არენა, New York Times, მაიამი, 1978. ფოტო: Helmut Newton, გავრცელება: Helmut Newton Foundation.
არენა, New York Times, მაიამი, 1978. ფოტო: Helmut Newton, გავრცელება: Helmut Newton Foundation.

სინათლე, გლამური და ექშენი

წაკითხვა
3 წუთში წასაკითხი

ჰელმუტ ნიუტონი 1920 წლის 31 ოქტომბერს, ხმაურიან ბერლინში, გერმანიაში დაბადებული ფოტოგრაფია, რომელმაც სახელი მოდის ფოტოგრაფიით გაითქვა.  ეგზოტიკური გარემო, მდიდრული ვილები, მომხიბლავი მოდელები, თავისუფლება, მოდა მაღალ ქუსლებზე და ძლიერი ქალები – ამ რამდენიმე სიტყვით უკვე შეიძლება ავტორის შემოქმედებაზე საუბრის დაწყება.

12 წლის ასაკში უკვე პირველი ფოტოაპარატი ჰქონდა. 1936 წლიდან უფრო აქტიურად ჩაება ფოტოგრაფიაში, დაიწყო პარტნიორებთან მუშაობა და დაუღალავი შრომის ფასად იქცა კიდეც ერთ-ერთ გამორჩეულ ფოტოგრაფად. მეოცე საუკუნის მოდის ფოტოგრაფებისთვის ის გახდა უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო ავტორი. 

ჰელმუტთან შეხვდებით როგორც შავ-თეთრ, ისე ფერად ფოტოებსაც, მათ შორის, პოლაროიდით გადაღებულსაც. ძალიან თამამი, ცოტათი პროვოკაციული, ნაწილობრივ ვუაიერისტული კადრები ფოტოგრაფის შემოქმედებაში მრავლადაა. მასთან ხშირად ვნახავთ თამამ ქალებს, ხასიათით მგრძნობიარეებს, ძლიერებს, ენერგიულებსა და თვითდაჯერებულებს. მის ეროტიკულ სცენებში ქალი მოდელები პოზირებენ, ერთობიან, ზოგჯერ დარდობენ, ბრაზობენ, მათ ეფერებიან, უყურებენ, აკვირდებიან და უმეტეს წილად, მაინც ღიად და პირდაპირ გამოხატავენ იმას, რასაც გრძნობენ. ჰელმუტი ასახავდა მათ  ძლიერ ხასიათს ძლიერსავე სხეულთან ერთად და, ნაწილობრივ, იმასაც, მათი პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრება რამდენად არ იყო მარტივი. ზოგიერთ ფოტოში აშკარად ჩანს ის სირთულეები, რომლებსაც  მოდის სამყარო ითხოვდა ქალებისგან.

მიყვარს ისეთი ქალების გადაღება, რომლებმაც თითქოს რაღაც იციან ცხოვრების შესახებ. ახლახანს მქონდა ფოტოსესია ოცდაათ წელს გადაცილებულ ფრიად მომხიბვლელ კინოვარსკვლავთან. სამ კვირაში ორჯერ გადავიღე და მეორედ ნახვისას გამოვუტყდი: “დღეს ბევრად ლამაზი ხარ, ვიდრე სამი კვირის წინ”. მან კი მიპასუხა: “მაგრამ მე ასევე სამი კვირით უფროსი ვარ”.

ჰელმუტ ნიუტონი, თეთრი ქალები

ავტორი ერთდროულად გვიჩვენებს სამოდელო საქმიანობის ხიბლსა და ნაკლებკომფორტულ სიტუაციებს. ნიუტონი ასახავდა იმ ცხოვრებას, რომელიც, როგორც წესი, სამოდელო ბიზნესს ახლავს თან – ცდილობდა აღებეჭდა ადამიანების ინტიმური განწყობები დაფარულ ისტორიებთან ერთად.

ნიუტონი იყო ფოტოგრაფი, რომლის შემოქმედებისთვისაც ზაფხული, მზე და შუადღის შუქი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამას თავადაც აღნიშნავდა – დღის მზიან მონაკვეთში მუშაობით უნდოდა ეჩვენებინა, როგორ გამოიყურებოდა სხეული მცხუნვარე მზის ქვეშ…

Helmut Newton Foundation ბერლინში
© Helmut Newton Foundation ბერლინში

ავტორი ძირითადად ფოტოებს იღებდა სტუდიის გარეთ. მის კადრებში შეხვდებით ელეგანტურ ვილებზე, ბაღებში, საცურაო აუზებსა და ქუჩაში აღბეჭდილ საინტერესო სცენებს. მას არ ჭირდებოდა თვალწარმტაცი ლანდშაფტები საინტერესო კადრის შესაქმნელად, რადგან შეეძლო რაკურსის სწორად შერჩევა სასურველი გამოსახულების მისაღებად. იღებდა საკუთარ ავტოფარეხშიც. მან შეძლო ყოველდღიური სივრცეების თეატრალურ სცენებად გადაქცევა, მძაფრი ან საოცრად მინიმალისტური კონტრასტებით ნაკლებად ტრადიციული სცენებისთვის.

ავტორი აგრეთვე აღიარებს, რომ მის ფოტოებში, სადაც გადაღებულია პარიზის ნისლიანი ქუჩები და ჩაბურული შენობები, იგრძნობა უნგრელი ფოტოგრაფის, ბრასაის შემოქმდების გავლენაც. ის ხშირად აღბეჭდავდა ღამის პარიზს, სადაც ფიგურირებენ ქალები, თავიანთი იდუმალებითა და პირადი მოურიდებელი განწყობებით.

ნიუტონს ზოგიერთი აკრიტიკებს. ერთნი ამბობდნენ, რომ ეს ფოტოგრაფია იყო მეტწილად პორნოგრაფიული ხასიათის. ფემინისტებს არ მოსწონდათ ავტორის სიშიშვლესთან დამოკიდებულება და არც ის, სხეული და მოდის სამყარო რა ჭარბი დოზით იყო ფოტოგრაფის შემოქმედებაში.

ჰელმუტ ნიუტონი – რეტროსპექტივა

მაგრამ ფაქტია, ჰელმუტ ნიუტონმა ადგილი დაიმკვიდრა მოდის ფოტოგრაფიაში საკუთარი გამორჩეული ხედვითა და განცდილი სითამამით. ავტორისთვის იღბლიანი გამოდგა პარიზში მოღვაწეობა, სადაც საკმაოდ დიდი კომერციული წარმატებაც ხვდა წილად. პარიზში “Nikon Gallery” სწორედ ის ადგილი იყო, სადაც შემდგომში ფოტოგრაფის პირველი სოლო გამოფენა შედგა.