© ალექსანდრე ვარვარიძე
© ალექსანდრე ვარვარიძე

ალექსანდრე ვარვარიძე: აზრებისა და ფორმების სამყაროში

წაკითხვა
6 წუთში წასაკითხი

alexander.varvaridze | www.alexander.varvaridze.com

ხელოვანი ალექსანდრე ვარვარიძე კარგა ხანია ქართულ სახელოვნებო სფეროში მოღვაწეობს და დღეს მნახველისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ავტორია.

ფერთა „ურთიერთქმედება“, „შეთანხმებული“ თუ პირიქით, „შეუთანხმებელი“ თანაარსებობა გარკვეულწილად არაორდინალურობის განცდას ქმნის. მასთან ფერები ცოცხლობენ, ცხოვრობენ და განიცდიან ყველაფერ იმას, რაც მხოლოდ თავისუფალ, გახსნილ სივრცეშია შესაძლებელი.

 BOGART: გვიამბე შენ შესახებ, ხატვა როდის დაიწყე და ზოგადად, რას ნიშნავს შენთვის ხელოვნების ეს სფერო?

ხატვა ჩემი ძირითადი და ერთადერთი პროფესიაა. ვხატავდი ბავშვობიდან. ვისწავლე ორ სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო გამოფენებში მონაწილეობის მიღება სტუდენტობის პერიოდიდან დავიწყე. მხატვრობა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია სულიერი ზრდისა და განვითარებისთვის, ხოლო ნამუშევრების შექმნა მედიტაციური პროცესია.

 BOGART: პროფესიის არჩევაში ოჯახმა გავლენა იქონია?

გავიზარდე იმ გარემოში, სადაც არა მარტო ოჯახის წევრები, არამედ ნათესავებიც კი მხატვრები იყვნენ. მაშინ არც მიფიქრია, რომ შეიძლება სხვა სფეროთი დავინტერესებულიყავი და, ფაქტობრივად, არჩევნის წინაშე არასდროს დავმდგარვარ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი სხვა საქმიანობითაც ვიყავი დაკავებული, ამან კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ხატვა არის ჩემი ცხოვრების საქმე და მას ვერაფერი შეცვლიდა. აქედან გამომდინარე, მხატვრულ გარემოში რომ არ გავზრდილიყავი, ალბათ, ისევ მხატვრობას ავირჩევდი, თუმცა დარწმუნებით ამის თქმა მიჭირს.

 BOGART: რა არის მთავარი მხატვრობაში, ფერი თუ კომპოზიცია? რომელი მათგანი დომინირებს შენს შემოქმედებაში?

სანამ ხატვას ვიწყებ, კონცეფციის, ფერების და კომპოზიციის ძირითად მონახაზს წინასწარ ვგეგმავ. ხატვის პროცესში პირველი ეტაპი ტილოზე სასურველი ფაქტურის მიღებაა, რაც შემდეგ გადამწყვეტ როლს თამაშობს ფერებისაა და კომპოზიციის წარმოჩენაში. მეორე ეტაპი იმ ჩაფიქრებული კომპოზიციის გადმოცემა და დახვეწაა, რაც ყველაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს. თუ კომპოზიცია წარმატებულია, მაშინ გამოყენებული ფერები მასზე კარგად ჩანს. აქედან გამომდინარე, ალბათ, კომპოზიციასა და კონცეფციას პირველ ადგილზე დავაყენებ.

 BOGART: რამდენად ცვალებადია შენი შემოქმედებითი პროცესის დინამიკა? რასთანაა ის დაკავშირებული?

ყველაფერი მაქვს დაყოფილი პერიოდებად: ჯერ ვამზადებ გარემოს, ვყიდულობ სახატავ მასალას, ვიქმნი შინაგან განწყობას – მერე შეიძლება სამი თვე გადაბმით ვხატო. ამ დროს სასურველია, რომ მხოლოდ ხატვაზე ვიყო კონცენტრირებული. შეიძლება ითქვას, რომ სახელოსნოდან არც გამოვდივარ და ეს არის ჩემთვის იდეალური გარემო. როდესაც ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს, მერღვევა კონცენტრაცია და განწყობაც მეცვლება. ხატვის პარალელურად სხვა საქმეების კეთება არასდროს მიყვარდა.

 BOGART: რა არის ფუნდამენტური გზავნილები შენი შემოქმედებიდან, რომლებიც გენდომებოდა, რომ მნახველს შეემჩნია?

ჩემს ნამუშევრებში ორი მიმართულებაა: ფიგურატიული და აბსტრაქტული, მაგრამ მაინც მგონია, რომ აბსტრაქცია ჩემი ძირითადი სფეროა და მეტ ემოციას იწვევს, ამიტომ ფიგურატიულ ნამუშევრებსაც გასდევს აბსტრაქტული სტილი.

როცა ჩვენ, ადამიანები ხელოვნების ნიმუშს ვუყურებთ, თავდაპირველად, ინსტინქტურად უნდა დავადგინოთ თუ რა არის ეს, ხოლო როდესაც ეს დადგინდება, შემდეგ მოდის ის ემოცია, რასაც ნამუშევარი იძლევა. მე ვისურვებდი, რომ მნახველი შეეცადოს, რომ დადგენის პროცესი უბრალოდ გამოტოვოს და პირდაპირ მეორე ეტაპზე გადავიდეს. სხვა სიტყვებით, კონცენტრაცია გააკეთოს იმაზე, თუ რა ემოცია მოაქვს ნახატს და არა იმაზე, თუ რა არის მასზე გამოსახული, რაც ყველა აბსტრაქტული ნამუშევრის აღქმაში დაეხმარება.

 BOGART: გვესაუბრე შენს ბოლოდროინდელ ნამუშევრებსა და იმ გზაზე, რამაც გიბიძგა მათი შექმნისკენ.

აბსტრაქტული ნამუშევრების შექმნისკენ მიბიძგა სხვადასხვა ვიზუალური ელემენტების, როგორებიცაა ფერი, ხაზი, ფორმა და ტექსტურა, სპონტანური გამოყენების შესაძლებლობამ. აბსტრაქცია საშუალებას მაძლევს, რომ შევისწავლო წარმოდგენის საზღვრები და გამოვხატო იდეები და ემოციები უფრო ინტუიციური და წარმოსახვითი გზით. ჩემთვის ეს მიმართულება არაცნობიერთან და სულში უფრო ღრმა წვდომასთან არის დაკავშირებული.

 BOGART: შენს ზოგიერთ ნამუშევარში ვხედავთ სავარძლებს, დივნებს, სხვადასხვა მოსასვენებელ ავეჯს. გვიამბე მათზე და იმაზეც, თუ რატომ გადაწყვიტე ამ ნივთებთან ერთად ქალების აბსტრაქტული ფორმით გამოსახვა?

ამ თემატიკის ნამუშევრებს სტუდენტობიდან მოყოლებული ვქმნიდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არასდროს განმიხილავს ეს ნივთები, როგორც დასვენების საგნები და მინდა გითხრათ, ეს ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციაა. თემატიკა თავიდანვე თითქოს თავისით მოვიდა, საგანგებოდ არ ამირჩევია.

 BOGART: რამდენად თავისუფალია შენი მხატვრობა? რა იწვევს ხელოვანში თავისუფლების შეგრძნებას?

ჩემს ტვინს ზოგჯერ აქვს მიდრეკილება, რომ ყველაფერი ლოგიკაში ჩასვას. მაგრამ ეს ხელოვნებაში ხელის შემშლელი ფაქტორია, ამიტომ გარკვეული პერიოდი დამჭირდა იმ ჩვევის გამომუშავებისთვის, რაც ხატვის დროს მეტ თავისუფლებას მომცემდა. თუმცა, ვცდილობ ბალანსის შენარჩუნებას, რაც დოზირებულ თავისუფლებას ემყარება, რათა ის ქაოსში არ გადაიზარდოს.

 BOGART: როგორ ფიქრობ, რა ეხმარება ხელოვანს, თავისი სრული პოტენციალის გამოვლენაში?

ქვეცნობიერში არსებობს სხვადასხვა ბლოკი, რაც აფერხებს ხელოვანის შემოქმედებასა და მოღვაწეობას. ეს ხდება მაშინ, როდესაც მხატვარი არ არის თავის თავში დარწმუნებული ან ჰგონია, რომ არ არის საკმარისად „კარგი“. მას აქვს შიში, რომ რაღაც არ გამოუვა. მაგალითისთვის არსებობს ასეთი შიში, რომელსაც ეძახიან თეთრი ტილოს ან ზედაპირის შიშს – ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხატვარი ნახატის დაწყებას ვერ ბედავს იმის შიშით, რომ არ გამოუვა. მეც მქონდა მსგავსი გამოცდილება ადრე და გამოსავალიც მოვძებნე: სანამ ხატვას დავიწყებდი, აუცილებლად მინიმუმ ათი გადაჭიმული ტილო გვერდზე უნდა მქონოდა და ასე ვთქვათ, საკუთარ თავს ვატყუებდი, რომ თუ ერთი არ გამომივიდოდა, კიდევ ბევრი ცდა მექნებოდა და ეს მეტ სითამამეს მაძლევდა. დამწყებ მხატვარს ასეთი ბევრი მომენტი ექნება გადასალახი.

 BOGART: დაბოლოს, რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარი თავის ძიებას – რა არის მთავარი დღეს იმისთვის, რომ გარემომ მიგიღოს, გაღიაროს და ცოტათი შეგიყვაროს კიდეც?

როგორც ხუმრობით ამბობენ, ნამდვილი მხატვარი არ უნდა ხატავდეს, თუმცა თუ დამწყები მხატვარი მაინც გადაწყვეტს ხატვას, პირველი რჩევა იქნებოდა, რომ მთელი ყურადღება, დრო და ენერგია ამაში დახარჯოს. სამწუხაროდ, მე ვიცი უამრავი კარგი მხატვარი, რომელიც მალევე ანებებს მხატვრობას თავს და იმ საქმით კავდება, რაც მას სტაბილურ შემოსავალს მოუტანს.

მხატვრობის პროფესია მარტო ხატვას არ მოიცავს, ის კიდევ ბევრი რამის სწავლას საჭიროებს, რასაც შესაძლოა არანაკლები შრომა დასჭირდეს. ეს არის მხატვრის მენტალური მდგომარეობა, სტერეოტიპები მის ქვეცნობიერში, სამყაროს რეალობის აღქმა, დისციპლინა და სხვ. თუ კარგი მხატვარი ვერ ახერხებს თავისი თავის რეალიზებას, ეს ნიშნავს, რომ ნახატების შექმნის გარდა მას რაღაც აკლია და მეტი შრომა უნდა ჩადოს ამ მიმართულებით.