© Village Roadshow Pictures, NPV Entertainment, Warner Bros. Pictures, Silver Pictures
© Village Roadshow Pictures, NPV Entertainment, Warner Bros. Pictures, Silver Pictures

მატრიცის დიადი არქიტექტორი

წაკითხვა
10 წუთში წასაკითხი

განვითარების ეტაპები და პრინციპები, რომლებიც განკუთვნილია მატრიცისთვის, ჩამოყალიბებულია პერსონაჟის მიერ, რომელსაც ჰქვია არქიტექტორი. ის არ არის ადამიანი და ამის შესახებ თავადაც კი აკეთებს შენიშვნას, როდესაც ირონიულად ეუბნება ორაკულს: „მე შენ ვინ გგონივარ, ადამიანი?!“.

არქიტექტორი. კადრი ფილმიდან "მატრიცა: გადატვირთვა" © Warner Bros. Pictures
არქიტექტორი. კადრი ფილმიდან “მატრიცა: გადატვირთვა” © Warner Bros. Pictures

არქიტექტორი, როგორც სახელი, არის ალუზია – მინიშნება გონიერ შემოქმედებით საწყისზე, რომელიც რელიგიურ და ოკულტურ წრეებში ცნობილია სახელწოდებით „სამყაროს დიადი არქიტექტორი“. ეს არის შემოქმედი ღმერთის სახელი თავისუფალ ქვისმთლელთა (მასონთა) წრეში, რომლისაც ყოველ ქვისმთლელს სწამს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ სწამს შემოქმედი, როგორც გონიერი საწყისი.

გნოსტიკურ სწავლებებში სამყაროს დიადი არქიტექტორი არის იგივე დემიურგი – მატერიალური სამყაროს შემოქმედი, რომელიც არ არის უმაღლესი ინსტანცია. გნოსტიციზმი მას განიხილავს, როგორც შუალედურ რგოლს, უმაღლეს ღვთაებრივ რეალობასა (რომელსაც ქრისტე წარმოადგენს) და ეშმაკეულ საწყისს შორის. დემიურგი გნოსტიკოსთათვის არის ბიბლიური ძველი აღთქმის ღმერთი-შემოქმედი, რომლის საპირისპირო არის ქრისტე – უმაღლესი ღვთაებრივი რეალობის წარმომადგენელი.

არქიტექტორი-დემიურგი ხელოვნებაში გამოისახება ღმერთის სახით, იგი ფარგლით საზღვრავს ყოფიერებას, არსთა შორის ფარგლებსა და საზღვრებს ადგენს – „ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად.“

ის, რომ მატრიცის არქიტექტორი არ არის უმაღლესი ინსტანცია და მასაც აქვს საწყისი, ამას ორაკულიც ახსენებს ნეოსთან ბოლო საუბარში: „ის არის არჩევანის არსებობის შედეგი.“ სამყაროს დიადი არქიტექტორი არის მეტაფორა ჰერმეტულ ტრადიციაში, რომელიც ასეთ შემოქმედებით პოტენციალს ხედავს ყოველ ადამიანში. ეს არის იგივე, რაც ვედურ ტრადიციაში ვიშვაკარმანისამყაროს ოსტატი და შემოქმედი. იგივე, რაც როზენკროიცერთა ორდენში მოაზრებული უმაღლესი ყოფიერება, რომელიც არ არის აბსოლუტი, არამედ მომდინარეობს აბსოლუტისგან. ტერმინი, რომელიც მოგვიანებით ქრისტიანობამ გააიგივა იესო ქრისტესთან და მას მიაწერს სამყაროს ჭეშმარიტ პროექტირებას, თუმცა ტრადიციული ქრისტიანობა გნოსტიკურ ტრადიციასთან პრინციპულ წინააღმდეგობაშია.

აღსანიშნავია, რომ დოგმატური ქრისტიანობის შემოქმედი ღმერთისგან განსხვავებით, რომელიც გამოცხადებულია, როგორც სიყვარული, მატრიცის შემოქმედი არქიტექტორი არ აცხადებს სიყვარულს, როგორც უმთავრეს პრინციპს. ის ადამიანის გრძნობებით მანიპულირებასაც არ ერიდება, როდესაც ნეოს მძიმე არჩევანის წინაშე დააყენებს. ცხადია, რომ არქიტექტორისთვის სიყვარულს, როგორც ფენომენს, ითვალისწინებს, მაგრამ მისთვის სიყვარული ერთ-ერთი ფაქტორია და არა უმთავრესი მამოძრავებელი სამყაროს მოწყობისას.

მატრიცის არქიტექტორი დაკავებულია რეალობისა და სამყაროების პროექტირებით. მისი სიამოვნება გამოიხატება იმ მათემატიკურ ჰარმონიაში, რომელსაც იგი მატრიცის შექმნით აღწევს. ფილმის ყოველი სერია გვიყვება ნეოს თავგადასავალს, ხოლო თავად ნეო, როგორც არქიტექტორმა დაახასიათა, არის ის „ანომალია“, რომელიც არქიტექტორმა ვერ გამოასწორა. ის წარმოიქმნა იმის შედეგად, რომ არქიტექტორმა ვერ შეძლო ერთ-ერთი განტოლების ამოხსნა მატრიცის ბალანსირებისას და ეს არღვევს მათემატიკურ ჰარმონიას. აჯანყებული, საერთო კონტროლიდან გასული ინდივიდები აღიქმებიან და ცხადდებიან „ანომალიად“, მაგრამ არქიტექტორს გათვალისწინებული აქვს გარკვეული „ანომალიების“ წარმოქმნაც და ეს მისთვის კონტროლირებადია. მისი თქმით, მას არ სჭირდებოდა ნეოს მსგავსი ანომალიების აღმოფხვრა, რადგან ეს მოსალოდნელიც კი იყო და მათი მართვაც პროგნოზირებადია, რის გამოც ნეო სწორედ იქ მოხვდა, სადაც უნდა მოხვედრილიყო, როცა მატრიცის შემოქმედს შეხვდა.

სამყაროში „გადახრებად“ ცნობილი მოვლენებიც ისეთივე ბუნებრივია, როგორც სხვა დანარჩენი. ისინი მოსალოდნელია ბუნების მიერ და დაშვებულია მათი არსებობა, მაგრამ სხვა საკითხია თავად მართვის ცენტრის დამოკიდებულება ასეთი „გადახრების“, „ანომალიების“, აჯანყებული ელემენტების მიმართ. სამყარო კი უშვებს მათ არსებობას, მაგრამ არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ მათ არსებობისა და გადარჩენის რაიმე გარანტიები მისცეს, თუნდაც ასეთი ელემენტები უფრო პროგრესულ იდეებს ატარებდნენ.

სამყაროს გონი, პირველ რიგში, დაკავებულია წონასწორობის დასაცავად და სხვა დანარჩენი ცნებები, ფენომენები და ინდივიდები ამ წონასწორობას ექვემდებარებიან.

ამრიგად, არქიტექტორი ადამიანებს და მათ ემოციებს თავისთავად არ ჩათვლის იმდენად ღირებულად, რომ სამყარო მათ შეუსაბამოს. ჰუმანისტური განწყობები არქიტექტორს არ ახასიათებს, ადამიანი მხოლოდ საშუალებაა და ერთ-ერთი ელემენტი სამოქმედოდ, მაგრამ არა თავისთავად მიზანი. რადგან არქიტექტორი ყველაფერს ზომავს და გეგმავს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ სჭირდება იმის განადგურება, რაც გეგმიდან გადაუხვევს, რადგან ესეც გათვალისწინებულია.

რასაც გაზომავ, იმას მართვა შეგიძლია.

ამ პრინციპის თანახმად, არქიტექტორი მართავს იმ გარემოებებსაც, რომლებიც მოსალოდნელია გეგმის დარღვევისას. ესეც კონტროლირებადია. კადრებში ჩანს, რომ სივრცე, რომელშიც იგი ზის, სავსეა ეკრანებით. ყოველი ეკრანი ნეოს განსხვავებულ რეაქციებსა და სხვა ადამიანების შესაძლო მომავალს გადმოსცემს. ერთ-ერთი კადრი ტრინიტის სიკვდილია, რომელიც ჯერ არ დამდგარა, შესაბამისად, ეკრანები სიმულაციურ ან სავსებით რეალურ მომავალს გადმოსცემენ. ეს არის სხვადასხვა განზომილებები, რომლებიც უკვე ჩადებულია საგნებსა და ინდივიდებში და ნეოს რეაქციებიც ყოველ ეკრანზე სხვადასხვაა, როგორც მისი ასპექტები, რომლებიც განსხვავებულად რეაგირებენ გამაღიზიანებელ ფაქტორებზე.

კადრი ფილმიდან "მატრიცა: გადატვირთვა" © Warner Bros. Pictures
კადრი ფილმიდან “მატრიცა: გადატვირთვა” © Warner Bros. Pictures

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არჩევანს, რომელსაც არქიტექტორი შესთავაზებს ნეოს: თუ გავა ერთი კარით, ის გადაარჩენს აჯანყებულებულებს და გადატვირთავს მატრიცას, მაგრამ ამით ტრინიტი დაიღუპება, მაგრამ თუ ის გავა ტრინიტის გადასარჩენად, მთელი კაცობრიობა დაიღუპება.

ძალზე კატეგორიულია ეს არჩევანი და მოვლენების განვითარების სხვა ხაზს არ ტოვებს ნეოსთვის. მაგრამ ნეო იმიტომ არის ნამდვილი რჩეული, რომ ის შეთავაზებულ სცენარებს კი არ აირჩევს, არამედ ამჯობინებს ბრძოლას, უკეთესი გამოსავლის პოვნას. მისი არჩევანი ძალიან ღრმა მნიშვნელობის არის. გაწირა მთელი კაცობრიობა? არა. მაგრამ ამით საკუთარი პრიორიტეტი გამოხატა. ეს არის ის ქცევა, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის მიერ მისი საყვარელი ადამიანისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუნდაც მთელ დანარჩენ სამყაროსთან შედარებით. არქიტექტორიც აღნიშნავს, რომ თუ მსგავს სიტუაციაში წინა რჩეულებს კაცობრიობის მიმართ ჰქონდათ ძალზე აბსტრაქტული მიჯაჭვულობა, ნეოს მიჯაჭვულობა არის სრულიად კონკრეტული, ანუ რასაც სხვები კაცობრიობაში გადაანაწილებენ თავიანთი დამოკიდებულების სახით, ნეო მთელი კაცობრიობისადმი მიმართული გრძნობიდან ამოზიდავს სიყვარულს, რომელსაც მხოლოდ ტრინიტის მიუძღვნის.

საბოლოოდ დასტურდება, რომ არქიტექტორის მიერ შეთავაზებული არჩევანიც სიმულაციაა, რომ არ არის ერთხელ და სამუდამოდ დაბეჭდილი ბედის ხაზი, რომელსაც ვერასოდეს შეცვლი. ნეო გადის ტრინიტის გადასარჩენად და ლოგიკურად კაცობრიობა უნდა დაღუპულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. არ გამართლდა პროგნოზი. შესაბამისად, ნეომ დაარღვია ბედის ხაზები, რომლებიც ერთხელ დადგენილია და გადახედვას თითქოს არ ექვემდებარება. და აქვე ხომ არ დავფიქრებულიყავით, რომ ჯერ სამყაროს გადასარჩენად კი არ გავსულიყავით, არამედ ჩვენ გვერდით ჩვენი ყველაზე საყვარელი ადამიანი დავიცვათ, რადგან საყვარელი ადამიანებით იწყება ეს სამყარო ჩვენთვის?

კაცობრიობა და სამყარო მიხედავს თავის თავს, შენ კი შენს ბედს მიჰყევი და იმ ერთი და საყვარელი ადამიანის გადარჩენით შეასრულებ შენს ნამდვილ მისიას და მოწოდებას, ხოლო სამყარო თავის თავს მიხედავს, მასში უკვე დევს ის განვითარების პროგრამა, რომელსაც თვითგადარჩენისკენ და თვითშენახვისკენ მიდრეკილება ჰქვია და არის პროგრამები, რომლებსაც მოცემულ მომენტში ვერც ვცვლით და სანამ შორეულისკენ გავიწევთ, ჯერ ახლოს მყოფები ჯობია გადავარჩინოთ.

თუ არქიტექტორის მიზანია ჩაფიქრებული ბალანსის დაცვა, ორაკული საკუთარ მიზნად აცხადებს „ამ ბალანსის დარღვევას“. თუ არქიტექტორი სამყაროსა და ადამიანის მოწყობას განსაზღვრავს ფორმებში და ზემოქმედებას იწვევს გარედან შიგნით, ორაკული შემოსულია პროგრამის სახით იმისთვის, რათა ადამიანების სიღრმეებში ჩაიხადოს – იქ იმ ბნელ და უცნობ სფეროებში გამოიწვიოს ძვრები და მისი ზემოქმედება მიმართულია შიგნიდან გარეთ. და ეს ურთიერთსაპირისპირო ზემოქმედებები არის სამყაროს არსებობის პირობა.  არქიტექტორი და ორაკული ერთმანეთის ანტაგონისტები არიან, რომლებიც იმავე დროს ავითარებენ ერთმანეთს და ეს იციან.

სამყაროს განვითარების ის მოდელი, რომელიც ითვალისწინებს მატრიცის მრავალ ვერსიას ერთისა და მარადიულის ნაცვლად, არის ასახვა იმ სწავლებებისა, რომლის მიხედვით სამყაროებიც იღუპებიან და აღორძინდებიან, რომ მატრიცის ერთ-ერთ და არა ერთადერთ ვერსიაში ვცხოვრობთ.

ერთი ვერსია ამოწურავს თავის საქმესა და თვითგანვითარების შესაძლებლობებს, სასრულია და იღუპება, გარდაისახება ახალ ვერსიაში, როგორც ძველი ინდური სამყარო ამას ხედავდა დიდი ეპოქების – იუგების – ცვლაში, როგორც ჩრდილოეთის სამყარო ხედავს ამას კოსმიურ ბრძოლაში – რაგნაროკში, ღმერთების დაისში, ყოველივეს განადგურებაში ცეცხლის სტიქიის მიერ და ბუნების აღორძინებაში, როგორც ეს ესმით სხვა სწავლებებს, რადგან ეს მოგონება თუ ცოდნა დევს ყოველ სისტემაში.

სამყარო წარმოდგენილია, როგორც ჭეშმარიტებათა ბრძოლა და მუდმივი ცვლილებები, რომლებიც კონკრეტულ ძალთა ინტერესია.

ყველას თავისი სიმართლე აქვს, ერთი შეხედვით ბანალური ფრაზით რომ ვთქვათ, მაგრამ საქმეც ის არის, რომ უფრო მაღალი დონის ჭეშმარიტებები ცხადდება იმაში, თუ ვინ უფრო ძლიერ და კარგად დაამტკიცებს თავის ჭეშმარიტებას.

ვინც უკეთესად დაამტკიცებს სიმართლეს, მისი პროგრამა და ნება გადაწონის და ამკვიდრებს ამ ჭეშმარიტებას. აქ კი საჭიროა ძალა. სამყარო, რომელშიც უწყვეტი გადარჩევა მიმდინარეობს, ყოველი არსი გრძნობს, რომ სჭირდება ძალა, რათა ზემოქმედება მოახდინოს სამყაროზე. ჩვენ ხომ ყველას გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ძალაუფლების ნება ამა თუ იმ ფორმით, რაიმე მიზნისთვის და დავამკვიდროთ იგი, რაც შეიძლება ეფექტური პროგრამებით. ნებისმიერი ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა არის მონდომება, რომ ამ პროგრამამ მაქსიმალურად დიდხანს იმუშავოს. ბრძოლის ინსტრუქციები არ არის წინასწარ გაწერილი, ისინი არჩევანზეა, ვინ რაში დაინახავს თავის ძალას ბრძოლისთვის.

კადრი ფილმიდან "მატრიცა" © Warner Bros. Entertainment Inc.
კადრი ფილმიდან “მატრიცა”. წარწერა კედელზე – “შეიცან თავი შენი” © Warner Bros. Pictures

ორაკული ნეოს სთავაზობს ასეთ ძალას, რომელიც მოიაზრება საკუთარი თავის შეცნობაში. „შეიცან თავი შენი“ – წარწერა, რომელიც ორაკულის სახლში წერია კარის თავზე. ცოდნა როგორც ძალა. მაგრამ რისი ცოდნა? ყოველი ადამიანი თავად განსაზღვრავს, რომელი ცოდნისკენ წავიდეს, რათა გაზომოს რეალობა და შემდეგ ამ განზომილებით დაიწყოს მისი პროგრამირება და მართვა, მის მოქმედებაში ჩარევა. ვინც უფრო დიდ საზომს დაეუფლება,  ის უფრო დიდი მასშტაბის რეალობას მართავს ან ურთიერთქმედებებს მასთან.

არქიტექტორს უკვე გათვალისწინებული და გაწერილი აქვს პროგრამები, მაგრამ ნეო სხვა გამოსავალსაც ნახულობს, რომელიც არქიტექტორს მისთვის არ შეუთავაზებია. ეს არის შედეგი იმ თვითშემეცნებისა, რომელიც ნეოს სხვა შესაძლებლობებისკენ წაიყვანს და რომლითაც იგი არსებულ რეალობას დაიყოლიებს, რათა გაითვალისწინონ მისი ნება.