კომიქსის რაობა და ისტორია
კომიქსის რაობა და ისტორია

კომიქსის რაობა და ისტორია

წაკითხვა
9 წუთში წასაკითხი

კომიქსის უამრავი განმარტება არსებობს, თუმცა თანამედროვე სამყაროში ყველა, საბოლოო ჯამში, ერთ რამეზე თანხმდება – ის წარმოადგენს ამბის თხრობას  სურათების ერთობლიობის მეშვეობით.

კომიქსების თეორეტიკოსის სკოტ მაქლაუდის თქმით, სიტყვა „კომიქსი“ აღნიშნავს თავად მედიუმს და მოიცავს ე.წ. კომიქსების წიგნებს (Comic Books) და კომიქს სთრიფებს (Comic Streep). ჯამში, კომიქსი განეკუთვნება ე.წ. სეკვენციურ ხელოვნებას (Sequential Art), რომელიც ვიზუალური გამოსახულების მეშვეობით თხრობას გულისხმობს.[1]

გამოსახულებები, როგორც წესი, დაყოფილია ე.წ. პანელების მეშვეობით. იმისდა მიუხედავად, რომ კომიქსების უმეტესობაში ტექსტი გვხდება, არსებობს ე.წ. „მუნჯი“ კომიქსებიც. მაგალითად, ჟან ჟიროს „არზაკი“. ყველაზე ხშირად კომიქსში მეტყველება და საუბარი გხვდება ე.წ. „სიტყვიერი ბუშტის“ ფორმით – ეს ერთგვარი ღრუბელია, რომელიც პერონაჟების პირიდან, ან თავიდან გამოდის – მაშინ, როდესაც მათ ფიქრებს ვეცნობით. ავტორის სიტყვები, როგორც წესი, კადრს ზემოთ, ან მის ქვემოთ თავსდება.

მედიუმის განვითარებასთნ ერთად, მისი არსობრივი დატვირთვაც გაიზარდა და მხატვრებმა ახალი ტექნიკების გამოყენება დაიწყეს: ისწავლეს ხმოვანი ეფექტების ჩვენება ტექსტისა და ვიზუალის მეშვეობით, განავითარეს დინამიური სცენების ხატვის სტილი და კადრების შესაბამისად გადაჯგუფება.

ლიტერატურული ჟანრისა და ხატვის სტილის მიხედვით კომიქსები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. დღესდღეობით კლასიკური ლიტერატურის ნაწარმოებების კომიქსებად ადპტაციაც კი ხდება, თუმცა ისტორიულად ისე მოხდა, რომ კომიქსების ყველაზე გავრცელებული ჟანრებია თავგადასავლები და კარიკატურა. ეს სტერეოტიპები დიდი  ხნის მანძილზე სერიოზულ ზიანს აყენებდა კომიქსების რეპუტაციას (სხვათა შორის, სახელწოდება „Comics” მედიუმმა სწორედ სახალისო ამბების თხრობის წყალობით მიიღო).

კომიქსების მოცულობა სხვადსასხვაგვარი შეიძლება იყოს  – მოკლე ხაზებით (Strips) დაწყებული, სრულფასოვანი გრაფიკული რომანებითა და სერიალებით დამთავრებული. სურათები, რომელთაც შესაძლოა ერთვოდეს ტექსტი, შეიძლება იყოს განსხვავებული ზომის, ფერისა და სტილის, მაგრამ ჯამში, ისინი აუცილებლად უნდა ასრულებდნენ თხრობის ფუნქციას. ანიმაციისგან ან კინოსგან მის განსხვავებას მაქალაუდი შემდეგნაირად ხსნის: „ფილმის ან ანიმაციის ყოველი კადრი ასახულია ერთსა და იმავე სივრცეზე – ეკრანზე, მაშინ, როდესაც კომიქსის თითოეულ კადრი სხვადასხვა სივრცეს იკავებს. სივრცე კომიქსებისთვის იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც დრო კინოსთვის ან ანიმაციისთვის.“[2]

კომიქსში გადამწყვეტი როლი სივრცისა და დროის კავშირის ჩვენებას უჭირავს. ეს კადრების მეშვეობით ხდება. დროის ხანგრძლივობასა და სივრცის პარამეტრებს ადგენს კადრის შინაარსი. კადრების სხვადასხვა ფორმების გამოყენებით, მხატვრებს შეუძლიათ მკითხველს კითხვის სიჩქარე უკარნახონ.

თანამედროვე კომიქსს ასევე გააჩნია ჩამოყალიბებული სტრუქტურაც:

  • ყდა (წინა და უკანა) – გადმოგვცემს კომიქსის არსს. ნახატის გარდა ყდაზე შეიძლება იყოს განთავსებული: სახელწოდება, ბრენდის ემბლემა, ფასი, რეკლამა, გამოცემის თარიღი, მხატვის ხელმოწერა.
ალან მურის კომიქსის "დარაჯები" ქართული გამოცემის ყდა © სულაკაურის გამომცემლობა
ალან მურის კომიქსის “დარაჯები” ქართული გამოცემის ყდა © სულაკაურის გამომცემლობა
  • Frontispiece – ნახატი სატიტულო გვერდამდე. ის უკეთეს წარმოდგენას უქმნის მკითხველს კომიქსის შესახებ.
ფრენკ მილერის ორიგინალი ფრონტისპისი კომიქსიდან "ბეტმენი: ბნელი რაინდი ბრუნდება" (მე-10 საიუბილეო გამოცემა), გამოქვეყნებული DC Comics-ის მიერ, 1997 წ.
ფრენკ მილერის ორიგინალი ფრონტისპისი კომიქსიდან “ბეტმენი: ბნელი რაინდი ბრუნდება” (მე-10 საიუბილეო გამოცემა), გამოქვეყნებული DC Comics-ის მიერ, 1997 წ.
  • სატიტულო გვერდი – აქ შეიძლება ვიხილოთ: კომიქსის მოკლე შესავალი, ავტორებისა და მხატვრების სახელები.  ასევე მცირე ზომის ილუსტრაციები.
ფრენკ მილერი
"ბეტმენი: ბნელი რაინდი ბრუნდება". ქართულენოვანი გამოცემის სატიტულო გვერდი © სულაკაურის გამომცემლობა
ფრენკ მილერი “ბეტმენი: ბნელი რაინდი ბრუნდება”. ქართულენოვანი გამოცემის სატიტულო გვერდი © სულაკაურის გამომცემლობა
  • ძირითადი ნაწილი – გვერდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • Pin-Up Page – დამატებითი, ძირითად სიუჟეტში ვერმოხვედრილი ნახატები, ალტერნატიული ყდები, ამოჭრილი სცენები და ა.შ.

აუცილებლად უნდა გამოვყოთ კომიქსების კიდევ ერთი ნაირსახეობა, კერძოდ, გრაფიკული რომანი (Graphic Novel). როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ის წარმოადგენს გრაფიკულ ვარიანტში გამოცემულ რომანს, სადაც თხრობის მთავარი ინსტრუმენტი არა ტექსტი, არამედ ნახატებია. აღიშნული ტერმინის წარმომავლობას მკვლევრები დაზუსტებით ვერ ასახელებენ. თუმცა, როგორც  რეი დუნკანი და მეთიუ სმიტი მათ წინგში „The Power of the comic book” აღნიშნავენ, ხშირად კომიქსების ავტორები მას იყენებენ, რათა გამიჯნონ საკუთარი შემოქმედება იმ კომიქსებისგან, რომლებიც, უწინარესად, ბავშვებზეა გათვლილი.

შინაარსობრივადაც  ეს ნაწარმოებები ზრდასრული აუდიტორიისთვისაა – ბევრს ადევს ასაკობრივი შეზღუდვა 18+, ( მაგ. Dark Knight Returns, Watchmen, Sandman, Killing Joke, და ა.შ.).

როგორც წესი, გრაფიკულ რომანებში უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ნახატის ხარისხს, დეტალიზაციას, სიუჟეტის გამართულობას. გრაფიკულ რომანებს, ძირითადად, მაგარი ყდით გამოსცემენ. მოცულობა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. (მაგ. Watchmen 500 გვერდს აღემატება, Killing Joke სულ 45 გვერდიანია).

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სახით წარმოდგენილი კომიქსები მეოცე საუკუნის პოპულარული კულტურის პროდუქტად ითვლება, მედიუმს წინაპრები უძველეს დროშიც ჰყავდა. მეცნიერები ზუსტად ვერ ამბობენ, როდის დახატა ადამიანმა პირველი კომიქსი, მაგრამ კომიქსის დეფინიციას იდეალურად აკმაყოფილებს, მაგალითად, ნახატები გამოქვაბულების კედლებზე. ნადირობის სცენა საფრანგეთში, ლასკოს გამოქვაბულში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-17 საუკუნეშია შესრულებული.

ლასკოს მღვიმე — მღვიმე საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, თარიღდება 18000-15000 წლით, აღმოაჩინეს 1940 წლის 12 ოქტომბერს სტუდენტებმა. ის გამოირჩევა ზემო პალეოლითის კლდის მხატვრობით © Jack Versloot, Flickr
ლასკოს მღვიმე — მღვიმე საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, თარიღდება 18000-15000 წლით, აღმოაჩინეს 1940 წლის 12 ოქტომბერს სტუდენტებმა. ის გამოირჩევა ზემო პალეოლითის კლდის მხატვრობით. ფოტო: Jack Versloot, Flickr

ასევე თამამად შეიძლება ვუწოდოთ კომიქსი ბერძნულ ლარნაკებზე შესრულებულ ნახატებს, სადაც ამა თუ იმ გმირისა თუ ღმერთის თავგადასავლების, ან ეპიკური ბრძოლების შესახებ მოგვითხრობდნენ (სხვათა შორის, როგორც შემდგომ აღმოვაჩენთ, თანამედროვე კომიქსები რაღაცით სწორედ თავის ბერძენ „წინაპრებს“ ჩამოჰგავს).

ყურადსაღებია ეგვიპტურ პირამიდებში შესრულებული ნახატები, სადაც ასევე ვხედავთ თხრობას. მაგალითად, ერთ-ერთი ეგვიპტელი გადამწერის სამარხში (რომელიც დაახლოებით 32 საუკუნის წინ აშენდა) კედელზე გამოსახულია იმდროინდელი ეგვიპტის ყოფის ამსახველი სურათი. თხრობა მარცხენა ქვედა კუთხეში იწყება და ზიგზაგურად ვრცელდება. თავდაპირველად ვხედავთ მუშებს, რომლებიც ხორბლის მოსავალს იღებენ, ყველაფერი კი მარჯვენა ზედა კუთხეში სრულდება, სადაც გადასახადების არგადამხდელებს სასტიკად უსწორდებიან.           

შეგვიძლია, გავიხსენოთ ასევე გობელენები, ცნობილი მანუსკრიპტები, რომლებზეც ესპანელი კონკისტადორის, ერნან კორტესის მიერ მექსიკის დაპყრობის სცენებია ასახული.

შემდეგ კი გამოიგონეს სტამბა, რამაც რეი დუნკანის აზრით, ლიტერატურასთან ერთად, კომიქსების მომავალზეც იქონია გადამწყვეტი გავლენა. გვერდიგვერდ განთავსებული სურათების მეშვეობით ამბის თხრობამ უკვე ქაღალდამდეც მოაღწია. ამით მალევე ისარგებლეს ევროპელმა მონარქებმა და სასულიერო პირებმა – გაჩნდა ე.წ. პლაკატები, დიდი ფორმატის ფურცლები, სადაც სხვადასხვა ვიზუალური გამოსახულებებით იდეოლოგიურ და ზნეობრივ პროპაგანდას ეწეოდნენ.

თუკი ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი კომიქსების შორეული წინაპრების რიცხვს განეკუთვნება,  ცნობილი ბრიტანელი ფერმწერის, გრაფიკოსისა და ხელოვნების თეორეტიკოსის, უილიამ ჰოგართის ნამუშევრები დღევანდელი კომიქსების უშუალო წინაპრებს წარმოადგენს.

მისი გრავიურების სერიები „მეძავის კარიერა“ (1731), „მფლანგველის კარიერა“ (1735), „მოდური ქორწინება“ (1745),  „შრომისმოყვარეობა და სიზარმაცე“ (1747), „სისასტიკის ოთხი სტადია“, (1751) და „არჩევნები“ (1755-1758),  ბრიტანულ საზოგადოებაში იმხანად არსებულ პრობლემებს ასახავდა, ერთდროულად კრიტიკასა და მორალურ გაკვეთილს შეიცავდა.

ლუდის ქუჩა © უილიამ ჰოგართი
ლუდის ქუჩა © უილიამ ჰოგართი

საგაზეთო კომიქსების ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება ინგლისელი კარიკატურისტი, თომას როულენდსონი (1756-1827). მისი სერიალი „დოქტორ სინტაქსისის თავგადასავლები“ 1812-დან 1821 წლის ჩათვლით გამოდიოდა და მკვლევრის, რობერტ პეტერსენის თქმით, იგი ნამდვილი გრაფიკული პროზის პირველ ნიმუშს წარმოადგენს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავდაპირველად კომიქსები აღიქმებოდა მხოლოდ მხიარულ ნახატებად და კარტიკატურებად. ხშირად ეს იყო პოლიტიკური სატირაც, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვის იყო განკუთვნილი.

აღსანიშნავია გერმანელი პოეტი და გრაფიკოსი, ვილჰელმ ბუში (1832-1908), რომელიც მაქსისა და მორიცის თავგადასავლების შესახებ დაწერილ ლექსებს თან ნახატებსაც ურთავდა. ნახატები, ბუნებრივია, ლექსებში მოთხრობილ ამბებს ასახავდა.

პირველი ამერიკული კომიქსი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაჩნდა. 1892 წელს, ჟურნალში „The San Francisco Examiner“ (რედაქტორი იულიამ რენდოლფ ჰერსტი) გამოვიდა კომიქსი „დათვის ბელები და ვეფხვი“. 1895 წელს კი კარიკატურისტმა რიჩარდ ფელტონ აუთკოლტმა გამოსცა სერიალი „ჰოგანის ხეივანი“. მეორეხარისხოვანი პერსონაჟის როლს იქ ყვითელ კოსტუმში გამოწყობილი ბიჭუნა ასრულებდა. მკითხველს იგი იმდენად შეუყვარდა, რომ აუთკოლტმა ის მთავარ გმირად აქცია.

ყვითელი ბიჭუნა - ამერიკული კომიქსის პერსონაჟი, რომელიც გამოჩნდა 1895 წლიდან 1898 წლამდე ჯოზეფ პულიცერის "New York World"-ში და მოგვიანებით, უილიამ რენდოლფ ჰერსტის "New York Journal"-ში © რიჩარდ ფელტონ აუთკოლტი
ყვითელი ბიჭუნა – ამერიკული კომიქსის პერსონაჟი, რომელიც გამოჩნდა 1895 წლიდან 1898 წლამდე ჯოზეფ პულიცერის “New York World”-ში და მოგვიანებით, უილიამ რენდოლფ ჰერსტის “New York Journal”-ში © რიჩარდ ფელტონ აუთკოლტი

მკითხველის დაინტერესებასთან ერთად გაზეთებში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა კომიქსები და პოლიტიკური კარიკატურები.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ამავე პერიოდში კარიკატურებისა და კომიქსების ჟურნალები საქართველოშიც იბეჭდებოდა. მაგალითად, „ნიშადური“ (1907-1908) და „ეშმაკის მათრახი“ (1907-1921).  ჟურნალები სატირული ხასიათის იყო და სხვადასხვა ტექსტებთან ერთად ძალიან ხშირად გხვდება როგორც უბრალოდ პოლიტიკური კარიკატურები, ისე სრულყოფილი კომიქსებიც, რომლებიც, როგორც წესი, იმდროინდელ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემატიკას ასახავდა.

კომიქსების მკვლევრები რენდი დუნკანი და მეთიიუ სმითი აღნიშნავენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კოლეგა-ექსპერტები თანამედროვე კომიქსებს მხოლოდ მათ ისტორიულ წინაპრებთან ერთად თუ განიხილავდნენ, წინააღმდეგ შემთხევევაში არსებობდა იმის საფრთხე, რომ მათ ნაშრომს სერიოზულად არავინ აღიქვამდა.

ცალკე აღებული თანამედროვე კომიქსი სამეცნიერო ინტერესის სფეროდ მხოლოდ მეოცე საუკუნის მიწურულს იქცა, რადგან ეს უკანასკნელი წლების მანძილზე მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ მედიუმად მიიჩნეოდა.


[1] Scott McCloud – Understanding Comics – The invisible art [1993] 5. 

[2] Scott McCloud – Understanding Comics – The invisible art [1993] 7.

ჟურნალისტი. აშუქებს პოლიტიკას, ადამიანის უფლებებსა და მიგრაციას. ბოგარტის კონტრიბუტორი 2023 წლიდან.