© Riccardo Farinazzo, Unsplash
© Riccardo Farinazzo, Unsplash

„მითის“ მნიშვნელობა ლიტერატურაში. ნორტროფ ფრაის თეორია

წაკითხვა
4 წუთში წასაკითხი

კანადელმა ლიტერატურათმცოდნემ, თეორეტიკოსმა და კრიტიკოსმა ნორტროფ ფრაიმ 1957 წელს გამოსცა ნაშრომი კრიტიკის ანატომია, რომელშიც ოთხი ესეა გაერთიანებული. ესეში მითის თეორია იგი მსჯელობს მითზე როგორც არქეტიპზე. მკვლევრის აზრით, ლიტერატურის საფუძველი მითოსშია და ცდილობს, მასზე მთელი ლიტერატურის ისტორია დააშენოს. ფრაი არ იკვლევს მითოლოგიურ ფორმებს, მისი კვლევის მიზანია მიაგნოს იმ მითოლოგიურ მოტივებს, რომლებითაც ლიტერატურა საზრდოობს.

თავდაპირველად განვმარტოთ ტერმინი „არქეტიპი“, რომელიც კარლ გუსტავ იუნგმა დაამკვიდრა და გამოხატავს კოლექტიური არაცნობიერის ცნებას. აღიარებული ფაქტებით ადამიანს აქვს არაცნობიერი ნაწილი, რომელიც თანდაყოლილია და ევოლუციურად არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, იგი გარკვეულ ცოდნას ატარებს. მითების, ხელოვნების ფორმების თუ სიმბოლოების აღქმის უნარს იუნგი სწორედ კოლექტიურ არაცნობიერში დალექილი ინფორმაციით ხსნიდა. მასვე მიიჩნევდა ნებისმიერი ლიტერატურული ტექსტის, რელიგიის, ხელოვნების შთაგონების წყაროდ.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უფრო მეტი ვიცით მითოლოგიურ სიმბოლოებზე, ვიდრე წინა თაობის ადამიანებმა

კარლ გუსტავ იუნგი

ნაშრომში არქეტიპი და სიმბოლო იუნგი წერს, რომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უფრო მეტი ვიცით მითოლოგიურ სიმბოლოებზე, ვიდრე წინა თაობის ადამიანებმა. ამას კი იმით ხსნის, რომ ძველ დროში ადამიანები გაუცნობიერებლად იყვნენ მითოსური ამბებითა და სიმბოლოებით შთაგონებულნი (იუნგი 1991, 59). დღეს კი, როცა მკვლევარები მუდმივად ახალ თეორიებს გვთავაზობენ, ჩვენ ვიწყებთ კოლექტიურ არაცნობიერში დალექილი შრეების გაშიფვრას.

იუნგისეულ მითოლოგიურ არქეტიპს ნორტროფ ფრაი ლიტერატურაში სხვადასხვა ასპექტით ეძებს და აანალიზებს. გარდა მოტივისა და ფაბულასი, კანადელი მკვლევარი მითოლოგიურ სტრუქტურას უკავშირებს როგორც ლიტერატურულ ჟანრებს, ისე ტექსტებში მოქმედ პირთა ფუნქციებს. ფრაის აზრით, მითოლოგიური არქეტიპი არის ლიტერატურის ბირთვი.

ფრაის თეორიის თანახმად ლიტერატურაში გვაქვს მითებისა და არქეტიპული სიმბოლოების სამი სახე. პირველი წარმოგვიდგენს ორ კონტრასტულ სამყაროს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ღმერთებთან ან დემონებთან, მათგან ერთი სასურველი, მეორე კი არასასურველია. ეს სამყაროები ხშირად სამოთხესა და ჯოჯოხეთთან არის დაკავშირებული. ასევე შეიძლება წარმოდგენილი იყოს აპოკალიფსური სამყარო. აღნიშნული ტიპი პირდაპირპროპორციულად გამოხატავს ჩვენ მიერ შერჩეული საკვლევი ტექსტების სტრუქტურას.

ფენტეზის ჟანრის ტექსტებში ხშირად აღწერილია აპოკალიფსური სამყარო, დაპირისპირებული მხარეები, რომლებშიც ერთი (კეთილი ძალა) სამყაროს გადარჩენისთვის, მეორე (ბოროტი ძალა) კი სამყაროზე მმართველობისთვის იბრძვის. ფრაის მიერ წარმოდგენილი არქეტიპული სიმბოლოების დანარჩენი ორი სახე ჩვენს ტექსტებს ნაკლებად ერგება, მკვლევრის მტკიცებით, მეორე ტიპიც ატარებს მითოლოგიურ არქეტიპს, ის ადამიანურ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული და რომანიკულ ტენდენციას გამოხატავს, მესამე კი რეალიზმისკენაა მიმართული, როდესაც ტექსტი იწყება რეალისტურად და შემდეგ გადადის მითოსში (ფრაი 2001, 139-140).

ფრაის აზრით, ლიტერატურის სტრუქტურული პრინციპები ისე მჭიდროდ არის მითოლოგიასთან დაკავშირებული, როგორც მხატვრობა – გეომეტრიასთან. არა მხოლოდ გამოხატვის ფორმებით ან სტრუქტურით შეიძლება მითოსი და ლიტერატურული ტექსტი ერთმანეთს დავუკავშიროთ, ფრაი ავტორის შინაგან სამყაროსაც მითოლოგიასთან აკავშირებს. როგორც მითოლოგიურ პერსონაჟებს შეუძლიათ აკეთონ ის რაც სურთ, ის, რაც ადამიანურ რესურსს სცდება, ასევე შეუძლიათ ავტორებს მოქმედი პირები ისე გამოძერწონ და „ათამაშონ“, რომ გააკეთებინონ ის, რაც მათ სურთ.

ფრაის აზრით, ლიტერატურის სტრუქტურული პრინციპები ისე მჭიდროდ არის მითოლოგიასთან დაკავშირებული, როგორც მხატვრობა – გეომეტრიასთან. არა მხოლოდ გამოხატვის ფორმებით ან სტრუქტურით შეიძლება მითოსი და ლიტერატურული ტექსტი ერთმანეთს დავუკავშიროთ, ფრაი ავტორის შინაგან სამყაროსაც მითოლოგიასთან აკავშირებს. როგორც მითოლოგიურ პერსონაჟებს შეუძლიათ აკეთონ ის რაც სურთ, ის, რაც ადამიანურ რესურსს სცდება, ასევე შეუძლიათ ავტორებს მოქმედი პირები ისე გამოძერწონ და „ათამაშონ“, რომ გააკეთებინონ ის, რაც მათ სურთ.

ნორტროფ ფრაი. ჰარი პალმერის ფოტოარქივი
ნორტროფ ფრაი. ჰარი პალმერის ფოტოარქივი

მართალია, ფრაი არ წერს ფენტეზიზე, თუმცა მის მიერ მოცემული ეს თარგაც საუკეთესოდ შეესაბამება ფენტეზის. ფენტეზის ავტორები ჟანრის ელემენტებიდან გამომდინარე წიგნების მოქმედ პირებს ხშირად განსაკუთრებულ, ზებუნებრივ ძალას ანიჭებენ.

ნორტროფ ფრაის ნაშრომი ჩვენი კვლევის ერთგვარი საფუძველია, მკვლევრის მხრიდან ლიტერატურულ ტექსტებში მითილოგიური არქეტიპებისთვის მინიჭებული მნიშვნელობა საგულისხმოა, ფრაის კვლევა გვაძლევს მინიშნებას, რომ ღირს ვეძებოთ პირველწყაროები, ვეძებოთ ის მითები, რომლებიც ჯ.რ.რ. ტოლკინის წიგნში სილმარილიონი და ნატო დავითაშვილის რომანში ამბავი ლილე იროელისა ავტორებისთვის შთაგონების წყარო იყო.