ლუის ბურჟუა თავის სტუდიაში ჩელსიში, მანჰეტენი, 1982 წ. ფოტო: Jack Mitchell/Getty.
ლუის ბურჟუა თავის სტუდიაში ჩელსიში, მანჰეტენი, 1982 წ. ფოტო: Jack Mitchell/Getty.

ლუის ბურჟუა – არსებობის, იდენტობისა და წარსულის „სტრუქტურები“ ნამუშევრების სახით

წაკითხვა
4 წუთში წასაკითხი

ლუის ბურჟუა (ფრანგ.: Louise Bourgeois) დაიბადა 1911 წლის 25 დეკემბერს, პარიზში, საფრანგეთში. ცნობილია ქანდაკებებითა და არტ-ინსტალაციებით, თუმცა ასევე ფერმწერი და გრავიურისტი იყო. ბურჟუა შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მრავალფეროვანი ხელწერით გამოირჩეოდა, რომელთა შორის იყო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი და სიურეალიზმი,  თუმცა ერთმნიშვნელოვნად არცერთ მიმდინარეობას არ მიაკუთვნებენ.

ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა ფერნანდ ლეჟერმა, როდესაც შეამჩნია ბურჟუას შემოქმედება, აღნიშნა, რომ ის სკულპტორი უფრო იყო, ვიდრე მხატვარი. 

ლუის ბურჟუას ოჯახი გალერეას ფლობდა, სწორედ ამიტომ სკულპტორი ხელოვნებას ბავშვობიდანვე დაუკავშირდა. წარსულის პირადმა გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია შემოქმედებაზე და ამას თავად ავტორიც ადასტურებდა. ბურჟუა თვლიდა კიდეც, რომ კონკრეტული ნამუშევრები ეხმარებოდა წარსული ტრამვების გადალახვაში და თერაპიულ ფუნქციას ასრულებდა მის ყოველდღიურობაში. ტრამვები ძირითადად ეხებოდა ბავშვობისდროინდელ ამბებსა და შემდგომ ქორწინებას.

„Femme Maison”-ის 1946-47 წლებში შექმნილ სერიაში ის გვიჩვენებს დრამატულად შეცვლილ პირად ცხოვრებას – იმ ფსიქოლოგიურ წნეხებს, რაც გადახდა ოჯახის შექმნის, უცხო ქვეყანაში ცხოვრებისა და სამი შვილის გამო.

სამი მაგალითი "Femme Maison"-ის სერიიდან
სამი მაგალითი “Femme Maison”-ის სერიიდან

„Femme Maison”-ის სერიაში ნამუშევრების მთავარი ვიზუალური მახასიათებელი არის ქალის შიშველი ტანი, რომელსაც თავის ნაცვლად შენობის ფორმის არქიტექტურული წანაზარდი აქვს.

ბურჟუამ ბავშვობისდროინდელი განცდები გადმოსცა ერთ-ერთ ნამუშევარში, სახელად „ბრმა ხელმძღვანელობს ბრმას“. ნამუშევარი ხის კონსტრუქციაა, რომელსაც მაგიდის ფეხების მსგავსი ფორმები აქვს. ავტორი ჰყვება, ბავშვობაში მშობლებისგან გაუცხოების გრძნობის შესახებ (როცა მაგიდის ქვეშ ძვრებოდა და იმალებოდა). ბურჟუა ამაზე საუბრობს, როგორც მისთვის არასასიამოვნო მოგონებაზე – ჰყვება რა ოჯახში მამის დომინანტური პოზიციის შესახებ და მის გავლენაზე შვილებთან მიმართებით, რაც ასევე მძაფრად დაილექა ავტორის გონებაში.

"ბრმა ხელმძღვანელობს ბრმას", 1949, აშშ.
“ბრმა ხელმძღვანელობს ბრმას”, 1949, აშშ.

ბურჟუას ფემინისტ ავტორად მიიჩნევენ მისი თემებიდან და მხატვრული ფორმებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ამას არასდროს იზიარებდა – ის გენდერთან დაკავშირებულ შეხედულებას გადმოსცემდა და თვლიდა, რომ არ შეიძლებოდა რომელიმე კონკრეტული თვისება ან ერთი სქესის მახასიათებელი ყოფილიყო, ან მეორისა. ავტორი ამით პრე-გენდერულ განწყობებზე საუბრობდა.

სკულპტორის ფსიქოლოგიურ განწყობაზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა 1950-60-იანმა წლებმა, როდესაც დაინტერესდა ფსიქოლოგოანალიზით. მისი ზოგიერთი ნამუშვარი, უცნაური შესახადაობის გარდა, დრამატულ ხასიათსაც ატარებს. სიმძაფრე და ფორმის წარმოდგენის თავისუფლება შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ავტორი გამოირჩევა გაბედულებით – ის არ ერიდება სხვადასხვა მძაფრი თემა წარმოაჩინოს განსხვავებული მატერიების გაერთიანებით, ისევე, როგორც არ უშინდება ფორმების დაშლასა და გარდაქმნას. ეს თავისუფლება ძალიან ცხადად მის ნამუშევრებში აისახება, სადაც ზოგჯერ ადამიანური ემოციების, განცდების ვიზუალიზაციასაც ახდენს, ზოგჯერ კი იმდენად მძაფრი, დომინანტური და ხისტია, რომ ადამიანური ნაკლებად გვეჩვენება. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბურჟუას შემოქმედება გამოკვეთილად ერთ მიმდინარეობას არ მოიცავს, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა სიურეალისტურმა ქანდაკებებმა მოუტანა. ნამუშევარში სახელად „დედა“ (Maman), კარგად ჩანს სიურეალიზმის გავლენა.

ლუის ბურჟუას "Maman" (1999) შანხაის Long Museum-ში © The Easton Foundation/VAGA (ARS), NY. Photo: Jiaxi & zhe. Long Museum
ლუის ბურჟუას “Maman” (1999) შანხაის Long Museum-ში © The Easton Foundation/VAGA (ARS), NY. Photo: Jiaxi & zhe. Long Museum

უზარმაზარი ობობა გვახსენებს დალის ნამუშევრებს – უცნაური ზომითა და ფორმით – ობობა ჩვეულებრივზე ბევრად დიდი ფორმიდან გამომდინარე უფრო სიზმრისეული და არარეალურია. ქანდაკება განთავსდა გარე სივრცეში, სადაც მნახველი ბევრად უკეთ აღიქვამს მის მასშტაბებს – უზარმაზარი საცეცების, შეფერილობისა და გარეგნობის წყალობით ის აღძრავს ფრიად უცნაურ განცდებს. ბურჟუა ობობას ადარებდა, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარ დედას და ამბობდა, რომ ის ჭამს იმ კოღოებს, რომლებიც გვწოვენ სისხლს, ამიტომ ობობები ჩვენი დამცველები არიან. სწორედ ამ მიზეზით ბურჟუა დედასთან ემოციურ კავშირშია – უყვარს და აფასებს მას.

სკულპტორი, გარდა თავისი სახელოვნებო კარიერისა, იყო აქტივისტი და იბრძოდა როგორც ადამიანთა თანაბარუფლებიანობის, ასევე ჰომოფობიის წინააღმდეგაც.