© Village Roadshow Pictures, Groucho II Film Partnership, Silver Pictures, Warner Bros. Pictures
© Village Roadshow Pictures, Groucho II Film Partnership, Silver Pictures, Warner Bros. Pictures

ორაკული – რწმენის კომპონენტი მატრიცაში

წაკითხვა
11 წუთში წასაკითხი

მატრიცაში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რომელიც სიუჟეტის ხაზს აქტიურად ავითარებს და პროცესებში ერევა, არის ორაკული – ქალი, რომელსაც არ აქვს სახელი. როდესაც ორაკულს ნეო სტუმრობს, ქალი მიუთითებს კარის თავზე, რომელზეც წარწერაა ლათინურ ენაზე: „შეიცან თავი შენი“ ( „Temet Nosce“). ესაა ერთგვარი შეხსენება აპოლონის ტაძარზე, რომელიც მდებარეობდა დელფოში (ძველბერძნული ქალაქი და საერთო ბერძნული რელიგიის ცენტრი). გადმოცემის თანახმად, წარწერა „შეიცან თავი შენი“ ამშვენებდა ტაძარს, რომელშიც ადიდებდნენ აპოლონს – რაციონალიზმის განსახიერებას, რომელიც ადამიანს გაცნობიერებაში ეხმარება. ორაკული კი, რომელსაც მისნობისა და წინასწარმეტყველების ნიჭი მიეწერებოდა, დელფოს ტაძარში მოღვაწეობდა და ბუნდოვანი მინიშნებებით იძლეოდა პასუხს შეკითხვებზე. იგი იწოდებოდა პითიად, რადგან მას იცავდა დიდი გველი პითონი აპოლონის გამოჩენამდე. როდესაც მოსულმა ღმერთმა პითონი მოკლა, პითია მას შემდეგ აპოლონს ემსახურებოდა – ერთი კულტის დასასრულის შემდეგ მეორე გამარჯვებული კულტის მსახურებაში გადავიდა, რაშიც ვლინდება მისი ტრანსფორმაციის უნარები.

კადრი ფილმიდან "მატრიცა" © Warner Bros. Entertainment Inc.
კადრი ფილმიდან “მატრიცა” © Warner Bros. Entertainment Inc.

ორაკულს ნეოსთან სულ სამი შეხვედრა აქვს „მატრიცას“ ტრილოგიის განმავლობაში. პირველი უმარტივესი გაკვეთილი, რომელიც ნეოს მისგან მიეცა, იყო ორაკულთან სამზარეულოში შესვლის დროს: როდესაც ორაკული ეტყვის „ნუ იდარდებ მაგ ლარნაკზე“, ნეო ტრიალდება და კითხულობს „- რომელი ლარნაკი?“, ამ დროს გვერდი უკვე გამოსდო მაგიდაზე მდგარ ლარნაკს, უნებლიედ გადმოაგდო და დაამსხვრია, რაზეც მომღიმარი ორაკული მიუგებს: „გატეხავდი კი, მე რომ არ მეთქვა?!“

ორაკული ნეოს თავიდანვე ანიშნებს: მან შეასრულა ის, რაც რამდენიმე წამით ადრე უთხრეს, მაგრამ ის ხომ ორაკულს უყურებს, როგორც მისანს, რომელმაც იცის გარდაუვალი მოცემულობა მომავალში. შესაბამისად, უკვე განწყობილია, რომ დაემორჩილოს მის მითითებებს. და სწორედ ეს არ სურს ორაკულს – ნეო დარჩეს, თუნდაც მისი რომელიმე კეთილის მსურველის, გავლენის ქვეშ.

ორაკულის ეს პირველი და მარტივი გაკვეთილი გვახსენებს უამრავ დეტალს ჩვენი ცხოვრებიდან, თუ როგორ ვმოქმედებთ ისე, როგორც ვმოქმედებთ, რადგან „გვითხრეს“, რომ ასე მოხდენა გარდაუვალია. ორაკული თავიდანვე მკაფიოდ ხაზს უსვამს: „ნუ გჯერა ბედისწერაზე რასაც ამბობენ. შენს ცხოვრებას თავად მართავ, დაიმახსოვრე!“

ნეო ხვდება, რომ ორაკული არის არა ადამიანი, არამედ პროგრამა და ამ პროგრამის დანიშნულებაა, შეისწავლოს ადამიანის ფსიქიკის სიღრმეები და შეცვალოს მათი ქმედებების თანმიმდევრობა, რომელიც თავიდანვე იყო გაწერილი.

ვისაც იგი ეხმარება, პროგრამა მანიპულირებს მათი ქმედებებით იმდენად, რამდენადაც ამ ადამიანებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით იმ არჩევნის სირთულე,  რომელსაც თავის დროზე დათანხმდნენ. სწორედ ორაკული ეტყვის მორფეუსს, რომ ის იპოვის რჩეულს – მასში განამტკიცებს რწმენისა და მეგობრობის მუხტს, რომელსაც მორფეუსი სრულად გამოავლენს ნეოს მიმართ. ორაკული ეტყვის ტრინიტის, რომ ვისაც იგი შეიყვარებს, ის აღმოჩნდება რჩეული. და სწორედ რომ ორაკული დაარწმუნებს ნეოს, რომ იგი რჩეულია და ტრინიტის მიმართ უღვივებს მეტ ინტერესს.

სინამდვილეში, არავის არაფერი ეწერა, ორაკულს თავად სჯეროდა ამის და იმდენად ღრმად ცნობდა ყოველ ადამიანს, ვინც კი შეხვედრია ცხოვრების გზაზე, მტკიცედ მიუსადაგებდა თითოეულ მათგანს იმას, რაც დაიმსახურა და რისი ნიჭიც გააჩნდა. ეს არის ადამიანის გულების ამომცნობი პროგრამა და ის უნდა მანიპულირებდეს კიდეც, რათა თითოეულმა პიროვნებამ ამ მუხტით, პროვოკაციებითა და ქმედებაში ჩართვით მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პიროვნება.

ზოგჯერ ნეოსა და მორფეუსს ეჭვი უჩნდებათ მის მიმართ, მაგრამ ორაკული თუნდაც მანიპულირებდეს მათი ქცევებით, ამას ისევ საერთო მიზნებისთვის აკეთებს. თავის გლობალურ ხედვას პირდაპირ ადასტურებს ეს პროგრამა, როდესაც ამბობს: „ერთი რამ მაინტერესებს: მომავალი. და მომავალში მხოლოდ ერთად (ადამიანები და მანქანები) გადავრჩებით.“ ის კარგად იცნობს მანქანებისა და ადამიანების სამყაროს, მაგრამ რწმენის უნარსა და სხვა მონაცემებს ის ადამიანში ხედავს და მათთან ერთად იბრძვის, რომ ახალი რეალობა შეიქმნას.

ნეო უკანასკნელად შეხვედრისას საყვედურობს კიდეც, აქამდე რატომ არ უთხრა არქიტექტორისა და მატრიცის წინა ვერსიების შესახებ სიმართლე. ორაკული პირდაპირ პასუხობს: „რადგან არ იყო საჭირო დრო, ამის გასაგებად.“ ნეოს შეკითხვაზე, ვინ წყვეტს როდის არის სიმართლის გაგების დრო და როდის არა, მომღიმარი ორაკული მიუგებს: „იცი, ვინც წყვეტს“ და ანიშნებს შემოსასვლელ კარზე არსებულ წარწერას – „შეიცან თავი შენი.“ და ნეოს ახსენდება, რომ ის თავად წყვეტს ამას.

ადამიანის მიერ სიმართლის ძიება იმაზეა დამოკიდებული, საკუთარ თავში რამდენად დიდი სიმართლის დატევას შეძლებს – რის შემეცნებას ინებებს იგი სინამდვილეში. ვერავინ დამალავს სიმართლეს, მთავარია, სიმართლისთვის გულისა და გონების გახსნა – ნამდვილი ნების აღსრულება.

მას შემდეგ, რაც ნეო პირველ სერიაში მოკვდება და შემდეგ მკვდრეთით აღდგება, მორიგ ორ შეხვედრაზე ორაკული წითელ კანფეტს სთავაზობს, რომელიც ძალიან ჰგავს იმ წითელ აბს, რომელიც ნეომ მორფეუსის გაცნობისას აირჩია რეალობის გასარკვევად. ნეო, ამ შემთხვევაში, დიდი ხალისით არ ხვდება ამ კანფეტის შეთავაზების მომენტს, რადგან ორაკული ამით ახსენებს მის არჩევანს.

ადამიანი მხოლოდ ერთხელ არ ირჩევს რამეს, ის თავის არჩევანს სამომავლოდ მუდმივად ადასტურებს და ხშირად, არც თუ ხალისიანად, რადგან მხოლოდ არჩევნის გაკეთების შემდეგ იაზრებს ადამიანი, მოგების გარდა, რამხელა მსხვერპლსა და წვალებას მოითხოვს საფასურად ეს უკანასკნელი. ის, ვინც თავის ნებას გამოაწრთობს და ნამდვილი სურვილით ირჩევს რამეს, შედეგებსაც ეთანხმება უყოყმანოდ.

ნეო ასეთ წრთობას გადის, რადგან ასეთი გზა აირჩია. ორაკული მას უმნიშვნელოვანეს შენიშვნას აძლევს: „შენ აქ იმისთვის კი არ ხარ, რომ არჩევანი გააკეთო. უკვე აირჩიე – ახლა კი იმის გააზრებას ცდილობ, თუ რატომ გააკეთე ასე.“

ეს არის ადამიანის დიდი პრობლემა: სათანადო ვერგააზრება იმისა, რა აირჩია მოცემულ დროსა და ადგილას. ვინც ამ არჩევნის ზედმიწევნით სწორად გაკეთებასა და დაცვას ისწავლის, სწორედ ის არის რჩეული. ჩვენ გვავიწყდება, რამდენი რამ გვაქვს ჩვენით არჩეული, რაც დროის რაღაც მონაკვეთის შემდეგ გვავიწყდება და ვერ ვიღებთ დამდგარ შედეგებს; თუმცა მათი განმაპირობებელი მიზეზები კი უკვე გვაქვს მყარად არჩეული. ნეოც ასე იაზრებს: ორაკულთან არჩევნის გასაკეთებლად არ მისულა, ეს უკვე გაკეთებული აქვს და იაზრებს, რომ რაც უკვე მოხდა და კიდევ მოხდება, უწინდელი დიდი არჩევნის შედეგია მისთვისაც და მისი გარემოცვისთვისაც.

მერი ელისი და კიანუ რივზი, კადრი ფილმიდან "მატრიცა: რევოლუცია" © Warner Bros. Entertainment Inc.
მერი ელისი და კიანუ რივზი. კადრი ფილმიდან “მატრიცა: რევოლუცია” © Warner Bros. Entertainment Inc.

ტრილოგიაში ორაკული გარდასახვას განიცდის, როდესაც ამ როლს ჯერ თამაშობდა გლორია ფოსტერი (1933 წლის 15 ნოემბერი – 2001 წლის 29 სექტემბერი), შემდეგ კი მერი ელისი (3 დეკემბერი, 1936 – 27 ივლისი, 2022). მსახიობის ჩანაცვლების რეალური მიზეზი იყო ის, რომ გლორია ფოსტერი შაქრიანი დიაბეტის გართულების გამო გარდაიცვალა მეორე ფილმის გადაღების შემდეგ.

გლორია ფოსტერი. კადრი ფილმიდან "მატრიცა: გადატვირთვა" © Warner Bros. Entertainment Inc.
გლორია ფოსტერი. კადრი ფილმიდან “მატრიცა: გადატვირთვა” © Warner Bros. Entertainment Inc.

ეზოში გრძელ სკამზე ნეოსთან საუბარი გლორია ფოსტერისთვის ტრილოგიაში უკანასკნელი საუბარია. როგორც თავად ამბობს, ტკბილეული რომ უყვარს, ეს მის დაავადების შეხსენებაც არის და წასვლის წინ მომღიმარი ორაკული აღნიშნავს, რომ ნეომ მისი რწმენა განამტკიცა და მსახიობი კარს გაიხურავს საბოლოოდ… მას ენაცვლება მერი ელისი, რომელიც მორფეუსსა და ტრინიტის ეუბნება, რომ „ვერ გადაიხადა ის საფასური, რომელიც პიროვნული გამოცდის დროს უნდა გაეღო.“ შესაბამისად, მან სახე იცვალა.

სიმბოლურად, ეს გვახსენებს დელფოში მოღვაწე ორაკულების ბედს. მისნობის დროს ისინი საკუთარი პიროვნების მიღმა გადიოდნენ, ტრანსის მდგომარეობაში ყოველი მათგანი სხვა რეალობებიდან და მდგომარეობიდან საუბრობდა. შესაბამისად, ორაკული არის არა კონკრეტული პიროვნება, არამედ ის მდგომარეობა, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეში გადადის, ვინც ამ ნიჭს დაიტევს.

ორაკული თავის მამოძრავებელ ძალას გამოააშკარავებს ტრილოგიის დასასრულს. როდესაც გადამწყვეტი ბრძოლა დასრულდება, ნეო კვდება და თენდება, სერაფი ეკითხება: „თქვენ ეს ყველაფერი იცოდით?“ რაზეც ორაკული პასუხობს: „არა, არ ვიცოდი. მხოლოდ მწამდა.“

მერი ელისი. კადრი ფილმიდან "მატრიცა: რევოლუცია" © Warner Bros. Entertainment Inc.
მერი ელისი. კადრი ფილმიდან “მატრიცა: რევოლუცია” © Warner Bros. Entertainment Inc.

ორაკული თავის საიდუმლოს გათქვამს. ის არ ყოფილა არც მისანი და არც წინასწარმეტყველი იმ გაგებით, რომ მან ზუსტად იცის მომავლის შესახებ რაიმე და რომ არსებობს ერთი გარდაუვალი ბედი, რომელიც უნდა აღსრულდეს. ამ პროგრამის მთელი ძალა მის რწმენაშია. მისი ნიჭი მის ნებაშია გამოხატული, რათა იბრძოლოს საკუთარი რეალობის დამკვიდრებისთვის. ნიჭი არის ისიც, რომ იგი ხედავს ადამიანებში ჩადებულ პოტენციალს და მათდამი ნდობის გამოცხადებას, რათა მაქსიმალურად გამოვლინდნენ.

ორაკული ნამდვილად იბრძვის და შეუძლია სხვას მიენდოს სრულად. თუ სხვები ორჭოფობენ ან უკან იხევენ, ორაკული უყოყმანოდ ნებდება აგენტ სმითს. ის თავად ეუბნება ამ ვირუსად ქცეულ ადამიანს: „შეასრულე ის, რისთვის მოხვედი აქ!“ და მისცემს საშუალებას, რომ თვითონაც გახდეს სმითი. ორაკული სინამდვილეში კი არ ნებდება, ის ამით უსაზღვრო ნდობას უცხადებს ნეოს. მან იცის, რომ სმითს მხოლოდ ნეო დაამარცხებს, რადგან ისინი ერთმანეთის საპირისპირო მხარეები არიან და სხვა ვერავინ შეძლებს ამას.

გლორია ფოსტერი. კადრი ფილმიდან "მატრიცა" © Warner Bros. Entertainment Inc.
გლორია ფოსტერი. კადრი ფილმიდან “მატრიცა” © Warner Bros. Entertainment Inc.

ორაკული უხსნის ნეოს: თუ იგი სმითს ვერ დაამარცხებს, სმითი ყველაფერს გაანადგურებს. ორაკული არსად გარბის, ის დახვდება აგენტს, რომელიც ერთობ ღიზიანდება: თუ ორაკული ყოვლისმცოდნეა, ისიც უნდა სცოდნოდა, რომ მასთან მოვიდოდნენ, ის კი დარჩა და აუღელვებლად ზის, აცხობს ორცხობილას და აბოლებს სიგარეტს.

სმითს არ ესმის არჩევნის ფენომენის, ისევე, როგორც არ ესმის ორაკულის არჩევნის შესახებ. თავის მხრივ, ორაკულმა არ იცის, გათენდება თუ არა ხვალინდელი დღე, რადგან სმითი თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს, ნეომ კი დროულად უნდა იპოვნოს საჭირო გამოსავალი, რომელსაც სხვა ვერ აპოვნინებს.

ზოგი ცდილობს სმითისგან გაქცევას და მაინც ხდებიან ამ ვირუსის რეპლიკაციის მსხვერპლნი. „ვხედავ, რომ მოდის დასასრული, მოდის ბნელი; ვხედავ როგორ მოაბიჯებს სიკვდილი…“ და ორაკული ამ ბნელსა და უცნობ დასასრულში ჩაეშვება ნებაყოფლობით, სრულიად მინდობილი ერთადერთს – ნეოს, რომელმაც უნდა იპოვოს გამოსავალი.

თუ არქიტექტორი ცარიელ რაციონალიზმსა და მშრალ, უემოციო ბალანსს ეძებს ამ სამყაროში, ორაკული თავისი რწმენის ფაქტორით, ადამიანებში ემოციების წინ წამოწევით წარმატებულად აღწევს დასახულ მიზანს – დაარღვიოს არქიტექტორის მიერ მიღწეული ბალანსი, რასაც თავად არქიტექტორიც აღნიშნავს: „შენ სახიფათო თამაში წამოიწყე.“ მაგრამ ორაკულისთვის ეს ცნობილია და მისი არჩევანიც ეს არის: საფრთხის მიუხედავად, მაინც გაბედოს ცვლილებების მხარდაჭერა, ადამიანებს გაუღვივოს სწორედ ის რწმენის კომპონენტი, რომელიც თავად ორაკულს აქვს პროგრამულად საკუთარ თავში დამუშავებული და ადამიანებს სთავაზობს ამ პროგრამის აქტივაციას, შესაბამისი შედეგებით, რაც ადამიანებს მეტ თავდაჯერებას, ბრძოლისუნარიანობასა და დამოუკიდებლობას მატებს და რისთვისაც ხელის შეშლას ცდილობდა არქიტექტორი. ის ხომ არჩევანს მხოლოდ საკუთარი მონახაზის მიხედვით სთავაზობს ადამიანს და იმის იქით აღარ უშვებს, არც მატრიცის გადატვირთვისთვის სთავაზობს ვინმეს იმაზე მეტ არჩევანს, ვიდრე ეს თავად განუსაზღვრა და ამ დაბეჭდილ ბედისწერაში იღებს სიამოვნებას მიღწეული ბალანსით.

მაგრამ რწმენის ფაქტორი, რომელიც ორაკულს შემოაქვს, სწორედ ამ ჩაკეტილი ბედისწერის გარღვევაა და არჩევნის ძალის გამომჟღავნება, რისკენაც იხრება ყოველი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნების ძალას გამოავლენს. ამის შესაბამისად გადახარისხდებიან ფილმის პერსონაჟებიც, რომლებიც ან ორაკულთან მეგობრობენ, ან მისი მოწინააღმდეგეები არიან. მათი პირადი ნებაც, მსოფლმხედველობაც და მოსაზრებებიც თავისუფლების შესახებ ვლინდება სწორედ რომ ამ პერსონაჟის მიმართ სიმპათიისა თუ ანტიპათიის მიხედვით.