მარი ბექაური
მარი ბექაური

მარი ბექაური: სცენარისტი ძალიან შემთხვევით გავხდი

წაკითხვა
8 წუთში წასაკითხი

მარი ბექაური: მწერალი, სცენარისტი. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩნდა 2008 წელს, როდესაც დაიბეჭდა მოთხრობა „დები“. მისი მოთხრობები თარგმნილია რამდენიმე ენაზე და დაბეჭდილია ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. არის 6 წიგნის ავტორი. რომანი – „ანას მომენტი“ ნომინირებული იყო წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში ლიტერატურულ პრემიაზე „საბა“. მარი ბექაური ავტორია არაერთი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების სცენარების, რომლებსაც მოგებული აქვს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ფესტივალები და კონკურსები.

BOGART: წერდი: „ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. აქაც ბევრგან მიცხოვრია, მაგრამ ერთადერთი სახლი, რომელიც მიყვარდა, ხევსურეთის სახლი იყო. ყოველთვის, როცა ქაოსი მეწყებოდა, ამ სახლში გავრბოდი და იქიდან, ასევე ყოველთვის, მშვიდი ვბრუნდებოდი, პასუხებით.“ – რატომ იყო შენთვის ასე განსაკუთრებული ეს სახლი?

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მთა. მოზარდობაშიც და მერეც, ბევრს დავეხეტებოდი მთებში. ზოგადად, ბუნებაში უფრო ნამდვილი ხარ ადამიანი. ქალაქი – თავისი მოწყობით, გაშორებს საკუთარ თავს. სულ ქაოსში ხარ, ბეტონებში, მექანიკურობაში. ბუნებაში კი მეტად ახერხებ, გაიგონო შენი ხმა, რომელიც აქ, ქალაქში ათასი სხვა ხმითაა გადაფარული. ალბათ, ხევსურეთშიც იმიტომ გავრბოდი, რომ ამ ათას ხმას, აქაურ ქაოსს მოვშორებოდი და ჩემი თავისთვის მომესმინა.

BOGART: 5 წლის ასაკიდან იწყება შენი კალამთან და ფურცელთან ურთიერთობა. როგორ ფიქრობ, რა იყო ის შინაგანი თუ გარეგანი საკვანძო მომენტები, რომლებიც წერისკენ გიბიძგებდა?

ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ვიყავი და რაღაცნაირად, ისე მოხდა, რომ ამ ემოციების და ზოგადად, ჩემი შინაგანი სამყაროს გამოტანა წერით ვცადე. ცოტა რთული ბავშვიც ვიყავი. სულ მქონდა განცდა, რომ მოცემულ სტანდარტებში ვერ ვჯდებოდი. არ მქონდა ისეთი ფიქრები, მისწრაფებები, როგორებიც სხვებს, უმრავლესობას. ეს განსხვავებულობის განცდა კი ძალიან მთრგუნავდა ბავშვობაში. წერა ამ დათრგუნულობის დაძლევაშიც მეხმარებოდა… გარდა ამისა, მგონია, რომ სამყაროში აბსოლუტურად ყველა ადამიანი გარკვეული ნიჭით და პოტენციალით იბადება. ჩემ შემთხვევაში, ეს ალბათ, წერა იყო, მაღალი მგრძნობელობა და ვიზუალიზაციის უნარი.

BOGART: დღეს უკვე რამდენიმე წიგნის ავტორი ხარ. ზოგიერთი სხვა ენებზეცაა თარგმნილი. თავად შენ რომელს გამოარჩევდი შენი წიგნებიდან?

ეს კითხვა აქამდეც დაუსვამთ ჩემთვის და ვერასდროს ვცემდი პასუხს. ახლა კი გეტყვი: ახალი წიგნი – „ორ ზღვას შუა“, რომელიც უკვე გამომცემლობაშია და სავარაუდოდ, გაზაფხულზე გამოსცემს „სულაკაური“. ეს წიგნი ჩემს ნერვებდაწყვეტილ, მშიერ და ნიჭიერ ხალხს მივუძღვენი. იუმორისტული მოთხრობების კრებულია, რომელიც ერთდროულად ტრაგიკულია და მხიარული – ზუსტად ისეთი, როგორებიც ვართ ქართველები.

BOGART: როგორ ფიქრობ, რა არის მარი ბექაურის მთავარი წარმატება ამ მოცემულობით და ზოგადად, როგორია წარმატების მიღება და გააზრება?

ჩემს მთავარ წარმატებად ცხოვრების გზაზე იმას ვთვლი, რომ ძალიან ბევრი სირთულის მიუხედავად, არ გავტყდი, როგორც ადამიანი. მე არ ვგულისხმობ, რომ დავეცი და წამოვდექი. არა. იმას ვამბობ, რომ საბოლოოდ, ყოველ ჯერზე, საკუთარ თავში შევტრიალდი და ჩემში დავიწყე კვლევა – იმ სირთულეების, დემონების, იმ სიღრმის, რაც არის ზოგადად, ადამიანში, და მერე ყველა ასეთი შეტრიალებიდან გამარჯვებული გამოვედი – საკუთარ თავს ვაჯობე: ჩემში შევძელი სიყვარულის შენარჩუნება. იმის გაფრთხილება, რაც ყველაზე სუფთაა ჩემში. ასეთი „ომები“ კი, საბოლოო ჯამში, სულიერ სიმტკიცეს გაძლევს. როცა ზუსტად იცი, რომ სინდისიდან იწყები, ვეღარ გატრიალებს „ქარი“ აქეთ-იქით, ვერ გაცდუნებს რაღაცები, გაცილებით მეტად ხარ თავის-უფალი… პროფესიულად კი მთავარ წარმატებად იმას ვთვლი, რომ ვაკეთებ და ვემსახურები საქმეს, რომელიც მთელი გულით მიყვარს. დანარჩენი – ჯილდოები, პრიზები, ფესტივალებზე გამარჯვებები, – უბრალოდ, დეკორაციებია.

BOGART: როგორც ლიტერატურაში, ისე კინოში შენთვის საოცრად წარმატებული იყო 2022 წელი. გაგვიზიარე, როგორი იყო თავდაპირველი ტრანსფორმაცია ლიტერატურიდან კინოში: პირველი სცენარი და გამოცდილება.

სცენარისტი ძალიან შემთხვევით გავხდი. ჩემს მეგობარს, დათო აბრამიშვილს ახალი წაკითხული ჰქონდა ჩემი ერთ-ერთი წიგნი და „დიოგენეში“, რაღაც საღამოზე იყო მოსული. მაშინ „დიოგენეში“ ვმუშაობდი. წიგნი მოეწონა და ემოციებს მიზიარებდა. უცებ მითხრა, რომ სცენარის იდეა ჰქონდა და სწორედ იმ დღეს იკრიბებოდნენ იდეის განსახილველად. მთხოვა, მეც მივსულიყავი და მეცადა. წავედი. არანაირი ცოდნა არ მქონდა და წერისას, უბრალოდ, ინტუიციას მივენდე. მოგვიანებით იმ სცენარმა ოთხი ფესტივალი მოიგო, მათ შორის, ორი – საერთაშორისო… მოკლედ, „შემთხვევით“ გამომივიდა და მერე ისე წავიდა მოვლენები, რომ სხვაგანაც დამიძახეს, ამიყვანეს… როცა მივხვდი, რომ ეს საქმე მიყვარდა, უკვე პროფესიონალურად მოვეკიდე. სახელმძღვანელოებს ვიწერდი, კურსებს გავდიოდი და ვსწავლობდი. მთავარი კი მაინც პრაქტიკაა. გამიმართლა – ბევრ სცენარზე ვიმუშავე.

BOGART: მარი, შენ კინო-სცენარის კურსებსაც აკეთებ… რამ გიბიძგა ამ კურსების გაკეთებისკენ და როგორია შენი გამოცდილება ამ მხრივ?

თავის დროზე, როცა კინო-სცენარის შესწავლა მინდოდა, აღმოვაჩინე, რომ ჩვენთან არ იყო კურსები. ამიტომ, მე თვითონ დავიწყე სწავლა – გამოწერილი წიგნებით, ინგლისურენოვანი კურსებით. წლები გავიდა და ვნახე, რომ ამ მხრივ იგივე სიტუაცია იყო. მაშინ გადავწყვიტე კურსების გაკეთება. სალექციო მასალა ისე ავაწყვე, რომ ადამიანი ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყოლოდა პროცესს, როგორც იგება სცენარი – იდეიდან ბოლო დრაფტამდე. ჩემი მთავარი მიზანი იყო, მსმენელს მიეღო ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებდა პრაქტიკაში… კურსების მონაწილეებისგან ისეთი მადლიერება მივიღე, რომ ამაზე დიდი სტიმული ვერაფერი იქნება.

BOGART: დავით ფირცხალავას პირველ სრულმეტრაჟიან ნამუშევარს – „დიდი შესვენება“ სოციალურ ქსელში აღფრთოვანებით გამოეხმაურე. რა შეგიძლია ამ ფილმის შესახებ თქვა მათთვის, ვისაც ჯერ არ უნახავს?

ძალიან შთამბეჭდავი ფილმია, რომელიც ბოლომდე ისეთ დაძაბულობაში გამყოფებს, რომ მომენტებში სუნთქვა გიჭირს. თან ფილმს აქვს დიდი გამოწვევა – მთელი საათ-ნახევარი მოქმედება და დიალოგები ერთ ლოკაციაზე მიდის, და ამას დათა ფირცხალავამ ბრწყინვალედ გაართვა თავი. მუხტი არ იკარგება. არაფერია ზედმეტი, ხელოვნური, პათეტიკური. მე ყველაზე მეტად სწორედ ეს ბუნებრიობა და გულწრფელობა მომეწონა. არა შელამაზებული ან რომანტიზებული სინამდვილე, არამედ სინამდვილე – როგორიც არის.

ჩემი თაობის ბიჭებს ძალიან სასტიკი მოზარდობა ჰქონდათ – ან მჩაგვრელი იყავი ან დაჩაგრული. ეს ყველაფერი კი, რომელ მხარესაც არ უნდა იდგე, განადგურებს ემოციურად, გშლის და ნებისმიერ შემთხვევაში, თავიდან გიწევს საკუთარი თავის აწყობა. დღეს ჩემ გარშემო ამ თაობის უმეტესი ნაწილი არაფხიზელია – სასმელი იქნება ეს თუ ნარკოტიკი. ესეც ჩანს ფილმში – ერთ-ერთი გმირი ალკოჰოლზეა დამოკიდებული, მეორე – ნარკოდამოკიდებულია. ეს საერთო ტრავმის შედეგია, იმ სოციალური გარემოს შედეგები, სადაც რაც უფრო დაუნდობელი ხარ, მით უფრო „კარგ ტიპად“ ითვლები. თან რთული ისაა, რომ ჩვენში ნორმა იყო ემოციის დათრგუნვა, არგამოხატვა, ბიჭებს ამას უკრძალავდნენ. თუნდაც მსგავსი ფრაზებით: „კაცი ხარ და არ შეგშვენის“, „კაცები არ ტირიან“ და ა.შ…

ცალკე უნდა აღვნიშნო ქასთი. მსახიობები იმდენად მაგრად თამაშობენ, რომ არცერთი წამი არ ყოფილა ჩავარდნილი. აღფრთოვანებული დავრჩი შაკო მირიანაშვილის, გიორგი შერვაშიძის, სანდრო კალანდაძის, საერთოდ ყველა მსახიობის თამაშით. ძალიან მომეწონა სკოლის დარაჯის გმირი…

მინდა, „დიდი შესვენება“ ყველამ ნახოს. ნახონ ჩემი თაობის ბიჭებმა, რომლებსაც ზუსტად ეს სისასტიკე და ძალადობრივი გზა აქვთ გავლილი. ვფიქრობ, მათთის კათარზისი იქნება ეს ფილმი. პირველ რიგში კი, მინდა, მოზარდმა ბიჭებმა ნახონ, ვინც შეიძლება, ახლა იდგნენ ამ სასტიკი გზის დასაწყისში, რათა მოცემულობის მიღმა გაიხედონ და მომავლის პერსპექტივიდან შეძლონ შეფასება.

BOGART: პირადი პორტფოლიოდან განსაკუთრებით რომელ სცენარსა და ფილმზე მუშაობას გამოარჩევი და რატომ, რამ განაპირობა ეს?

უკვე 6 წელია, ერთი წესი მაქვს კინოსთან მიმართებით: თუ „ჩემი“ არაა, თუ ვერ ვგრძნობ, ხელს არ ვკიდებ. ამიტომ, თითქმის ყველა პროექტი მიყვარს, რაზეც მიმუშავია. გამორჩევით კი „ალდის“ გამოვარჩევდი, იმ მიზეზით, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მთელ გუნდს – რეჟისორს, პროდიუსერს, ოპერატორს, მხატვარს, ზუსტად ერთნაირი ხედვა გვქონდა. სხვა დროს ასეთი თანხვედრა არ მქონია… სხვათა შორის, სწორედ დათა ფირცხალავაა ამ ფილმის პროდიუსერი.

BOGART: მარი ბექაურის რჩეული ფილმები თანამედროვე ქართული კინოდან.

უცებ რაც გამახსენდა, იმას გეტყვი: „სიმინდის კუნძული“, „ღორი“, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, „უარყოფითი რიცხვები“, და ახლა უკვე – „დიდი შესვენება“.

BOGART: დაბოლოს, როგორ მოდის იდეები?

კინო-სცენარის კურსს სწორედ ამით ვიწყებ ხოლმე: „იდეები არის ყველგან“ და იდეები მართლა ყველგანაა. შეიძლება, უცებ მოკრა ყური რაღაცას და ფაქტმა, დეტალმა თუ უბრალოდ, ფრაზამ იდეა დაბადოს… წეღან ტყუილად არ მიხსენებია ვიზუალიზაციის უნარი. მე მაქვს ასეთი თვისება, რომ როცა რაღაც საინტერესოს ვიგებ, მომენტალურად ეწყობა კადრები გონებაში… ამ ახალი წიგნის მოთხრობების უმრავლესობა რეალურ ფაქტებს ეფუძნება. მაგალითად: „გაწიწმატებული ქალის“ იდეა გამიჩნდა მაშინ, როცა გავიგე, რომ ქალმა ქმარი ინდაურით სცემა. წინა თვეებში ორი აბსურდული ამბავი მოხდა ქუთაისში: ბანკის ძარცვა, სადაც მძარცველმა და მძევლებმა სელფები გადაიღეს, და ავტობუსის გატაცება, რომელიც იმის გამო გაიტაცა კაცმა, რომ ქეიფი უნდოდა, დასალევად მიჰყავდა მგზავრები… მეც ასე დავწერე „ძარცვა ქუთაისურად“ და „ავტობუსის გამტაცებელი.“ ალბათ, იმაზე აბსურდულ და სასაცილო იდეას ვერაფრით მოვიფიქრებ, რასაც თვითონ რეალობა მაწვდის.