლოს დგას ქართული ენის სამხრეთ და დასავლურ დიალექტებთან: უწინარეს – აჭარულთან, შემდეგ – სამცხურ-ჯავახურთან, გურულთან; თავს იჩენს ქართლური ფენაც.[1]

ტაო-კლარჯეთი კვლავ ელის არაერთ ქართველ ენათმეცნიერ-დიალექტოლოგს, არქეოლოგს, ისტორიკოსს, ეთნოგრაფსა და ეთნოლოგს, ფოლკლორისტსა თუ ხელოვნებათმცოდნეს. საკვლევი არაერთი და არაერთმხრივია… ამ კუთხით, როგორც სამხრეთ საქართველოს შვილი, კერძოდ, აჭარის მკვიდრი, ჩვენც დავინტერესდით, ავისრულეთ დიდი ხნის ოცნება – ლინგვისტურ-დიალექტოლოგიურად თუ ფოლკლორული თვალთახედვით დაგვეზვერა ნიგალის ხეობის მცხოვრებთა ეთნოკულტურული და სამეტყველო სივრცე.

ამ მიზნითა და სურვილით 2007 წლის ზაფხულში, ჩვენივე ინიციატივით, ნიგალის ხეობაში მოვაწყვეთ ექსპედიცია. ჩავიწერეთ ტოპონიმები, ანთროპონიმები, დავამზადეთ დიდ სოფელთა რუკები ტოპონიმების მიხედვით (ტოპონომიკურ-დიალექტური ატლასი), ავსახეთ ვიდეოფირზე ამ ხეობაში შემორჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები, აგრეთვე ჩავიწერეთ ჩვენებურთა სამეტყველო ტექსტები და ფოლკლორული ნიმუშები.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის კუთხეთაგან ამჯერად ჩვენი ყურადღება მიიქცია ნიგალის (ლივანას) ხეობამ. ნიგალისხევი ფიზიკურ-გეოგრაფიულად არც ისე მნიშვნელოვანი ხევია, მაგრამ თავისი მოხერხებული მდებარეობითა და ბუნებრივი რესურსების წყალობით თითქმის მთელი ჭოროხის ქვემო დინების სახელად იქცა.

ნიგალი ბარის სოფელია – ხევის მარჯვენა სანაპიროზე და დიდად არც ჭოროხს არაა დაშორებული. როგორც აღნიშნავენ, ნიგალი ამ ხევს მას შემდეგ უნდა შერქმეოდა, როცა ხევის ცენტრმა ბარში გადმოინაცვლა.[2]

ისტორიული ლივანის ხეობა მოიცავს ბორჩხის, მურღულის, ართვინის, ხების, დევესქელის, ქლასქურის, ბეღლევანის, ზედა მარადიდის, კირნათის, კობალეთის, შუშანეთის, გვარას, ქვედა მარადიდის (ეს ხუთი უკანასკნელი საქართველოს შემადგენლობაშია) ნაწილებს, იგი მოქცეულია დასავლეთიდან პონტოს ქედს, აღმოსავლეთიდან არსიანის მთებს, ჩრდილოეთიდან შავშეთის მთებსა და სამხრეთით კარჩხალის მთებს შორის. მოიცავს ჭოროხის ქვემოწელს ართვინის სოფელ არიბულაკიდან (ძველი ქართული სახელი მელო) ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგემდე. ბორჩხის ტერიტორიაზე ჭოროხის მარჯვენა შენაკადების სოფლები: დევესქელის ხეობის – არავეთი, შუახევი, დევესქელი, ბაგინი; ქლასქურის ხეობის – ქვედა ქლასქური, ზედა ქლასქური; ჭოროხის მარჯვენა სანაპიროს სოფლები: იბრიქლი, ადაგული, ხება; ჭოროხის მარცხენა სანაპიროს სოფლები: ჯივანი, არხვა, ტრაპენი, დამფალი, თხილაზრო, ავანა, კატაფხია, არჩვეთი, მარადიდი და თვით ბორჩხა და ართვინის სოფელი ქართლა ორენოვანია: ძირითადად ქართულადაც ლაპარაკობენ და თურქულადაც.

ექსპედიციის სამი დღე დავყავით დევესქელის ხეობის იაილებში, თეთრი წყლის იაილაში არის სასტუმრო ტურისტებისათვის. ამ იაილაში იღებს სათავეს მდ. თეთრი წყალი. მემთეურებთან ერთად მოვაწყვეთ ლაშქრობა ვარსკვლავის ტბაზე. ჩვენ ვნახეთ კარჩხალის კლდოვან-კბილოვანი მთების ძირში 3000 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ცისფრად და თეთრად მოელვარე, გამჭვირვალე, ნახევრად გაყინული და ყინულივით ცივი, ულამაზესი ტბა. ირგვლივ თოვლის ლანქერები და 200-მდე მეტრის დაშორებით მძივებივით მიმობნეული მრავალფეროვანი ყვავილები, ცხელი და მწველი მზე და დურბინდის საშუალებით ხელისგულზე გადაშლილი ბათუმი, მაჭახლის გორგითის იაილა და აქ განლაგებული იუნესკოს პავილიონები, ერთად ზემო და ქვემო მაჭახელი (თურქეთისა და საქართველოსი), ბუნების ულამაზესი ხედები.

ამ მშვენიერების ხილვამ და ვარსკვლავის ტბაზე მოწყობილი ლაშქრობის მონაწილეთა, დევესქელის ხეობის მკვიდრთა მხიარულმა შეძახილებმა, გასამხნევებელმა და გასახალისებელმა გასროლებმა, რომელთაც მთები ექოს აძლევდა, მოლაშქრეები შაირის ხასიათზე დააყენა და ჩვენც მოვიმარჯვეთ მიკროფონი. ყველაფერმა ამან სიხარულს დაგვაუფლა, დაღლილობა საერთოდ დაგვავიწყა, წამოსვლა აღარ გვინდოდა. გაგვიჩნდა აზრი – ხომ შეიძლება, ხოფა- “მასკლავაგოლის” საჰაერო ტურისტული მარშრუტის დაწესება ვარსკვლავის ტბისა და საერთოდ თურქეთის საქართველოს ამ უმშვენიერესი პეიზაჟების ხილვისათვის, როგორც ეს თბილისი-სვანეთის საჰაერო ტურისტული მარშრუტია! წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოლკლორულ ნიმუშს და საყოფაცხოვრებო მოვლენების ამსახველ მოკლე ტექსტებს ზოგს ნიგალში და ზოგს თეთრიწყლის იაილაზე, ვარსკვლავის ტბაზე გამართული შაირობისას ჩაწერილს.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მიერ შეკრებილ ფოლკლორულ ნიმუშთაგან ყურადღებას იპყრობს ისეთი ტექსტები, სადაც ადამიანის ხასიათის თავისებურება და ინდივიდუალობა კარგად იხატება. მათში იკვეთება ცალკეული პირის მისწრაფება, მისი სურვილი, შეხედულებანი და ყოფისთვის დამახასიათებელი ლაღი იუმორი. მთქმელმა სელაათთინ ალფაიდინმა ჩაგვაწერინა ასეთი ლექსი:

როიც რომ მქონდა ფულებიო, ვჭამდი ხაჭოპურებიო,

როიცხა რომენ დემელია, ჩამოვყარე ყურებიო.

მართალია, ეს ტექსტი არ მიეკუთვნება ღრმააზროვან და დიდად და ჩამაფიქრებელ მოვლენას, მაგრამ მასში ქართველი ადამიანისთვის დამახასიათებელი იუმორი, უყაირათობა და ნებისმიერი მდგომარეობის ატანა მაინც გვაფიქრებინებს, რომ ვერანაირი საზღვრები და რელიგიური განსხვავებულობანი ვერ ცვლიან ადამიანებში თანდაყოლილ ხასიათს.

ისა ათარ მელეგოდლიმ (მელეგაშვილმა) სატრფიალო პოეზიის ნიმუშები მოგვაწოდა, სადაც ახალგაზრდა ადამიანის ოპტიმიზმი და წრფელი განცდებია გამოტანილი:

თელას ტყავი გავაძერ, ხიდან ხეზე გავაბი,

მე აქავრი გოგვები თავკაპებზე დავაბი.

ფეხზე ფოთინი მაქვა ოდენ წამოდებული,

იმდონი აშიღი მყავს დუნიაში მოდებული.

ან კიდევ:

წმინდა ძივი დემეპნა, ამსხმელი ვარ ამსხმელი,

დედიკო, ნუ მიყურავ, წამსლელი ვარ წამსლელი.

ჭიშკარი გავაკეთე, ყაზუღი ექნება,

მე შენ გოგოს ვუკბინე, კიბილი მექნება.

გოგოვ, გოგოვ, კისკისა, წყალი მინდა ლიტრისა,

გოგოვ, ერთი მაკოცნიე, კოცნა მინდა ლოყისა.

ამ სტრიქონებიდან აშკარაა ცხოვრების ხალისიანი და ახალგაზრდული მხარეებით ტკბობის ტენდენცია, როცა ადამიანი მომავალს იმედიანად შესცქერის და სასიყვარულო ობიექტს შორიდან არჩევს.

ქართული ფოლკლორი მდიდარია ამგვარი განწყობის სატრფიალო ნიმუშებით და ნიგალის ხეობაც ამ ერთიანობის აშკარა მაჩვენებელია. ამ ხეობის ქართველობა მსგავსებას და იდენტურობას ინარჩუნებს თავის ძირძველ ფესვებთან.

ერთ ტექსტში ქალისადმი ერთგვარი მითითება-რჩევაა გამოხატული, რომ მან თავისი თვალების ელვარება და სილამაზის შუქი უნდა დამალოს, არავის უნდა დაანახოს: “წვანე-წვანე თვალები შენ თვალებში გიყურე, ვინმე არ დიგინახოს თავი ბოლო დეიბურე” (მთქმელი: ნაზიმე ყარა).

აშკარაა, რომ მოკრძალებასა და თავმდაბლობასთან ერთად აქ რელიგიური კუთვნილების ადათ-წესებიც არის მოაზრებული. დეტალებშიც და ფრაგმენტებშიც შეიძლება მსგავსება-განსხვავების კარგად შემჩნევა და მათი თვალსაჩინოდ გამომზეურება. ეს ერთი პატარა ლექსი მთლიანად იტევს არა მარტო ცალკე აღებული ხეობის, არამედ მთელი ბოლო საუკუნეების ისტორიისათვის დამახასიათბელ პერი პეტიებს და ყოფით რეალობას.

ირონია და შორიდან მაყურებლის შემფასებლობითი დამოკიდებულება ჩანს 65 წლის მთქმელის მიერ მოწოდებულ სტროფებში (ილმაზ შენთურქ, მარადიდიდან): “ბაბავ, გიმიშვი აჭარისტანში, კოლექტივს დევეხმარები პურისჭამაში”.

მაშინ, როცა ჩვენში საბჭოური პატრიოტიზმი, ნებსით თუ უნებლიეთ, ყვაოდა და სავალდებულო სახოტბო პოეტურ ნიმუშებს ამზეურებდა, ნიგალის ხეობის იქითური ნაწილის ქართველობა პრაგმატულობის და მსუბუქი ირონიის ნაზავს ქმნიდა და ითავისებდა. ე. წ. “ქართულ საბჭოურ პატრიოტიზმს” თანამედროვე ქართული ფოლკლორისტიკა ასეთ შეფასებას აძლევს: “კლასიკური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები უხვად ჰკვებავდა საბჭოურ სივრცეში ხელოვნურად მოქცეულ ჩვენს ხალხურ შემოქმედებას და თავისთავადობასა და ეროვნულ ცნობიერებას უნარჩუნებდა”.[3]

შეიძლება დავასკვნათ: თურქეთში მცხოვრებ ნიგალისხეობელთა აქ წარმოდგენილი სამეტყველო და ფოლკლორული ნიმუშები ღირსსაცნობია არა მარტო თანამედროვე კილოური თავისებურებით, არამედ ისტორიული დიალექტოლოგიისა და ეთნოკულტურული საერთო ქართულის ჩვენებით, ფიგურალური გამოთქმებითა და კილოური მახასიათებლებით.

ჩვენ მიერ ჩატარებული საველე სამუშაო, ვფიქრობთ, ბიძგის მიმცემი იქნება შემდგომში სხვა ეთნოკულტურული მეცნიერულად საინტერესო სიახლეების მოძიებისა.


(C) ეთერ ბერიძე, “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი” N2 (35), 2008, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.


გამოყენებული ლიტერატურა:

  • [1] ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I. (დიალექტთა განხილვა, ტექსტები. ლექსიკონი), თბილისი., 1961, გვ, 375-378; ბ. ჯორბენაძე, ქართული დიალექტოლოგია, I, თბილისი, 1989, გვ. 576
  • [2] ი. სიხარულიძე, ნიგალი (საისტორიო გეოგრაფიის მასალები), ბათუმი, 1985, გვ. 3.
  • [3] თ. შიოშვილი, ქართული ფოლკლორის ზნეობრივი სამყარო, წიგნი მეორე, ბათუმი, 2004, გვ. 100.