© Amandine BATAILLE | UNSPLASH
© Amandine BATAILLE | UNSPLASH

მითოლოგიური არქეტიპები ფენტეზის ჟანრის ტექსტებში: „სილმარილიონისა“ და „ამბავი ლილე იროელისა“ მიხედვით

წაკითხვა
12 წუთში წასაკითხი

ორივე ტექსტში – მითოლოგიური ასპექტები სილმარილიონში და ამბავი ლილე იროელისა – ჯ.რ.რ ტოლკინთანაც და ნატო დავითაშვილთანაც აღმოვაჩინეთ მითოლოგიური არქეტიპები. ორივე მწერალი უმეტესად ინტერტექსტუალურ ხერხებს იყენებს, მათ აქვთ დიალოგი მითოლოგიურ თქმულებებთან, თუმცა იშვიათ შემთხვევაში იმეორებენ არქეტიპთა სიუჟეტურ ქარგას – მითოსით ისინი წიგნების მოქმედ პირებს კვებავენ. გვხვდება ჰიპერტექსტუალობის რამდენიმე მაგალითიც, მათ შორის ორფეოსის მითისა და მორიგე ცის გამგებლის შემთხვევები.

მწერლების მიდგომებს შორის განსხვავება თვალსაჩინოა. ტოლკინი იყენებს მსოფლიო ხალხთა მითოლოგიას, მას რუქაზე კონკრეტული ტერიტორია არ აქვს შემოსაზღვრული, მისი არქეტიპები მხოლოდ ბერძნულ მითოლოგიაში არ უნდა ვეძიოთ. სილმარილიონში ავტორი სკანდინავიურ მითოლოგიასაც იყენებს და თუ მის სხვა რომანებსაც გამოვიკვლევთ, მითოლოგიური პირველწყაროები შესაძლოა სხვა ხალხთა მითოსშიც აღმოვაჩინოთ. ხოლო ქართველი ფენტეზის შემთხვევაში, ნატო დავითაშვილი მხოლოდ ქართული მითოლოგიით ხელმძღვანელობს: პერსონაჟთა დიდი ნაწილი კი აღმოსავლური, უფრო კონკრეტულად ხევსურული მითოსიდანაა.

ნატო დავითაშვილის რომანის ამბავი ლილე იროელისა კვლევის შედეგად შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტული ტექსტები, მათ შორის ხალხური ლექსები, რომელთაც ავტორი იყენებს მოქმედ პირთა პიროვნული თვისებების განსავითარებლად, მათი სახის შესაქმნელად.

ტოლკინთან ფაქტობრივად შეუძლებელია იმის დადგენა, რომელი წინარე ტექსტებით ხელმძღვანელობდა მწერალი, თუმცა მისი რომანის მოქმედ პირთა თვისებები, შესაძლებლობები და მახასიათებლები იმეორებს ოლიმპოს ღვთაებათა და სხვა თქმულებათა გმირების სახეებს. ბრიტანელი მწერლის ტექსტებში არსებული არქეტიპები შეგვიძლია კარლ გუსტავ იუნგის კოლექტიური არაცნობიერის ცნების მიხედვითაც გავშიფროთ. ხელოვნების ფორმებიდან, რომელშიც მოვიაზრებთ როგორც ლიტერატურულ ტექსტებს, ისე მხატვრობას, მუსიკას, თეატრს და ასევე, სიმბოლოების აღქმის უნარიდან მიღებული ინფორმაცია კოლექტიურ არაცნობიერში ილექება, რაც ხშირად შემოქმედებაში არქეტიპების სახით იჩენს თავს. იუნგის თეორიის მიხედვით ადამიანები მითოსური ამბებითა და სიმბოლოებით არიან შთაგონებულნი, შესაბამისად, მათ ცნობერში არქეტიპთა დიდ ნაწილს სწორედ მითოლოგიური ფესვები აქვს.

ტოლკინის რომანში სილმარილიონი სამყაროს დაბადების, დავითაშვილის რომანში ამბავი ლილე იროელისა კი სამყაროს გადარჩენის შესახებ ვკითხულობთ. ორივე მათგანში მოქმედ პირთა დიდი ნაწილი ღვთაებრივი არსებები არიან, შესაბამისად, მათი ძალა და შესაძლებლობები ცდება ადამიანურ საზღვრებს – ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი ელემენტი ზებუნებრივი ძალის არსებობაა. ამ ჟანრის ტექსტი ხასიათდება გამოგონილ სამყაროში არსებული გამოგონილი მოქმედი პირებით.

ჩვენ მიერ შერჩეულ ტექსტებში ასეთები არიან ელფები, დევები, ავსულები, დალები თუ სხვა. საკვლევ ტექსტთა ფესვების მითოლოგიაში ძიება ადეკვატურია, რაკი მითოლოგია თავად არის წარმოსახვითი სამყაროს მსგავსი. მითოლოგიური გმირები უმეტესად ღვთიური არსებები არიან და მათ ბოროტი ძალით შეპყრობილი არსებები ებრძვიან ისე, როგორც წიგნებში სილმარილიონი და ამბავი ლილე იროელისა. მითოლოგია ისევე, როგორც ფენტეზი ჟანრის ტექსტები, გარკვეულ კანონზომიერებას ემყარება, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა ხალხის მითოლოგიური გმირები ერთმანეთს ჰგვანან.

მითი წარმართობის დროის ხალხური მოთხრობაა, რომლის უმთავრეს გმირებს ღვთაებანი და ღვთიური წარმოშობის არსებანი წარმოადგენენ. ასეთი ნაწარმოებები აგრეთვე გვიამბობენ ქვეყნის წარმოქმნაზე, ზღვებისა და მდიანარეების გაჩენაზე, ადამიანის შექმნაზე, ცისა და ქვეყნის პაექრობაზე.

ჩიქოვანი 1971, 5.

ნორტროფ ფრაის თეორიის მიხედვით, არა მხოლოდ ფენტეზის, არამედ ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურა ატარებს მითებისა და არქეტიპული სიმბოლოების რამდენიმე სახეს. ჩვენ მიერ შერჩეული ორივე ტექსტი კი ფრაის წარმოდგენილ პირველ სახეს განეკუთვნება, სადაც კონტრასტული სამყაროებია ნაჩვენები და ღმერთებისა და დემონების დაპირისპირებას ვხვდებით. მკვლევარი დაპირისპირებულ მხარეებს სამოთხედ და ჯოჯოხეთად მოიხსენიებს, თუმცა აქ ყველა ის შემთხვევა მოიაზრება, როცა კეთილი ძალა ებრძვის ბოროტს. ნატო დავითაშვილის რომანი აპოკალიფსურ ყოფაზე მოგვითხრობს, ტოლკინის სილმარილიონის შემთხვევაში კი დაპირისპირებას ძირითადად ძალაუფლების მოპოვების, მიწების გადანაწილებისა და მმართველობისთვის ბრძოლის სურვილი განაპირობებს.

კვლევამ აჩვენა, რომ დავითაშვილის და ტოლკინის ტექსტებს შორის მსგავსებებიც გვხვდება, მათ შორის – ღვთაებათა იერარქიები. ერუ მოავლენს ვალარებს, მორიგე ცის გამგებელი კი ღვთისშვილებს. არცერთ ტექსტში დამბადებელი, ყველაზე მაღალი იერარქიის ღმერთი თავად არ მოქმედებს. აქ მკვლევართა ნაწილი რელიგიურ ინტერპრეტაციაზეც მიანიშნებს – მამა ღმერთის იდეაზე. ორივე ნაწარმოებში მთავარი ღმერთი არის უჩინარი, ის არ ხვდება ადამიანებს, არ ჩამოდის მიწაზე და არც მისი ვიზუალური სახეა ტექსტში ილუსტრირებული.

დასკვნა

კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ როგორც დასავლური, ისე ქართული ფენტეზის ჟანრის რომანები მითოლოგიით საზროდოობს. გვხვდებიან მწერლები, რომლებიც თავიანთი შთაგონების პირველწყაროებს არ ამზეურებენ და მითოლოგიური არქეტიპების აღმოჩენა მხოლოდ კვლევის შედეგად არის შესაძლებელი. სწორედ ამგვარი ტექსტია ჯ.რ.რ ტოლკინის სილმარილიონი, რომლის მოქმედ პირთა სახეების, თვისებებისა და უნარების მითოლოგიურ გმირებთან შედარების საფუძველზე დამტკიცდა მათი ინტერტექსტუალური და ჰიპერტექსტუალური წარმომავლობა.

მეორე კატეგორიის მწერლები დაუფარავად იყენებენ მითოლოგიას, ისინი სახელებსაც კი შეუცვლელად იღებენ. ამის მაგალითად გამოდგება ნატო დავითაშვილის რომანი ამბავი ლილე იროელისა. ქართველი მწერალი ქართულ მითოლოგიას კარგად იცნობს, მის წიგნში თითქმის ყველა პერსონაჟს ჰყავს მითოლოგიური პროტოტიპი. რომანის მოქმედი პირები იმავე შესაძლებლობებითა და წარმომავლობით სარგებლობენ, ვის სახელსაც ატარებენ. ამ ტექსტის კვლევა უფრო მარტივი აღმოჩნდა, რადგან დავითაშვილი ფუნდამენტურად არაფერს უცვლის მითოლოგიურ მოქმედ პირებს. მწერალი რიგ შემთხვევაში იყენებს თქმულებებს, ამის მაგალითია მითი მორიგე ცის გამგებლის შესახებ, რომელსაც ზღაპრად ჰყვება ერთ-ერთი დევი, ასე კი ჰიპერტექტუალობის შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ბელერიანდისა და ჩრდილოეთ მიწების რუკა © გამომცემლობა პალიტრა L
ბელერიანდისა და ჩრდილოეთ მიწების რუკა © გამომცემლობა პალიტრა L

ჩვენ შეგვხვდა ციტატის, მთლიანი ტექსტის გარდაქმნის, თუ რამდენიმე ტექსტის ურთიერთკავშირის შემთხვევები. სილმარილიონში არ შეგვხვედრია რომელიმე მითოლოგიური თქმულების ან ძველი, ხალხური ტექსტის ციტატი, განსხვავებით რომანისგან ამბავი ლილე იროელის. ქართველი მწერალი დაახლოებით ათამდე ლექსს იყენებს და უცვლელად იმეორებს მათ, მათ შორისაა ცნობილი ლექსი „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო!“ (დავითაშვილი 2020, 24), ლილეს საგალობელი (დავითაშვილი 2020, 61), ბატონების იავნანა (დავითაშვილი 2020, 24). ნატო დავითაშვილის მიერ გამოყენებული მითოლოგიური სახეების შესახებ არაერთი წყაროა დღემდე შემონახული, ეთნოგრაფების მიერ ჩაწერილი და ნაკვლევი, შესაბამისად, მის მიერ შერჩეული მოქმედი პირების მითოლოგიური პირველწყაროს შესახებ რამდენიმე ტექსტი მოიპოვება და რთულია იმის გარკვევა, მწერალმა კონკრეტულად რომელი მათგანით იხელმძღვანელა. ნატო დავითაშვილის წიგნში რამდენიმე ტექსტის ურთიერთმიმართების მაგალითებიც გვაქვს. რომანის ამბავი ლილე იროელისა ენობრივ სისტემაში უკვე არსებული თქმულებებით, მითოლოგიურ ამბებზე არსებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალით მოზაიკური პანო ეწყობა, თუმცა ისევე, როგორც ყველა ტექსტს, დავითაშვილის რომანსაც აქვს რაღაც ინდივიდუალური, ერთადერთი და განუმეორებელი, მაგალითად, პროტაგონისტის მოგზაურობა დავითაშვილის მიერ შექმნილ მიწისქვეშა სამყაროში, სადაც ლილე გამოგონილ არსებებს ხვდება.

ტოლკინი თავის ნაწარმოებებში არ გვაძლებს მინიშნებებს იმის შესახებ, რას კითხულობდა და საიდან იყენებდა ინფორმაციულ მასალას, ამიტომ ბრიტანელი მწერლის მაგალითზე რთულია, დავასახელოთ კონკრეტულად რომელი ტექსტებია რომანის მოქმედ პირთა მითოლოგიური პირველწყაროები. შესაძლებელია, ეს ყოფილიყო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალა, ან მხატვრული ლიტერატურა, დრამატურგია, პოეზია – ის ტექსტები, რომლებიც გვთავაზობს მითოლოგიურ ინტერპრეტაციებს.

ის, რაც ორივე ტექსტის კვლევისას გამოიკვეთა, არის მთლიანი ტექსტის გარდაქმნის შემთხვევა. ნატო დავითაშვილთან ისევე, როგორც ტოლკინთან გვხვდება ეპიზოდები, რომლებშიც მწერლები თქმულების სიუჟეტს იყენებენ და ჰიპერტექსტუალობის შემთხვევას გვთავაზობენ – ორფეოსის მითისა და მორიგე ცის გამგებლის მაგალითი.

კვლევის შედეგად წარმოჩნდა, რომ ფენტეზი არის ჟანრი, რომელიც მითოლოგიური არქეტიპების კუთხით საფუძვლიანად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ამ მიმართულებით სამეცნიერო წყაროების მოძიება არ იყო მარტივი ჯ.რ.რ ტოლკინის შესახებ. მოიპოვება მრავალი წიგნი, სამეცნიერი სტატიების კრებული და თემატური ლექსიკონი ტოლკინის სამყაროზე, მის რომანებზე, ჩამოთვლილ ტექსტებში დეტალურად მოცემულია ინფორმაცია მოქმედ პირთა ევოლუციის, მათი პირველად გამოჩენის, ატრიბუტების, შესაძლებლობებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ, თუმცა მცირერიცხოვანია ცნობები მითოლოგიური პირველწყაროების შესახებ. ნატო დავითაშვილის შემთხვევაში, ქართველი მწერალი პირდაპირ გვაძლევს მინიშნებებს და ამიტომ მისი რომანის მითოლოგიური პირველწყაროები შედარებით მარტივად საკვლევი აღმოჩნდა, თუმცა ფაქტი ერთია: მითოსს ორივე მწერალი იყენებს.

ჩვენი კვლევის შედეგად გამოიკვეთა მითოლოგიის გამოყენების მიდგომათა ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე მიზეზი. ტოლკინის სამყარო სრულად გამოგონილია, წიგნში სილმარილიონი არა მხოლოდ მითოლოგიაზე, ზოგადად, ჩვენს პლანეტაზე არსებულ არცერთ ადგილზე არ გვაქვს მინიშნება. ტოლკინის სხვა რომანებშიც მისი მოქმედი პირები სრულად არცერთ შემთხვევაში არ იმეორებენ უკვე არსებული ფანტასტიკური არსებების სახეებს ისე, როგორც ეს ნატო დავითაშვილის წიგნებშია. ტოლკინი ქმნის თავის უნივერსალურ სამყაროს, სადაც არ ჩანან არც სხვა ავტორები და არც ის ტექსტები, რომლებიც შეიძლება მწერლის შთაგონების წყარო ყოფილიყო. შუახმელეთი (ინგ.: Middle-Earth) დამოუკიდებლად არსებობს და ის ბრიტანელი მწერლის სახელთან ასოცირდება. როდესაც ერუ სამყაროს ქმნის, ჯერ არც დედამიწაა და არც ადამიანები არსებობენ. სილმარილიონში ჩვენს პლანეტაზე ადამიანები ღმერთებისა და ელფების შემდეგ ჩნდებიან, მთავარი შემქმნელი ღმერთი კი მას დედიმიწის ნაცვლად არდას არქმევს. იქ, სადაც სამყარო სიმღერით იქმნება და ყველაფერი ძალიან ლამაზია, მალევე ჩნდება ბოროტება, სიხარბე და ძალაუფლების სურვილი, ერთმანეთს უპირისპირდება სიკეთე და ბოროტება, რაც ფენტეზისთვის დამახასიათებელი ელემენტია და ნორტროფ ფრაის თეორიის მიხედვით ისეთ ლიტერატურულ სახეს განეკუთვნება, სადაც კონტრასტული სამყაროა წარმოდგენილი. ტოლკინის წიგნში სილმარილიონი ყველა იმ ღირებულებას ვხვდებით, რომელიც ფეტნეზის ჟანრის ტექსტებში მოქმედ პირებს აქვთ, მათ შორის თავგანწირვის ეპიზოდებს: ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ლუთიენი, რომელიც თავის ელფურ ცხოვრებას თმობს.

თავგანწირვის, გმირობის, ასევე სიხარბის გამოვლინებები გვხვდება ნატო დავითაშვილის წიგნშიც. ფრაის თეორიის მიხედვით დავითაშვილის რომანიც ლიტერატურის იმ სახეს განეკუთვნება, სადაც მითებისა და აქტეტიპების სიმბოლოების არსებობა აპოკალიფსურ სამყაროს წარმოაჩენს. ეს იგივე სახეობაა, რომელიც ტოლკინის სილმარილიონს შეესაბამება.

მითოლოგიიის გამოყენების სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს ქართველ მწერალს. მისი სამყაროც გამოგონილია, პროტაგონისტი მიწისქვეშეთში ჩადის და იქ ბნელ ძალას – სამსალას ხვდება, ღვთისშვილები ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ და იბრძვიან, არსებობენ დევები, ქაჯები, ალქაჯები და მოლაპარაკე ყვავი, თუმცა ნატო დავითაშვილის მოქმედ პირების დიდ ნაწილს ჰყავს თავისი მითოლოგიური პროტოტიპები და ამასთან ერთად მოქმედება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვითარდება, რაზეც ადგილის სახელწოდებებიც მიანიშნებს. ლილე იბადება ბეჩოში – სვანეთში და მისი სახელიც სვანური მითოლოგიით არის ნასაზრდოები, გვხვდება ბაცაგილო, ასევე როშკაში, რაც წარმოებულია ხევსურული სოფლის სახელწოდებიდან „როშკა“. დიდი გურის ჭაობები შესაძლოა მიანიშნებდეს გურიაზე, ეს არის ადგილი, სადაც ღვთისშვილები სპეციალური ფოლადის მოსაპოვებლად მიდიან. ქართველი მწერალი არა მხოლოდ მოქმედ პირთა სახელებით გვაძლევს მინიშნებებს, იგი მათ იმ სოფლებში აცხოვრებს, რომლებშიც გამოყენებული თქმულებები გაჩნდა და ადგილობრივებში დღემდეა შემორჩენილი.

რუკა იროელთა ქრონიკებისთვის. ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
რუკა იროელთა ქრონიკებისთვის © ქარჩხაძის გამომცემლობა

მიდგომები არის ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ორივე ტექსტის საფუძველი მითოსშია. ორივე მწერალი თავის ლიტერატურას მითოლოგიურ მოტივებსა და მითოლოგიურ მოქმედ პირებზე აშებენს.