Overture. by marcolamberto

ამბავი ლილე იროელისა

წაკითხვა
15 წუთში წასაკითხი
ამბავი ლილე იროელისა © ნატო დავითაშვილი

როცა სამყაროს ხიფათი ემუქრება, ქვეყნიერებას გმირი უნდა მოევლინოს. შეძლებენ თუ არა ღვთისშვილები წინ აღუდგნენ სამსალას მზაკვრულ გეგმას? ვინ არის ის, ვისაც ერთადერთს ძალუძს გაარღვიოს ქვესკნელის შავი ბურუსი და დაამსხვრიოს ბალღამის თასი?

შეაბიჯე ქართული მითოლოგიური სახეების ამ საოცარ ხეივანში, რომელიც მწერლის დიდი ოსტატობისა და ფაქტობრივი ცოდნის წყალობით გაცოცხლებულა შენ წინაშე.

ეს შენი ქვეყანაა – აღმოაჩინე ის ხელახლა!

ნატო დავითაშვილის რომანი „ამბავი ლილე იროელისა“ იროელთა ქრონიკების პირველი ნაწილია. ნაწარმოებში მითოლოგიური არქეტიპების არსებობა პერსონაჟების სახელებიდანვე ჩანს. ლილე, ბერი ბუქნაი, ცის გამგებელი, იახსარი, კოპალა, პირქუში, ასევე დევები, ქაჯები, დალები – ჩამოთვლილ მითოლოგიურ გმირებზე ლეგენდები მთის ხალხში დღემდეა შემორჩენილი და თაობებს ზეპირსიტყვიერად გადაეცემა. მაგალითად, ლილეს სვანეთში დღემდე უმღერიან, რომანის პროტაგონისტსაც ასე ჰქვია – ლილე. მასზე წინასწარმეტყველებაც არსებობს, რომლის მიხედვითაც უნდა დაიბადოს ბიჭი, რომელიც გაანადგურებს ბალღამის თასს, დაამარცხებს მიწისქვეშეთში არსებულ ბოროტ ძალას და სამყაროს გადაარჩენს.

მთელი ქვეყნიერების დარდი და ტკივილი ბალღამად მიწაში იჟონება და ამ თასში გროვდება.

დავითაშვილი 2020, 17.

ავსულები წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და თითო პეშვ ბალღამს მიირთმევენ. ბიჭის შესახებ, რომელსაც თავზე მეუფების ნათელი სხივი და სამი ჯურის სისხლი ექნება, შუბლს პირველად ხარი აულოკავს – ეს ყველაფერი კი ბერმა ბუქნაი ბაადურმა ცის გამგებლისგან იცის. ცის გამგებელი ასევე მოხსენიებულია, როგორც გამჩენი.

წიგნში „ამბავი ლილე იროელისა“ ბერი ბუქნაი ცის გამგებელს ლოცვით უკავშირდება – ამ დროს დარბაზში ერთადერთ სხივი ანათებს და ის შინდისფერტყავგადაკრული წიგნის ცარიელ ფურცლებს ეცემა, შემდეგ კი მისი საქთმელი ტექსტად იქცევა.

მორიგეს შესახებ ინფორმაციას ვხვდებით მიხელ ჩიქოვანი წიგნში ბერძნული და ქართული მითოლოგიის საწყისები, სადაც მკვლევარი წერს, რომ მითოლიგიურ იერარქიაში მას პირველი ადგილი უჭირავს. მორიგეს ეპიტაფიაში იგულისხმება განმკარგულებელს, წესრიგის დამამყარებელს. ჩიქოვანი იმოწმებს ნ. ხიზანიშვილის ჩანაწერს, რომლის კვლევის მიხედვითაც, მორიგე ქვეყნის უშუალო მმართველობაში არ ერევა, ამისთვის მას თანაშემწედ სხვა ღვთაებები ჰყავს, თავად კი მხოლოდ ბრძანებებს იძლევა. ხევსურები მორიგეს პირველ ადგილზე იხსენიებენ (ჩიქოვანი 1971, 133, 134).

ზურაბ კიკნაძე დაარსების ანდრეზებში გვაცნობს, როგორ მოიხსენიებდნენ ცის გამგებელს. მაგალითად, საკულტო ტექსტებში ღვთისშვილებს ასე მიმართავენ: „შენი გამჩენი მორიგე ღმერთი“. იგი მთელი ქვეყნიერების გამჩენიცაა: „თქვენის გამჩენის ღვთისგან, რომელმაც ცა-ქვეყანა გააჩინა“. კიკნაძე აღნიშნავს, რომ კოსმოგონიურ მითოსში მოქმედებენ ღვთიშვილები და არა მორიგე ღვთაება (კიკნაძე 2016, 17).

წიგნში „ამბავი ლილე იროელისა“ გვხვდება ერთი ეპიზოდი, რომელშიც დევთ დედა ლილესა და პატარა დევებს მორიგე ცის გამგებელის შესახებ მოუთხრობს. დევის ზღაპარში მორიგეს სამყოფელი მაღალ მთაზე, ცის სამეფოში, ისეთ ადგილას აქვს, სადაც ღრუბლებიც კი ვერ სწვდება, იქ ღვთის კარია და „მის იქით ოქროს ტახტზე მორიგე ღმერთია დაბრძანებული და ოქროს ბაგეებით იძლევა ბრძანებებს“ (დავითაშვილი 2020, 231). მორიგეს ტახტის გვერდით ქვესკნელში ფესვებგადგმული ალვის ხეა, რომლის წვერშიც ოქროს ცხრაკეცი ჯაჭვია. ხის ტოტებზე გამგებელს ღვთისშვილები ჰყოლია, შემდეგ კი ადამიანებთან გამოუგზავნია. ხის ძირში უკვდავების „ვეშა-წყარო მოსჩქეფს“, რომელსაც ღვთაებრივი ვეშაპი იცავს.

დევთ დედის მონათხრობის არქეტიპად შეგვიძლია ლექსი შურის ციხე მოვიშველიოთ, რომლის ავტორადაც აკაკი შანიძის წიგნში ქართული ხალხური პოეზია, ხევსურული დასახელებულია პატარა ხევსურიშვილი, ღვთის სამყოფელზე. ლექსში ვკითხულობთ:

ღვთის კარზე საკვეხურადა ზდგომიან ალვის ხენია,
წვერზედ ხქონია მობმული ცხრა-კეცად შიბი გრძელია,
ზედ ისხდეს ანგელოზები, მხართ ებნეს ოქროს თბენია,
ისენ წვრილი ხმით გალობენ, ყურება სანატრელია

შანიძე 2017, 269.

როგორც კიკნაძე განმარტავს, ცხრა-კეცი შიბი კავშირს გამოხატავს არა მხოლოდ ღვთისშვილებს შორის, არამედ ღვთისშვილებსა და მორიგე ღმერთს შორის (კიკნაძე 2016, 89).

ხევსურული თქმულების მიხედვით, ალვის ხე არა მორიგე ღმერთის საუფლოშია, არამედ იგი მიწაზეა, ანდრეზი გვეუბნება, რომ ხეს მუდამ მირონი სდიოდა, მის ძირას ქვევრები იყო, რომლებშიც მირონი გროვდებოდა, შემდეგ კი სხვა სალოცავებში ნაწიდლებოდა. იქვე მირონის წყარო ყოფილა, ხე კი ცასა და მიწას აერთიანებდა:

მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა.

კიკნაძე 2016, 34.

მორიგე ცის გამგებელზე მოთხრობილი ზღაპარი ჰიპერტექსტუალობის მაგალითია: ალვის ხე, უკვდავები წყარო, თუ თავად გამგებელი მითოლოგიური პერსონაჟები არიან, თუმცა ნატო დავითაშვილი თქმულების მცირე ტრანსფორმაცის გვთავაზობს. ხე რეალურად მიწაზეა, ცას ოქროს შიბით უკავშირდება და ასე აერთიანებს მიწაზე ჩამოსულ ღვთისშვილებსა და მთავარ ღვათაებას, დევის მონათხრობში კი იგი ცის საუფლოშია გაზრდილი, თუმცა შესაძლებელია ხე დევის მონათხრობშიც ჩვენს სკნელში ხარობდეს, რადგან აქ ერთი დეტალია საგულისხმო: დავითაშვილი წერს, რომ ალვის ხეს ფესვები ქვესკნელში აქვს გადგმული.

ამ იდეით ის შესაძლოა ქვესკნელიდან იღებდეს სათავეს და ზესკნელში, ცის გემგებლის გვერდით ყვაოდეს. ლექსში ხეზე ანგელოზები სხედან, დევის მონათხრობში კი იმავეს ვკითხულობთ ღვთისშვილებზე. მითოსში ამ თქმულებასთან დაკავშირებით არ გვხვდება ღვთაებრივი ვეშაპი, რაც მწერლის წარმოსახვის ნაყოფია და მას მითოლოგიური პირველწყარო არ აქვს. ბერი ბუქნაი ბაადური ღვთისშვილთა წინამძღოლი და ხატთა ბატონია, რომანში მას ბინა ღრუბლებს ზემოთ აქვს. მწვანე მოსასხამი მოსავს, ატარებს თეთრ ქუდს, რკინის ჩექმებს, მისი ატრიბუტია თუჯის მძიმე შუბნური მათრახი და ჰყავს ბედის ბედაური. ყოველი წელს ივლისის ბოლო შაბათ-კვირას, სანე-ღელეს სალოცავში მის მიმართ მადლიერი ხალხი იკრიბება და მასზე ლოცულობენ:

საღმრთო ბერო ბაადურო, ადილის თავ-სვეტის ანგელოზოო!

დავითაშვილი 2020, 9.

1891 წელს თედო რაზიკაშვილმა ლექსი ღვთისშვილს დაბადება ჩაიწერა, რომელიც ხატობაში ხევსურმა ბაბო უჩონაურმა წარმოთქვა, ბერი ბაადურის შესახებ ვკითხულობთ:

პირველად დასახა მორიგემა
ბერი ბუქნაი ბაადური.
იმას მისცა მორიგემ ღმერთმა
საფერჴედ თეთრი ცხენი.
იმას დაუქვივნა სახელად
“ბედის ბედაური”,
ის არის იმის საკვეხური,
ცის კივკავებში სახეთქები!
ბაადურს ჩააცვა მორიგემა
ტანზედა კაბა სისვისაი,
ჩაქმან ჩააცვა რკინისანი,
თავზედ დაჰხურა თეთრი ქუდი,
ჭიგუნი მისცა თუჯისანნი,
კაბის საყელოთ შასაყრელნი.
მათრაჴი მისცა მორიგემა
სენსამსალაით გაფევრული,
მემრე გადმაუშვ ჴმელეთზედა!

ჩიქოვანი 1971, 166.

ბერ ბუქნაი ბაადურზე ბევრი ცნობა არ მოიპოვება, ლექსი ღვთისშვილის დაბადება არის ერთადერთი ტექსტი, რომელშიც ზუსტად ის მახასიათებლები და ატრიბუტებია აღწერილი, რომლებსაც ნატო დავითაშვილ იყენებს. აშკარაა, რომ მწერალმა ლექსით იხელმძღვანელა. რომანში ბერი ბუქნაი ბაადურის შესახებ მოთხრობილი პიპერტექსტუალურად ირეკლავს ხევსურულ ლექსს, კავშირი ამ ორ ტექსტს შორის ნათელი და დაუფარავია. ბაადურზე ცნობები მცირეა, რადგან სამეცნიერო წყაროებში ვკითხულობთ, რომ ბერი ბაადური გუდანი ჯვრის ერთ-ერთი სახელწოდებაა (ოჩიაური 1967, 103) და შესაბამისად უფრო ხშირად გუდანის ჯვარის სახელით მოიხსენიება.

ბერ ბაადურს მიიჩნევენ ღვთისშვილის უძველეს საკუთარ სახელად, მაგრამ იგი არც საკუთარი სახელია და არც უძველესი. ბერი ბაადური გუდანის წმინდა გიორგის (იმავე გუდანის საღვთოს) ზეწოდებაა.

კიკნაძე 2016, 250.

ალექსი ოჩიაურის ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ გუდანის ჯვარი სანე-ვაკეს დაარსებულა (ოჩიაური 1967, 106). სანე-ღელეში აქვს სამკვიდრებელი ბერ ბუქნაი ბაადურს წიგნშიც „ამბავი ლილე იროელისა“. ბარბალობას განსაკუთრებით აღნიშანვენ სანე-ღელეს ხატ-სალოცავში და სწორედ ამ დღეს გადაწყვეტს ბერი ბუქნაი, რომ ღვთისშვილებს ლილეს შესახებ წინასწარმეტყველება გაუმხილოს. დარბაზში მგალობლები ბარბალეს უმღერიან:

მზე შემოაქვთ რქებით ხარებს! მზე შენია ბარბალ-დოლაშ!

დავითაშვილი 2020, 14.

ტექსტი ციტირებულია სვანური ხალხური ლექსიდან. ხარის სიმბოლო კიდევ რამდენჯერმე გვხვდება, მაგალითად, დარბაზის შესასვლელ კარზე ბრინჯაოს ჩამოსხმული ხარის თავია გამოკვეთილი, რომელიც რქებით ცხრასხივიან მზეს უჭირავს (დავითაშვილი 2020, 10).

წიგნში სვანეთი, რომელიც ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნარკვევებს აერთიანებს, შოთა ჩართოლანის ესეში ვკითხულობთ:

აღსანიშანავია, რომ მზის ღვთაების სიმბოლოდ და მის სამსხვერპლო ობიექტად ჩანს ხარი „ლილეში“, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებული აზრით მზისადმი მიძღვნილი წინარექრისტიანული ეპოქის საგალობელია „ხარები გყავდათ დათქმული, რქები ედგათ ოქროსი“.

ჩართოლანი 1977, 92.

სტატიის ავტორს, შოთა ჩართოლანს მაგალითად იგივე ლექსი მოჰყავს, რომელსაც ნატო დავითაშვილი იმოწმებს. ხარი ჩანს წინასწარმეტყველებაშიც, როცა ბერი ბაადური ღვთისშვილებს ბიჭის დაბადების შესახებ მოუთხრობს და ეუბნება, რომ მის შუბლს პირველად ხარი ალოკავს.

რუკა იროელთა ქრონიკებისთვის. ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
რუკა იროელთა ქრონიკებისთვის. ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა

ლილე დაიბადება ბეჩოში, კოშკში. ბეჩო ზემო სვანეთის თემია, რომელიც 13 სოფელს აერთიანებს. მწერლის გადაწყვეტილება, რომ ბიჭი სვანეთში დაბადებულიყო, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი მითოსური არქეტიპები სვანურ თქმულებებში ვეძებოთ.

ბერი ბაადური მირონ რატიანს ესტუმრება, რომლის ცოლი – მართა ლოგინად არის ჩავარდნილი. მოულოდნელად ბოსელიდან ქალის კვნესის ხმა ისმის. მშობიარობაში ქალს მართა და ქალღმერთი ბარბალე ეხმარებიან. ბავშვის დედა მშობიარობის შემდეგ გარდაიცვლება, მას გულზე იროელთა გვარის თილისმა, ფრთოსანი მზე უკეთია, ბაადური კი გადაწყვეტს, რომ რაკი ბავშვი მზის პირველ სხივთან ერთად დაიბადა, მზის უძველესი სახელი, ლილე დაარქვას.

ნატო დავითაშვილი ლილეს – მზის ერთ-ერთ სადიდებელს სრულად და შეუცვლელად იყენებს:

ოი, ლილე, შენი დიდებითა სავსე. ოი, ლილე!
ოი,ლილე, დიდება, დიდება მზისმყოლთ ანგელოზთა. ოი, ლილე!
ოი, ლილე, შევსთხოვთ შეწევნას, ოი, ლილე!
ოი, ლილე, შეგვეწიოს მისი ძლიერება. ოი, ლილე!
ოი, ლილე, სალოცავი გქონიათ შესაწირავი. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ხარები გყავდათ დათქმული. ოი, ლილე!
ოი, ლილე, რქები ედგათ ოქროსი. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ვერძები გყავდათ შესაწირავი. ოი, ლილე!
ოი, ლილიე, რქები ედგათ დაგრეხილი. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ბუღრაობდნენ ქედიდან ქედამდე. ოი, ლილე!
ოი, ლილე, შენს საძირკველთან ირმები იწვნენ. ოი, ლილე!
ოი, ლილე, შენს ქონგურებს შევარდენი არტყია. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ზღუდე გარტყია ოქროსი, ოი, ლილე!
ოი, ლილე, სახლი გედგა უზადოდ აგებული. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ღმერთმა დაგლოცოთ ყველა აქ მყოფნი. ოი, ლილე!

დავითაშვილი 2020, 61.

ლილეს მნიშვნელობა ლექსიდანაც ჩანს. მას დიდებას უძღვნიან, შესაწირავს წირავენ, მის სახელზე სალოცავია, ლილესგან შეწევნას და დალოცვას ითხოვენ. ჩანს ხარის სიმბოლო, რაც სვანური მითოლოგიისთვის დამახასიათებელია და ლილეც მზის სიმბოლო სწორედ სვანური მითოსიდან არის ცნობილი.

საგალობლის შესახებ დავით წერედიანი წერს:

მართალია, აქ მზე სახელდებით არ იხსენიება, მაგრამ სადიდებელში გამღერებული თითოეული სიტყვა მეტაფორულად მზეს უკავშირდება – რომელ მითოლოგიურ ლექსიკონშიც არ უნდა ჩავიხედოთ, ისინი მზის წარმართული სიმბოლიკის ფუძესიტყვებად არის მიჩნეული.

წერედიანი 2011, 9.

ლილეს მუდამ ეხმარებიან ღვთისშვილები. მწერალი მათ სახელებსა და თვისებებს აღმოსავლური მითოლოგიიდან იყენებს. იახსარი, კოპალა, პირქუში თუ თერგვაული – რომანის ქარგაში თავისი მითოლოგიური სახელებითა და ხასიათის თვისებებით არიან ჩაბმულნი, დავითაშვილი მათ უნარჩუნებს დამახასიათებელ ნიშნებს. ყველა ჩამოთვლილი პერსონაჟი ძალიან დიდ როლს ასრულებს ქართული მითოლოგიის ისტორიაში. მათ შესახებ იწერებოდა ლექსები, მათ სახელზე ლოცულობდნენ და აშენებდნენ სალოცავებს, დღემდეა ხევსურეთში შემორჩენილი ადგილები, რომლებიც ღვთისშვილების სახელებს ატარებს.

ხთის კარზედ შევიყარენით ხთისშვილნი ყველა მხრისაო. გაგვიგვიანდა პირქუში, მკეთეი ყაწიმისაო.

ჩიქოვანი 1971, 160.

იახსარი და კოპალა ორი წმინდანი ბერია, ბერია, არცა ბერია, ღვთაების შესაფერია.

ჩიქოვანი 1971, 156.

წიგნში იახსარი ძალითა და გამბედაობითაა გამორჩეული:

მდინარე არაგვის ნაპირზე ედგა ციხე-კოშკი, იმ მიდამოებში მისი შიშით ავსული ვერ გაიჭაჭანებდა. მორიგე ცის გამგებელმა საგმიროდ მშვილს-ისარი უბოძა.

დავითაშვილი 2020, 19.

იახსარს ფალავნობაშიც ვერავინ უბედავდა შეჯიბრებას. მორიგემ იგი სხივთა კონებით ჩამოუშვა ხალხის დასახმარებლად, რის გამოც მას სვეტად ჩამოსულს ეძახიან. რომანში მას თაფლისფერი თვალები აქვს, შინდისფერი ტანსაცმელი მოსავს და შავი ცხენი ჰყავს (დავითაშვილი 2020, 54).

მიხეილ ჩიქოვანი, რომელიც თავის კვლევებში ისტროიულ-ეთნოგრაფიულ მასალას გვთავაზობს, წერს: „იახსარს მუდმივი ეპითეტებიც აქვს მიკუთვნებული, ესენია : „ლაღი“ და „სვეტად ჩამოსული“ (ჩიქოვანი 1971, 157). ჩიქოვანი განმარტავს, რომ მეორე სახელწოდებაში იგულისხმება ღვთის მიერ მოვლინებული, სხივთა კონებად ჩამოშვებულს და ხალხის დასახმარებლად გაჩენილს. რომანშიც ასეა: ღვთისშვილები მუდამ ხალხის გვერდით არიან, მათ გადასარჩენად და დასაცავად იბრძვიან.

წიგნში მეექსვე თავს „შეხვედრა ბაცაგილოში“ ჰქვია. თავი ადგილის აღწერით იწყება: გვხვდება აქა-იქ შემორჩენილი თოვლი, თინიბექაურთა ციხე, საძოვრები და ხშირი ტყე, რომელსაც პირქუშის ტყეს ეძახიან. პირველივე გვერდის წაკითხვისას ჩნდება ხალხური ლექსის ასოციაცია:

ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს, ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბექაურთ ციხესა კუთხე მარჯვენა სკდებისა.
შიგა წევს თინიბექაი, გულსუწადინოდ კვდებისა,
ზედა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა.

რომანში ვკითხულობთ, რომ ქაჯებისა და დევების მიერ შეწუხებულმა სოფელმა მას შემდეგ ამოისუნთქა, რაც იქ პირქუში დასახლდა.

ბრძოლისგან თავისუფალ დროს სამჭედლოში ატარებდა და რას არ ჭედდა კაცისძეთათვის: სახნისებს, ცულებს, წალდებს – ყველაფერს რაც მეურნეობაში გამოიყენებოდა.

დავითაშვილი 2020, 53.

მის ხელობაზე მიუთითებენ სამეცნიერო წყაროებიც და წერენ, რომ პირქუშს ყველაზე ადრე გამოუჭედია სახნისი, ცული, წალდი და რკინის იარაღები.

ჩიქოვანის წიგნში ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები პირქუშის შესახებ იარაღების ჩამონათვალის თანმიმდევრობაც კი ემთხვევა ნატო დავითაშვილის მონათხრობს (ჩიქოვანი 1971, 158). ქართველი მწერალი ასევე მიუთითებს დევებთან და ქაჯებთან ბრძოლაზე. როგორც პირქუში, ასევე იახსარი და კოპალა ქართულ მითოლოგიაში დევებთან ბრძოლით არიან სახელგანთქმულნი, თუმცა წიგნში ეს სიუჟეტური ხაზი არ ვითარდება. გამოწვევა ბევრად რთულია: ღვთისშვილები უნდა დაეხმარონ ლილეს, რათა მან სამყარო გადაარჩინოს, თუმცა ავთენტურ ინფორმაციას მითოსური გმირების შესახებ წიგნის პატარა თუ დიდი მკითხველი მაინც მიიღებს.

ნატო დავითაშვილი იმ მნიშვნელოვან ცნობებს, რომლებიც ჩამოთვლილი სახელებს უკავშირდება, ინფორმაციის სახით გარკვეული პერიოდულობით გვთავაზობს. ამის ერთი მაგალითია ხალხური ლექსი კოპალაზე, რომელსაც დევთ დედა ლილეს ასწავლის:

გმირი კოპალა ცხენზე ზის, ცხენი მიდის და გოგდება, მის სამტროდ დევნი აშლილან, ყველა დიდ მთაზე გროვდება.

დავითაშვილი 2020, 209.

წიგნში მეომარ ქალთა ტომი გვხვდება. ტომის წევრები არიან დალები – შესანიშნავი მეომრები და მონადირეები. მათ თავიანთი არაერთი ტრადიცია აქვთ. რომანში დეტალურად არის აღწერილი დალად კურთხევის ერთგვარი ცერემონიალი, დალები მხოლოდ ქალები არიან. წიგნში აღწერილი ტრადიციები მწერლის ფანტაზიაა, თუმცა ტომის წევრთა მითოლოგიური არქეტიპი ქალღმერთ დალთან უნდა ვეძიოთ, რომელიც ეთნოგრაფიულ მასალაში კლდის და ნადირობის ქალღვთაებად არის მოხსენიებული. იგი ცხოვრობს თეთრ კლდეში, ჰყავს ჩვილი ყრმა, მონადირეებთან კი ინტიმური კავშირი აქვს (აბაშიძე 1991, 40). კლდეში ცხოვრების მოტივი დავითაშვილთანაც ჩანს, მაგალითად, დალებმა ღვთისშვილების დაბადებამდე ზღვაზე გადმოკიდებულ კლდეში ციხესიმაგრე ოკში გამოკვეთეს (დავითაშვილი 2020, 110). დევები და ქაჯები, ასევე, ადგილის აღმნიშვნელი სახელწოდებები უმეტესად ქართული მითოლოგიიდან არის ნასაზრდოები და ცხადია, ქართველი მწერალი ზედმიწევნით კარგად იცნობს ჩვენს მითოსს.

ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები, როგორებიცაა ღვთისშვილთა შედარება, დალების არსებობა, ლილეს სახელის წარმოება მზის ღვთაებისგან – ინტერტექსტუალობის შემთხვევებია. რომანში ამბავი ლილე იროელისა უმეტესად ხალხური პოეზიის ტრანსფორმაციებს ვხვდებით, რადგან ყველაზე კარგად ქართულ მითოსს სწორედ პოეზია ინახავს. ავტორი არ ცვლის სახელწოდებებსა და სახელებს. იგი მათ პირდაპირ იყენებს და მოქმედ პირებს უნარჩუნებს წარმომავლობასა და თვისებებს. აქ ამოცნობა არც ჭირდება მკითხველს, იგი მარტივად მარტივად ცნობს ვის შესახებაც არის ამბავი. რომანში შენარჩუნებულია გამოყენებული მითოლოგიური გმირების შესაძლებლობათა თუ თვისებათა ერთობლიობა, თუმცა მათ მწერალმა ისეთი დავალება მისცა, რომელიც ჯერ არცერთ თქმულებაში არ ჰქონიათ. მათი სახელგანთქმული ისტორიებიდან გამომდინარე კი გმირების მიმართ მოლოდინი და ნდობა დიდია.