ლოტე აისნერი და ვერნერ ჰერცოგი
ლოტე აისნერი და ვერნერ ჰერცოგი

კინოს Grand Dame – ლოტე აისნერი (1-ლი ნაწილი) 

წაკითხვა
9 წუთში წასაკითხი

ეს ჩემი ბედისწერა იყო, ისეთი პიროვნებები აღმომეჩინა, როგორებიც ბერტჰოლდ ბრეხტი, პეტერ ლორე, სატიაჯიტ რეი… იყვნენ.

ლოტე აისნერი „ოდესღაც მშვენიერი სამშობლო მქონდა“ 1984

ლოტე, ჰენრიეტე, რეგინა აისნერი – ხელოვნების ისტორიკოსი, არქეოლოგიის დოქტორი, ზიგფრიდ კრაკაუერთან ერთად მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის გერმანული (ვაიმარის პერიოდის) კინოს უმნიშვნელოვანესი მკლევარი, ფრანგული სინემათეკის თანადამფუძნებელი და კურატორი, ანრი ლანგლუას თანამოაზრე და უერთგულესი თანამშრომელი ათეული წლების მანძილზე – ევროპული კინოს ისტორიის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ფიგურაა. პიროვნება, რომლის ცხოვრებასა და ბედისწერაში  განსაკუთრებული  სიმძაფრით არის ასახული ტოტალიტარიზმით  დაღდასმული მეოცე საუკუნის ევროპის ისტორია. 

კინოს Grand Dame - ლოტე აისნერი
კინოს Grand Dame – ლოტე აისნერი

როგორც კინოს ისტორიკოსმა, „ფრანგული სინემათეკის“ არქივარიუსმა და კურატორმა, მან უდიდესი როლი შეასრულა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში წარმოქმნილი ფრანგული „ახალი   ტალღისა“ და „ახალი გერმანული კინოს“ ჩამოყალიბებაში.  

ლოტე აისნერმა ანრი ლანგლუასა და თანამოაზრეებთან ერთად გადაარჩინა და მსოფლიო კინოს ისტორიას შემოუნახა მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის კინემატოგრაფისტთა ათასობით ფილმი, სცენარი, რეკვიზიტი, კოსტიუმი თუ პლაკატი.

ანრი ლანგლუასთან ერთად იგი მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, 1948 წელს როგორც მთავარი კურატორი და არქივარიუსი სათავეში უდგება „ფრანგულ სინემათეკას.“

მისი კინოსადმი განუზომელი ინტერესის შედეგი ისიცაა,  რომ „სინემათეკის“ როლი განუზომლად დიდი გახდა ევროპული კინოსა და კულტურის ისტორიისთვის.  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან „სინემათეკა“ თანამოაზრეებთან ერთად ახალი თაობის „სინეასტების“ მშობლიურ სახლად, მაგიურ ადგილად და მათი მომავალი კინემატოგრაფიული შემოქმედების ინსპირაციის  წყაროდ აქცია.

მეოცე საუკუნის ევროპული კინოს Grand Dame, ლოტე აისნერი, ასევე წარუშლელ  კვალს ტოვებს 1960-იანი წლებიდან გერმანულ კინოში მოსულ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებზე.  სწორედ მისი კვლევები, ვაიმარის ეპოქის გერმანულ კინოზე, მონოგრაფიები: „დემონური ეკრანი“1952, „ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ“ 1964, „ფრიც ლანგი“ 1976, ასრულებენ  ეგრეთ წოდებული „ხიდის“ ფუნქციას „ახალი გერმანული კინოს“ რეჟისორებისათვის. იმ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისათვის, რომელებიც გერმანიის  ნაცისტური წარსულის გამო უარს ამბობენ ყოველგვარ გერმანულზე, საკუთარ თავს  „უმამო თაობას“ უწოდებენ და მსოფლიო კინოს სხვადასხვა რეჟისორებში ეძებენ „კინემატოგრფიულ მამებს.“ 

1960-იან წლებიდან, ლოტე აისნერი ყურადღებით აკვირდება მათ ფილმებს და არასოდეს კარგავს იმედს, რომ ეს რეჟისორები ადრე თუ გვიან 1920-იანი წლების გერმანულ კინოსაც აღმოაჩენენ და საკუთარ კინემატოგრაფიულ ფესვებს დაუბრუნდებიან.

მოხდა ისე, რომ „ახალი გერმანული კინოს“ რეჟისორებისათვის, რომლებიც საკუთარ თავს „უმამო თაობას“ უწოდებდნენ, „დედის“ ფუქცია სწორედ ლოტე აისნერს დაეკისრა. იგი, როგორც ვერნერ ჰერცოგი ამბობს, „ახალი გერმანული კინოს სინდისი“  გახდა.

1974 წლის ნოემბერში  ჰერცოგი პარიზიდან სატელეფონო ზარის მეშვეობით შეიტყობს ლოტე აისნერის მძიმე ავადმყოფობის  შესახებ. „არა, ის, არ უნდა მოკვდეს, „ახალი გერმანული კინო“ ამას ვერ დაუშვებს, ჩვენ მას სიკვდილის უფლებას ვერ მივცემთ.

ლოტე აისნერი და ვერნერ ჰერცოგი
ლოტე აისნერი და ვერნერ ჰერცოგი

არაორდინალობით ყოველთვის გამორჩეული ჰერცოგი გადაწყვეტს, შეასრულოს ლოტე აისნერის გადარჩენის რიტუალური აქტი და ზამთრის სიცივეში ფეხით გაუდგება გზას მიუნხენიდან პარიზისაკენ, წყალგაუმტარ ზურგჩანთაში მომავალი ფილმის, „ნოსფერატუ, ღამის ფანტომი“ სცენარითა და კომპასით შეარაღებული დაადგება გზას. 22 დღის შემდეგ ჰერცოგი, რომელსაც რომანტიკულად სჯეროდა იმისა, რომ თუ ფეხით შეძლებდა  მიუნხენიდან პარიზამდე ჩასვლას ლოტე აისნერი აუცილებლად  გადარჩებოდა, პარიზში, მის ბინაში მიდის და ფილმს სცენარს გადასცემს.

ხოლო 1978 წელს „ახალი გერმანული კინოს“ ისტორიაში იგი პირველ „Remake,” გადაიღებს მურნაუს  ფილმის, „ნოსფერატუ, შიშის სიმფონია“ 1921, მიხედვით, რომელსაც ჰერცოგი ლოტე აისნერს მიუძღვნის.   

ფილმის გამოსვლასთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში ჰერცოგი მურნაუს „ნოსფერატუს“ და თავად მისი, როგორც 1920-იანი წლების გერმანელი რეჟისორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს, მისი თაობისა და მის საკუთარ შემოქმედებაში.

იმავე წელს ჰერცოგი ლოტე აისნერთან მისი მოგზაურობის შესახებ დაწერილ წიგნსაც გამოაქვეყნებს სათაურით: „ყინვაში სიარულის შესახებ: მიუნხენი, პარიზი  23.11-14.12. 1974, 1978“. 

ჰერცოგის ამ რიტუალურმა, თავად მისთვის და ასევე მისი თაობის რეჟისორებისათვის საკრალური მნიშვნელობის  აქტმა, რომელსაც მათი გერმანული კინოს  ტრადიციასთან დაბრუნების, „უმამო თაობის“ კინემატოგრაფიული შემოქმედების ლეგიტიმიზაციის ფუნქცია შეიძლება მიეცეს, მართლაც მოახდინა სასწაული და ლოტე აისნერმა ამ ფაქტის შემდეგ კიდევ  ცხრა წელი  იცოცხლა.  იგი ღრმად მოხუცი, 87 წლის ასაკში   1983 წლის 25. ნოემბერს გარდაიცვალა.

„ახალი გერმანული კინოს“ სხვა რეჟისორებმა ფოლკერ შლენდორფმა და ვიმ ვენდერსმა თავდაპირველად ლოტე აისნერი მათი საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში სწორედ „ფრანგულ სინემათეკაში“ გაიცნეს. მოგვიანებით ვიმ ვენდერსი „ახალი გერმანული კინოს  დიდ მუზას“ ლოტე აისნერს მიუძღვნის ფილმს  „პარიზი, ტექსასი“ 1984.

ბერლინ-ტირგარტენში, ასიმილირებულ, მდიდარ ებრაულ ოჯახში გაზრდილი  ლოტე აისნერის ბავშვობის ფავორიტები ინტელექტუალი მამა და მასზე რამდენიმე წლით უფროსი ძმა იყვნენ. ემანსიპირებული, ფრანგი და ინგლისელი გუვერნიერების მიერ აღზრდილი „პრინცესა, ტირგარტენის უბნიდან,“  მშობლიურ გერმანულ ენასთან ერთად ბავშვობიდან ეუფლებოდა ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს, უყვარდა ლიტერატურა, თეატრი და კლასიკური მუსიკა. მისი ახალგაზრდობის საყვარელი რომანი იყო გოეთეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი.“ ზედმიწევნით კარგად იცნობდა ფრიდრიხ შილერის, ჰაინრიხ ფონ კლაისტის, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შემოქმედებას, ორიგინალში კითხულობდა ჰომეროსის „ილიადას.“

ჩემი ოჯახი ასიმილირებული ებრაული ოჯახების რიცხვს განეკუთვნებოდა, ოჯახებს, რომლებიც განმანათლებლობისა და გერმანული იდეალიზმის წარმომდგენლის მოსე მენდელსონის მემკვიდრეებად აღიქვამდნენ საკუთარ თავს.  ოჯახის წევრების უმეტესობა პროტესტანტებზე იყვნენ დაქორწინებული. ბავშვები  ქრისტიანული ტრადიციებით უფრო ვიზრდებოდით, ვიდრე ებრაული რწმენით. თავად მამაჩემი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, შერიგების დღესასწაულზე მიდიოდა სინაგოგაში, მამაჩემი საკუთარ თავს კარგ გერმანელად აღიქვამდა და ასეთიც იყო: მაღალი, გამხდარი, ქერა, ერთი სიტყვით ძალიან გერმანელი.“ ასე იხსენებს თავის ბერლინურ ბავშვობას ლოტე აისნერი მიუნხენელ ჟურნალისტ მარტიე გრომენთან საუბრებში.    

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ  ლოტე აისნერი კლასიკურ არქეოლოგიას, ხელოვნების ისტორიას და ფილოსოფიას სწავლობს  ბერლინში, ფრაიბურგში, მიუნხენსა და როსტოკში. 1924 წელს კი როსტოკში ბერძნული ვაზების მოხატულობის სახვითი კომპოზიციების განვითარების შესახებ იცავს  სადოქტორი დისერტაციას.  

გარკვეული დროით სამუშაოდ იტალიაში მიდის, მაგრამ მუზუმში მუშაობა მისთვის მოსაწყენი და უინტერესო ხდება, ისევ გერმანიაში დაბრუნებული ჟურნალისტურ საქმიანობას  იწყებს და აქტიურად ებმება 1920-იანი წლების ბერლინის მრავალფეროვან კულტურულ ცხოვრებაში. აქვეყნებს სხვადასხვა ინტერვიუებს  იმდროინელ პოპულარულ ხელოვანებთან, წერს  თეატრსა და ლიტერატურაში   მიმდინარე პროცესებზე.

1927 წელს ლოტე აისნერი კინოჟურნალ „ფილმ-კურიერის“ გამომცემელ დოქტორ ანსფელდს ხვდება: „მაინც რატომ არ წერთ კინოს შესახებ? ეკითხება დოქტორი ანსფელდი ლოტე აისნერს. „მაგრამ მე ხომ თეატრი მიყვარს“ პასუხობს აისნერი. ანსფელდი და ჟურნალის რედაქტორი ჰანს ფელდი მას კინო ჟურნალში მუდმივ თანამშრომლად მუშაობის დაწყებას სთავაზობენ, ლოტე აისნერი ამ წინადადებას თანხმდება და პირველი გერმანელი კინოკრიტიკოსი ქალი ხდება.

თავისი ცხოვრების ბერლინურ პერიოდში აისნერს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს მის თანამედროვე  ბევრ გამოჩენილ ხელოვანთან. ჯერ კიდევ 1921 წლიდან მეგობრობს ბერტჰოლდ ბრეხტთან, რომელიც მას სიყვარულით „აისნერინს“ ეძახდა. თავად ლოტე აისნერი ბრეჰტის და თავისი საერთო მეგობრისადმი მიწერილ წერილში  ჯერ კიდევ 1920-იან წინასწარმეტყველებს, რომ „ბერტ ბრეხტი ოდესმე გერმანიის უდიდესი ხელოვანი გახდება“.

ამავე პერიოდში იწყება მისი მეგობრობა ფრიც ლანგთან, ბელა ბალაშთან, ასტა ნილსენთან, გეორგ ვილჰელმ პაბსტთან, ლუიზე ბრუკსთან, მაქს რაინჰარდტთან. 1930-იანი წლების დასაწყისში ლენი რიფენშტალი, რომელთანაც ლოტე აისნერს ასევე ნაცნობობა აკავშირებდა, მას „ერთი არაჩვეულებრივი პიროვნების“ ადოლფ ჰიტლერის გაცნობას სთვაზობს, რაზედაც აისნერის კატეგორიულ უარს იღებს.  წლების შემდეგ ლოტე აისნერი ამ მოვლენის გახსენებისას იტყვის:

თანამედროვეობის ჟანა დარკი შეიძლებოდა გავმხდარიყავი ჰიტლერის გაცნობას რომ დავთანხმებოდი, ალბათ ჩემს გმირულ სიცოცხლეს ციხეში მოწამებრივი სიკვდილით დავასრულებდი, მაგრამ მე სიცოცხლე  მინდოდა.

აისნერი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ნაციონალ-სოციალისტური პარტიის აღზევებას გერმანიაში. „ჩემს თავს ვუთხარი, სწორედ ახლა, იმდენხანს ვეცდები დავიცვა თავისუფლება, სანამ ჟურნალის რედაქციიდან არ გამაძევებენ. ყველა ჩემს სტატიაში, რომელსაც ახლა დავწერ პროპაგანდას სწორედ ჩემს ღია, ლიბერალურ, რევოლუციურ შეხედულებებს გავუწევ“ – წერს იგი მოგონებების წიგნში „ოდესღაც მშვენიერი სამშობლო მქონდა“ 1984.  

მდიდარ, ზედმიწევნით ასიმილირებულ ოჯახში, მემარცხენე, ლიბერალური იდეებით აღზრდილი ლოტე აისნერი ახალგაზრდობის წლებში არასოდეს ანსხვავებდა საკუთარ თავსა და ოჯახს დანარჩენი გერმანელებისაგან.  მხოლოდ ღრმად მოხუცი გაიხსენებს ერთ ფაქტს, ჯერ კიდევ პატარა გოგონას როგორ უამბო მამამ  ერთი პასტორის შესახებ, რომელსაც ებრაელები ეჯავრებოდა. მერე კი მისი მონათხრობით შოკირებული გოგონა გააფრთხილა, ებრაელები განსაკუთრებულად უნდა ეცადნონ, ადამიანებს მათი სიძულვილის მიზეზი არ მისცენო.


სტატიის მეორე ნაწილი: კინოს Grand Dame – ლოტე აისნერი