ფენტეზი - ფანტასტიკური ლიტერატურის ჟანრი
/

ფენტეზი – ფანტასტიკური ლიტერატურის ჟანრი

წაკითხვა
8 წუთში წასაკითხი

ფანტასტიკაზე, როგორც ლიტერატურის ჟანრზე საუბარი ერთ-ერთმა პირველმა ბულგარელმა ლიტერატორმა და კრიტიკოსმა ცვეტენ ტოდოროვმა დაიწყო. ტოდოროვი ფანტასტიკას აფასებს, როგორც საოცარსა და შესანიშნავს (ტოდოროვი 1973, 25). მისი აზრით, დამაჯერებლსა და დაუჯერებელს შორის არსებული მერყეობის ეპიზოდი განსაზღვრავს ფანტასტიკის რაობას.

ჟანრის მიმართ გაურკვევლობას იწვევს მისი ქვეჟანრების – ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, საშინელებათა, ასევე დისტოპიის არსებობა, რადგან მათ შორის ზღვარი ზოგჯერ საკმაოდ მყიფეა. ფანტასტიკის ელემენტები, კითხვის პროცესში გაჩენილი დაყოვნების მომენტი უფრო ადრეულ ლიტერატურულ ტექსტებშიც გვხვდება, მაგალითად, სარაინდო რომანებში. ჟანრის ფორმირების პროცესში ხშირად ფანტასტიკურ ნაწარმოებებს ზღაპარს ან აბსურდს მიაწერდნენ ხოლმე. ლევან ცაგარელი მიმოხილვაში რა არის ფანტასტიკური ლიტერატურა წერს, რომ XX საუკუნის 70-იან წლებამდე ფანტასტიკურ ლიტერატურას სათანადო ყურადღება მხოლოდ საფრანგეთში ექცეოდა, გერმანიასა და ინგლისში კი იგი მარგინალურ მოვლენად ითვლებოდა და ფიქრობდნენ, რომ შესწავლას არც კი იმსახურებდა (ცაგარელი 2006, 22).

ფენტეზის ისტორიაში პირველი ავტორი შოტლანდიელი მწერალი ჯორჯ მაკდონალდია; მისი ადრეული ნაწარმოებები, რომლებშიც უკვე მკაფიოდ ჩანს ჟანრის ელემენტების ერთობლიობა, არის Phantastes (1858), The Princess and the Goblin (1872). ფენტეზი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აღქმული იყო, როგორც საბავშვო ლიტერატურა, თუმცა მაკდონალდი ამბობდა, რომ იგი არ წერდა ბავშვებისთვის, მისი ნაწარმოებები ასაკობრივი კატეგორიით არ უნდა განესაზღვრათ და რომ მისი წიგნები ბავშვების მსგავსი ადამიანებისთვის იყო, შეიძლება ისინი ყოფილიყვნენ ხუთი, ორმოცდაათი ან თუნდაც სამოცდათხუთმეტი წლისანი.

ფენტეზის ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი უკავშირდება ჯ.რ.რ. ტოლკინს. მისი ნაწარმოებები ჰობიტი, ბეჭდების მბრძანებელი და სხვა წიგნები ინგლისური ლიტერატურული კანონის ნაწილად მალევე იქცა. ამ წიგნების გამოცემის შემდეგ ფენტეზის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება შეიცვალა მკვლევრების დაინტერესებით. მათ ფუნქციას დღემდე მკითხველებიც ითავსებენ – მოიპოვება უამრავი ფორუმი, სადაც ისინი თავიანთ დაკვირვებებზე, ავტორისეულ მინიშნებებზე, ალუზიებსა და რომანების ფუნდამენტურ ღირებულებებზე წერენ, ეძებენ სიმბოლოებს ჯუჯების, ელფების თუ დრაკონების ენაში.

განვითარების ჯაჭვი ფენტეზის შემთხვევაშიც ლოგიკურია. მართალია, ჟანრის ფუძემდებლად ხშირად ტოლკინი მოიაზრება და გარკვეულ წილად შეიძლება ასეც ვივარაუდოთ, რადგან მისი ნაწარმოებების გამოცემის შემდეგ მოიპოვა ამ ჟანრმა აღიარება, მან ფენტეზის ყველა ელემენტი ერთიანად დაიტია თავის წიგნებში და დაწერა ისეთი ტექსტები, რომლებიც ნამდვილად ვერ იქნებოდა მხოლოდ ბავშვებისთვის, თუმცა თავის წერილებში იგი ხშირად მსჯელობდა მაკდონალდის გავლენებზე.

მკვლევარი ჯეისონ ფიშერი ასახელებს ტოლკინის იმ ტექსტებს, რომლებშიც ყველაზე მეტად იგრძნობა მაკდონალდის სტილი, ესენია: შობის პაპის წერილები (1976) და ჰობიტი (1937) (ფიშერი 2006, 115). ერთგვარ აღიარებად შეიძლება მივიჩნიოთ თავად ტოლკინის 144-ე წერილი, სადაც იგი წერს, რომ ჰობიტები – გამოგოგნილი არსებები, რომლებიც ჯუჯებზე მცირე ზომისანი არიან და დაახლოებით 100 წლამდე ცხოვრობენ, მაკდონალდისეული გობლინების თარგმანია და მათ შორის მსგავსება თითქმის არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ჰობიტების რბილ ფეხებს (ტოლინი 2013, 146).

ჯადოქრები, ელფები, დრაკონები და ტროლები – ფენტეზის განუყოფელი ნაწილია და ისეთი გიგანტების ფანტაზიის ნაყოფია, როგორიც, მაგალითად, ტოლკინია.

ლაეტსი და ჯონსტონი

ბუნებრივია, მაკდონალდის და ტოლკინის გარდა ფენტეზის ჩამოყალიბებაში სხვა არაერთ ავტორს მიუძღვის ასვევე მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის ლუის კეროლს წიგნით ელისი საოცრებათა ქვეყანაში (1865), ფრანკ ბაუმს თავისი ლიტერატურული ტექსტით ოზის ჯადოქარი, ასევე ედგარ ალან პოს – მისი როლი დიდია ე.წ. შავ-ბნელი ფენტეზის (ინგ.: Dark Fantasy) ჩამოყალიბებაში.

ფენტეზი ნარატიული თხრობის ფორმით ყველაზე ახლოს არის ზღაპართან, შეიძლება ითქვას, რომ იგი ზღაპრიდან არის ამოზრდილი, თუმცა მათ შორის განსხვავებებიცაა. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ხალხური ზღაპარი, რომელიც დროის და სივრცის გამოძახილია, ფენტეზის ავტორი კი თავად ქმნის დროს, სივრცეს და ირჩევს, როგორი სიღრმე მისცეს თავის ტექსტებს, დატვირთოს ფილოსოფიური, რელიგიური, სატირული თუ სხვა შრეებით (ნიკალაევა 2003, 139).

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ფენტეზის აქვს, არის დროით განზომილებებში გადაადგილების შესაძლებლოება, რაც მოქმედ პირებს ზებუნებრივი, ჯადოსნური ძალით შეუძლიათ. რალფ ლავენდერი თავის ესეში Other worlds: Myth and Fantasy წერს, რომ ლიტერატურაში ფენტეზის მრავალგავრი ფორმით შემოდის: ზოგჯერ იგი ყოველდღიურ ყოფაში იჭრება, ზოგჯერ წარსულიდან აწმყო დრომდეა, ზოგჯერ მთელი სამყაროა, ან მისი ნაწილი, ზოგჯერ მითიდან ლეგენდაში გადადის. გვხვდება შემთხვევები, როდესაც ავტორის მიზანია ფენტეზის ენით ცხოვრების უხილავ და შეუმჩნეველ მოთამაშეებთან მიიყვანოს მკითხველი, ზოგჯერ სიზმარია ან გადასალახი სირთულეებით დატვირთული ლაბირინთი. ფენტეზი აღფრთოვანებას იწვევს, რადგან იგი ხშირად უაზრობის ლოგიკას გვთავაზობს (ლავენდერი 1981, 140).

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამომცემლობაში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ფენტეზის კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ელემენტზე წერენ. სტატიის სათაურია რა არის ფენტეზი? პირველივე აბზაცი ასე იწყება: „ჯადოქრები, ელფები, დრაკონები და ტროლები – ფენტეზის განუყოფელი ნაწილია და ისეთი გიგანტების ფანტაზიის ნაყოფია, როგორიც, მაგალითად, ტოლკინია“ (ლაეტსი და ჯონსტონი 2008,161).

ამავე სტატიაში ჩამოთვლილი მოქმედი პირების არსებობას ფენტეზიში ადარებენ წარმატებული მწერლის შემოქმედებაში ავტორის პირველ ტექსტებს: როგორც სამწერლობო კარიერა ვერ იარსებებს პირველი ტექსტების გარშე, ისევე წარმოუდგენელია ფენტეზი მითოსური, მისტიკური და ზებუნებრივი, ჯადოსნური ძალით დაჯილდოებული პერსონაჟების გარეშე – თითქმის ყველა ეს გმირი ჩვენ ზღაპარშიც გვხვდება.

ხალხური ზღაპარი, ისევე როგორც ფენტეზი ჟანრის ტექსტი, ერთსა და იმავე ფესვებთან იკვეთება და ეს ფესვები არის მითოლოგია. ნორტროფ ფრაი წერს, რომ მითს ადამიანის ყველაზე ძლიერი სურვილების მწვერვალზე შეუძლია გავლენა მოახდინოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს მითი იმ სამყაროს წარმოაჩენს, რომელიც მიღწეული ან მისაღწევია ადამიანთა მიერ (ფრაი 2001, 136). მითოსში ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, თუმცა ის, რაც ადამიანების ძალას აღემატება, შესაძლებელია ღმერთებისთვის, ნახევარღმერთებისთვის, ჯადოსნური ცხოველებისთვის ან სხვა არსებებისთვის: „მითი უფრო მეტად კოლექტიური წარმოსახვაა, ვიდრე ინდივიდუალური. მითი მოიცავს ლეგენდებს, ხალხურ ზღაპრებს, ზღაპრებს და კოლექტიური ცნობიერიდან წამოსულ წყაროებს“ (ლავენდერი 1981, 142-143) – მითი მოიცავს იმ ყველაფერს, რითიც ფენტეზის მწერლები საზრდოობენ.

ქართველი მწერლები ფენტეზს არ წყალობენ, თუმცა რამდენიმე ნაწარმოები შეგვიძლია დავასახელოთ, მათ შორის დავით ჭოჭუას სინათლის ორდენის ქრონიკები (2015), ელის დოჯსონის დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z (2018). ყველაზე პროდუქტიული ავტორი ამ ჟანრში ნატო დავითაშვილია, რომლის წიგნების საყრდენ ღერძად თამამდ შეგვიძლია მითოლოგია მივიჩნიოთ. მისი ნაწარმოებების თემი, მოტივები, პრესონაჟები, მოქმედების ადგილები ქართული მითოსით არის შთაგონებული და ამაზე ინტერვიუებში თავადაც ხშირად საუბრობს. ნატო დავითაშვილის ქრონიკებზე კრიტიკული წერილები არ მოიძიება, რითაც დამატებით აშკარავდება, რომ ფენტეზით არ არიან დაინტერესებულნი ქართულ სამეცნიერო წრეებში.

ნატო დავითაშვილის იროელთა ქრონიკები ექვს წიგნს აერთიანებს: ამბავი ლილე იროელისა, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, აიას გზა, ლურჯი სუფრის მოცეკვავე, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი და ნისლებში და ნისლებს მიღმა.

ლიტერატურულ ჟურნალში საუნჯე გამოქვეყნებული სტატიიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ მწერალი ქრონიკების მეშვიდე წიგნზე მუშაობს, რომელსაც და ავსულთა გაჩნდა სპა ერქმევა (ახალი საუნჯე, 2020). ნატო დავითაშვილის ავტორობით ამ დრომდე ასევე გამოცემულია ორსის ორდენის სამხეცე, მთვარის შვილობილები, დაბრუნება-ადამიანები და სხვები ეს უკანასკნელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება.

ამბავი ლილე იროელისა © ნატო დავითაშვილი

კვლევისთვის ჩვენ ამბავი ლილე იროელისა შევარჩიეთ, წიგნი, რომელიც 2007 წელს ჯორჯი ვაშატელის ფსევდონიმით გამოიცა და ქრონიკის პირველი წიგნია.

ნატო დავითაშვილის პერსონაჟები პირველად ამ რომანში ჩნდებიან. წიგნი მოგვითხრობს ლილეს შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მისიით იბადება – მან უნდა გადაარჩინოს სამაყრო, გაანადგუროს ბალღამის თასი. ლილე იზრდება დევებთან და მან საკუთარ თავზე წინასწარმეტყველების შესახებ არაფერი იცის. ლილეს ღვთისშვილები ეხმარებიან.