ფილიპ პერლშტეინი ამერიკელი რეალისტი მხატვარია, რომელიც დაიბადა 1924 წელს, პიტსბურგში. ფილიპი დაინტერესებული იყო გრაფიკული დიზაინით და მუშაობდა კიდეც ამ მიმართულებით. ის უმეტესად მაინც ცნობილია თავისი ფიგურატიული ნამუშევრებით.
1960-იანი წლების დასაწყისიდან მხატვრის ინტერესის სფერო ადამიანის ფიგურა და სხეულის აგებულება გახდა. ამ ინტერესმა მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია.
პერლშტეინის ნამუშევრები მრავალფიგურიანია. ავტორი ძირითადად ერთ, ორ ან სამ შიშველ ადამიანს სხვადასხვა ნივთებთან ერთად ოთახის ინტერიერში გამოსახავდა. გამოსახულებაში ადამიანების პოზა სრულიად ბუნებრივია მათ მდგომარეობასთან ერთად და რეალისტურიც ეთქმის, მაგრამ არსებობს დეტალები, რომლებიც გვაეჭვებს ამ მოცემულობის ბუნებრიობაში. მისი ნამუშევრების ყურების დროს რასაც ვამჩნევთ არის ის, რომ ფილიპს სხეული არ აქვს ბუნებრივი ფორმით წარმოდგენილი.

ერთი შეხედვით, ყველაზე უკეთ რასაც ვამჩნევთ არის დარღვეული კომპოზიცია, რომლის მოშლაც აშკარაა; გარდა ამისა, როდესაც სხეულებს ვუყურებთ ადგილ-ადგილ ვამჩნევთ ამობურცულ ან ჩაზნექილ ნაწილებს, ამ ილუზიას გვიქმნის შეცვლილი ტონები და არსებული შუქ-ჩრდილები. სხეულის ის ადგილები, რომლებიც გვახსოვს ისეთი როგორიც ის სინამდვილეშია, არის დარღვეული, მაგრამ არა იმდენად, როგორც ეს ლუსიან ფროიდთან გხვდება.
ადამიანების ემოციური ფონი ადვილი შესამჩნევია, ისინი სხედან, ან სულაც წამოწოლილები არიან და მათი სხეული მოდუნებულია. შეიძლება ითქვას, რომ სხეული დასვენების მდგომარეობაშია. ორი ადამიანის არსებობის შემთხვევაში მათთან ვერ შევნიშნავთ დინამიურ ურთიერთობას და ეს უფრო ემოციური გარიდებაა, ვიდრე სიახლოვე; უფრო შესვენებაა, ვიდრე ვნებ. სხეულებიც დაღლილი გვეჩვენება – ადამიანები უკვე რელაქსაციის მდგომარეობაში იმყოფებიან, ხის სკამებზე, ტახტზე ან სულაც ჰამაკში. ეს უფრო სტატიკური თანაცხოვრებაა ან მარტოობა.

ზეთი ტილო, 60 x 60

სხეულის და კომპოზიციის გარდა, არარეალისტური და მოჩვენებითია გარემოც, რომელიც ზრდასრულ, შიშველ ადამიანებს აქვთ. ზოგიერთ ნამუშევარში ოთახის ინტერიერი არ არის ჩვეულებრივი ინტერიერის მსგავსი – ჩვენ ვხედავთ მიმოფანტულ სათამაშოებს, რომელთა უმეტესობა ხის ან პლასტმასისაა. სათამაშოები არ არიან საყვარლები და მიმზიდველები. ისინი უბრალოდ ყოველდღიურობის ნაწილი არიან ზრდასრული ადამიანების ცხოვრებაში. სათამაშოების გარდა შევხდებით ფერად ხალიჩებსაც, გადასაფარებლებსა და ასევე სხვადასხვა სტილის ავეჯს. გარდა ამისა, ხანდახან გარემო ეგზოტიკურია, ფრინველების ყოფნით, ან სულაც მტაცებელი ცხოველების ნიღბებით.
ავტორის ის ინსპირაციები, რომლებიც ძველებურ ნივთებს ეხება, შეიძლება დაკავშირებული იყოს პირად ინტერესებთან – იგი იყო ანტიკვარული ნივთების შემგროვებელი და ეს გატაცება ჩანს მის შემოქმედებაშიც.