ვერა ხიტილოვა | ფოტო: Profimedia.cz
ვერა ხიტილოვა | ფოტო: Profimedia.cz

ვერა ხიტილოვას კინო ქალებზე ჩეხურ „ახალ ტალღაში“

წაკითხვა
8 წუთში წასაკითხი

1929 წლის 2 თებერვალს ჩეხეთში, ქალაქ ოსტრავაში დაბადებული  ჩეხი ავანგარდისტი კინორეჟისორი და ჩეხური კინოს პიონერი, ვერა ხიტილოვა, გამოირჩეოდა მძაფრად კრიტიკული განწყობით საბჭოთა კავშირის მიმართ, რაც ხელისუფლების მხრიდან მისი დევნის მიზეზად იქცა. Სწორედ კინორეჟისორის ხედვა და კინოსადმი დამოკიდებულება იყო ის კატალიზატორი, რამაც ჩეხოსლოვაკიაში განვითარებული „Პრაღის გაზაფხულის“ მოვლენებიდან მოყოლებული განსაკუთრებით შეიზღუდა კინორეჟისორის შემოქმედება, ხოლო სხვა კოლეგები, იმავე წინააღმდეგობის ტალღის წევრები, როგორებიც იყვნენ მილოშ ფორმანი და ივან პასერი, დასავლეთში გაიქცნენ. 

ხიტილოვა იყო ჩეხოსლოვაკიის კინოს უმთავრესი ქალი-რეჟისორი იმ ეპოქაში, რომელიც მთლიანად განიცდიდა მამაკაცი-რეჟისორების დომინირებას. Მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა გარემოებებმა კინორეჟისორის შემოქმედებაზე ცალსახად იმოქმედა, მან მაინც მოახერხა შემოქმედებითი პროცესის გამრავალფეროვნება და ხედვის განვითარება სამშობლოშივე. 

კოლეჯის პერიოდში ხიტილოვა თავდაპირველად სწავლობდა ფილოსოფიასა და არქიტექტურას, მაგრამ მალევე მიატოვა ეს სფეროები. შემდეგ იგი მუშაობდა მხატვრად, მოდელად და გრაფიკულ დიზაინერად, სანამ დასაქმდებოდა პრაღის Barrandov Film Studios-ში, სადაც მოითხოვა რეკომენდაცია, შეესწავლა კინოწარმოება, მაგრამ უარი მიიღო. თუმცა მოგვიანებით, პრაღის საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიის კინოსა და ტელესკოლის ფაკულტეტზე, 28 წლის ასაკში მიიღეს. ვერა პირველი ქალი იყო, რომელიც სწავლობდა სარეჟისორო სკოლაში. 

1960-იანი წლების ჩეხური „ახალი ტალღა“ განიცდიდა როგორც ფრანგული ახალი ტალღის, ისე იტალიური ნეო-რეალიზმის გავლენას. ვერას ფილმებმა აღიარება მოიპოვა სპეციფიკური ვიზუალური ექსპერიმენტებით, გარდა ამისა მისი ფილმოგრაფია გამოირჩევა თანამედროვე საზოგადოების მორალურ პრობლემებზე თამამად საუბრით. 

ფემინიზმი, ავანგარდი, „ჰეფენინგი“ და იუმორი ვერას ფილმებში მრავლადაა. ასევე საკმაოდ ხშირად ვხვდებით ვიზუალურ ასოციაციათა მრავალშრიან სიმრავლეებს, ერთგვარ ფანტასმაგორიულ გამოსახულებებს, რომლებიც მაყურებელს აქტიური ინტერპრეტაციებისკენ უბიძგებს. 

ადრეულმა ნამუშევრებმა წარმოაჩინეს კინორეჟისორის პერსონა, როგორც არა მხოლოდ ყურადსაღები მხატვრული ძალა, არამედ როგორც ქალი-რეჟისორი, რომელსაც არ აინტერესებს მამაკაცებთან ასიმილაცია – პირიქით, ხიტილოვამ რევოლუციური ენთუზიაზმით ეკრანზე ქალის წარმოდგენის კონვენციების დარღვევას მიუძღვნა თავი. ის ყოველთვის მუშაობდა რეჟიმის, სტერეოტიპებისა და კომუნისტური საზოგადოების „მარცვლების“ წინააღმდეგ.

1968 წლის აგვისტოს მოვლენებთან ერთად, როდესაც საბჭოთა ტანკები შევიდნენ პრაღაში, რათა შეეჩერებინათ მზარდი კულტურული რევოლუცია, რომელიც ცნობილია როგორც „პრაღის გაზაფხული“ (ჩეხეთის ლიდერის, ალექსანდრე დუბჩეკის დროს). ხიტილოვამ აღმოაჩინა, რომ თავისი საქმიანობა სისტემატიური საფრთხის ქვეშ იდგა. დუბჩეკის რეფორმები, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში გარდაქმნებს გულისხმობდა, სსრკ-ში არ მოიწონეს და საპროტესტო აქციებისა და მანიფესტაციების ჩასახშობად ჩეხოსლოვაკიაში ჯარები შეიყვანეს. 36 საათის განმავლობაში მოკლეს 400-ზე მეტი ადამიანი. მოგვიანებით, ბევრი დააპატიმრეს, სამსახურებიდან დაითხოვეს ან იძულებული გახადეს, ქვეყანა დაეტოვებინათ. 

ამ მოვლენებს ქვეყნიდან ემიგრაციის ტალღა მოჰყვა. გუსტავ გუსაკი, რომელმაც თანამდებობაზე დუბჩეკი შეცვალა და მოგვიანებით, პრეზიდენტი გახდა, თავისი წინამორბედის თითქმის ყველა რეფორმა გააუქმა. 1971-დან 1976 წლამდე ვერამ ვერ მიიღო დაფინანსება და ნებართვა ახალი ნამუშევრის შესაქმნელად და მხოლოდ 1977 წელს შეძლო კინოში დაბრუნება (პრეზიდენტთან მიწერილი წერილის წყალობით, სარკასტული კომედიით: „ვაშლის თამაში“ (1977 წ.)). 

სანამ სხვები ქვეყანას ტოვებდნენ, ხიტილოვა აგრძელებდა ბრძოლას მხატვრული თავისუფლებისთვის იმ რეჟიმში, რომელიც არასდროს იყო ვერას შემოქმედებისადმი თანაგრძნობით განმსჭვალული და მხოლოდ „უხალისოდ“ აძლევდა კინორეჟისორს ფილმების გადაღების უფლებას. მაშინ, როდესაც რეჟისორი ვერ ახერხებდა თავის რჩენას ფილმოგრაფიიდან მიღებული შემოსავლებით, მუშაობდა რეკლამებზე, კინოოპერატორ მეუღლესთან, იაროსლავ კუცერაზთან ერთად. 

საკმარისი გავბედე და მსურდა აბსოლუტური თავისუფლება, თუნდაც ეს შეცდომა ყოფილიყო.

ვერა ხიტილოვა

ეს იყო მისი მთელი მუშაობის მიზანი – გაეგრძელებინა ბრძოლა, ეჭვქვეშ დაეყენებინა ავტორიტეტები, გენდერული უთანასწორობა და მიზოგინია. ებრძოლა ქალთა უფლებებისთვის და იმდროინდელი პატრიარქალური წყობა ყველა შესაძლო საშუალებით დაემხო. 

ვერა ჩიტილოვა კარლოვი ვარის 42-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფოტო: Petr Novák, Wikipedia.
ვერა ხიტილოვა კარლოვი ვარის 42-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფოტო: Petr Novák, Wikipedia.

ხიტილოვამ დატოვა ძლიერი მემკვიდრეობა: მისმა ნამუშევრებმა განაგრძეს ცეცხლის გაღვივება ახალგაზრდა რევოლუციონერებში, ფემინისტებსა და რადიკალურ ექსპერიმენტულ კინორეჟისორებში მთელ მსოფლიოში.

კინორეჟისორის საკულტო ფილმად ითვლება „გვირილები“ – ექსპერიმენტული, გიჟური სატირა, რომელიც სავსეა წარმოსახვითი სცენებით, ირონიითა და ფემინისტური აჯანყების მინიშნებით. „Daisies“-ში ხიტილოვამ შემოიტანა აუდიო-ვიზუალური ტექნიკა, რომელიც იმ დროისთვის უპრეცედენტო იყო, მათ შორის გამოყენებული ფერების ტონისა და კოლაჟის ტექნიკა. ორი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თამაშობს თამაშს „სიმართლე თუ მოქმედება?“, მათი „გარყვნილებით“ ტკბობა დღემდე შესაძლოა აგრძელებდეს მაყურებლის გართობას და „აღშფოთებას“. 

ვერა თავისი პირველი ნამუშევრებიდან ბოლომდე გატაცებული იყო ადამიანის არსებობის ტრაგიკომიკური ბუნების გადმოცემით. მის ფილმების დიდი ნაწილისთვის უცხო არაა ადამიანის ბუნების უკომპრომისო მიმზიდველობა და, ამავე დროს, გატაცება ბუნებრივი ცხოველურობით. ეს ასპექტი, ასევე მშვენივრად ჩანს მის სატირაში „მოთხრობა საცხოვრებლიდან“ (1979), რომელიც ხიტილოვამ გადაიღო იმ დროს, როდესაც ჩეხოსლოვაკია ჩაძირული იყო კომუნისტური ნორმალიზაციის პერიოდში. 

კინორეჟისორი შავ-თეთრ ფილმში „რაღაც განსხვავებული“ (1963 წ.) ორ ძირითად სიუჟეტს ვხედავთ – ერთგან გამოგონილი პერსონაჟია, სახელად ვერა, რომელიც სხვადასხვა დილემის წინაშეა, მეორე სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა, ტანმოვარჯიშე ქალის, ევას შესახებ. ფილმში ევა ბოსაკოვა ემზადება შეჯიბრისთვის მამაკაცი ინსტრუქტორის ხისტი მეთვალყურეობის ქვეშ. პარალელურად, მიმდინარე სიუჟეტში კი მოწყენილი და დაუფასებელი დიასახლისი ვერა (ვერა უზელაკოვა) ებრძვის ყოველდღიური ცხოვრების რუტინას, ხოლო მისი ქმარი (ჯოზეფ ლანგმილერი) არაფერს აკეთებს სიტუაციის გასაუმჯობესებლად. Საბოლოოდ ვხედავთ, რომ ვერა გადაწყვეტს სასიყვარულო ურთიერთობაში ჩაბმას, გართობას – ესაა ერთგვარი „ანტიდოტი“ მისი უნაყოფო, უინტერესო საშინაო ცხოვრების დასაძლევად. 

ვერა და ევა წარმოადგენენ ქალების გაჭირვების სახეებს ჩეხოსლოვაკიის კულტურაში 1960-იანი წლების დასაწყისში. საბოლოოდ, დაუღალავი შრომის ფასად ევა იმარჯვებს მსოფლიო ჩემპიონატში, მაგრამ ავტორი ხაზს უსვამს ამ შედეგის მძიმე გზას. ამ გზაზე, რომელიც მას საბოლოო გამარჯვებამდე სჭირდებოდა, აჩვენებს მის დაჭიმულ კოჭს, რომელიც მუდმივად საჭიროებს ლენტის დამაგრებას; გაუთავებელ ვარჯიშებს – ისე, რომ საბოლოო „გამარჯვებასაც“ კი ისეთი მაღალი ფასი აქვს, რომ მნახველს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ამ წარმატებამ ქალს ძალიან ბევრი რამ დაათმობინა და მაინც ვერ გააბედნიერა საკმარისად. 

რაც შეეხება ვერას, დაუკმაყოფილებლობა აწუხებს პირადი ცხოვრებისგან, სხვასთან გაბმული სასიყვარულო ურთიერთობის დროსაც კი. არც ახალი რომანი არ სთავაზობს რეალურ გამოსავალს დასტრესილი დიასახლისის ყოფისგან გასათავისუფლებლად და არ აძლევს დედის სტატუსის დავიწყების საშუალებას. ცდილობს რა საყვარელს დაანახოს საკუთარი თავისუფლება, რომელიც სინამდვილეში შეუმდგარია და მისთვის მაინც მიუღწეველი. ის მტკივნეულად აცნობიერებს,, რომ არსებული გარემოებების რეალობა არ ემთხვევა საშინაო ცხოვრების იმ დროში მიმდინარე იდეალიზებულ ხედვას, რომელიც „იყიდებოდა“ და ვრცელდებოდა როგორც საზოგადო ხედვა, იმ პერიოდის მედიისა და სამთავრობო პროპაგანდის დამსახურებით. 

Საბოლოოდ, ვერა ისევ ებღაუჭება მეუღლეს, რომელსაც უკვე თავად უნდა განქორწინება და მასთან დაშორება. ქალი არ თანხმდება ქმარს და აქაც ცდილობს, რომ მთავარ მიზეზად არა სიყვარული, არამედ საერთო შვილი დაასახელოს. ესაა ოჯახის ფლობის სურვილი, სადაც ძირითადი მნიშვნელობა მაინც განმარტებითია და სოციუმის საერთო ნორმებზეა დაფუძნებული: ოჯახი მნიშვნელოვანია, როგორც ყველა სიტუაციაში და გარემოებაში „ფესვებგადგმული“ საყრდენი, რომელიც არ უნდა ჩამოიშალოს.

ფილმის დასასრულს ავტორი გვთავაზობს ერთგვარი გამარჯვების არსობრივი მნიშვნელობის პოზიტიურ ნარატივს, რომელშიც ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე ქალი, რომელიც წინ უზის საკუთარ მასწავლებელს, ევას, უსმენს და უღიმის. Ჩემპიონი ქალი ასწავლის უკვე სხვა ქალს და უზიარებს საკუთარ ნააზრევს. ხიტილოვა ცდილობს მიგვანიშნოს ბრძოლის აუცილებლობასა და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არსებობდნენ  ქალები ქალებისთვის.